მშვიდობით... კორიდა?! - კვირის პალიტრა

მშვიდობით... კორიდა?!

ესპანეთი… ამ სიტყვის ხსენებისას თვალწინ წარმოგიდგებათ ცეცხლოვანი  ცეკვები და კორიდა, რომელსაც ბევრი ამ ქვეყნის სიმბოლოდაც მიიჩნევს. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ 21-ე საუკუნეა და მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება.

"ცვლილებათა ქარიშხალში" ეს ძველი ესპანური ტრადიციაც მოჰყვა. კორიდა ისე პოპულარული აღარ არის ესპანელებს შორის, კატალონიაში კი ის საერთოდ აკრძალეს.

კატალონია პირველი რეგიონია ესპანეთში, სადაც 2012 წლის შემდეგ კორიდა აღარ გაიმართება. ამ დღესასწაულის გაუქმების ინიციატორი გახლდათ ასოციაცია Pru!, რომელიც ცხოველთა უფლებებს იცავს. კორიდის შენარჩუნების მომხრეებს თავისი არგუმენტები აქვთ: მათი მტკიცებით, ხარის დაკვლა უფრო დიდი საშინელებაა, ვიდრე მისი ღირსეული სიკვდილი ადამიანთან ორთაბრძოლაში და რომ ესპანელების მთელი თაობები იზრდებოდნენ მამაცი მატადორების მაგალითზე.

არსებობს სხვა, უფრო პრაგმატული მოსაზრებაც: სპეციალისტებმა დათვალეს, რომ კორიდის აკრძალვის შედეგად თითოეული კატალონიელი საშუალოდ 60 ევროთი გაღარიბდება, რადგან ამ დღესასწაულის საყურებლად ყოველწლიურად ათასობით ტურისტი ჩადის. ისინი ბილეთებსა და სუვენირებში მილიონობით ევროს იხდიან. სხვათა შორის, ამ საკითხის გამო ცხარე დებატები გაიმართა ადგილობრივ პარლამენტშიც, სადაც ბოლოს ხმათა უმრავლესობით კორიდის მოწინააღმდეგეებმა გაიმარჯვეს.

სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდნენ, კატალონიის პარლამენტში შევიდა პეტიცია, რომელსაც 180 ათასამდე კაცი აწერდა ხელს. მათი აზრით, კორიდა ნამდვილი ბარბაროსობაა, რომელიც ძირითადად ტურისტებშია პოპულარული.

კორიდის მომხრენი კი შიშობენ, რომ გაქრება უძველესი ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. ესპანელებს ყოველთვის შეეძლოთ მონაწილეობის მიღება ამ მკაცრ, მაგრამ საინტერესო სანახაობაში, იქ ეს ტრადიცია ოდითგანვე მიღებული და პოპულარული იყო. არც თუ უსაფუძვლოა შიში, რომ კატალონიას სხვა რეგიონებიც მიბაძავენ და კორიდა აღარ იარსებებს, რაც საბოლოოდ, ზარალს მიაყენებს ესპანურ კულტურასა და ტრადიციებს.

ძნელია გარკვევა ვინ რას ფიქრობს კორიდის აკრძალვაზე, მაგრამ არსებობს  სამწუხარო სტატისტიკა: ყოველწლიურად ესპანეთში, საფრანგეთსა და პორტუგალიაში 6 ათასამდე კორიდა ტარდება, სადაც დაახლოებით 30 ათასი ხარი (!) და 3-5 ათასი ცხენი იღუპება.

XIX-XX საუკუნეების განმავლობაში კორიდის მიმდინარეობისას დაიღუპა 63 მატადორი და 350-მდე დამხმარე. კორიდისმონაწილეები ხშირად ღებულობენ სერიოზულ ჭრილობებს, რაც ამ სანახაობისათვის ჩვეულებრივ ამბად ითვლება. ამიტომაც, კატალონიელების მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავსებით ლოგიკური და ბუნებრივი ჩანს. საინტერესოა, მიბაძავენ თუ არა მათ ესპანეთის სხვა რეგიონების მკვიდრნი?

ხათუნა ჩიგოგიძე