"თუკი გაცვია Chanel-ი, გიჭირავს Cavalli, გიკეთია Prada და 24 საათი ეს შენი სასაუბრო თემაა, მაშინ სად ხარ შენ?!" - კვირის პალიტრა

"თუკი გაცვია Chanel-ი, გიჭირავს Cavalli, გიკეთია Prada და 24 საათი ეს შენი სასაუბრო თემაა, მაშინ სად ხარ შენ?!"

წარმატებული სადიპლომო ნამუშევარი - დასაწყისი. მერე - კონკურსები, რომელთა უმეტესობაც არ გაიხსენა, რადგან ოთხი-ხუთი წლის წინანდელი ამბები ძველი და უინტერესო ეჩვენა. მერე - იტალია, სადაც რამდენიმე წელი ცხოვრობდა... რატომ წავიდა და იმიტომ, რომ იქაურობა შორიდანაც კი ძალიან უყვარდა, რატომ დაბრუნდა და იმიტომ, რომ აქაურობა მოენატრა. ახლა - საქართველო, ახალი გეგმები. რაღაც, ძალიან გავასაიდუმლოე... ვისზე უნდა მოგიყვეთ? ვისზე და დიზაინერზე, ახალგაზრდა, ძალიან ლამაზ და რაც მთავარია, უნიჭიერეს დიზაინერზე. მასთან გემოვნებაზე ყველაზე მეტს დავობენ, მასთან სულ სხვანაირი, ჭრელი სამყაროა, მასთან ნახავთ ყველა ფერს, მასთან ნახავთ წარსულს, აწმყოსაც და მომავალსაც. ეს ნინო აბესაძეა, ყველასგან განსხვავებული, მხოლოდ "მისებური" მოდით.

მთავარი კონკურსში მონაწილეობა კი არა, გამარჯვებაა

ნორმლური დამოკიდებულება მაქვს კონკურსებისადმი. ეს ხომ თვითშეფასების ასამაღლებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. სერიოზულ კონკურსში ყოველთვის შეიძლება სცადო ბედი. კონკურსი ჩემთვის არის ბრძოლა გამარჯვებისთვის და არა უბრალოდ მონაწილეობა, თან საკმაოდ აზარტულიც. ბევრ კონკურსში არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ სადაც ვყოფილვარ, თითქმის ყოველთვის გამარჯვებისთვის მიმიღწევია, განსაკუთრებით გამოვყოფ Egon Von Furstenbergs-ის კონკურსს, სადაც უძლიერესი უცხოელი კონკურსანტების გვერდით მომიწია ”ბრძოლამ” და გრანპრიც წამოვიღე საქართველოში, მაშინ, როცა ამ პრიზზე ამოტვიფრულ დროშებს შორის ქართული დროშა არ გახლდათ... ბუნებრივია იმედგაცრუებაც მქონია. არაჯანსაღი კონკურენცია ჯერ არ შემხვედრია.

რას წერენ მასზე

საქართველოში არაფერს წერენ, ალბათ ჯერ დასაწერიც არაფერია. ვაღიარებ, რომ ჩემი წარმატებების შესახებ თავად არავისთვის მიცნობებია. მოვა დრო და დაწერენ, იმედია კარგს. ალბათ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოვინდომებ, ვნახოთ. უცხოეთში წერენ მხოლოდ კარგს.

გასაიდუმლოებული ამბები

სულ ვსაქმიანობ. ახლა… კოლექციას ვაკეთებ. ჯერ არ გავამხელ კოლექცია რისთვის კეთდება, მაგრამ კეთდება.

რატომ ნინო-დიზაინერი და არა ნინო-სტომატოლოგი

სამხატვრო აკადემია დავამთავრე, fashion design-ი. სტომატოლოგებს ნუ ეწყინებათ, მაგრამ ოღონდ ეგ არა... არც ბანკი, არც ბუღალტერია და არც არაფერი სხვა... თევზს წყლიდან ნუ ამოვიყვანთ, ყოველთვის ვიცოდი რა მინდოდა, მჯერა, რომ ეს ჩემი კოდია დაბადებიდან...

მხოლოდ “მისებური” მოდა

KvirisPalitra.Geჩემ მიერ შექმნილი კაბები მთავარია "ჩემებური" იყოს. ზოგისთვის დაუვიწყარი, ზოგისთვის ძალიან პროვოკაციული, ზოგისთვის ახალი ან სულაც მიუღებელი და ა.შ. ჩემთვის უბრალოდ საყვარელი ნამუშევრები... მათი მორგება შეიძლება, აი, ტარებაზე რა მოგახსენოთ (ზოგიერთ მოდელს, შეიძლება, მწარედაც გაახსენდეს), ვხუმრობ, რა თქმა უნდა. გააჩნია კაბას...

სტარტი: სადიპლომო ნამუშევარი

წარმატება ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ის დანამდვილებით ვიცი, რომ გაცილებთ მეტი მინდა, ასე რომ თვითკმაყოფილებას არ განვიცდი. პირველი წარმატება კი ყოველთვის დაუვიწყარია, ემოცია -  შეუდარებელი. წარმატება სადიპლომო ნამუშევრიდან დაიწყო. ეს იყო ჩემი პირველი ნამუშევარი. მართლაც ემოციური ჩვენება იყო და კარგად მახსენდება. 

არჩატარებული ექსკლუზიური ჩვენება

ქართული მოდის სამყარო ახლა იქმნება და აქტიურდება - ივენთები და სიტუაციები, სადაც ხალხის გარკვეული კატეგორია მოდით ცხოვრობს. ვფიქრობ გააქტიურებაზე, თუმცა მიმაჩნია, რომ ხარისხი სიჩქარეში არ მიიღწევა, არადა, ეს უმთავრესია. მხოლოდ, გამოჩენა ჩემი თვითმიზანი არ არის. მთავარია, რამდენად ეფექტური იქნება. გარწმუნებთ, იმისთვის, რომ ვიყო პოპულარული, წლები არ მჭირდება. რაც შეეხება ექსკლუზიურ ჩვენებას, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ზოგად სიტუაციას, ეს გულისხმობს საზოგადოების მზაობას და საერთო ატმოსფეროს ქვეყანაში - პრესას, ამ პროფილზე ორიენტირებულ მედიას და რაც მთავარია, კრიტიკას.  წლების წინ სწორედ ამის გამო ვთქვი უარი ექსკლუზიურ ჩვენებაზე, დავფიქრდი,  რისთვის ან ვისთვის ვაკეთებდი ამას? - არ მიღირდა. ახლა კი, თბილისურ fashion week-შიც მივიღებ მონაწილეობას.  მიხარია, რომ გვეღირსა ასეთი რამ. ქართველი დიზაინერები ნამდვილად იმსახურებენ KvirisPalitra.Geდაფასებას. იმედია, მომავალში უფრო დაიხვეწება და საინტერესო გახდება ქართული მოდა. რაც უფრო მეტი სტუმარი და შემფასებელი გვეყოლება, მით უკეთესი.

ნინო და "გავლენები"

იმედია, არცერთი დიზაინერის გავლენის ქვეშ არ ვარ. ეს რომ აღმოვაჩინო, ძალიან მეწყინება. არ ვუკვირდები სხვის ნამუშევრებს, შეიძლება, თვალი გადავავლო... თავად იმდენი იდეა მაქვს, რომ ჩემიც მეყოფა. თანაც გავლენისგან ასე უფრო დაზღვეული ვარ.

"მწვერვალიდან შენებას ვერ დაიწყებ"

ქართულ მოდას კარგად ვიცნობ-მეთქი, მოგატყუებ. ამიტომ ბევრს ვერაფერს გეტყვი. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კომპლექსური თემაა. თავდაპირველად საქმე ეხება მოდის სწავლების პრინციპებს, ამას მოჰყვება წარმოებისა და მარკეტინგის საკითხები და კიდევ მრავალი სხვა კომპონენტი. უმთავრესია, მოდის კრიტიკოსთა სკოლის ჩამოყალიბება. მე ეს საქართველოში ყოველთვის მაკლდა. მოკლედ, პირამიდასავით არის, მწვერვალიდან შენებას ვერ დაიწყებ, ამას წლები სჭირდება. ბუნებრივია, ყველაფერი ერთ დღეში არ გამოვა. სადაც მოვხვედრილვარ უცხოელი დიზაინერების გარემოცვაში, თავდაჯერებულობა უფრო მემატება. მიმაჩნია, რომ არავისზე ნაკლებები არ ვართ. 

KvirisPalitra.Geნინო და მხატვრობა: ნინო უფრო მხატვარი თუ ნინო უფრო დიზაინერი

უფრო დიზაინერი, ზოგადად ხელოვანი. საერთოდ ხელოვნების ყველა დარგი ჩემთვის ახლობელი და საინტერესოა, ცოტ-ცოტა ყველაფერი მიცდია. ნახატებთან დაკავშირებით მარკეტინგული გათვლები არ მქონია - არ გამიყიდია.

საკუთარი სამკერვალო კი მქონდა, ძალიან ცოტა ხნით. მერე უცხოეთში წავედი და დავხურე. ფასები ნამდვილად არ მახსოვს. ჩემი ჩამოსვლა კრიზისს დაემთხვა ანუ  საქმის ხელახლა დაწყებისთვის  სარისკო სიტუაცია აღმოჩნდა. მოკლედ, “გაგრძელება იქნება”.

ქართველები უკეთესად იმოსებიან თუ უცხოელები

საქართველოში უფრო თავშეკავებულები არიან მითუმეტეს ფერებთან დაკავშირებით (განსაკუთრებით მამაკაცები), თუმცა ამ ბოლო დროს ცვლილებები შეიმჩნევა და გარკვეულ ექსპერიმენტებსაც ვხედავ. მიმაჩნია, რომ მოდა თავისუფლებაა, თავისუფლება კი თავისთავად კარგია. ამიტომ ნუ შევიზღუდებით, ჩავიცვათ ყველა ფერი.

ნინოს იტალია

საქართველო-იტალია-საქართველო. გაგრძელება იქნება, ოღონდ არ ვიცი სად, გააჩნია შემოთავაზებას. შეუძლებელია იტალია საქართველოზე მეტად მიყვარდეს. თუმცა ის ქვეყანა ჩემთვის მშობლიურივითაა, იქ რომ ვარ, აქაურობა მენატრება, აქ რომ ვარ - იქაურობა. ძალიან მიყვარს იტალიური სამზარეულო, იქაური ზღვა, მეგობრები, ატმოსფერო, კულტურაზე რომ აღარაფერი ვთქვა. მენატრება ნახატები, რომლებიც იქ დავხატე და იქვე დავტოვე...

ბრენდომანია (ანუ აუცილებელია გეცვას ბრენდი, რომ ითვლებოდე “კაი ტიპად”?)

ბრენდი, თავისთავად, ძალიან კარგია, მაგრამ გადაჭარბებული დამოკიდებულება  გამაღიზიანებელია. "თუკი შენ გაცვია  Chanel-ი, გიჭირავს Cavalli, გიკეთია Prada და 24 საათი ეს შენი სასაუბრო თემაა, მაშინ სად ხარ შენ?!" ჩაცმა ერთია, იყო მოდური - მეორე. მოდურობა მხოლოდ ჩაცმას არ გულისხმობს. მასში უამრავი კომპონენტია გაერთიანებული და მოიცავს როგორც სამოსს, ისევე ცხოვრების სტილს და ა. შ. საბედნიეროდ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, რომელშიც არ არის გამოკვეთილი მხოლოდ ერთი სტილი. ეს იმას ნიშნავს, რომ დილიდან საღამომდე შეგიძლია უამრავი სტილი მოირგო და ამასთან იყო მოდურიც. თავადაც უზარმაზარ ყურადღებას ვაქცევ საკუთარ ჩაცმულობას. ყველაფერი მაინც ჩემით იწყება. ვერ გეტყვით, დღეში რამდენ კაბას ვიცვამ.

რა მოგვანატრებს უსულო მანეკენს

პიროვნებად სამოსი ვერ ჩამოგაყალიბებს. ზოგი ლამაზად ჩაცმული ადამიანი შეიძლება იმდენად გამაღიზიანებელი იყოს,  უსულო მანეკენი მოგანატროს - ის მაინც არ ლაპარაკობს. ამასთან დაკავშირებით ორ კატეგორიას გამოვყოფდი: ლამაზი და ინტელექტუალური ადამიანები, რომლებსაც უგემოვნოდ აცვიათ და უინტელექტო, მაგრამ ლამაზი ადამიანები, რომლებსაც გემოვნებით აცვიათ. საშინელი დისბალანსია. პირველ შემთხვევაში სამოსი აფუჭებს ადამიანს, მეორეში კი - ადამიანი სამოსს. ამიტომ თუ ლამაზი, ჭკვიანი და გემოვნებიანი ადამიანი შეგხვდათ, ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიმართლათ.

მაგრამ, გემოვნებაზე ხომ არ დავობენ?

ჩემთან გემოვნებაზე ყველაზე მეტს დავობენ.

ვიპოვოთ "ჩვენი" დიზაინერი

ყოველდღიურად ცვალებად სამყაროში ძნელია რაიმე ტენდენციას დაეყრდნო და მგონია, რომ ყველა დიზაინერს თავისი ტენდენცია აქვს. რამდენი დიზაინერიც არის, იმდენი ტენდენციაა. მთავარია, იპოვო "შენი" დიზაინერი. პირადად, ჩემი ტენდენცია ფერისა და ფორმის თავისუფლებაა და რაც შეიძლება მეტი ექსპერიმენტი...

და ბოლოს:

"იმაზე უფრო მეტად ამბიციური ვარ, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს".

სალომე შენგელიძე