ვივა ესპანეთო! - კვირის პალიტრა

ვივა ესპანეთო!

სამხრეთ აფრიკა-2010

ფინალი

ესპანეთი – ჰოლანდია 1:0 – ინიესტა,116

მე-19 მუნდიალი დასრულდა.ესპანეთის ნაკრები პლანეტის საუკეთესო გუნდია! პირველად ისტორიაში ეს ქვეყანა შეწვდა უმაღლეს მწვერვალს და სრულიად სამართლიანად შეუძლიათ პირენეელებს იზეიმონ არნახული გამარჯვება. მათ ჯერ ევროპაში დაამტკიცეს თავიანთი ძალა და ახლა უკვე მსოფლიოს საუკეთესო გუნდებიც უკან მოიტოვეს.

გადამწყვეტი მატჩის წინ მაინც ესპანეთისკენ იხრებოდა გულშემატკივართა და სპეციალისტთა დიდი ნაწილი და ეს არა იმის გამო, რომ ევროპის ტრიუმფატორს გაცილებით დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავდა. არც იმის გამო, რომ გერმანელმა რვაფეხამ პაულმა უმცდარად იმკითხავა. ესპანეთი წლიდან წლამდე სწორი გეგმით და დაუღალავი მუშაობით მიდიოდა ამ ტრიუმფამდე და ეს თაობა ღირსი იყო მსოფლიო ჰეგემონობისა. ნამდვილად სიმპათიური გუნდია ჰოლანდიის ნაკრები და არანაკლებ ღირსეული ჩემპიონი იქნებოდა, თუკი ბედი გაუღიმებდა, მაგრამ უფრო ძლიერმა გაიმარჯვა და ეს კანონზომიერი იყო. ნიდერლანდებს შეუძლიათ იამაყონ, რომ მათ ჰყავთ რობენის, სნეიდერისა და კუიტის სახით ფეხბურთელები, რომლებსაც ძალუძთ შედევრები შექმნან, მაგრამ ვინ ჰყავს კიდევ ამ გუნდს ისეთი, რომელსაც შეუძლია იტვირთოს ლიდერობა? ალბათ მხოლოდ ვან ბომელი, მეტი არც არავინ! ესპანეთს კი, დანარჩენებს რომ თავი დავანებოთ, შუა ხაზში ორი ისეთი გენიოსი ჰყავს, რომელთა ფანტასტიური აზროვნება გვაძლევს უფლებას ვთქვათ, რომ ამ გუნდის ნახევარდაცვა უძლიერესია მსოფლიოში. ლაპარაკია ხავი-ინიესტას დუეტზე და ეს არის ესპანეთის ხერხემალი, რომელიც მათი ტრიუმფის საწინდარია, მათი წარმატების ალფა და ომეგა.

დელ ბოსკემ გერმანიის დამჩოქებელი შემადგენლობა არ შეცვალა და დებიუტშივე სცადა ჰოლანდიელთა მიხრჩობა. ესპანელებმა ბურთი დაიჭირეს ზემოთნახსენები დუეტის წყალობით და ასეთ დროს რომ უაღრესად რთულია მათთვის წინააღმდეგობის გაწევა, ეს საკუთარ ტყავზე იწვნია არაერთმა გრანდმა. ჰოლანდია არ არის მშიშარათა კრებული, მაგრამ ძლივს აუდიოდნენ მეტოქის გავეშებული შეტევების მოგერიებას. უკვე მე-5 წუთზე რამოსმა თავური დაჰკრა და სტეკელენბურგის თავგანწირულმა ნახტომმა იხსნა ნიდერლანდელები. ცოტა ხანში ისევ შეიჭრა რამოსი საჯარიმოში და ამჯერად მცველმა გადაარჩინა ჰოლანდია. მალე ვილიამ დაჰკრა ოდნავ არაზუსტად. მოკლედ ესპანელები რვაფეხაზე უფრო საკუთარ ფეხებს ენდობოდნენ და თავიდანვე აცხადებდნენ პრეტენზიას ინიციატივის ბატონ-პატრონობაზე. ჰოლანდიელებს სხვა რაღა დარჩენოდათ და ბურთი რომ ვერ მოიხელთეს, მეტოქის ფეხებზე დაიწყეს ნადირობა. აქ საქმეში ინგლისელი არბიტრი ჰოვარდ ვები ჩაერია. ამ კაცმა იმდენი წითელ-ყვითელი ბარათი არიგა, მუნდიალის ფინალებს რომ არ მოსწრებია (1 წითელი და 9 ყვითელი ბარათი!). ფეხბურთელებიც იძლეოდნენ საამისო საბაბს, მაგრამ მსაჯიც ცუდ სიტუაციაში გახლდათ: არა და არ უნდოდა დროზე ადრე თამაშის გაფუჭება ვინმეს გაძევებით. არადა, მარტო მინდვრიდან კი არა, საერთოდ ფეხბურთიდან გაგდებას იმსახურებდა დე იონგი ბრუს ლის იმ ილეთისთვის, რომელიც მან ხაბი ალონსოს წინააღმდეგ გამოიყენა. ძალიან გაუმართლა ესპანელთა ნახევარმცველს, რომ მთელი ნეკნები შერჩა ამ მომენტში, თორემ ასეთი სისასტიკით რინგზეც აღარ იქცევიან მოკრივეები. ამან ესპანელთა აქტიურობა მიანელა და ახლა ჰოლანდიამ დაიჭირა ბურთი, თუმცა ამან მხოლოდ ამოსუნთქვის საშუალება მისცა მათ და არა ზეწოლის.

მეორე ტაიმში დელ ბოსკემ ფლანგების გააქტიურება სცადა და ნავასი გამოიყვანა მინდორზე. ვიდრე ესპანელები გადაეწყვნენ, კინაღამ გოლიც მიიღეს: სნეიდერმა მშვენიერი პასით კასილასს შეატოვა პირისპირ რობენი, მაგრამ გოლკიპერმა უდიდესი გამოცდილების ხარჯზე შეძლო ხიფათის აცილება – ფეხი "ჩაუტოვა” და მაინც წაარტყა ბურთს. რობენს მალევე ჰქონდა ანალოგიური მომენტი, მაგრამ არანაკლებ გამობრძმედილმა პუიოლმა ჯარიმის უკიდურეს ზღვარზე შეაფერხა თავდამსხმელი და ოდნავ წონასწორობის დაკარგვა რობენს ძვირად დაუჯდა, რადგან ბოლო ინსტანცია ისევ კასილასის იყო და არც ამჯერად შემდრკალა ესპანელთა მეკარე. 69-ე წუთზე უკვე ვილიამ შემოიკრა თავში ხელი. მწვავე შეტევისას მას ერთადერთი რამ მოეთხოვებოდა – როგორმე არ მოერტყა ბურთი წაქცეული ჰეიტინგასთვის და მაინცდამაინც მცველს გაარტყა! მერე ნავასმა შეუტია მწვავედ, მაგრამ ისევ გადარჩა ჰოლანდია. ესპანელებს სულაც არ ხიბლავდათ დამატებითი დროის პერსპექტივა და მატჩის ბოლო წუთები შეტევებში გაატარეს. მარტო ვილიას სამჯერ(!) შეეძლო მოემთავრებინა საქმე, რამოსმაც ხელსაყრელი მომენტი გაფლანგა და ძირითადი დროც დასრულდა.

აქედან კი დაიწყო ინიესტას ბენეფისი. საერთოდ, მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე, ანდრესმა ფანტასტიური ფეხბურთი ითამაშა და დამატებით დროში პირდაპირ აიკლო ჰოლანდიის უკანა ხაზი. ყვითელი ბარათების დიდი უმრავლესობა სწორედ მასზე "აიკიდეს” ნიდერლანდელებმა და ინიესტას შეჩერების მცდელობას შეეწირა ჰეიტინგაც, რომელმაც მეორე გაფრთხილების გამო დატოვა მინდორი. ესპანეთმა ზეწოლა არნახულად გააძლიერა და ფაბრეგასს შეექმნა 100%-ნი მომენტი, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა სტეკელენბურგს ვერ აჯობა. ამდენი გამოუყენებელი შანსის შემდეგ თითქოს აღარაფერი ედგა წინ პენალტების სერიას და სიმართლე გითხრათ, ნამდვილად მეცოდებოდა ორივე გუნდის ფეხბურთელები ამ ულმობელი ლატარიისთვის. თუმცა, ნერვების წყვეტისგან ორივე გუნდიც და გულშემატკივრებიც ინიესტამ გადაარჩინა. გადამწყვეტი გოლების სპეციალისტმა ფაბრეგასის პასი საჯარიმოში მიიღო და ზუსტად დაჰკრა კარში. ეს მოხდა 116-ე წუთზე! ძალიან კი გააპროტესტეს ჰოლანდიელებმა გოლი, ლამის თავის მოაჭამეს არბიტრს, მაგრამ მათი პრეტენზიები ნამდვილად უსაფუძვლო იყო – თამაშგარე არ ყოფილა და მსაჯი მართალი გახლდათ ამ შემთხვევაში...

დასრულდა მუნდიალი. მსოფლის ღირსეული ჩემპიონი ჰყავს. ახლა ემოციების დროა, ხოლო რით გაამდიდრა სამხრეთ აფრიკამ ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ვუვუზელებით ჭყვიტინის გარდა, ამაზე მსჯელობის დროც მალე დადგება. ჩვენ კი, ყოველთვის გვდევს სინანულისა და სევდის განცდა: ჯერაც არ ყოფილა მსოფლიო ჩემპიონატი, რომ მისი დასრულება გულშემატკივარს ენატროს. თუმცა, სხვა რა გზაა, კიდევ ოთხი წლით მოცდა მოგვიწევს, ვიდრე ბრაზილიის სტადიონებზე არ დაიწყება მორიგი სიგიჟე და ემოციების ფეიერვერკი, მუნდიალი რომ ჰქვია სახელად.