ამერიკელი მილიარდერი საქართველოში ცათამბჯენის აშენებას აპირებს - კვირის პალიტრა

ამერიკელი მილიარდერი საქართველოში ცათამბჯენის აშენებას აპირებს

ივლისის შუა რიცხვებში საქართველოში სტუმრად იყოკომპანია The Trump Organization-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მაიკლ კოენი.

ეს კომპანია ცნობილ ამერიკელ მაგნატს, დონალდ ტრამპს ეკუთვნის, რომელიც სამშენებლო ბიზნესის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია მთელ მსოფლიოში.

მაიკლ კოენმა, რომელიც ტრამპის საგანგებო მრჩეველია, განაცხადა, რომ ამერიკელმა მილიარდერმა უკვე შეარჩია საქართველოში ცათამბჯენის მშენებლობის ადგილი. "უკვე განვიხილეთ ორი პროექტი, ერთ-ერთი მათგანი უფრო კონკრეტულია. ჩემი აზრით, ის ტრამპს ნამდვილად დააინტერესებს." - გაუმხილა დამსწრე საზოგადოებას კოენმა.

ჩვენი საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ისიც, რომ მაიკლ კოენმა მშენებლობისათვის თბილისსა და ბათუმში 13 ადგილი დაათვალიერა. მას არ დაუკონკრეტებია ინვესტიციის მოცულობა და პროექტის განლაგების ადგილი, თუმცა განმარტა, რომ "ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც ტრამპს ეხება, იქნება ძალიან დიდი და ბევრი ნულებით."

მან ასევე აღნიშნა, რომ დააკვირდება, როგორ მუშაობენ ამ რეგიონში სასტუმროები, რადგანაც ეს დონალდ ტრამპის ბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კოენმა საქართველოს სასიამოვნო ქვეყანა უწოდა და აღიარა, რომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება გაჰყვება ბათუმიდან. უფრო მეტიც, ბათუმი მან ნიუ-ჯერსისა და ლას-ვეგასს შეადარა.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ კოენი საქართველოში სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება სად აშენდება პირველი ქართული ცათამბჯენი, რომელსაც ტრამპის სახელი უნდა ეწოდოს.

ხათუნა ჩიგოგიძე