როგორ მოხიბლა რუს კალათბურთელთა დელეგაცია ლეგენდარულმა სერგო ზაქარიაძემ - კვირის პალიტრა

როგორ მოხიბლა რუს კალათბურთელთა დელეგაცია ლეგენდარულმა სერგო ზაქარიაძემ

"სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო, უცხოეთში კი შენი ერის დესპანი" – გენიალური ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვები არა მარტო მისი ეპოქის გამორჩეული ქართველების დამახასიათებელი ნიშან-თვისება გახლდათ, არამედ ეს ჩვენი გენეტიკური ღირსების კოდია!

გაწონასწორებულები, თავდაჭერილები, ელეგანტურები და ხაზგასმული ზრდილობით აღსავსენი – ასეთი იყო ოდითგან ქართველთა სავიზიტო ბარათი უცხო მიწაზე ფეხის დაბიჯებისთანავე.

მე-16 საუკუნის ბოლოს ოსმალეთს სტუმრობდა გერმანელი დესპანი შვაიგერი, რომელიც იქ შეხვდა მესხ ათაბაგებს ყვარყვარე და მანუჩარ ჯაყელებს. სწორედ მათზე დაკვირვებით (და მათით გაკვირვებულმა) შეიქმნა წარმოდგენა ქართველებზე, რომელიც მოგვიანებით საკუთარ წიგნში აღწერა:

"მაგარი ხალხია ქართველები, ახოვანნი, წარმოსადეგნი, საოცრად უშიშარნი, დიდად ზრდილნი, დიდად თავდაჭერილნი. თავი მუდამ ისე უჭირავთ, თითქოს არასდროს არაფერი არ უკვირთ, არაფერს აინუნში არ აგდებენ. აქ, სტამბულში, ისე დადიან, ვითომც ამ ქალაქის მუდმივი მცხოვრებნი არიან, არაფერზე გაოცებას არ გამოხატავენ, არავის არაფერს ეკითხებიან, ყველაფერს ჩვეულებრივ ანგარიშში აგდებენ..." (ლევან სანიკიძე, "უქარქაშო ხმლები", ტომი მე-2).

ამისთანა მაგალითებით სავსეა ქართველებით მოხიბლული უცხოტომელების არქივები. მართალია, მსგავსი საამაყო ფურცლები ქართველებმა, ძირითადად, წარსულში ჩაწერეს და დღეს ჩვენი ერის შემარცხვენელიც არაერთი გვყავს საზღვარგარეთ, მაგრამ მათი უღირსი საქციელის კვალი, ერთხელაც იქნება ისე გაქრება, როგორც სხვა რამ წარმავალი, ხოლო მარადიულად დარჩება ის, რასაც ზნემაღალი შეგნებით აკეთებდა ქართველი კაცი სამშობლოს დესპანობის ღირსეულად წარმოსაჩენად უცხოეთში.

KvirisPalitra.Geევგენი გომელსკი რუსეთში ცნობილი და დაფასებული კაცია. საბჭოთა კალათბურთის მეტრის, ალექსანდრე გომელსკის ძმამ თავადაც დიდ წარმატებას მიაღწია ამ სახეობაში. თუკი ალექსანდრე ვაჟთა კალათბურთში მიიჩნეოდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად, ევგენიმ 1992 წელს რუს ქალთა ნაკრებს ოლიმპიური ჩემპიონობა მოაპოვებინა და იმავე წელს პლანეტის საუკეთესო მწვრთნელადაც აღიარეს.

ბუნებრივია, მიმიხვდებით, რომ ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს ჩრდილოელი მეზობლების სპორტული მიღწევების განხილვა და მითუმეტეს ქალთა კალათბურთის, მაგრამ მინდა მკითხველს შევთავაზო ერთ-ერთ რუსულ საიტზე გამოქვეყნებული ინტერვიუ, რომელშიც ევგენი გომელსკი საოცარი სითბოთი იხსენებს, თუ როგორ მოხიბლა რუს კალათბურთელთა დელეგაცია ქართველმა კაცმა, ლეგენდარულმა სერგო ზაქარიაძემ და როგორ გაჰყვა დაუვიწყარ სულიერ საფანელად ათწლეულების უკან მომხდარი ამბავი დღეს ჩვენს მტრად მოკიდებული ქვეყნის შვილს:

"ლამის მთელი მსოფლიო მაქვს შემოვლილი, სად არ ვყოფილვარ და რა არ გადამხდენია, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, ყველაზე წარუშლელი კვალი ჩემში ეგვიპტურმა ვიზიტმა დატოვა, სადაც ჩვენი დელეგაცია შეკრებაზე მიემგზავრებოდა.

პარადოქსია, გაცილებით ნათელი მოგონება უნდა მქონდეს ბარსელონაზე, სადაც 1992 წელს ოლიმპიური ჩემპიონები გავხდით, მაგრამ მე  მაინც ეგვიპტეს ვირჩევ და არა იმიტომ, რომ პირამიდები და სფინქსები ვნახე და უძველესმა კულტურამ მომხიბლა განსაკუთრებით (ეს თავისთავად), არამედ იმიტომ, რომ ჩვენთან ერთად მგზავრობდა საოცარი ქართველი კაცი, სახელოვანი მსახიობი სერგო ზაქარიაძე, რომელიც ეგვიპტეში მიფრინავდა კინოხელოვანთა რომელიღაც ფორუმზე.

ჩემთვის ეს მოხდენილი გარეგნობის კაცი გახდა ადამიანობის ეტალონი, რომელიც შეუძლებელი იყო, რომ არ შეგყვარებოდა. სამი საათის განმავლობაში, რაც ჩვენ თვითმფრინავის ბორტზე გავატარეთ, "ჯარისკაცის მამამ" ისე მოგვაჯადოვა დახვეწილი მანერებითა და ტკბილი საუბრით, რომ პირდაღებულნი შევყურებდით.

ის ჰყვებოდა თავისი მდიდარი პროფესიული კარიერის შესახებ და ამას ისეთი ღირსებითა და სულიერი განცდებით გვიხატავდა, რომ სუნთქვა გვეკვროდა. ჩვენთან ერთად მგზავრობდა "აეროფლოტის" ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, გვარად მიხაილოვი. ეს თავხედი მთელი ამ ხნის განმავლობაში იმის ხაზგასმას ცდილობდა, რომ თითქოს მისი სტუმრები ვიყავით, ის იყო ბატონ-პატრონი თვითმფრინავში და თავს გვაბეზრებდა ტრაბახით, რომ დიდი კაცია.

ჩვენს ლაინერს, საწვავის შესავსებად, შუალედური დაფრენა დასჭირდა კუნძულ კვიპროსზე. მიხაილოვი ჩავიდა, როგორც ჩანს არყის გადასახუხად და მერე საათნახევარი ველოდებოდით მთელი დელეგაცია, ვიდრე ეს პიჟონი იკადრებდა და ისევ ამოვიდოდა ბორტზე, რომ გზა გაგვეგრძელებინა ეგვიპტისკენ.

ქაიროში რომ ჩავფრინდით, უგონოდ მთვრალი მიხაილოვი, უბრალოდ, "ჩატვირთეს" რომელიღაც მანქანაში და სასწრაფოდ მოაცილეს იქაურობას, არც არავინ დამშვიდობებია, იმდენად ამაზრზენად გამოიყურებოდა, ხოლო ბატონ სერგოს ეგვიპტელთა დელეგაცია დახვდა, რომლებმაც ყვავილების ზღვა და გულწრფელი აპლოდისმენტები შეაგებეს ქართველ მსახიობს.

სამწუხაროდ, ჩვენი გზები იქ უნდა გაყრილიყო, არადა, განშორება არ გვინდოდა ამ საოცარ ადამიანთან. იცით, რამ მომხიბლა ყველაზე მეტად? ამ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ კაცს, არნახული პოპულარობისა და ავტორიტეტის მქონე არტისტს, ქედმაღლობის ნატამალიც კი ვერ შევამჩნიეთ. პირიქით, ვიდრე ტრაპთან მორთმეულ მანქანაში ჩაჯდებოდა, არ დაიზარა, მასპინძლებს მოუბოდიშა, ჩვენთან მოვიდა და ყველას უკლებლივ, ასამდე მგზავრს, ხელის ჩამორთმევითა და კეთილი სურვილებით დაგვემშვიდობა!

მერე ტკბილად გაგვიღიმა, ხელი დაგვიქნია და თვალს მიეფარა. ჩვენთვის ეს იყო კაცობის ეტალონიც და სულგრძელობის ისეთი სიმაღლე, რომელსაც თვით ეგვიპტური პირამიდებიც ვერ შესწვდებოდნენ!.."

კითხულობ ამ სტრიქონებს და სუნთქვა გეკვრის, მართლაც რომ ეგვიპტური პირამიდების სიმაღლეს აღწევს შენი სიამაყე. გიხარია, რომ შენც ქართველი ხარ, სული სითბოთი გევსება, თვალები ცრემლით და ამდენი ხნის შემდეგ, უბრალოდ, ქედს უხრი კაცს, რომელმაც ღირსეულად წარმოაჩინა საკუთარი სამშობლოს მადლი სხვა ერისა და მენტალიტეტის ხალხის წინაშე.

მადლის სწორად აღქმაც დიდი კაცობაა და ნამდვილად ეკუთვნის ჩვენი გულწრფელი მადლობა ევგენი გომელსკის, თავადაც ღირსეულ კაცს, რომელმაც ათწლეულების შემდეგ გაიხსენა სერგო ზაქარიაძე და ამით მასთან ერთად დააფასა მცნება უფლისა, რომელიც ასე უანგაროდ და მაღალზნეობრივად მიიტანა მასთან სახელოვანმა ქართველმა კაცმა.

სულ ახლახან სერგო ზაქარიაძის დაბადების დღე იყო, 101 წლის გახდებოდა "ჯარისკაცის მამა"...

ეს ამბავიც ჩვენი სანთელი იყოს, მისი კაცობისთვის და ხსოვნისთვის ანთებული...