დათო ტურაშვილის უალტერნატივო თავისუფლება - კვირის პალიტრა

დათო ტურაშვილის უალტერნატივო თავისუფლება

სულ მგონია, რომ ძალიან დაბნეული და გულმავიწყია, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული ეფექტია. აი, მაგალითად, არ დაივიწყა და პასუხები mail-ით ზუსტად პარასკევს გამომიგზავნა. აცვია ბათინკები, ჯინსები; თმას ხშირად იჩეჩავს - ნერვული  მოძრაობა კი არა, ჩვევაა; ჰყავს მეუღლე და სამი ქალიშვილი; სწავლობდა ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას, ჰო, კინოდრამატურგიასაც, მაგრამ პროფესიით უფრო მწერალია, ძალიან მაგარი მწერალი.

პროფესია - მწერალი (თავისუფლება ალტერნატივის გარეშე)

დათო ტურაშვილისთვის დასმული შეკითხვები ორ კატეგორიად დავყავი:

1) მწერლობასთან დაკავშირებული, რომლებზეც სიამოვნებით მპასუხობს;

2) დანარჩენი, რომლებზეც საერთოდ არ  მპასუხობს - ბევრი დრო არ მქონდაო, იმიზეზებს. მე კი იმას ვიმიზეზებ, რომ  ეს “დანარჩენი” საინტერესოა და უპასუხოდ ვუშვებ, -  1:0, დათო.

- სულ ვირტუალური ინტერვიუები გვაქვს, ელექტრონული ფოსტის საშუალებით ჩაწერილი ინტერვიუები. ჟურნალისტები არ გიყვარს-მეთქი, ვაბრალებ:

- იმდენად მიყვარს წერა, რომ ჟურნალისტების შეკითხვებსაც კი წერილობით ვპასუხობ. თანაც კაცობრიობას ჯერ ისეთი დიქტოფონი არ მოუგონია, რომელიც სათქმელს ისე გაშიფრავს, როგორც ამას რესპონდენტი ამბობს. ჟურნალისტები კი მიყვარს (როგორც საერთოდ ადამიანები), მაგრამ არ მიყვარს ინტერვიუები, როცა ისეთი შეკითხვებით მომმართავენ, რომ მათ გამო დროის დახარჯვა, მკითხველების შეურაცხყოფად მიმაჩნია...

- ოფიციალური სამსახური თუ გქონია ოდესმე? გარკვეული გრაფიკით: ამ დროდან ამ დრომდე?

- არსად არ ვმუშაობ და ასეთ სამსახურში არასდროს მიმუშავია, ვერც ვიმუშავებ. ვერ ვიმუშავებ იქ, სადაც სამსახურის სანაცვლოდ რაღაც უნდა დავთმო, რადგან ჩემთვის თავისუფლებაზე ძვირფასი არაფერია და თავისუფლებას ვერაფერში გავცვლი. თუმცა ასე ცხოვრება ძალიან ძნელია, რადგან სტაბილური ხელფასი და შემოსავალი არ მაქვს და მხოლოდ წერისგან მიღებული ჰონორარებით ვარსებობ. მართალია, ჩემი წიგნები კარგად იყიდება, მაგრამ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და წიგნის ბაზარიც იმდენად პატარაა, რომ იძულებული ვარ, პიესებიც ვწერო და ვთარგმნო კიდეც. ძნელია, მაგრამ ჩემთვის თავისუფლებას ალტერნატივა არ გააჩნია...

ამჟამად ახალ რომანზე მუშაობს, პარალელურად ესპანურიდან თარგმნის წიგნს, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართველი მკითხველისთვის.

ასე წერს

ლაშა ბუღაძეს წერისთვის სიმყუდროვე და საშინაო სამოსი სჭირდება, დათოს კი:

”ვინაიდან არასოდეს მქონია წერისთვის კარგი და იზოლირებული პირობები, დროთა განმავლობაში მივეჩვიე ნებისმიერ გარემოში წერას და რამდენიმე მოთხრობა მდინარეზე, ნავშიც კი მაქვს დაწერილი. თავში იმდენი წიგნის იდეა მაქვს, რომ მთავარია ჯანმრთელობამ შემიწყოს ხელი და შემიძლია უსასრულოდ ვწერო ყოველგვარი მუზების მოლოდინის გარეშე, რადგან ის მუზა, რომელიც მაწერინებს, ყოველთვის ჩემთან ერთად არის. თანამედროვე მწერლებს შორის ყველაზე კარგი სამუშაო პირობები ნამდვილად აქვს ლაშა ბუღაძეს, რადგან მას საბერძნეთის საელჩომ გამოუყო მზრუნველი ბერძენი ქალი ნაცვლად იმ მედეა კოლხისა, რომელიც ბერძნებმა რამდენიმე საუკუნის წინ წაგვართვეს. რასაკვირველია, ეს არის ნაწილობრივი კომპენსაცია, მაგრამ კიდევ სხვა მწერლებისთვის პირობების გაუმჯობესება ჯერჯერობით არ ხდება”.

წიგნი, რომელიც სულ მასთანაა

”ბევრი საყვარელი მწერალი მყავს და ბევრ წიგნსაც ხშირად გადავიკითხავ ხოლმე, მაგრამ წიგნი, რომელიც მუდამ თან დამაქვს, სადაც უნდა მივდიოდე  - “ვეფხისტყაოსანია”. ეს არის 1966 წლის პატარა გამოცემა, რომლის მხატვარიც ლადო გუდიაშვილი იყო, ჯიბეშიც მეტევა და ძალიანაც მიყვარს. მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართველებს ემიგრაციაში, როგორც ცნობილია, ქართული მიწა მიჰქონდათ, მე კი მიწის ნაცვლად “ვეფხისტყაოსანი” მიმაქვს და თვითმფრინავშიც მშვიდად ვარ. თვითმფრინავი რომც ჩამოვარდეს და ყველაფერი დაითუთქოს, ჩემს დაფერფლილ გვამს მაინც ადვილად იცნობენ, რადგან, მოგეხსენებათ, რომ “ვეფხისტყაოსანი” არ იწვის - საუკუნეების განმავლობაში წვავდნენ და მაინც ვერ დაწვეს”.

დათო და ლიტერატურული კონკურსები

”მიღებული მაქვს მონაწილეობა ლიტერატურულ კონკურსში “პენ-მარათონი”, რომელიც ჩემმა ახლობელმა დააფუძნა და უარის თქმა ვერ მოვახერხე (გულწრფელად რომ ვაღიარო) და თანაც არ მიფიქრია, რომ ეს იყო სერიოზული კონკურსი. ბატონმა ოთარ ჭილაძემ  მისაყვედურა “პენ- მარათონში” მონაწილეობის გამო. საერთოდ ლიტერატურულ კონკურსებთან დაკავშირებით არ მაქვს კატეგორიულად უარყოფითი დამოკიდებულება, თუმცა, სასურველი იქნებოდა, რომ “პენ-მარათონის” პირობები უფრო დახვეწილი ყოფილიყო. დასავლეთში კი ყველაზე მეტად გავრცელებულია გრანტული სისტემები მწერლებისა და ლიტერატურული პროცესებისთვის, რისი დამკვიდრებაც საქართველოში სამწუხაროდ ჯერ ისევ არ ხდება”.

- არსებობს ობიექტური ჟიური? მახსოვს თსუ-ის მასშტაბით ჩატარებული ლიტერატურული კონკურსი “შემოდგომის ლეგენდა”, სადაც ჟიურის წევრი იყავი და სადაც სუსტმა მოთხრობამ გაიმარჯვა (“რა სურთ ქალებს ანუ ორი ხანმოკლე პაემანი”). ასე ცუდად წერენ ქართველი ახალგაზრდები?

- ჟიურის წევრობა ნამდვილად არ მიყვარს და ამიტომაც იშვიათად ვყოფილვარ ჟიურის წევრი. ნებისმიერი ჟიური კი, რასაკვირველია, სუბიექტურია თუნდაც იმის გამო, რომ ადამიანებისგან შედგება და ადამიანი კი სუბიექტური არსებაა. რაც შეეხება უნივერსიტეტის კონკურსს, იქაც იმიტომ აღმოვჩნდი, რომ მაკა სეხნიაშვილს უარი ვერ ვუთხარი, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რომ ახალგაზრდები ცუდად წერენ. რამდენიმე ტექსტი ძალიან მომეწონა.

პროზაიკოსები ლექსებს არ წერენ ანუ რა კავშირშია სნოუბორდი პროზასთან

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პროზაიკოსები პოეზიაში ვერ ერკვევიან:  პოეზიის ცუდი შემფასებლები  და  ლექსის ცუდი მწერლები არიან (თუ საერთოდ გარისკეს და სცადეს ბედი პოეზიაში). დათო სულ სხვანაირად ფიქრობს:

- პროზაიკოსები არც ცუდ ლექსებს წერენ და არც კარგს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პროზაიკოსები ლექსებს არ წერენ და ადამიანები ლექსებს მანამ წერენ, სანამ პოეზიიდან პროზაზე გადავლენ და თუ პროზაში გადადიან, მერე უკან, პოეზიაში აღარ ბრუნდებიან. ზემოთქმულის მშვენიერი მაგალითია ცხონებული ოთარ ჭილაძე, რომელიც კლასიკოსი რომანისტია, მაგრამ ახალგაზრდობაში შესანიშნავ ლექსებს წერდა. სახალისოდ, უფრო მარტივ მაგალითსა და შედარებასაც მოვიყვან მათთვის, ვისაც სნოუბორდი უყვარს - თხილამურებიდან სნოუბორდზე გადასული ადამიანები უკან, თხილამურებზე აღარ ბრუნდებიან.

“სახლის” დათო

- სახლის დათოზე მომიყევი: დათო - მამა, დათო - მეუღლე...

- რამდენად კარგი მეუღლე და მამა ვარ, ეს ჩემს მეუღლესა და შვილებს უნდა ჰკითხოთ. ერთის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, ძალიან მეგობრული ოჯახი ვართ და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. მე და ჩემი ცოლი ჩვიდმეტი წელია ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული ხასიათებისა, მაინც არასდროს გვიჩხუბია და მგონი ეს უფრო ჩემი ცოლის კეთილგონიერების დამსახურებაა, რადგან ის ადვილად ხვდება, რომ უკეთესია ჩემს წიგნებთან ვუღალატო, ვიდრე სინამდვილეში.

“დანარჩენი” ანუ “-ტომ! _ პასუხი არ არის”

- შენს ერთ-ერთ ნაწარმოებში ვხვდებით მარიშას, ლამაზ, ჭორფლიან მარიშას და  მასზე შეყვარებულ დათოს.  ბევრი “მარიშა” ყოფილა შენს ცხოვრებაში?

-”იყო და არა იყო რა”... იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკურად აქტიური დათო. ის ძველი ამბები გაიხსენე და კიდევ ახალი: ახლა არც ისე აქტიური ხარ ამ მხრივ. რა შეიცვალა? ყველაფერი იდეალურადაა და არანაირი პროტესტი აღარ გაქვს?

- ზამთარ-ზაფხულ ბათინკები გაცვია. ზამთარში ჰო, მაგრამ ზაფხულში არ გცხელა?

- დათო და ესპანეთი. ესპანეთის შემდეგ საქართველო თუ საქართველოს შემდეგ ესპანეთი?

- 43 წლის ხარ. ბევრი რამ შეიცვალა 20 წლის დათოდან 43 წლის დათომდე?

- აკა მორჩილაძის ერთ-ერთი სიყვარული “ფუტბოლია”. შენ თუ გაქვს პროზის გარდა სხვა სიყვარული?

P.S. 1:0,  დათო

სალომე შენგელიძე