საქართველოს სინგაპურიზაცია... - კვირის პალიტრა

საქართველოს სინგაპურიზაცია...

ქვეყანაში უზრუნველ-დარდიმანდული, საზაფხულო იდილიაა გამეფებული. ვისაც ორი კაპიკი შემორჩენია, ამ ხვატისგან თავის გარიდებას და სულის მოთქმას ლამობს, ვისაც არა და დუხჭირ ცხოვრებას შეუსვენებლად იქვე მიათრევს, სადაც წუთისოფელმა წილად არგუნა. ისვენებს ხელისუფლებაც (სად დაიღალნენ, საინტერესოა?!) და პარალელურად, სანახაობაზე ფიქრობს, რათა საზოგადოება მარტო პურის, საზამთროსა და პომიდორის ანაბარა არ დატოვოს (ზოგს ესეც სანატრელი აქვს).

დასვენებულ გონებაში იდეებიც ადვილად იბადება და როცა აღარ იცი "იდეებ რა უყო", სანახაობის სცენარიც იქვე იწერება. ბოლო წლების მანძილზე ქართველმა ხალხმა იმდენი სამთავრობო სპექტაკლი და "ათას ერთი ზღაპარი" იხილა, მისი გაკვირვება უკიდურესად ძნელია, მაგრამ "იდეებ ხომ რაღაცა უნდა უყო?"

ამიტომაც ხან მთავრობის გასვლითი სხდომები ტარდება და ხანაც ზღვის ნაპირას, "პური ჭამაში", თათარიახნად მოფიქრებული შოუები, სადაც მაძღარი კაცი მშიერს და უქონელს ამ იდეებს ერის სულიერ მისიად და სტრატეგიულ მიზნად უსაღებს.

ამას წინათ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სულ კაკალი და გოხი ატეხა თავზე უიდეო მინისტრებს და მის მოადგილეებს (ვისი მოყვანილია პოსტებზე ნეტა ეს ხალხი?), არაფრის მაქნისები არ ხართ, თქვენი უნიათობით ინვესტორები გარბიან (როგორც ჩანს, რიგები გვიდგას) და ქვეყნის სინგაპურიზაციას ხელს უშლითო...

მინისტრების დიდი უმრავლესობა რომ არაფრის მაქნისია და მათი მოვალეობა ძირითადად თვის ბოლოს ოთხნიშნა ხელფას-პრემიების უწყისზე ჩახუჭუჭებული ხელმოწერის დასმაა, ეს აქამდეც ვიცოდით, რაღაც-რაღაცები სინგაპურზეც გვქონდა გაგებული, მაგრამ საქართველოს სინგაპურიზაციაა უკვე ისეთი მამალი იდეაა, რომლის წაყრუება თვით ამ ხვატშიც ნამეტანი დიდი ფუფუნებაა.

სინგაპურიზაცია მაცდუნებლად ჟღერს, მითუმეტეს, როცა "აყვავებული და ჩამოუშლელი" ცხოვრებით გაწამებული ქართველობა სიღარიბისგან სულს ღაფავს. თუ ავირჩევთ სინგაპურის გზას, გავხდებით მათსავით მდიდრები და უზრუნველები, მათსავით გვექნება ერთ სულ მოსახლეზე 26 700 დოლარი და შენ დაუკარ!.. სოფელიც აშენდება...

რა მსგავსებაა საქართველოსა და სინგაპურს შორის? ერთი, მოსახლეობის რაოდენობით ვუსწრებდით და ჩვენი კატასტროფული დემოგრაფიის შემყურე უკვე გვარიანად ვართ ჩამორჩენილები. სხვა რა გვაქვს ერთნაირი? – რელიგია, ტრადიციული ფასეულობები, კულტურა თუ თვალის ჭრილი? არც არაფერი!

სინგაპურიზაციის ხიბლი თურმე იმაშია, რომ ამ ქვეყანაში ბევრი ფულია და ალბათ ის, რომ მას უკვე ათწლეულების მანძილზე ერთი პარტია მართავს (იდეაში მაგარია, არა?). კუნძულების ამარა დარჩენილ ამ ქვეყანას არანაირი ბუნებრივი რესურსი არ გააჩნია, მკვიდრი მოსახლეობა შეუდარებლად მცირეა გადამთიელებთან შედარებით და რეალურად წარმოადგენს მხოლოდ ტერიტორიას(!), ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, რომელშიც განვითარებულია ძირითადად საბანკო ბიზნესი და მაღალი ტექნოლოგიების სექტორი, რაც შემოსავალს აძლევს ამ ქვეყანას.

კი, მაგრამ, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ საქართველო დასავლური ცივილიზაციისკენ ილტვოდა და იმდენად ძლიერი იყო ეს მისწრაფება, რომ ლამის ათასწლეულის მერე განვაცხადეთ - "მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელიო". რაო, სინგაპურზე ნაკლებად მდიდარია იგივე გერმანია და საფრანგეთი? მაშ, რისთვის შევიცვალეთ ევროპული ვექტორი და რისთვის უნდა ვთქვათ: "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ სინგაპურელი"(?!)...

ფული!..ამის ძირითადი მიზეზი ფულია, სინგაპურის ბრჭყვიალა სასტუმროები და ეგზოტიკური სანაპიროები, გართობა, "გულავი", გრიალი და დარდიმანდობა...

იმაზე აღარავინ ფიქრობს, რომ თუ სინგაპურელები გავხდებით, ჩვენც იქაური მკვიდრი მოსახლეობასავით ვიქნებით 15-17% და გვეწოდება არა საქართველო, ერთ დროს გადაჭიმული ნიკოფსიიდან დარუბანდამდის, არამედ ტერიტორია, სადაც უცხოტომელებს ყველაფრის უფლება აქვთ და აბორიგენებად კანტი-კუნტად შემორჩენილ ქართველობას კი ოდენ მოსამსახურის "ფართუკი" და ლაქიას ღიმილაფარებული გრიმასა, საწყალობლად რომ მოირგებენ ხოლმე მათხოვრული "შაბაშის" მოლოდინში.

ადამიანური სისუსტე ყველას გვაქვს და სულო ცოდვილო, სიმდიდრე და ფუფუნება ვის არ უნდა, მითუმეტეს, ამისკენ ტრადიციულად მიდრეკილ ქართველებს, მაგრამ ამ ქვეყანაში, სადაც ძალაუფლების ბერკეტები პირდაპირ ასოცირდება გაგებასთან – მე მოვედი არა მსახურებად შენდა, არამედ იმიტომ რომ აქეთ გიმსახურო, გასინგაპურება სხვა არაფერია, თუ არა ამ გაგებისთვის ბეჭდის დასმა.

ქართველ ერს ბოლო დროს იმდენი დაპირება აქვს გამდიდრებაზე, ელდორადოზე და ოქროს კოშკებზე მოსმენილი, რომ სინგაპურულ და დუბაის ზღაპრებზე სიმწრით ეცინება. ცალკეული პიროვნებები მუდამ იყვნენ განუზომელი ქონების და სიმდიდრის პატრონები, მაგრამ მოდით, ვთქვათ, როდის იყო მართლაც შეძლებული (და არამც და არამც უზრუნველი!)

სრულიად საქართველოს დიდი უმრავლესობა?

როცა ჭაბუას სიტყვებით რომ ვთქვათ – ერს ესმოდა, რომ სამშობლოსთვის უნდა მიეცა მაქსიმუმი და მერე სამშობლო დაუბრუნებდა იმ მინიმუმს, რაც აუცილებელი იყო სულიერ-ხორციელი კმაყოფილებისთვის. ასეთი ეპოქა სულ რამდენიმე შემოუნახავს ჩვენს მრავალტანჯულ მატიანეს და მაშინაც ერი და ბერი სულიერ-მატერიალურ იდილიას აღწევდა ცხოვრების წესად ქცეული სინერგიით.

უფლისადმი და სამშობლოსადმი თაყვანისცემის ამგვარი ფორმის უპირველესი აპოლოგეტი კი გახლდათ ის, ვისაც ხელეწიფებოდა დაპირებების გაცემაც და ამ დანაპირების აღსრულებაც – დავით აღმაშენებელი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე...

ჭაბუას სიტყვები ვახსენეთ და სამშობლოსთვის მაქსიმუმის გაღებაში მავანმა, შესაძლოა, წმინდა ცხოვრებისეული, პრაქტიკული მოსაზრებით იფიქროს, მაგრამ ჩვენს წინაპრებს, ოდითგანვე ომსა და შრომაში ჩაბმულებს, სამშობლოსთვის მიჰქონდათ ყველაზე ღვთაებრივი რამ – საკუთარი სიცოცხლე და თანაც უპირობოდ! მეტიც – საკუთარ სიცოცხლეზე ბევრად მეტის – ღვიძლი შვილების სიცოცხლეც! ეს იყო სწორედ სულიერი მისია ქართველთა და ამ შეგნების საქართველოში იდგა ჭეშმარიტი აყვავების და გაბრწყინების ხანა!..

იცოდე ყოველივე ეს და ერის სტრატეგიულ მიზნად მაინც სინგაპურიზაცია დასახო, ყოვლად წარმოუდგენელია!

გამოდის, რომ არ ვიცით, არ ვიცნობთ ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის უმდიდრეს მატიანეს, რომლის ბადალი სინგაპურს კი არა, დღევანდელ ზესახელმწიფოებს არ მოსწრებია. ამით ვართ მდიდრები, გნებავთ ერთ სულ მოსახლეზეც და გნებავთ მთელი პლანეტის მასშტაბით.

თურმე გვქონია აუწონავი ქონება და ჩვენ კი სინგაპურის ცათამბჯენებს და სანაპიროებს მივტირით და შევფოფინებთ, მიწიერი ფუფუნებისკენ ჯიუტად მივილტვით...

რა სინგაპური და დუბაი აგვიტყდა, რა ოქსფორდი და კემბრიჯი, რომელი ამერიკა და რუსეთი, გნებავთ ნებისმიერი სხვა, აწყობილ-აშენებული ქვეყანა? სად იყო, სინგაპური და დუბაი, ქართული დოვლათის სიუხვე და ბრწყინვალება რომ თვალებს კეფაზე უყრიდა გაოცებისგან ყველა ამქვეყნიური ქონების მფლობელ შაჰებს, სულთნებს და კეისრებს?

სად იყო კემბრიჯი და ოქსფორდი, როცა ფაზისის, გელათისა და იყალთოს აკადემიებში შეძენილი ცოდნით ფასდაუდებელ შედევრებს ქმნიდნენ აქ ჩამოსული და გამდიდრებული ცოდნით თავიანთ ქვეყნებში გაბრუნებული უცხო ბრძენნი, ფილოსოფოსნი და მწიგნობარნი?

სად იყვნენ რუსეთი და ამერიკა, როცა საქართველოში თვით ქრისტეს მოციქულები აარსებდნენ ეკლესიებს და გოლგოთაზე, ქრისტეს საფლავის კლიტეები ქართველთა ხელში იყო?..

რატომ ვასამარებთ ჩვენს ოდინდელ დიდებას და ისტორიას? იმიტომ მოვიგეთ დიდგორი, რომ ხვალ ჩვენს მომავალ თაობას ორიენტირად სიმდიდრეში ჩაძირული დუბაი ვუქციოთ? იმიტომ ავაგეთ სვეტიცხოველი, რომ ჩვენმა შვილებმა სინგაპურის ცათამბჯენებს სცენ თაყვანი? თუ იმიტომ დაიწერა "ვეფხისტყაოსანი" და იმიტომ ქმნიდნენ ჩვენი წინაპრები აკადემიებს, რომ 21-ე საუკუნეში უცხოეთიდან ჩამოსულ, წარბებში რგოლებგაყრილ პედაგოგებს ესწავლებინათ ქართველი მოსწავლეებისთვის, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო ღირებულებებით მომზადებული სასწავლო პროგრამა?..

ვაჟა არ გვინდაო, ილია გადმონაშთიაო, რაღა დროს რუსთაველიაო, იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" პრიმიტიულიაო და პირველკლასელებს კომპიუტერებს ურიგებენ თვალებისა და გონების დასათხრელად; ჯერ ენა არ გაუტეხავს მოწაფეს და... ინგლისურით დაიწყე, შვილო, მომავალში გამოგადგებაო (მიხოსი არ იყოს, რამდენმა ქართველმა ისწავლა უცხო ენა, თანაც არაერთი და გამაადგა რო?)...

ღვთაებრივი ქართულით თუ არ დაიწყო პატარა ქართველმა წერა და მეტყველება, რა ქართველი უნდა გამოვიდეს ან ვის უნდა გამოადგეს. უცხო ენა სად გაექცევა, ისედაც ამ ქვეყანაში მხოლოდ ქართულია გაუცხოებული და სხვა ყველაფერი "მშობლიურად" გადაქცეული...

პ.ს. რა უბედურება გვჭირს ქართველებს, ხან ჩრდილოეთიდან ამოგვდის მზე, ხან დასავლეთიდან... ხან ამერიკიდან ველით ხსნას, ხან რუსეთიდან...

არადა, საქართველოს ხსნის გასაღები აქ არის – ჩვენს მადლიან სამშობლოში!

აქ არის დავანებული კვართი უფლისა, აქ არის მოციქულთა საფლავები, აქ შექმნილა ოდესღაც მსოფლიო კულტურის საგანძური... აქ არის დამარხული "ლაზარე", რომლითაც უნდა ამხილოს ჩვენმა მაცხოვარმა, იესო ქრისტემ მთელი კაცობრიობა...

საქართველოდან გზა ოთხივ კუთხისკენ მიდის, არჩევანის უფლება ყველას აქვს (დემოკრატიის შუქურად ვიწოდებით მაინც), მაგრამ აქედან ერთადერთია ჭეშმარიტი...

მაშინაც ასე არ იყო? – პირველი ათასწლეულის გარიჟრაჟზე, გოლგოთის ქედზე, – აირჩიეთ ქრისტე ან ავაზაკიო...

აირჩიეს...

ნეტა იმას, ვინც გზის ჭეშმარიტებას დაინახავს...