რა კავშირი აქვს ნინუების მკვლელობას აზარტული მოთამაშის მკვლელობასთან? - კვირის პალიტრა

რა კავშირი აქვს ნინუების მკვლელობას აზარტული მოთამაშის მკვლელობასთან?

"შემომხედე თვალებში, მე თამაზი მოვკალი? არ გრცხვენიათ, ამას როგორ მაბრალებთ"

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სანდოძე შემზარავი მკვლელობის საქმეს კარგა ხანია იხილავს. შეგახსენებთ: 2009 წლის 13 ნოემბერს, თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე, საკუთარ სახლში უშიშროების გენერალი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე, ეთერ ნინუა, მოკლულები იპოვეს. ყველა შოკირებული იყო, ვერ ხსნიდნენ, ეს უწყინარი ადამიანები რატომ მოკლეს. თავიდანვე ითქვა, რომ მკვლელობა პროფესიონალის ჩადენილი იყო - თითო გასროლით, სასიკვდილი ჭრილობა ორივეს საფეთქელთან ჰქონდა მიყენებული.

როგორც ჩანს, მკვლელმა მტკიცებულების მოსპობაზეც იფიქრა. როგორც წესი, დანაშაულის გასახსნელად ყველაზე ეფექტიანი გზა, ცხელ კვალზე მაძებარი ძაღლის მეშვეობით გასვლაა. ამ შემთხვევაში ძაღლის  გამოყენება ძალოვნებმა ვეღარ შეძლეს, რადგან ცხედრების ირგვლივ, სავარძლებზე, კომპიუტერთან, ერთი სიტყვით, ყველგან, სადაც შეიძლებოდა დამნაშავეს შეხება ჰქონოდა, დაფქული წიწაკა იყო მოყრილი, ამ გზით კი კვალი გაქრა... უფრო სწორად, წიწაკას ძაღლი აღარ ეკარება და სუნი ვერ აიღო. მართალია, დღემდე გამოძიებამ მკვლელობის იარაღს ვერ მიაგნო, თუმცა საქმეში დევს ორი მასრა. მასრებზე ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა. ამოღებული მასრები უიშვიათესი მოდელის უხმო რევოლვერს ეკუთვნის.

მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 27 ნოემბერს, ძალოვნებმა განაცხადეს, რომ ყოფილი ფეხბურთელი, 60 წლის თამაზ გოგია ცოლ-ქმრის მკვლელობაში იყო მხილებული. ეს ფაქტი შოკის მომგვრელი აღმოჩნდა მოკლულის ახლობლებისთვის, რადგან გოგია თამაზ ნინუას უახლოესი მეგობარი იყო. ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული დანაშაულს აღიარებდა. ირკვევა, რომ ეს სიცრუე იყო და არანაირი აღიარებითი ჩვენება, არ არსებობს. თამაზ გოგია დღემდე კატეგორიულად უარყოფს მკვლელობას. გამოძიება კი მკვლელობის მოტივად პარტნიორებს შორის დაძაბულ ბიზნესსაქმიანობას ასახელებს. პოზიციას კი ექსპერტიზის დასკვნით ამყარებს.

KvirisPalitra.Geთამაზ გოგიას და თამაზ ნინუას ხელზე დენთის კვალი დაფიქსირდა. ექსპერტ- ქიმიკოსმა განმარტა, რომ დენთი იყო უკვამლო. დენთის კვალი აღმოჩნდა ნინუას ტანსაცმელზე, ხოლო გოგიას ტანსაცმელზე, ვერ აღმოაჩინეს.

ბრალდების მტკიცებით, ორი წლის წინ თამაზ გოგიამ შპს "კერა" დაარსა, ბიზნესში რამდენიმე მეწილე იყო, მათ შორის თამაზ ნინუაც. იმის გამო, რომ ობიექტის ამუშავება დროში გაიწელა, თამაზ გოგიას გარდა ბიზნესიდან ყველა მეწილე გავიდა... შპს "კერას" 100 პროცენტის მფლობელი თავად გახდა. გამოძიების მტკიცებით, ფაქტობრივად, 50 პროცენტს თამაზ ნინუა მაინც ფლობდა. ფირმას ვალები დაუგროვდა, ნინუას და გოგიას შორის უთანხმოება წარმოიშვა. გოგიამ ნინუასგან ფარულად უძრავი ქონების გაყიდვა და თანხის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა. ეს ნინუამ გაიგო და ურთიერთობა უფრო დაიძაბა", – ამტკიცებს ბრალდება და ირწმუნება, რომ გოგიამ ნინუა ამ ქონების გამო მოკლა.

ითქვა, რომ გოგია 27 ნოემბერს დააკავეს, მაგრამ რეალურად, პატიმრობაში 18 ნოემბრიდან იმყოფება – პოლიციელების შეურაცხყოფისთვის დააკავეს. ძალოვანთა მტკიცებით, თამაზ გოგიამ დიღმის მასივში პოლიციელებს უცენზურო სიტყვებით მიმართა. როგორც ირკვევა, გოგია წერეთელზე აიყვანეს და არა დიღმის მასივში(?!). ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სასამართლომ 60-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ ამ სასჯელს არავინ დასჯერდა. გოგიას ბრალდებას ახალ–ახალი დანაშაული ემატებოდა... ორი ადამიანის მკვლელობასთან ერთად თაღლითობაშიც ამხილეს და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაშიც.

გაიზარდა დაზარალებულთა რიცხვიც, თამაზ ნინუას ქალიშვილ - ეკა ნინუასთან ერთად, საქმეში დაზარალებულების სტატუსით მისი ბიზნეს-პარტნიორებიც არიან: ცნობილი ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა, თემურ ჯაფარიძე, თემურ ლომიძე... გამოძიებამ გოგიას წინააღმდეგ აღძრული 11-ტომიანი საქმე სასამართლოს გადასცა... ბრალდებას 100-ზე მეტი მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი. რაოდენ გასაკვირადაც უნდა მოგეჩვენოთ, ბრალდების მოწმეთა 80 პროცენტზე მეტს, ამ საქმეზე არაფერი უსაუბრია(?!). აცხადებდნენ, რომ მომხდარი ტელევიზიით შეიტყვეს. რაში დასჭირდა პროკურატურას ამ მოწმეების პროცესზე წარმოდგენა, რას აძლევს საქმეს მათი ჩვენებები? ფაქტია, მრავლად იყვნენ ისეთი მოწმეები, რომლებიც მხარეებს საერთოდ არ იცნობდნენ.

ცნობილი ფეხბურთელის, მურთაზ ხურცილავას ჩვენებით ირკვევა, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონში მას 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ჰქონდა. ხურცილავას სურვილი და ოცნება მისივე სახელობის ბავშვთა საფეხბურთო სკოლის დაარსება იყო. ამბობს, ამისთვის თანხები ვერ მოიძია, მერიაში კი აღებული ვალდებულების შესრულება მოსთხოვეს. ამის შემდეგ გადაწყვიტა, ისეთი ადამიანები შეეკრიბა, რომლებიც ინვესტიციას ჩადებდნენ, ობიექტს აამუშავებდნენ და იქიდან მიღებული მოგებით ოცნების შესრულებას შეძლებდა.

”სახელწოდება, ”ჩემპიონი - 2004” სწორედ ამიტომ დავარქვი. რამდენიმე მეგობარი შეიკრიბა, მათ საჩუქრად 10-10-პროცენტიანი წილები მივეცი და საქმის ამოქმედება ვთხოვე. დიდი სავაჭრო ცენტრი უნდა გაკეთებულიყო. სკოლისთვის პატარა ტერიტორია დავიტოვე. მეწილეებს შორის თამაზ გოგიაც იყო, რომელსაც ახალგაზრდობიდან ვიცნობ. როცა დიდ ფეხბურთს შევეშვი, შაბათ-კვირას ვიკრიბებოდით და ფეხბურთს ვთამაშობდით.

პარტნიორებთან ერთად სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დავიწყეთ და ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ. ვინაიდან ბიზნესის არაფერი გამეგება, სრულად ვენდობოდი მეგობრებს. ხელმძღვანელი მუხრან ბაგრატიონი იყო, (ის ვაგზალზე მდებარე დიდი ბაზრობის დირექტორია. ავტ)  ბაგრატიონის დროს ბანკიდან სესხად 3 მილიონი გამოვიტანეთ, ამით კომუნიკაციები, გზა და სხვა სამუშაოები გაკეთდა. მოგვიანებით, ბაგრატიონს რაღაც პრობლემები შეექმნა და აქედან წავიდა. ამის შემდეგ თამაზ გოგია ავირჩიეთ ხელმძღვანელად.

არაერთხელ მითქვამს მისთვის, რომ ბიზნესის არაფერი გამეგებოდა. იმ 3 მილიონის გასასტუმრებლად მზად ვიყავი ტერიტორიის გარკვეული ფართი გაგვეყიდა. ორი მსურველი გამოჩნდა, ერთს ჩვენი ქონების ბანკში ჩადებით სურდა ყიდვა, უარი ვუთხარი, მეორემ კი გადაიფიქრა. თამაზმა მითხრა, რომ 10 მილიონიან ტრანშს გააკეთებდა ბანკი "რესპუბლიკიდან". ეს ყველას გაგვიხარდა, რადგან საბოლოოდ საქმე ამუშავდებოდა. აღებული თანხიდან პირველ რიგში 3 მილიონი, ბანკის ძველი ვალი უნდა დაფარულიყო, რაც არ მოხდა და იქ მხოლოდ მილიონ სამასი ათასი ჩაირიცხა", - განმარტა დაზარალებულმა მურთაზ ხურცილავამ. როგორც ირკვევა, შპს "კერა" და შპს "დარიალი", რომელიც ”ჩემპიონი 2004”-ის ტერიტორიაზეა განთავსებული, თამაზ გოგიამ დაარსა და ხელმძღვანელიც თვითონ იყო.

ბანკიდან 5 მილიონი სწორედ "დარიალის" ანგარიშზე გადმოირიცხა. ბანკში კი უზრუნველსაყოფად ჩადებული იყო სამივე ფირმის ქონება და დამატებით რამდენიმე ადამიანის ბინაც. გოგიას თაღლითობაშიც ადანაშაულებენ - სად წავიდა კრედიტი? თუმცა ცხადია, დღეს ეს ქონება უკვე ბანკის საკუთრებაა, რადგან პროცენტის გადახდა ვერ შეძლეს, რამდენიმე ადამიანმა ბინაც დაკარგა.

"ქონება აუქციონზე რომ იყო გატანილი, შემთხვევით გავიგე. გავბრაზდი და ამის შემდეგ რამდენიმე თვე ობიექტზე არც მივსულვარ... ქუჩაში ვარ დარჩენილი, ბინაც აღარ მაქვს. ბანკმა ჩემი საკუთრება მთლიანად წაიღო, კისერზე მადევს ვალად ბანკის 11 მილიონი ლარი. როცა სესხი გამოგვქონდა, არც წამიკითხავს, ისე მოვაწერე ხელი. სრულად ვენდობოდი თამაზს. ბაგრატიონმა წაიკითხა, თქვა ხელს არ მოვაწერ, აქ ჩემი პირადი ქონებაა ჩადებულიო. მაშინ გავიგე, რომ ჩემი ბინაც იყო ჩადებული. ბოლოს მაინც მოაწერა ხელი ბაგრატიონმა და მეც დავმშვიდდი, სხვანაირად სესხი ვერ გამოჰქონდა,"-  განმარტა მურთაზ ხურცილავამ.

ხურცილავა აცხადებს, რომ ნინუების მკვლელობაზე არაფერი იცის და რომ ბატონი თამაზ ნინუა ”ჩემპიონი - 2004”-ის მეწილე არ ყოფილა. რაც შეეხება "კერას" იქ ჰქონდა თუ არა რაიმე წილი, მისთვის უცნობია. არც ის იცის, გოგიასა და ნინუას შორის რაიმე უთანხმოება იყო თუ არა. ადასტურებს მათ მეგობრობას და მოკლულს დადებითად ახასიათებს.

ჩვენება უკვე მისცა დაზარალებულმა ეკა ნინუამ. სახლში მისულს შემზარავი სურათი დახვდა.

”13 ნოემბერს, 16 საათსა და 5 წუთზე მივედი. კარი ერთი გასაღებით იყო დაკეტილი, ვიფიქრე, დედა სახლში იქნებოდა. ოთახი ჩაბნელებული იყო, მამას იმ დროს სახლში არ ველოდი, ამიტომ მისი კაბინეტი გავიარე და დედის საძინებლში შევედი. დედა ფანჯრისკენ იყო მიბრუნებული, თითქოს ეძინა, ხელი სახეზე მიეფარებინა. ახლოს რომ მივედი, დავინახე, რომ ხელი გალურჯებული ჰქონდა...

საფეთქელზე შევნიშნე მიბჯენითი ნატყვიარიც, მაგრამ იმ წუთას ჩემმა გონებამ ვერ აღიქვა, რომ ეს ნატყვიარი იყო. ვეცადე, დედა გადმომეტრიალებინა, სახე და სხეული სულ სისხლიანი ჰქონდა... დედა ცივი იყო. ამის შემდეგ წონასწორობა დავკარგე და იქვე, იატაკზე ჩავიკეცე. დედაჩემის და ჩემს ტელეფონებზე ზარები არ წყდებოდა. მახსოვს, დედას მეგობარს ვუთხარი, ცოცხალი არ არის-მეთქი. ამ დროს ჩემი შვილი მამამისთან ერთად მოვიდა, კარები გავუღე და საძინებელში შებრუნება ვეღარ შევძელი - იქვე წავიქეცი. მეზობელიც შემოვიდა, შემდეგ გუგა ბაბუას კაბინეტისკენ წავიდა. უცებ იყვირეს, თამაზიც მკვდარიაო... მეზობელმა შს სამინისტროში შვილს დაურეკა, 10 წუთში პოლიციაც მოვიდა.

ჩემი პირველი ვერსია, დედის ინსულტით გარდაცვალება იყო, მეგონა, სისხლი წამოუვიდა - წინა დღეს მისი თანამშრომლისგან გავიგე, რომ სამსახურში ცუდად გამხდარა... პოლიციელების დახმარებით მამის კაბინეტში შევედი. მამას ჩუსტები ეცვა, სავარძელთან მუხლებში იყო ჩაკეცილი, თავი ხელზე გვერდულად ედო, მარჯვენა ხელი ქვევით ჰქონდა ჩამოკიდებული, სათვალე ეკეთა და მარცხენა თვალი მოჭუტული... ტელეფონი ედო გვერდით და ელექტროგამათბობელიც ჩართული იყო.

ყველგან წიწაკის ფხვნილი ეყარა: სავარძლებზე, ოთახში, დერეფანში, კომპიუტერთან, დედის გარშემოც, ტუმბოზეც... მალე დაკითხვაზე წამიყვანეს. პოლიციის უფროსმა მკითხა ეჭვი ვისზე გაქვთო, გაოგნებული ვუყურებდი, კიდევ არ დამიშვია მკვლელობა. მეგონა დედის გარდაცვალებას მამა გადაჰყვა, რადგან კარგი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ. იარაღს ეძებდნენ და ვერ იპოვეს, ალბათ ამიტომაც არ დამიშვია... დაკითხვისას გამომძიებელმა ტელეფონზე ვიღაცას უთხრა, ორი ადამიანი მოკლესო, ამ ნათქვამზე გამოვფხიზლდი და მივხვდი, მკვლელობა იყო. ვთქვი, რომ მამა "ჩემპიონი-2004"- ის თანამშრომელი იყო. გავიხსენე თამაზ გოგია, მერე მურთაზ ხურცილავაც ... პოლიციის გასასვლელში თამაზ გოგია შემხვდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არ დამეძახა, გვერდს ამივლიდა. ვკითხე, თამაზ, რა მოხდა-მეთქი, არ ვიცი, დაკითხვაზე მივდივარო...

არაფერი მაინტერესებდა, საშინელი სურათი მედგა თვალწინ... საძინებელში სისხლიანი ნივთები იატაკზე ეყარა, საშინელ დღეში ვიყავი, სისხლის დანახვა აღარ შემეძლო, ხელში დანა მეჭირა და დედის ლეიბიდან სისხლიან ადგილებს სიმწრით ვჭრიდი, ყველაფერს პარკებში ვყრიდი, მატრასის ქვეშ სისხლი ჩაღვრილი იყო. სახლის დალაგება დავიწყე, პროზექტურიდან  მშობლების ცხედრებს სათანადოდ რომ დავხვედროდი. მერე მამაჩემის ოთახში შევედი, იქ სისხლი მხოლოდ იმ ადგილას იყო, სადაც მამას თავი ედო,"- ასე იხსენებს იმ მძიმე წუთებს დაზარალებული.

ეკა ნინუას თქმით, ბოლო დროს მშობლები ხშირად აგარაკზე, წითელსოფელში მიდიოდნენ: "2 ნოემბერს ჩამოვიდნენ, დატვირთული რეჟიმის გამო ვერ ვნახე. იმ საღამოს მამამ დამირეკა, საშარდე ბუშტიდან სისხლდენა ჰქონდა. ცუდ ხასიათზე მეჩვენა, მაგრამ ავადმყოფობას დავაბრალე... 3 ნოემბერს დედა ანერვიულებული მოვიდა, მამაშენი ბოლო დროს ძალიან შეიცვალაო... ხომ იცი, ბოლო დროს რა კატეგორიის ხალხთან აქვს საქმე და უხეშად მელაპარაკებაო... მამას ვესაუბრე, უზომოდ გაბრაზებული მომეჩვენა. ეს არ მომეწონა და მეორე დილით, 9 საათზე მათთან მივედი. მამას მანქანა გამოჰყავდა, სახეზე შავი ფერი ედო, ასეთი არ მინახავს, რა გჭირს-მეთქი, ყურადღება არც მომაქცია... სახლში დედა ტიროდა, მამაშენი საჭმელს არ ჭამს, რამე არ დაემართოს, იქნებ გაარკვიო რა ხდებაო. მამას ტელეფონში ვკითხე, რატომ იყო ასეთ ხასიათზე? შეიგინა, რაც არ ახასიათებდა, აქ ხომ ყველაფერი ჩაძაღლდაო.

არ ინერვიულო, ხომ ხედავ, უკვე ჯანმრთელობაზეც აისახა, წამოდი და როგორმე სხვანაირად ავაწყოთ ცხოვრება-მეთქი. მითხრა, ყველაფერს გავარკვევ და მერე წამოვალო. დედას ვუთხარი, ეტყობა გლდანში პრობლემა აქვს, ვინაიდან "ჯიპი"იქ არის აღრიცხული, ალბათ ამ მანქანასაც კარგავს, რომელიც ასე უყვარს და ეს ყველაფერი მასზე ძალიან მოქმედებს-მეთქი. დედამ მითხრა, ჰო, თამაზ გოგიამ იქ ყველაფერი აურია, ფული სადღაც დაიკარგა, იმედი მქონდა ოჯახში მატერიალური მდგომარეობა გამოსწორდებოდა, ის გადაჰყვა თამაზ გოგიას. მითხრა, ბანკის 2-მილიონიან კრედიტზეა საუბარიო...

6 ნოემბერს მშობლებთან ერთად ვისადილე, კარგ განწყობაზე ვიყავით, მამაც ამყვა და კარგი საღამო გავატარეთ. საქმიანობაზე არ გვისაუბრია. შაბათ-კვირას წითელსოფელში უნდა წასულიყვნენ. სოფელში მეგულებოდნენ, დედას ვურეკავდი, ვიცოდი, რომ სულ თან ჰქონდა ტელეფონი, თუმცა დაკავშირება მიჭირდა, მაინც არ მინერვიულია...

12 ნოემბერს, საღამოს დედის თანამშრომლისგან გავიგე, რომ უნივერსიტეტში დედა ცუდად გამხდარა. ამის მერე უკვე ორივეს ვურეკავდი... 13 ნოემბერს დილის 8 საათიდან ისევ ვრეკავდი. იმ დღეს მამას გუგა მასწავლებელთან უნდა წაეყვანა, მაგრამ არ მოვიდა, არც დედა აღმოჩნდა უნივერსიტეტში..."

თამაზ გოგიას თქმით, ნინუას ფირმაში არანაირი წილი არ ჰქონდა და გვერდით ჰყავდა, როგორც მეგობარი და ხელფასს უხდიდა. საქმის ამუშავების შემთხვევაში ყველა ისარგებლებდა. დაზარალებული ადასტურებს, რომ გოგიას ნინუასთან წლების მეგობრობა და თბილი ურთიერთობა  აკავშირებდა. როცა ძალიან უჭირდათ ეკონომიურად გოგია ეხმარებოდა კიდეც.

"პანაშვიდზე ერთხელ მოვიდა, მაგრამ ჩემთან არ მოსულა და არ მოუსამძიმრებია. ქელეხზე ვიკითხე, თამაზი სად არის-მეთქი, ვერ ვნახე. მერე ტელევიზიით მოვისმინე გოგიამ დანაშაული აღიარაო, ჩემთვის საშინელი დარტყმა იყო. სახლში მომიყვანეს, ჩავიკეტეთ მე და ჩემი შვილი, რადგან ჟურნალისტების შემოსევა იყო", - აცხადებს ეკა ნინუა.

ეკა ნინუამ ისიც გაიხსენა, რომ ბაბუამ შვილიშვილი გააფრთხილა. "მამას საოცარი ინტუიცია ჰქონდა, არ ვიცი, ელოდა თუ არა ვინმეს, მაგრამ ფაქტია, გუგას იმ დღეს სახლში მათთან მისვლა აუკრძალა. ბავშვი იქ რომ ყოფილიყო, ალბათ მასაც ესროდნენ."

ძალოვნებმა საპირფარეშოში წვრილი სიგარეტის ღერები იპოვეს. ეკა ამბობს, რომ ასეთ სიგარეტს თამაზ ნინუა არ ეწეოდა. გაურკვეველი ვის ეკუთვნის სიგარეტი. დაიკითხნენ თამაზ ნინუას ძმა და რძალიც.

"თამაზ გოგია სამძიმარზე ორი პირთან ერთად მოვიდა... მითხრა, ნინუები რას მაბრალებთო. არავინ არაფერს გაბრალებს-მეთქი. აბა, ყოველწუთს დაკითხვაზე რატომ მიბარებენო. ისიც მითხრა, ჩემთან თამაზს წილი არ ჰქონიაო, ვუთხარი, რა დროს წილებზე ლაპარაკია-მეთქი", - განაცხადა ივერ ნინუამ.

მას განსასჯელი შეეპასუხა: "რატომ არ ამბობ იმას, რაზე იყო საუბარი. ორი მიცვალებული იყო და რა წილზე უნდა მელაპარაკა? იქ რომ მივედი, გავიგონე ქალების საუბარი თამაზ გოგიამ სიცოცხლე გაუმწარაო, პოლიციაშიც წარამარა მეკითხებოდნენ, რატომ მოკალიო... შემომხედე თვალებში, მე თამაზი მოვკალი? არ გრცხვენიათ, ამას როგორ მაბრალებთ? გუგა ჩემს ხელშია გაზრდილი, ეკასთვის ცუდი მინდა? თამაზის 100 პროცენტივე რომ წაეღო, მე წილზე მასთან შემდავებელი ვიყავი? იმას შემოევლოს ჩემი სიცოცხლე. არ გრცხვენიათ, რას მაბრალებთ? - ამ სიტყვებით მიმართა ივერი ნინუას აკანკალებულმა თამაზ გოგიამ.

ივერ ნინუას განმარტებით, მისი ძმა კარებს უცხოს არავითარ შემთხვევაში არ გაუღებდა.

პროცესზე გოგიას რამდენიმე მეგობარიც დაიკითხა, გაირკვა, რომ მათი ბინები ბანკში იყო ჩადებული. პროცენტი კი გოგიამ არ გადაიხადა, ზოგი თვითონ იხდის დღემდე პროცენტს, ზოგმა სხვა ქონება გაყიდა და იმით გამოისყიდა ბინა.

მეტად საყურადღებო იყო ერთ-ერთი მოქალაქის ვაჟა ნუცუბიძის დაკითხვა, მას არ დაუმალავს, რომ აზარტული მოთამაშეა, პირველი კაზინო თბილისში მან გახსნა. ალბათ, მკითხველს გაუჩნდება კითხვა, რა შუაშია აზარტული მოთამაშე ამ შემზარავ მკვლელობებთან. ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ფაქტია, 2007 წელს თბილისში, ვაკეში მომხდარ გოჩა მაღალთაძის მკვლელობა და ნინუების მკვლელობის ხელწერა იდენტურია. მაღალთაძის სხეულიდანაც სწორედ ის უიშვიათესი მასრა ამოიღეს, რაც ნინუებთან. არც იქ არის იარაღი ნაპოვნი.

ოთახშიც ანალოგიური სურათი იყო - ყველგან დაფქული წიწაკა მოყრილი და ელექტროგამათბობელი ჩართული (?!). მაღალთაძესაც სასიკვდილო ტყვია საფეთქელთან ჰქონდა ნასროლი. მაღალთაძის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია და უცნობია მისი მკვლელობის მიზეზიც.

"გოჩა მაღალთაძე მოთამაშე იყო. ამ ვითარებაში გავიცანი და საქმეშიც ერთად ვიყავით. კაზინო ჰქონდა გუგულასთან ერთად.... ბიძინა კუჭავას 50. 000 დოლარი და მერაბ ჟორდანიას  69. 000 მოუგო. ჟორდანიამ შემოთვალა, რომ თურქეთის ვალში "გაარასხოდა". კუჭავა დაიკარგა, მერე თქვა, რომ ისევ ითამაშა გოჩასთან და მოუგო. ეს რომ ასე ყოფილიყო, მეცოდინებოდა. კუჭავას ეს ფული მისატანი აქვს მის ოჯახში...  2007 წლის მაისში გოჩა ვაკეში, ნაქირავებ ბინაში მოკლული ვიპოვე...

მეუღლე ეძებდა, ჯერ კაზინო "აჭარაში", მერე მის ნაქირავებ ბინაში მივედი, შემთხვევით ხელი გავკარი კარებს და გაიღო. სააბაზანოსთან გოჩა დასისხლიანებული ეგდო, თავიდან მკვლელობაზე არც მიფიქრია, ვიფიქრე, თავი რაღაცას დაარტყა-მეთქი. მერე შევნიშნე, რომ საფეთქელთან ჰქონდა წერტილი. ცოლს და ყველა ახლობელს დავურეკე. გოჩა მოთამაშე იყო, მაგრამ არავინ გაუმწარებია. ძალიან კარგი ადამიანი იყო. დღემდე სულ მაგას ვფიქრობ, ვინ მოკლა, ვერ წარმოვიდგენ ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა. სამორინეები რომ დაიხურა, მერე "მაზავშიკობდა". დღემდე გაურკვეველია, რატომ მოკლეს,"-  განაცხადა ნუცუბიძემ.

ფაქტია, ხელწერა ერთია, რა კავშირია ამ ორ დანაშაულს შორის, ეს გამოძიების გასარკვევია. ისიც ცნობილია, რომ თამაზ ნინუას ხელში ქაღალდის ნაგლეჯი ეჭირა, სავარაუდოდ, მეორე ნაწილი მკვლელმა თან წაიღო. სასამართლოზე მტკიცებულებების გამოკვლევისას შევიტყობთ იმ ნაგლეჯში არის თუ არა რაიმე ხელჩასაჭიდი. ფაქტი ერთია, მოკლული და დამნაშავე ერთმანეთში რაღაცას არკვევდნენ და მკვლელს ყველა ნიუანსი გათვლილი ჰქონდა. იმედია, გაჩენილ კითხვებს პასუხი სასამართლოზე გაეცემა.

თეა ხურცილავა