"ჩაშხამებული" შვებულება - კვირის პალიტრა

"ჩაშხამებული" შვებულება

რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის რომ სრული ჰარმონიაა, ეს ფოტოც ადასტურებს და სამომავლო გეგმებიც, რომლებიც მედვედევმა რუსულ პრესას გაუმხილა: ბატონი მედვედევის თქმით, ის შვებულებას სოჭში, საზაფხულო რეზიდენციაში ატარებს, თუმცა საკმაოდ მოკრძალებულად. პრეზიდენტი გამოტყდა, რომ მუშაობას მთელი შვებულების განმავლობაში არ შეწყვეტს, მაგრამ პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან ერთად სათევზაოდ წასვლას აუცილებლად აპირებს.

პრეზიდენტი წუხს, რომ სიცხის გამო უარი უნდა თქვას ველოსიპედით სეირნობაზე, სამაგიეროდ, უფრო დიდ დროს დაუთმობს იოგას ვარჯიშებს. რუსეთის პირველ პირს იმედი აქვს, რომ შვებულების დროს  წიგნების კითხვის საშუალება მიეცემა და იქვე დასძინა, რომ ამჟამად შვედი მწერლის -  სტიგ ლარსონის შემოქმედებითაა გატაცებული.

შვებულება აგვისტოს ბოლომდე უნდა გაგრძელდეს და რამდენიმე დღეს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრთან ერთად გაატარებს. რუსეთის პირველ პირებს ძალიან უნდათ სათევზაოდ წავიდნენ ასტრახანში, როგორც ჩანს, თევზაობა მათთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

"ერთი შეხედვით, ურთიერთობა ჩემსა და პუტინს შორის საერთოდ არ შეცვლილა, მაგრამ ამავე დროს, საგრძნობლად შეიცვალა. ეს არის არა მარტო ძველი მეგობრების, არამედ ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების ურთიერთობაც. ამის გათვალისწინება აუცილებელია" - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მათ ურთიერთობაში ბზარს ვერაფერი შეიტანს, თვით 2012 წელს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებიც კი...

P.S. კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, სწორედ ამაზეა ნათქვამი. ეს ყველაფერი დიმიტრი მედვედევმა ჟურნალისტებს აგვისტოს დასაწყისში გაუმხილა, თუმცა ეს აგვისტო ნამდვილად უიღბლო გამოდგა რუსეთისთვისაც და მედვედევისთვისაც. მოსკოვის ირგვლივ გაჩენილმა ხანძრებმა რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ბუნებრივია, სახემწიფოს მეთაურს შვებულება ჩაუშხამა.

ხათუნა ჩიგოგიძე