ტანკი - კვირის პალიტრა

ტანკი

ჭომა გახსოვს ძვირფასო მკითხველო? ჭომა – თენგიზ სულაქველიძე, თბილისის ”დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრების უნივერსალი, ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი, მეტოქე თავდამსხმელების რისხვა და დაუღალავი ”მოტორი”...

გახსოვთ, რა ზღაპრულად ჩაატარა 1981 წლის საგაზაფხულო მატჩები? ”ფეიენოორდს” ორი ისეთი გოლი გაუტანა, ფორვარდებს შეშურდებოდათ, თანაც 1\2 ფინალში(!). იმავე წლის შემოდგომით, ფრანგულ ”ბასტიას”, რომელშიც აფრიკული ფეხბურთის ლეგენდა როჟე მილა თამაშობდა, თბილისში ისეთი გოლი ”მიართვა”, კინაღამ კისერი მოატეხინა მეკარეს, საჯარიმოს კუთხეში მიიღო ბურთი, მცველი ჩამოიცილა და ულამაზესი ”პარაშუტი” ჩაუკიდა ზურგს უკან ამაოდ გაფრენილ გოლკიპერს...

ჭომასი იცით რა მხიბლავდა ყველაზე უფრო? – კლდესავით იდგა და თავს სწირავდა მინდვრის თითოეული გოჯისთვის. მისთვის არ არსებობდა რიგითი მეტოქე, ”რეალს” ეთამაშებოდა ”დინამო” თუ ”ნეფთჩის”, ყველას ერთნაირი ”ჟილკითა” და აზარტით ეთამაშებოდა. ხისტად ბრძოლა არ იყო მისთვის უცხო, პირიქით, თამამად შედიოდა ”ჯახში” და არც საკუთარ თავს ინდობდა, არც მეტოქეს. მახსოვს, ამ რამდენიმე წლის წინ მომიყვა ბატონმა თენგიზმა ერთი ეპიზოდი საკუთარი კარიერიდან, როდესაც მისივე სახელობის საფეხბურთო აკადემიაში ვესტუმრე:

KvirisPalitra.Ge”მინსკის ”დინამოს” ვეთამაშებოდით თბილისში, კარგი გუნდი ჰყავდათ ბელარუსებს, იმ წელს ჩემპიონებიც კი გახდნენ. ჰოდა, ვანგრევთ მომავალ ჩემპიონებს, შეტევა შეტევაზე მიდის, გოლი-გოლზე. ერთ ეპიზოდში დათო ყიფიანი მოვიდა ჩემთან და მითხრა: - თენგო, სიცოცხლე გამიმწარა ბოროვსკიმ, კოჭები დამისისხლიანა და ერთი, თუ ჩაგივარდა მომენტი, გაეცი საკადრისი პასუხიო. ბოროვსკი ჩემი კონკურენტი იყო ნაკრებში, ჩემსავით მარჯვენა მცველის ამპლუაში თამაშობდა იქ, ეგეც არ იყოს, დათოსთან რომ ბინძურ თამაშს იკადრებდა კაცი, რას შევარჩენდი. ჩვენს წინააღმდეგაც ბოროვსკი მარჯვნივ კეტავდა მინსკელთა დაცვის ზონას. ისე მოხდა, რომ მისკენ რომ გადავინაცვლე, ბურთი სწორედ ამ ზონაში მოხვდა, პასი წამოვიდა ფლანგზე, მოსაკლავს რომ ეძახიან, ისეთი. უნდა ჩაწვე და ისე მისწვდები მხოლოდ. ორივე ერთდროულად გავქანდით ბურთისკენ, ”პადკატით” მოდის ბოროვსკი, კი არ მოდის, მოცურავს და ვატყობ, ან უნდა ავარიდო ფეხი, ანდა მომამტვრიოს. ეგრე არ უნდა თქო, მეც ჩავწექი, ფეხი გავჭიმე და ერთმანეთს ისე შევასკდით გაშლილი ფეხებით, მგონი ნაპერწკლები გაგვცვივდა...

- მერე, მერე რა მოხდა, როგორ ჩაიარა თქვენმა შეტაკებამ-მეთქი, - პასუხის მოლოდინში და იმ ეპიზოდის წარმოდგენისგან სუნთქვა შემეკრა. - როგორ და მე თამაში გავაგრძელე და ბოროვსკის კი სამი თვე თაბაშირში ჰქონდა ფეხიო...

ასეთი იყო ჭომა – უდრეკი და შეუპოვარი. ახლა რომ იციან, მინდორზე კინკლაობა რომ ატყდება, ცხვირებს მიადებენ ერთმანეთს და უშნო მამლებივით ყასიდად იფხორებიან, ჭომას დროს რა ვაჟკაცურად იყო ყველაფერი. თუ მოხდებოდა გაწევ-გამოწევა, ყველა სულაქველიძეს ეძებდა თვალებით, ან რა ძებნა უნდოდა, იქ იყო, შუაგულ დაკა-დაკაში. დედიმისის შვილი იყო და ვინმე წამოყინჩოდა ჭომას, იქვე ხომ მოიყვანდა ჭკუაზე და მერეც, თამაშის დროს, ბოღმით კი არა, კაცურ ბრძოლაში თავ-ბედს დააწყევლინებდა. მისი თაობის ბიჭებმა იციან თქმა: - ჭომა რომ  მოედანზე იყო, ძალა და მხნეობა გვემატებოდაო.

ჰოლანდიელებმა რაკეტა უწოდეს, გერმანელებმა – ტანკი. მაშინ ვინ გაუშვებდა, თორემ თავისუფლად ითამაშებდა ევროპის ნებისმიერი წამყვანი ქვეყნის ჩემპიონატში. პოლონეთში, ”ლეგიას” როგორი გოლი შეუგდო თუ გახსოვთ? – შორიდან დააქუხა და კინაღამ ბადე გაუგლიჯა ”ცხრიანში”...

ხომ ჯარიმის ზღვარზე თამაშობდა, მაგრამ ერთადერთხელ არის მინდვრიდან გაძევებული და ისიც არა უხეშობისთვის, არამედ...აპლოდისმენტებისთვის. ერევანში თამაშობდა ”დინამო” ”არარატთან”. ალბათ, ახსნაც არ უნდა, თუ რა პრინციპული თამაში იქნებოდა. პირველი ტაიმია, ანგარიში 1:1-ა. შესვენებამდე 5 წუთით ადრე, მატჩის არბიტრმა ისეთ აბსურდულ ვითარებაში გააფრთხილა თენგიზი, ყველას პირი დააღებინა, მოგონილი ყვითელი იყო აშკარად. იმდენად გაოგნდა თავად სულაქველიძე, რომ ტაში დაუკრა მსაჯის მისამართით. სტუპარმაც წამსვე დაუძრო წითელი ბარათი. როგორია, ერევანში ათი კაცით ითამაშო მთელი ტაიმი? რამაზ შენგელიამ მომიყვა მერე: - მეორე ტაიმში, რამდენი ჩვენი სკამისკენ გავიხედე, გავოცდი, იჯდა ჭომა და გამუდმებით პირჯვარს იწერდაო...

პირჯვრის წერა იმ დროში, ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა. თურმე რა მომხდარა: ნოდარ ახალკაცს შესვენებაზე ”უსტანოვკა” მიუცია გუნდისთვის, პატარა კორექტივებიც შეუტანია ათი კაცით დარჩენილ სტრატეგიაში და გამოუშვია ბიჭები მოედანზე, თენგიზისთვის კი ცერად გადმოუხედავს და უთქვამს: - ილოცე, რომ ეს თამაში არ წავაგოთ, თორემ ”დუბლებსაც” არ გაღირსებო. ასე იყო ჭომას ლოცვის ამბავი მეორე ტაიმში. ის თამაში ათი კაცით მოვიგეთ 4:1(!). მატჩის შემდეგ, უკვე გაღიმებული და იუმორთან შენობით მოლაპარაკე ახალკაცისთვის ჭომას უთქვამს: - ფარსადანოვიჩ, ეტყობა მე გიშლიდით ხელს თამაშში და ხო სწორედ მოვიქეცი, თავი რომ გავაგდებინე სტუპარსო...

ნაკრები მის კარიერაში ცალკე თემაა. იქ თავისი ნიშა ჰქონდა, საკუთარი ადგილი და დიდი ავტორიტეტი. ამას ანგარიშს უწევდნენ ბესკოვიც და ლობანოვსკიც. იმიტომაც იყო, რომ მეტოქის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელის მეურვეობას დაუფიქრებლად სულაქველიძეს ანდობდნენ. ასე გადაეყარა ლეგენდარულ დიეგო მარადონას პერსონალურ მეურვედ თენგიზი და ღირსეულადაც ითამაშა მის წინააღმდეგ. მერე, თავად მარადონამაც აღნიშნა ინტერვიუში: - სულაქველიძე მართლაც ვაჟკაცურად მეპაექრა, ბინძური თამაში, რასაც ასე ხშირად მიმართავდნენ ჩემს წინააღმდეგ მეტოქის მცველები, არ უკადრებიაო...

ასეთი იყო ჭომა – ვაჟკაცური, მებრძოლი, თავგანწირული...

ეს თვისებები რომ ჰქონდეთ ამ თაობის ქართველ ფეხბურთელებს, რაღა  გვიჭირდა მაშინ. რამდენჯერ სინანულით მოგვძალებია მონატრება ჭომას ჯიგრიან და შემართებულ თამაშზე, ამათი უნიათობისა და უგულობის შემყურე...

ამ რამდენიმე წლის წინ ჩვენი ნაკრების ვარჯიშს დავესწარი დიღომში. თენგიზიც იქ იყო, იქვე ევარჯიშა სათადარიგო მინდორზე თავის კბილა ”ბიჭებთან” და საშხაპეში წასვლის წინ, ნაკრების ვარჯიშის ბოლო ეპიზოდს, ორკარა ბურთაობას ადევნებდა თვალს. ორად გაყოფილ გუნდს კაცი დააკლდა ერთ მხარეს და ჭომა დადგა მათი რიგების შესავსებად(!). რა ითამაშა იცით? სულ პირზე ღიმილით, ზღაპრულად, ჯიგრიანად და ”ჟილკიანად”. არც ხისტი ორთაბრძოლები ითაკილა და მგონი ლევან კობიაშვილმა უთხრა: - ბატონო თენგიზ, თქვენ ისეთ ფორმაში ხართ, ხვალ თავისუფლად ითამაშებთ ძირითადშიო(!)...

ძალიან მაგარი უნდა იყო, რომ 50 წლის ასაკში მოქმედ ფეხბურთელს ეს სიტყვები ათქმევინო...

23 ივლისი კი მისი დაბადების დღეა, 54 წელი შეუსრულდა. დაუჯერებელია...

მისი გულშემატკივარი კახელისა არ იყოს: - იმი დედა ვატირე, შაუშვით მინდორზე ჩვენი თენგიზა, თუ ეხლაც არ მილეწ-მოლეწოი იქაურობაო...

მაგარია ჭომა!