ინგლისელმა დიასახლისმა სარეცხში გველი აღმოაჩინა - კვირის პალიტრა

ინგლისელმა დიასახლისმა სარეცხში გველი აღმოაჩინა

ალბათ არც ერთ დიასახლისს არ შეშურდებოდა ინგლისში, დევონშირის საგრაფოში მცხოვრები ვენდი ფოლისა: საქმე ის გახლავთ, რომ 51 წლის ვენდიმ გარეცხილ ნივთებს შორის არც მეტი, არც ნაკლები, მეტრნახევრიანი გველი აღმოაჩინა.

სარეცხი მანქანის სრული კურსის დასრულების შემდეგ გაოცებულმა ქალმა ქამრის მსგავსი ნივთი აღმოაჩინა. როდესაც "ნივთმა" ენა გამოყო, ვენდიმ შიშისა და დაბნეულობისაგან კინაღამ გონება დაკარგა, თუმცა შემდეგ გამოფხიზლდა, თავის ორ შვილს ხელი დაავლო და ქუჩაში გავარდა.

ინგლისელები ხომ თავგამოდებით იცავენ ცხოველთა უფლებებს, ამიტომაც, ვენდი ფოლის მეზობლებმაქვეწარმავალი არ მოკლეს და მის წასაყვანად ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას მიმართეს.

ვენდი თავის შვილებთან ერთად მთელი დღე მოთმინებით ელოდა ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც გარეცხილ-გაწკრიალებული ქვეწარმავალი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, შეშფოთებული დიასახლისი კი იმით დაამშვიდეს, რომ გველი შხამიანი არ იყო.

ხათუნა ჩიგოგიძე