"ტვინი, ტვინი”! - კვირის პალიტრა

"ტვინი, ტვინი”!

ნახევარფინალი

ჰოლანდია – ურუგვაი 3:2 – ვან ბროკჰორსტი,  18(1:0); ფორლანი, 41(1:1); სნეიდერი, 70(2:1); რობენი, 73(3:1); პერეირა, 92(3:2)

მატჩის წინ სპეციალისტები ერთხმად რაცხდნენ მთავარ ფავორიტად ჰოლანდიის ნაკრებს და მიუხედავად ურუგვაისადმი პატივისცემისა(რაც არ უნდა იყოს, ეს გუნდი 2-გზის მსოფლიო ჩემპიონია), ასეთი ავანსი ნამდვილად სამართლიანი იყო. სამხრეთ ამერიკელებისთვის ნახევარფინალი იყო ის მაქსიმუმი, რომლის იქით მათთვის გზა გადაკეტილი აღმოჩნდა, რადგან მუნდიალის ფინალში, მოყოლებული 1962 წლიდან, არ ყოფილან ისეთი გუნდები, რომლებიც გრანდთა კატეგორიას არ მიეკუთვნებიან. ვერ გადიან ფინალამდე და მორჩა! ურუგვაისაც ასე დაემართა – გუნდი, რომელიც მხოლოდ ერთი კაცის კარგ თამაშზეა დამოკიდებული, სასწაულით შეიძლება მივიდეს ნახევარფინალამდე, მაგრამ არამც და არამც ფინალამდე. იქ სულ სხვა რანგის მეფენი "განიბანებიან”.

ისედაც, ოსკარ ტაბარესის გუნდს იმდენი საკადრო პრობლემა დაუგროვდა, მგონი შეგუებული იყო, რომ ამ კონტინგენტით ჰოლანდიელებს ვერ გაუმკლავდებოდა. დანაკლისი ნიდერლანდებსაც ჰქონდათ, მაგრამ მათ მეტოქესთან შედარებით გაცილებით დიდი სათადარიგოთა სკამი აქვთ და რაც მთავარია, მწყობრში ჰყავდათ რობენი და სნეიდერი.

თამაში ისე დაიწყო, როგორც იყო მოსალოდნელი – ნელი, შემპარავი ბურთის გორაობა მეტოქის შეცდომის იმედად. ნახევარი საათი ისე მიილია, რომ ეს შეცდომა არავის დაუშვია. ჰოდა, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ჰოლანდიელთა კაპიტანმა ჯოვანი ვან ბროკჰორსტმა ყველაფრის თავდაყირა დაყენება, მარცხენა ფეხით ფლანგიდან ისეთი "ხმელი ფოთოლი” გაუშვა კარში, რომ კინაღამ კისერი მოატეხინა მუსლერას. გოლი გამოვიდა ბრწყინვალე – შორეულ "ცხრიანში”, "კრესტავინას” რომ ეძახიან, სწორედ იქ მოხვდა ბურთი და ურუგვაელთა მეკარესთან არავის არც უნდა ჰქონდეს პრეტენზიის ნატამალი, ამ დარტყმის მომგერიებელი, ალბათ, არც ერთი გოლკიპერი არ იყო.

ურუგვაი გვარიანად გაღიზიანდა. ახლა მას მშვიდი ბურთაობა ხელს აღარ აძლევდა და წინ გაიწია. დრო და დრო, ძალიან აგრესიულადაც, რაც მარტო საფეხბურთო ოსტატობაში არ გამოიხატებოდა. არც ჰოლანდიელები არიან "დედიკოს ბიჭები” ჩეხვა-კაფვაში და ის იყო დაიწყო კოჭთა მსხვრევა, რომ საქმეში რავშან ირმატოვი ჩაერია. უზბეკმა მსაჯმა ბარათები უხვად გასცა და აღგზნებული ფეხბურთელები მალე ჩააწყნარა. ერთ მომენტში კი ბარათიც ვერ უშველიდა დე ზეუვს, რომ არა მისი ფიზიკური გამძლეობა და იღბალი, თორემ ისეთი ძალით KvirisPalitra.Geმოხვდა ყბაში კასერესის "ბრმა მაკრატელა”, სხვას ნამდვილად დააინვალიდებდა (ურუგვაელთა მცველს ზეუვის თანაგუნდელები გაექაჩნენ, მაგრამ კასერესი "ძველი ბიჭივით” მაგრად დაუდგა ყველას და მატჩის მიწურულსაც გვარიანად აპილპილდა: - მინდორზე თუ არაფერი გამომივიდა, "აბა, მუშტი-კრივში მნახეთ, ვინა ვარო” – ამჯერად ვან დერ ვაარტს მოადო ყბაში, ოღონდ ამჯერად ფეხის მაგივრად ხელი და ძლივს დააშოშმინეს პარტნიორებმა). გატანილი გოლის შემდეგ, ჰოლანდიამ ის თამაში დაიწყო, რასაც აქამდეც არაერთხელ აკეთებდა – პრაგმატული და მშვიდი. ალბათ ასეც გაგრძელდებოდა მატჩის ბოლომდე, რომ არა დიეგო ფორლანის ჩარევა. ურუგვაელთა ლიდერმა როგორც იქნა, მოიგდო ბურთი ხელსაყრელ პოზიციაში და შორიდან სწყვიტა კარში. სტეკელენბურგს კი ის დაემართა, რაც არაერთ გოლკიპერს ამ მუნდიალზე - "ჯაბულანმა” ჩვეული გრეხილი ტრაექტორია მოხაზა და ბადეში გაეხვა. აუღებელი ბურთი არ იყო, მაგრამ მზაკვრული ნამდვილად გახლდათ და ამის გათვლაში დაუშვა სწორედ შეცდომა ჰოლანდიელთა მეკარემ.

მეორე ტაიმში სტეკელენბურგმა ერთი შეცდომაც მიაყოლა თავის პასივს და რომ არა მათი კაპიტანი, რომელმაც ცარიელი კარიდან თავით გამოიტანა ბურთი, ურუგვაი დაწინაურდებოდა. ერთხანს ტაბარესის შეგირდები საფუძვლიანად პრესინგობდნენ სწრაფ ჰოლანდიელებთან და ისიც მეტოქის ნახევარზე. ერთხელ ფორლანმა შეასრულა სახიფათო საჯარიმო და მეკარემ ამჯერად კარგად ითამაშა. 71-ე წუთი კი გადამწყვეტი აღმოჩნდა გაძლების ზღვარზე მყოფი ურუგვაელებისთვის: - სნეიდერმა არცთუ ისე სახიფათოდ გაისროლა კარისკენ, ვან პერსიმ დააბნია მუსლერა და ვიდრე გოლკიპერი გაერკვა მომხდარში, ბურთი ბადეში აღმოჩნდა. სამ წუთში გალაღებულმა ევროპელებმა მესამე გოლიც მიაყოლეს და ურუგვაის იმედები მოსპეს. კუიტმა ლივერპულულად ჩააწოდა ფლანგიდან, რობენმა კი თავით გააკეთა ის, რაც ცოტა ხნით ადრე ფეხით ვერ მოახერხა – აუღებელი დაურტყა მეკარეს და ზეიმისას კარგა ხანს იტყაპუნა ხელი შუბლზე იპოლიტესავით "ტვინი, ტვინიო!”.აქვს ტვინი და რას ერჩი?..

ყველაფერი თითქმის გარკვეული იყო, მაგრამ ურუგვაიმ მაინც გაიბრძოლა და დამატებით წუთებზე ერთი გოლის გატანაც მოახერხა, მეტისთვის კი აღარც დრო ეყო და აღარც ოსტატობა. ფინალისკენ მიმავალი გზა უფრო ღირსეულმა გუნდმა გაიკაფა.