“პეპი გრძელიწინდადან” ლიტერატურულ ფორუმამდე - კვირის პალიტრა

“პეპი გრძელიწინდადან” ლიტერატურულ ფორუმამდე

ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა დედაჩემმა “პეპი გრძელიწინდა” წამიკითხა. დაიწყო და რა დაიწყო: ავადმყოფობა - ლიტერატურა, რომლის ერთადერთი მკურნალიც წიგნი - წამალი იყო. როცა ჩემი სახლის პატარა ბიბლიოთეკის თაროებზე უკვე შეჩვეული და ნაცადი წიგნი-პრეპარატებიღა დარჩა და ისიც აღმოვაჩინე, რომ ბიბლიოთეკების სტუმრობის პერსპექტივა არ მხიბლავდა, ინტერნეტს მივაშურე. ჩავუჯდებოდი წიგნს... კი არა, მივუჯდებოდი კომპიუტერს და ვმკურნალობდი. მკურნალობის პროცესში აღმოვაჩინე ლიტერატურული ფორუმებიც.

მკურნალობის ყვალაზე სახალისო ეტაპი

ვირტუალურის სამყარო: ვირტუალური მზე, წვიმა, ქარი. ვირტუალური ადამიანები ვირტუალური ურთიერთობებით  და საერთო სიყვარულით - ამ ხალხს ლიტერატურა უყვარს. აქ პოპულარულია “იორიკი” (პოეტი დათო ყანჩაშვილი), “იორიკი” და “ვარდისფერი ავტობუსი”. რაც მთავარია, აქ ყველას ერთმანეთი უყვარს, ვითომ-ვითომ უყვარს.

ლიტერატურის მოყვარული აქაური ადამიანები ლიტერატურაზე საუბრის გარდა “გართობა- დასვენების” სამყაროშიც იკრიბებიან: ერთობიან და ისვენებენ.

”ფორუმელთა ფოტოები” საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებელი საშუალებაა, აქ ყველა ფორუმელი ლამაზია: ზოგი გრძელ ფეხებს არ გვიმალავს, მათი ფოტოების მომზირალი მადააღძრული ფორუმელები ითხოვენ, კიდევ ატვირთონ ფოტოები ”გრძელკანჭიანებმა”. ისინიც გულს არ წყვეტენ...

აქ ყველა ლამაზია. ყველაზე “ლამაზი” კი ერთი, რომელიც მეტოქის გამოჩენას აღფრთოვანებით ნამდვილად არ ხვდება და ახალი ”ლამაზმანით” აღფთოვანებულ ფორუმელებს მწარე სიტყვებს ესვრის: “ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთო”. ჰო, აქ ერთმანეთი უყვართ. ვითომ-ვითომ.

ფორუმის განახლებამდე, როცა ჯერ კიდევ სხვა სახელი მერქვა და სხვაც სხვა გახლდათ, აქტიურად “ვპოსტავდი” თემაში “წერილები” (რომელშიც დღეს სხვები “პოსტავენ” აქტიურად). ერთ დღესაც იმ სხვამ ჩემს ზედმეტ სენტიმენტებს დასცინა და მწარედ ხარ შეყვარებულიო, თვალი ჩამიკრა. არადა, მე ხომ კარგად ვიცოდი: არც სენტიმენტალურ ხასიათზე გახლდით და არც - შეყვარებული. უბრალოდ,  ჩარლი ჩაპლინის წერილი “დავპოსტე” ქალიშვილისადმი (ჯერალდინასადმი)  და  იმ სხვას სატრფიალო წერილი ეგონა. არ იცოდა და რა ექნა... ეს წერილი, სავარაუდოდ, არცერთ ფორუმელს თვალით არასდროს უნახავს. მაგრამ, რაც მთავარია, მათ ლიტერატურა უყვართ.

კინოც უყვართ, თეატრიც. ზოგიერთი მხატვრის ხელწერასაც ცნობს. ჰო, ასეთ თემებზეც საუბრობენ. საუბრობენ “პორნოხელოვნებაზე” და თავი ძალიან თამამები ჰგონიათ.

ვირტუალური მზე, ღრუბლები, ურთიერთობები ხშირად რეალურიც ხდება: იკრიბებიან, მიდიან ქალაქგარეთ, ერთობიან და საუბრობენ არა მხოლოდ ლიტერატურაზე...

ავადმყოფობა #2

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, როცა დედამ “პეპი გრძელიწინდა” წამიკითხა. დღეს მეც აქტიური ფორუმელი ვარ და მალე მკურნალობის ახალი კურსი დამჭირდება “ლიტფორუმმანიისაგან” თავის დასაღწევად.

სალომე შენგელიძე