ასი წლის მძღოლი - კვირის პალიტრა

ასი წლის მძღოლი

მთელმა მსოფლიომ შეიტყო ჰოლანდიელი პენსიონერის, იოს იანსენის სახელი და გვარი, რომელმაც ასი წლის ასაკში უცნაური გადაწყვეტილება მიიღო:

იანსენმა საიუბილეოდ საკუთარ თავს მშვენიერი სიურპრიზი მოუწყო: "ჰიუნდაის" მარკის ახალი ავტომობილი იყიდა და ახლა ქუჩებში სწორედ ამ მანქანით დასეირნობს.

ახალი მანქანის შეძენამდე იანსენმა, რომელიც მძღოლობის 82-წლიანი სტაჟით არც თუ უსაფუძვლოდ ამაყობს, ყველაფერი წესისა და კანონის მიხედვით მოაგვარა: ჯერ სამედიცინო შემოწმება გაიარა, როდესაც ექიმებმა დაასკვნეს, რომ ასი წლის ჰოლანდიელის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, მართვის უფლება კიდევ 5 წლით გაუგრძელეს.

იანსენის მონათხრობმა ძალიან განაცვიფრა ჰოლანდიელი ჟურნალისტები: მართვის უფლება 1928 წელს მივიღე და მანქანით ყოველდღე ათასობით კილომეტრს გავდიოდიო -ჰყვება მოხუცი. მართალია, იანსენი ახლა იმდენს ვეღარ ახერეხებს, მაგრამ თავს იმით იმშვიდებს, რომ ახალი მანქანით უფრო სწრაფად და კომფორტულად დადის საყიდლებზე და ექიმთან.

მოხუცის თქმით, ის ძველებურად ვეღარ დაჰქრის ჰოლანდიის გზებზე, სამაგიეროდ ძალიან აკურატულად მართავს თავის "ჰიუნდაის". ამაყობს, რომ მოწესრიგებული მძღოლია, არასოდეს არღვევს მოძრაობის წესებს და საჭესთან ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ ყველაფერს ასი წლის კაცი ჰყვება…

ხათუნა ჩიგოგიძე