გერმანია მაინც გერმანიაა! - კვირის პალიტრა

გერმანია მაინც გერმანიაა!

სამხრეთ აფრიკა-2010

მატჩი მესამე ადგილისთვის

გერმანია – ურუგვაი 3:2 – მიულერი,19(1:0); კავანი,28(1:1); ფორლანი,51(1:2); იანსენი,56(2:2); ხედირა,82(3:2)

მუნდიალის ბრინჯაოსთვის თამაში, უცნაური ტრადიციის მიხედვით, ერთგვარ გასეირნებად ითვლება ხოლმე. ფეხბურთელები, რომლებმაც მთელი ძალა შეალიეს ფინალის საგზურისთვის ბრძოლას და მარცხი განიცადეს ნახევარფინალში, თავისებურ ბოიკოტს უცხადებენ მესამე ადგილს და სურვილი და მოტივაცია უქრებათ ბოლო მატჩის წინ. ნაწილობრივ ასე დაემართა გერმანიასაც, რომელიც ესპანელებთან დამარცხდა და შესაბამისად, ბრინჯაოსთვის შერკინებამ მოუწია ურუგვაის ნაკრებთან. ახლა ძნელია იმის თქმა, რამდენად გულწრფელი იყო იოაჰიმ ლიოვი, როცა პოდოლსკის, ნოიერის და კლოზეს არყოფნა მათი ტრავმიანობით ახსნა, მაგრამ ფაქტია – მათ გარდა, თავად ბუნდესკაპიტანმა ფილიპ ლამმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებდა. ესეც თქვენი გერმანული მოტივაცია(?!). თუმცა, შესაძლოა, ლამმა ინანა კიდეც თავისი საქციელი, რადგან თამაში ისეთი დაძაბული გამოვიდა, რომ ნამდვილად არ ჰგავდა უმოტივაციო შეხვედრას.

ურუგვაის გაცილებით მეტი საბაბი ჰქონდა თავგადაკვლის, რადგან 40 წელია, რაც სამხრეთ ამერიკული გუნდი ასეთ სიმაღლეს არ შეპოტინებია მუნდიალზე. ამიტომაც, ოსკარ ტაბარესმა საბრძოლო შემადგენლობა დააყენა, რომელიც მზად იყო ყველაფერი გაეღო გამარჯვებისთვის.

თამაშიც დაიწყო და ცამაც პირი მოხსნა, ისეთმა თქეშმა ჩამოაფარა სველი ფარდა მწვანე მინდორს და ტრიბუნებს, წარღვნა გეგონებოდათ. ასეთ პირობებში, მით უფრო, დასაფასებელია ორივე გუნდის ფეხბურთელთა მონდომება, რამაც მაყურებელი დადებითად განაწყო და ბოლომდე შეატოვა სანახაობას. მატჩი თავიდანვე მაღალ ნოტზე აეწყო, ორივე გუნდმა გადაწყვიტა ბრინჯაოს მედლები მხოლოდ მეტოქის კართან "ჩამოესხათ” და თვალსასეირო ფეხბურთიც გაჩაღდა. ჯერ ფორლანმა დაარტყა სახიფათოდ საჯარიმოდან, შემდეგ ფრიდრიხმა ხარიხას დაუმიზნა ბურთი, ცოტა ხანში კი გოლიც გავიდა: შვაინშტაიგერმა შორიდან გაისროლა, მუსლერამ ალღო ვერ აუღო(ეს მერამდენედ!) მის ტრაექტორიას და ხელ-ფეხის უცნაური მანჭვით ზუსტად თავის წინ მოიგერია ბურთი(ამასაც თუ მოგერიება ერქვა), რომელთანაც პირველი მიულერი გაჩნდა და მშვიდად გადაგზავნა ბურთი დაბნეული მეკარის კარში. ურუგვაიმ გაიბრძოლა და საკმაოდ მწვავედ, მაგრამ რომ არა შვაინშტაიგერის დაუდევრობა მოედნის ცენტრში, გაუჭირდებოდა ასე სწრაფად ანგარიშის გათანაბრება. "შვაინი” კი ერთობ "უწყინარად” მოეპყრო ბურთს უხიფათო სიტუაციაში და ეს უდარდელობა წამსვე დიდ ხიფათად იქცა, საიდანაც ურუგვაიმ მაქსიმალური შედეგი მიიღო: მომენტალური პასი წინ, კავანი პირისპირ აღმოჩნდა ბუტთან და 1:1.

ტაიმის ბოლოს ურუგვაის ისევ შეეძლო დაესაჯა მეტოქე დაუდევრობისთვის, მაგრამ სუარესმა, ტრადიციულად, იეგოისტა და იმის ნაცვლად, რომ ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი ფორლანისთვის გადაეწოდებინა, თავად დაარტყა კარში და ნაღდი საგოლე შანსი გაფლანგა.

სამაგიეროდ, ურუგვაელთა ლიდერმა მეორე ტაიმის დებიუტშივე გამოიჩინა თავი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა მუნდიალს. მარჯვნიდან ჩამოწოდებულ ბურთს დიეგომ ულამაზესი დარტყმა შეაგება და ბუტი გაშეშებული დატოვა – 2:1. თითქოს გამარჯვებაც არ იყო შორს, მაგრამ გერმანია მაინც გერმანიაა! ისინი არასოდეს ეგუებიან წაგებულის როლში ყოფნას და ბოლომდე ბრძოლა მათი სტიქიაა. გოლი, რომელიც იანსენმა გაიტანა მუსლერას კარში, შეიძლება ერთგვარ გამართლებასაც მივაწეროთ, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ძლიერებს უმართლებთ ხოლმე. არადა, ურუგვაელთა გოლკიპერი კიდევ ერთხელ შეცდა, რაც ძვირად დაუჯდა მის გუნდს. მაღალ გადაცემაზე გამოვარდნილი მუსლერა კვლავ ასცდა ტრაექტორიას და იანსენის თავზე მოხვედრილი(ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) ბურთი შევარდა კარში. რა გაეწყობოდა, ისევ უნდა ეცადა ფორლანს გმირობის მოფიქრება, მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მისი პარტნიორები კი არ არიან იმ დონის შემსრულებლები, რომ ამდენი შეცდომების ფონზე მაინც თავის სასარგებლოდ გადაწონონ მატჩის სასწორი. 82-ე წუთზე ხედირამ მაინც იძალა და თავურით დააწინაურა გერმანია, რამაც წყალი გადაუწურა მეტოქეს. თუმცა, დამატებული დროის უკანასკნელ წუთზე ისევ და ისევ ფორლანის გენიოსობის წყალობით შეეძლო ურუგვაის ნაკრებს შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა, მაგრამ მისი მშვენივრად დარტყმული საჯარიმო ხარიხამ მოიგერია.

გერმანიამ გაიმეორა ოთხი წლის წინანდელი შედეგი და მუნდიალის ბრინჯაოთი დაიმშვენა მკერდი, ურუგვაიმ კი, მიუხედავად მარცხისა, კარგი შტაბეჭდილება დატოვა და ტაბარესს შეუძლია მილოცვებიც მიიღოს. მეოთხე ადგილი, იმ ფონზე, რომ საერთოდ უსახელოდ დაამთავრეს ჩემპიონატი იტალიამ, ინგლისმა, ბრაზილიამ და არგენტინამ, ურუგვაისთვის ნამდვილად დიდი მიღწევაა.