ასეთი შვილების გამზრდელ ერს გადაშენება არ უწერია - კვირის პალიტრა

ასეთი შვილების გამზრდელ ერს გადაშენება არ უწერია

ჩვენი ღვთივკურთხეული სამშობლოს ნებისმიერ კუთხეში მიწას ხელი რომ მოუჭიროთ, ჩვენი გმირი წინაპრებისა და წმინდანების სისხლი გამოჟონავს. აქ ყველგან ამჩნევია მიწას მათი ნაკვალევი და იგია უტყვი (მამულის მოამაგეთათვის კი ფრიად მეტყველი!) მოწმე საქართველოსთვის შეწირულ გულთა კვნესისა, რომლებიც ბოლო ამოფეთქვამდე საზრდოობდნენ წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის მიერ უკვდავ ანდერძად დატოვებული სიტყვებით: ”ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა!”

აქ იკვრებოდა და იკვეთებოდა საქართველოს ხერხემალი და მისი მარადიულობის ღვთიური საიდუმლო. სამწუხაროდ, დღეს, უცხო მოდას აყოლილ და წარმავალი დიდების მოსურნე მედროვეებს საქილიკოდ გაუხდიათ წინაპართა ანდერძი. მზაკვრული ხერხია - მაღალი სულიერი ღირებულებების ერს თუკი სახელოვანი მატიანის ხსოვნას ჩაუკლავ,  აღარაფერი დარჩება წმინდა და მერე ცხვრის ფარასავით შეგიძლია მართო. ამ მხრივ, განსაკუთრებით მოსაფრთხილებელია ჩვენი მომავალი თაობა, რომელთა ფაქიზ სულებს, ქართული ჯიშის შესანარჩუნებლად ყოველწამს სჭირდება მათი სულკურთხეული წინაპრების ღვაწლის შეხსენება. ამას გვიქადაგებს დღენიადაგ ჩვენი უწმინდესი პატრიარქიც: ”იცით, რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ქართველი ასე იოლად იღებს ან ისმენს სექტანტების ქადაგებას? ის ადამიანი არ დგას მტკიცედ თავის საფუძველზე, არ იცნობს თავის ფესვებს, თავის კულტურას. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ჩვენი წინაპრების საგმირო საქმეებს, უნდა ვიცოდეთ, რამდენი მოწამე შეეწირა მართლმადიდებლობას და სამშობლოს. არ არსებობს სხვა ქვეყანა, ამდენი მოწამე რომ ჰყავდეს!”

1-ელ ივლისს 385 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მარაბდის ველზე ქართველმა მამულიშვილებმა თავი გადადეს მამულისათვის და მოწამებრივი აღსასრულით გადაარჩინეს საქართველო. გვიყვარს ხოლმე თქმა თანამედროვეებს: - ამაზე უარესი დრო აღარ დაგვიდგებაო. სადღაც არის სიმართლის მარცვალიც, რადგან მსგავსი უზნეობისა და სიბილწის ეპოქა მართლაც ძნელი საპოვნელია ჩვენს მატიანეში, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, მარაბდის გმირ ქართველებს ”უარესი დროების” წინააღმდეგ საბრძოლველად ჰქონდათ უაღრესად კეთილშობილური თვისება - სამშობლოს სამსხვერპლოზე საკუთარი სიცოცხლის უანგაროდ მიტანის უნარი! განცდა უსახელო გმირობისა სამშობლოსთვის და არა დღევანდელივით ძალისძალად გაპიარებული ”სიკეთე”, ქვეყნისა და ხალხისთვის უნამუსოდ დაყვედრებული და თავს მოხვეული...

1625 წელს, ხარება დღეს, გიორგი სააკაძის მეთაურობით, ქართველებმა ერთხელ და სამუდამოდ ჩაუშალეს შაჰ-აბაზს ”მოურჯულებელი გურჯისტანის”გადაშენების გეგმა და ისე გაუწყვიტეს მარტყოფის ველზე 30-ათასიანი ლაშქარი, რომ მცირედნიღა გაუშვეს ირანში ავი ამბის მთხრობლად. ძლევამოსილების მწვერვალზე მდგომი ირანის მბრძანებლისთვის ასეთი მძიმე დარტყმა არც მანამდე და არც მის შემდეგ არავის მიუყენებია(!). ბოღმით გასიებული მტარვალი რას დადგებოდა შურის უძიებლად და მსწრაფლვე გამოგზავნა ახალი ჯარი საქართველოს ასაოხრებლად. 50-ათასიანი ნაღები მხედრობა ირანის საომარი ძალებისა, მოშავდა და დაბანაკდა ალგეთში, მარაბდის ველზე. ბჭობად დასხდნენ კოჯორ-ტაბახმელის მთებში თავმოყრილი ქართველი სარდლები. იბჭეს, იდავეს და ფარული თუ აშკარა შუღლის გამო დაუშვეს პირველი შეცდომა, როდესაც უარყვეს იმ ეპოქის უპირველესი სტრატეგოსის, გიორგი სააკაძის საბრძოლო გეგმა. მარტყოფის გმირი და ირანის ჯარების ზარდამცემი ამტკიცებდა, რომ შუა ზაფხულში, გაშლილ ველზე, ალმურს მიჩვეულ სპარსელებთან ომს ვერ გაუძლებდნენ ქართველები, მით უფრო ქვეითად მოსული გლეხობა და გაწყდებოდნენ. ალბათ, დაეჯერებოდა კაცს, რომელიც სამშობლოში დაბრუნებამდე ირანის ჯარის სარდალი გახლდათ და მისი გენიოსობის წყალობით დაიპყრო შაჰ-აბასმა უდაბნოში ნაგები ერაყი და ავღანეთი. მტრის კოჯრის მთებში ატყუებას სთავაზობდა სააკაძე სარდლებს, მაგრამ დიდგვაროვან თავადებს ისედაც გულს უძმარავდათ აზნაურყოფილი მოურავის აღზევება და უგუნურად წინ აღუდგნენ მის განზრახვას. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ სისხამზე დასცემოდნენ ყიზილბაშთა ბანაკს. და კიდევ ერთი შეცდომა, რაც დაუშვეს მოთათბირეებმა, ის იყო, რომ მთავარსარდლად განწესდა თეიმურაზი, მეფე კახეთისა. თქმა არ უნდა, უბადლო მეომარი და მამაცი მხედარი, მაგრამ სააკაძესთან შედარებით მაინც სუსტი სტრატეგი და მხედართმთავარი.

გამთენიისას საზიარებლად გაემზადა ქართველთა ლაშქარი. წესისამებრ, ყოველი ბრძოლის წინ, ქრისტეს ხორცსა და სისხლს ეზიარებოდნენ ხოლმე ცოდვათა მისატევებლად და გამარჯვების გზაზე უფლის შემწეობის სავედრებლად. გამობრძანდნენ დედა-ეკლესიის მამამთავარნი სულიერ შვილებთან, უკლებლივ ყველა საომრად აღჭურვილი და იარაღასხმული: მროველი, ალავერდელი, რუსთველი, ხარჭაშნელი, სხვა მრავალნი ბერნი და მორჩილნი. ერთდროულად ეუცხოვათ და მოეიმედათ ქართველ მოლაშქრეებს ხმალაღმართული სულიერი მამების ხილვა. წინ წამოდგა მროველი ეპისკოპოსი დომენტი ავალიშვილი. ქადაგებამდე შეჰკადრა მეფემ: ”უკეთუ დღეს აღიღებ მახვილსა ბრძოლად, უბრძანე, რათა გვაზიაროს სხვამან, ხოლო უკეთუ არა, უმჯობეს არს შენს მიერ”. ჯვარი აღმართა წმინდა მამამ და ბრძანა: -  მახვილი ჩემი ავიღე არა ჩემთვის, არამედ სამშობლოსა და ქრისტეს მცნებათა დასაცავად და მზად ვარ, ჩემი სისხლი დავთხიო ქართველობისა და მართლმადიდებლობის გადასარჩენადო...

ეზიარა ქართული ჯარი და მროველი ეპისკოპოსიც მეწინავეთა რიგებში ჩადგა საომრად გამზადებული. მიჰყვნენ მამები, მიჰყვა ლაშქარიც ამაღლებული და ძალმიცემული.

საოცარი ძალით დაჰკრეს ირანელთა სანგრებს ქართველებმა. მათი თავზეხელაღებული იერიში ვერც სპარსული ზარბაზნების გრგვინვამ შეაჩერა და ვერც ყიზილბაშ მეთოფეთა ათასეულების ერთდროულმა ზალპმა. გაკაფეს და გადათელეს შუაგულიც და ფლანგებიც, მტრის დროშებისკენ გაიწიეს, ბაირაღები წითელჩალმიან თავზე გადაახიეს ყიზილბაშებს. ყველაზე მაღლა ფრიალებდა ქართული დროშა, ცხრა ძმა ხერხეულიძეთაგან უფროსის მიერ აღმართული. გახელებულ შეტევას ვერ გაუძლო და ბრძოლას გაექცა ყაზახ-ხან ჩერქეზი, თან უგზო-უკვლო სრბოლით გაიყოლია შირვანელთა მარცხენა ფლანგის მხედრობა. მათ კვალს მიჰყვნენ ჭენებით ახალგაზრდა სარდლები - ავთანდილ სააკაძე და დავით ერისთავი და მტერთან ერთად უნებურად აღმოჩნდნენ ბრძოლის ველს მოშორებულნი. უკიდურეს სიღრმეში დახია გადარჩენილი ჯარის ნაწილები ირანელთა მთავარსარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმაც. ქართველებმა თავი გამარჯვებულად დაიგულეს და ნაადრევი ზეიმი დაიწყეს, რამაც ყიზილბაშებს სულის მოთქმის საშუალება მისცა. ამ დროს მოუვიდათ ირანელებს დამხმარე ჯარი აზერბაიჯანის ბეგლარბეგის შაჰ-ბენდე-ხანის სარდლობით. სწორედ აქ შეიკრა საბედისწერო რკალი. წამოესივნენ დაქანცულ ქართველებს ყიზილბაშთა ახალი რაზმეულები. ვეღარ დალაგდა ერთხელ არეული საომარი წყობა და გუნდებად გაწყვიტეს ქართული ერთიანი ლაშქარი მტრებმა. გმირის სიკვდილით დაეცა კახეთის აჯანყების ბურჯი დავით ჯანდიერი. მასთან ერთად აღესრულნენ აღათანგ ხერხეულიძე და ბაადურ ციციშვილი, სხვა მრავალნი თავადნი და აზნაურნი. მოჰკლეს თეიმურაზ მუხრან-ბატონიც და ამ ცნობის გამჟღავნებამ საბოლოოდ დაატრიალა საბედიწერო ჩარხი: - თეიმურაზი მოჰკლესო! - გახმიანდა ბრძოლის ველზე. ქართველებს მეფე ეგონათ მოკლული და გატყდა მათი შემართებაც. ცხენოსანი ლაშქარი უკუიქცა. ნაფლეთა რაზმებად შემორჩნენ მტერთა სალტეში თავგანწირული მამულიშვილნი. თეიმურაზ მეფეს ყველა იარაღი გადაემსხვრა და მუშტის ძგერებით ბეჭდებიც ერთიანად დაელეწა. გიორგი სააკაძემ თავი გადადო, მუზარადი მოიხადა და ისე განაგრძო ბრძოლა. სხვა რა იყო მისი ნაბიჯი, თუ არა აშკარა სიკვდილზე ნებაყოფლობით წასვლა კაცისა, რომლის ცოცხლად თუ მკვდრად მიყვანისთვის შაჰ-აბასი ნახევარი ირანის ქონებას იძლეოდა. გლეხობას გაუჭირდა ყველაზე უფრო, რადგან ქვეითად იყვნენ და აღარც თავის გასარიდებელი ბილიკი იყო საითმე. მაინც ძვირად დაუსვეს საკუთარი სიცოცხლე მტერს: ”ალაგ-ალაგ ერთად შეგროვდნენ და სიდამდისინ დაიხოცებოდნენ, თავი აღარ დაიზოგეს, ვისაც ხელი მიაწვდინეს, მოუკლავი არ გაუშვეს”...

დასრულდა უთანასწორო ბრძოლა.

KvirisPalitra.Ge9 ათასი ქართველი გმირის სიცოცხლე შეეწირა მარაბდის ომს. ვალმოხდილ აღსრულებულთა შორის იწვნენ რუსთველი და ხარჭაშნელი ეპისკოპოსებიც, ბერების საძმოსთან ერთად, მკერდ და ჯვარგაჩეხილები, ცხრა ძმა ხერხეულიძე თავიანთი დით, რომელმაც ნაბოლარა ძმის სიკვდილის შემდეგ აღმართა ქართული დროშა და ბოლო მებრძოლებთან ერთად ჩაწვა ტყვიით დაცხრილული. შებინდებისას მისულა მათ გაციებულ სხეულებთან ხერხეულიძეების გამზრდელი დედა, ჩუმი ცრემლით მოუბანია ათივე შვილისთვის ნაჭრილობევი და ერთდროულად უბედურს და ამაღლებულს დაფლეთილ-დაბალთული დროშა მაინც აღუმართავს იმედიანი მომავლის ნიშნად. ნათლის სვეტები დასდგომია კაეშნიან წყვდიადში ქართველი დედის მანდილს ანაზდად...

ასეთი შვილების გამზრდელ ერს დამარცხება და გადაშენება არ უწერია. მარაბდის ბრძოლიდან მცირე ხნის შემდეგ სააკაძემ ქსანზე მოიხელთა ყიზილბაშთა 12-ათასკაციანი ლაშქარი, დაეტაკა მისებრ გულანთებული მამულიშვილების რაზმით და  მომხდურნი ისე ამოწყვიტა, მცირედმაღა გაასწრო. ჩაუტანეს გულგასიებულ ირანის ლომს”დამზაფრავი ამბები საქართველოდან: - ვერ გადავარჯულეთ ქართველებიო... ვერ მოვდრიკეთო... 60 ათასამდე რჩეული მებრძოლი დაგვიმიწესო... კლავ და მაინც ცოცხლდებიან გიაურებიო... არ ძალგვიძს ასეთ დევგმირებთან ომიო...

ხელი აიღო შაჰ-აბასმა ქართველთა გადაშენების მცდელობაზე, მასაც კი, იმდროინდელი აღმოსავლეთის მზარავს, არ შეეძლო პატარა, მაგრამ მარად გაუტეხელ საქართველოსთან ბრძოლა... მერამდენედ გადარჩა საქართველო...

”ქართლის ცხოვრება” რომ გადაშალო, მისი ფურცლების შრიალიც კი ომის ყიჟინას წააგავს. იქ აღწერილი ამბები სხვა არაფერია, თუ არა გმირი ხალხის თავგანწირვა ქრისტესა და მამულისათვის. ყველა თაობა ამატებდა საკუთარი სისხლით შეწითლებულ სტრიქონებს ამ საგმირო თავგადასავალს. სამწუხაროდ, დღეს არათუ ამ წიგნის გამდიდრება, მისი გადაშლაც არ უნდა მომავალ თაობას. მიზანმიმართული მზაკვრობით ავიწყებენ ჩვენს შვილებს ივერიის გმირულ მატიანეს და ამას ისეთი დახვეწილი გაიძვერობით სჩადიან, ხშირად ეჭვსაც ვერ აიღებ. აბა, მზაკვრობის გარდა რა შეიძლება ეწოდოს იმ ფაქტს, რომ ქართველი მოზარდებისათვის განკუთვნილ ისტორიის სახელმძღვანელოში წერია. ხომ ყველას გვახსოვს, როგორ იწყებს წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი დიდგორის ომის წინ ქართველთა მხედრობისადმი მიმართვას: ”ეჰა, მეომარნო ქრისტესნო!..” ვიღაცას ”უნებლიე” შეცდომა ”გაპარვია” და მაინცდამაინც ”ქრისტესნო” გამორჩენია ამ მიმართვიდან(?!), თითქოს გლადიატორთა ომი ყოფილიყოს და არა დიდგორი, სადაც წმინდა გიორგი ხილულად იბრძოდა ქართველთა მხარდამხარ ქრისტეს რჯულის გადასარჩენად...

და რამდენი ასეთი ”უნებური” შეცდომაა უკვე დაშვებული თუ დასაშვები ჩვენი გმირული მატიანის დასაკნინებლად, მომავალი ქართველების გასაბრიყვებლად, საზეპურო ერის ცხვრის ფარად გადასაქცევად...

ღვთაებრივ ქართულში ასეთი მარგალიტი გვაქვს: მცენარეზე იზრდებაო კი არ იტყვიან, არამედ ხარობსო(!). ფესვთა გარეშე იმ ხეს ვგავართ, რომელიც ვერ გაიხარებს ვერასოდეს, მორწყვა სჭირდება დღენიადაგ და ხშირად მამულისთვის გასამეტებელი სისხლით! ამ შეგნებას გმირული სულისკვეთება სჭირდება. ჩვენი დედა-ეკლესიისა და სამშობლოს წინააღმდეგ მებრძოლ დღევანდელ მედროვეებს კი გმირობა საკუთარი დედის შებილწვა ჰგონიათ, სიმამაცე - დიდ წილებში ჯდომა და ”მაყუთის მოღუნვა”, ხოლო ზნეობა - სოდომ-გომორის ცოდვილთა ურცხვი პროპაგანდა ტელეეკრანიდან...

დედა-ეკლესია უფლის დაარსებულია და ღმერთთან ომი ჯერაც არავის მოუგია. მაგრამ რამდენ უმანკო სულს დაღუპავს საკუთარი წარსულის უგულებელყოფა, თანამედროვე ცივილიზაციის გაუაზრებლად გადმოტანა და შეთავაზება მომავალი თაობისთვის, რასაც ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, ვერ იღებს ქართული სული, ამაზე უფიქრია ვინმეს?

P.შ. ზემოთ ვახსენეთ, გვიყვარს ხოლმე თქმა - ამაზე უარესი დრო აღარ დაგვიდგებაო. ნეტა მშვიდობიანი დრო როდის გვედგა ქართველებს, განა სულ ომებსა და თავდაცვაში არ ვიყავით? გამუდმებულ ბრძოლებში კელაპტარივით ჩამოიქნა ერის სული, გამოიკვეთა ერის სულიერი მისია და ამას რომ აცნობიერებდა ჩვენი წინაპარი, იმიტომაც ეძიებდა ქრისტესთვის სიკვდილს! ეს უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობას, რათა იცოდნენ, როგორი ვაჟკაცების დანატოვარ ფესვებზე დგანან და არ უნდა ეგონოთ, რომ საქართველო ოდენ ტურისტთა საჯლიგინო ქვეყანაა, ხოლო ქართველები - მათი მომსახურე, გაუნათლებელი ერი, რომელსაც დიადი წარსული არ გააჩნია და თუ ასე გაგრძელდა, არც მომავალი უწერია.