დამსხვრეული "იმედის კუნძული" - კვირის პალიტრა

დამსხვრეული "იმედის კუნძული"

გურჯაანისა და ბოდბის სკოლა-ინტერნატები იხურება?!

რამდენიმე კვირის წინ გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატსა და ბოდბის #2 საჯარო სკოლა-პანსიონში ზოგადი განათლების პროგრამების დეპარტამენტის კომისია (ლალი ებანოიძის ხელმძღვანელობით) მივიდა. კომისიის წევრებმა დაათვალიერეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზა, გაესაუბრნენ თანამშრომლებს, შემდეგ კი აუწყეს, "თქვენი სკოლები დაიხურებაო(!)".

გურჯაანის სკოლა-ინტერნატი კურორტ "ახტალის" ბაზაზე 1978 წელს ჩამოყალიბდა (სხვათა შორის, სკოლა-ინტერნატის გაუქმებას კურორტ ახტალის გაყიდვას უკავშირებენ. - ავტ.). მისი დანიშნულება ცერებრალური დამბლითა და პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენებით დაავადებული ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო კურსის ჩატარება და ზოგადი განათლების მიცემა იყო. დღეს სკოლა-ინტერნატში 90 კაცი მუშაობს, სასწავლო კონტინგენტი კი 75 ბავშვს შეადგენს.

ნორა ნაცვლიშვილი, ძიძა: "1971 წლიდან ამ ორგანიზაციის თანამშრომელი ვარ.

გვყავდა ორთოპედი, თვალისა და კბილის ექიმი, ნევროპათოლოგი. ბავშვებს აქ მკურნალობის სრული კურსი უტარდებოდათ და შედეგიც კარგი გვქონდა. გვყავდა მოსწავლეები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან: აფხაზეთიდან, აჭარიდან, იმერეთიდან, გურიიდან, პანკისიდან და სხვ. საშინელი წლები გადავიტანეთ და შევინარჩუნეთ ბაზაც, პროფილიც და ახლა ისე გვათავისუფლებენ, მიზეზსაც არ გვეუბნებიან.

KvirisPalitra.Geარადა ინტერნატის გაუქმება როგორ შეიძლება, სად ყრიან ამ ბავშვებს? რომ იცოდეთ, მშობლები როგორ გვემადლიერებიან. მახსენდება, ხარაგაულელი სერგო შველიძე. მას ორივე ფეხის სპასტიური დიპლეგია ჰქონდა. ჩვენთან სკოლამდე ასაკისა მოიყვანეს, გადაადგილება არ შეეძლო. ტალახის აბაზანებისა და ინტენსიური მკურნალობის წყალობით ისე გამოკეთდა, რომ თავს დამოუკიდებლად უვლიდა, ზოგადი განათლებაც აქ მიიღო და შემდეგ უმაღლესიც დაამთავრა".

ანა ქადაგიშვილი, პედიატრი: "ინტერნატი ამ ბავშვებისთვის იმედის კუნძულივითაა. ახლა კი შეიძლება ქუჩაში აღმოჩნდნენ".

ბელა ბერიანიძე, მშობელი: "ჩემი შვილი ნოდარ ჭამიაშვილი სკოლა-ინტერნატში გონებრივი ჩამორჩენის დიაგნოზით მივიყვანეთ, ბავშვს მხედველობაც დაქვეითებული აქვს. ის სწორედ ასეთი ტიპის სასწავლებელში უნდა სწავლობდეს, რადგან საჯარო სკოლაში პროგრამის ათვისებას ვერ შეძლებს და რაც უნდა ვეცადოთ, მაინც დაჩაგრულად იგრძნობს თავს".

სკოლა-ინტერნატის მოსწავლე თამთა მარგველაშვილი თბილისიდანაა,  ჰყავს მშობლები და უმცროსი და-ძმა. არ ახსოვს, ოჯახის წევრები ბოლოს როდის ნახა და როდის მოიყვანეს ინტერნატში. ის ორი წლიდან ამ სკოლაშია. თამთამ ოცამდე დათვლა და ლექსები იცის. გამომშვიდობებისას კი საქართველოს ჰიმნი მიმღერა. სკოლის ლიკვიდაციის შემდეგ სად წაიყვანენ თამთას, არავინ იცის.

სკოლა-ინტერნატის დირექტორი მარინა ჭუჭულაშვილი დღის განმავლობაში მობილურ ტელეფონზე არ გვპასუხობდა. მას ერთ-ერთმა აღმზრდელმა შეატყობინა, რომ "სკოლაში ჟურნალისტი მივიდა". დირექტორი თანამშრომლის მანქანით სწრაფადვე მოვიდა და ჩვენდა გასაოცრად, არა თანამშრომლებისა და მოსწავლეების ინტერესების დასაცავად, არამედ ჩვენს გასაძევებლად.

"უკომენტაროდ, უკომენტაროდ! მე არა ვარ თანახმა არანაირ კომენტარზე. ვიცით, რომ მოხდება ლიკვიდაცია, რა არის ამაში ცუდი?! ეს ბავშვები იმ სკოლაში წავლენ, სადაც ინკლუზიური სწავლება იქნება"," - ბოლოს მოკლედ მოგვიჭრა მარინა ჭუჭულაშვილმა.

ლიკვიდაცია ემუქრება სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბის #2 საჯარო სკოლა-პანსიონსაც. თუმც დირექტორი ნათელა კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის: "ოფიციალური ბრძანება არ მიგვიღია, მხოლოდ გაგვაფრთხილეს. ზაფხულია და ბავშვები მშობლებთან არიან. სკოლა-პანსიონის პედკოლექტივი ისევ აგრძელებს მუშაობას, მაგრამ სანამ ჩვენი ბედი არ გადაწყდება, ახალ ბავშვებს ვერ მივიღებთ".

ზემო ბოდბის #2 საჯარო სკოლა-პანსიონი 1967 წელს დაარსდა. აქ სწავლობდნენ კახეთის რეგიონში მცხოვრები  გონებრივი შეფერხების მქონე მოზარდები. ბოდბის სკოლა-პანსიონში 9 კლასის ბაზაა. აქ 18 მასწავლებელია და 48 ბავშვი ირიცხება. ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი 20 კაცისგან შედგება.

ჩვენ ვცადეთ ქალბატონ ლალი ებანოიძესთან გასაუბრება, მაგრამ ამაოდ - ვერაფრით მოვახერხეთ.

შემდეგ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელ, ეკა ჭუმბურიძეს დავუკავშირდით, რომელიც დაგვპირდა, რომ ლალი ებანოიძეს სმს-ს მისწერდა და შეატყობინებდა, რომ ჟურნალისტს მასთან საუბარი სურს. დღის ბოლომდე უშედეგო ლოდინის შემდეგ ისევ დავუკავშირდით  ეკას და ასეთი პასუხი მივიღეთ: "კარგი იქნება, თუ სტატია უკომენტაროდ არ დაიბეჭდება, მაგრამ ქალბატონი ლალი არც მპასუხობს, ალბათ, შეხვედრაზეა".

კომენტარი მართლაც ზედმეტია!

მაია ყალამბეგაშვილი, კახეთი