მარადონა: "ცხვირში მუშტი მომცხეს!” - კვირის პალიტრა

მარადონა: "ცხვირში მუშტი მომცხეს!”

1/4 ფინალი

არგენტინა – გერმანია 0:4 - მიულერი,3(0:1); კლოზე,68(0:2); ფრიდრიხი,74(0:3); კლოზე,89(0:4)

თავის საფეხბურთო კარიერაში დიეგო მარადონას თითზე ჩამოთვლილი კრახი აქვს განცდილი და ერთი მათგანი სწორედ სამხრეთ აფრიკულ მუნდიალზე შეემთხვა. გერმანიის ნაკრებმა ქვა ქვაზე არ დატოვა გენიალური მარადონას გაწვრთნილი არგენტინის ნაკრებიდან და მძიმე მარცხი აგემა მესის და მის თანაგუნდელებს.

ბუკმეკერები მატჩის წინ არგენტინელებზე ჩადიოდნენ ფსონებს, მაგრამ უპირატესობაში განსხვავება არც ისე თვალშისაცემი იყო. აქამდე ჩატარებულ შეხვედრებში არგენტინა და განსაკუთრებით მისი შემტევი ტრიო, დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ხოლო გერმანელებს ზურგს უმაგრებდათ დიდი ანგარიშით გამარჯვება ინგლისელებთან. ყველა ელოდა დაძაბულ მატჩს და იქნებ 11-მეტრიანების სერიასაც, მაგრამ არავინ ელოდა რომელიმე გუნდის ასეთი ანგარიშით გამარჯვებას. გერმანიამ კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა და მეტოქე მუნდიალიდან გააგდო, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ლიოვი სერიოზულად აანალიზებდა მარადონას მომზადებული გუნდის თითოეულ დეტალს და როგორც ჩანს, უმთავრესი დასკვნა, რაც მან გააკეთა, ის იყო, რომ ბიჭებს ჩაუნერგა: საუკეთესო თავდაცვა არის თავდასხმა! გერმანიამ არ დაუცადა, როდის აკრეფდა მესი და კომპანია სადებიუტო ადაპტაციის შემდეგ სიმძლავრეებს და თავიდანვე კორიდაზე გამოგდებული ხარივით მიაწვა მეტოქეს. სასტარტო შტურმმა შედეგიც მალევე მოიტანა, თუმცა მწარედ შეცდა არგენტინელთა გოლკიპერი, რომლის ბავშვური მოქმედებით მიულერმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

ეს მართალია, გამარჯვება ჯერ კიდევ არ იყო, მაგრამ კარგი საფანელი გახლდათ განწყობისთვის და მოტივაცია რომ გერმანელებს არასოდეს დაეწუნებათ, ეს ცნობილი ამბავია. არგენტინამ სცადა სტატუს-ქვოს აღდგენა, მაგრამ ბერლინის კედელივით მყარ დაცვას წააწყდა, რომელიც მხოლოდ მაშინ ირღვეოდა და ისიც მცირედით, როცა სამხრეთ ამერიკელებს გაახსენდებოდათ, რომ დღეს ფეხბურთს იგებს თვალშეუვლები სისწრაფე მეტოქის საჯარიმოში, სადაც მცველები პირდაპირ ფეხებს "აჭამენ” შემტევებს და წამის მეასედებში თუ არ მიიღე გადაწყვეტილება და იქვე თუ არ დაურთე "პრაქტიკა|”, კარისკენ არც გაგახედებენ. ამის გამკეთებელი არგენტინელთა შორის მესი იყო, მაგრამ ის ვერ გამოდგა მესია მარადონასთვის. ადრეც აღვნიშნეთ: ის მესია და არა მარადონა, მასზე გერმანიასთან შეიძლება ააწყო თამაში, მაგრამ, როცა იცი, რომ მეტოქე უსერიოზულესი გყავს, რომელიც შენს ლიდერს არაფრის დიდებით არ მისცემს გასაქანს, მეტი მოეთხოვებათ სხვა ფეხბურთელებს.

მათ კი ვერ იაქტიურეს ისე, როგორც საჭირო იყო და შედეგად, ლიოვის კრებულმა გაილაღა. რაკიღა არგენტინამ ვერაფრით მოუძებნა გასაღები გერმანულ ციტადელს, ლიოვმა გუნდი კონტრშეტევებზე გადააწყო და უნდა ითქვას, რომ მის ბიჭებს ყველაფერი იდეალურად გამოუვიდათ ამ მხრივ. 68-ე წუთზე კლასიკურად ჩატარებულმა ასეთმა მანევრმა თვით ვიპ-ლოჟაში მჯდარი ანგელა მერკელიც კი ფეხზე წამოაგდო. კლოზემ ორამდე გაზარდა გერმანელთა უპირატესობა. არგენტინა გატყდა, მას მარადონა სჭირდებოდა როგორც ფეხბურთელი, მწვრთნელი დიეგო კი მისი მშველელი უკვე აღარ იყო. გერმანული მანქანა კი მანამდე არ "ჩაქრა”, ვიდრე ბოლომდე არ მოუთავა ხელი მეტოქეს. 4:0 – ბრწყინვალე გამარჯვება და დამსახურებული ზეიმი ლიოვის გუნდის. განსაკუთრებით კლოზე იყო გახარებული. მან დუბლი შეასრულა არგენტინასთან და მუნდიალებზე გატანილი გოლებით გადაუსწრო თვით ფეხბურთის მეფეს – პელეს, რომელსაც 12 გოლით ჰყავდა დასაჩუქრებული მეტოქეები. კლოზეს 14 ბურთი დაუგროვდა და წინ მხოლოდ ბრაზილიელი რონალდოა, რომელსაც 15 გოლი აქვს აქტივში. თუ ასე გააგრძელა, პოლონური ფესვების მქონე გერმანელს შეუძლია ახალი რეკორდსმენი გახდეს.

მატჩის შემდეგ არ შეეხედებოდა მარადონას, რომელმაც ფარული ცრემლი მანამდეც რამდენჯერმე მოიხოცა და ნამატჩევს ხომ ცხვირსახოცი გასაწური ჰქონდა: - ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთები. ასეთი მარცხი იგივეა, რაც ცხვირში მუშტი მოგცხონ. ახლა ისეთ დღეში ვარ, რომ არაფრის გაკეთების თავი აღარ მაქვს... – მოკლედ მოჭრა დიეგომ და გასახდელში გაუჩინარდა. ძნელია არ თანაუგრძნო კაცს, რომელმაც ოდესმე ენით აუწერელი სიხარული გვაჩუქა და სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ არგენტინა ასეთ ხვედრს არ იმსახურებდა. უბრალოდ, კონკრეტულ მატჩში, მას შეხვდა არაჩველებრივ კონდიციებში მყოფი გერმანული მანქანა, რომელსაც ამ დღეს ყველაფერი გამოუვიდა, ხოლო არგენტინას არც არაფერი...