"ამ ქვეყანაში უმუშევრებზე არავინ ზრუნავს!" - კვირის პალიტრა

"ამ ქვეყანაში უმუშევრებზე არავინ ზრუნავს!"

პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ სექტემბრიდან საქართველოში უმუშევართა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, ჩვენი საზოგადოება გვარიანად შეაშფოთა.

მით უმეტეს, რომ უმუშევრობა ამ ქვეყანაში არც ადრე ყოფილა უცხო ხილი. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)  მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 71 პროცენტი მთავარ პრობლემად სწორედ უმუშევრობას ასახელებს.

სწორედ ამ პრობლემაზე გვესაუბრება საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი:

-უმუშევრობის ზრდა შეიძლება გამოიწვიოს საჯარო, ან საბიუჯეტო სექტორიდან ხალხის შემცირებამ. რაც შეეხება კერძო სექტორში დასაქმებულებს, ჩვენი ორგანიზაცია არ ფლობს ინფორმაციას, რომ ამ სექტორში ხალხი შემცირდება.

-ალბათ, უმუშევართა რიცხვს შეემატებიან სახელმწიფო უწყებებიდან დათხოვნილი ადამიანები და მასწავლებლები, რომელთა კონტინგენტიც მცირდება…

-ეს საბიუჯეტო სექტორია და ამის შესახებ უკვე მოგახსენეთ. მართლაც მოსალოდნელია, სკოლის დირექტორებმა კადრების შემცირება დაიწყონ, რადგან სკოლებში მიმდინარეობს საათების გამსხვილება და ამის ბაზაზე მასწავლებლების ხელფასების ზრდა. ალბათ, მასწავლებლების გარკვეული რაოდენობა მართლაც შემცირდება.

ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ის, რომ არ არსებობს შემწეობა უმუშევართათვის.

ასეთი რამ არც ერთ ცივილიზებულ სახელმწიფოში არ ხდება. უმუშევარზე პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რადგან ძალიან ბევრი ახალგაზრდა, შრომისუნარიანი ადამიანია დაუსაქმებელი. მათი რაოდენობა ძალზე მაღალია და სახელმწიფო ამ ხალხზე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს. არავითარი დახმარება, ან შემწეობა მათთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. პროფკავშირების მიერ შემუშავებულ კანონპროექტებს, რომლებიც უმუშევრობის შემწეობას ეხება, პარლამენტი იგნორირებას უკეთებს.

-დასავლეთის ქვეყნებში პროფკავშირებს დიდი გავლენა აქვთ. ისინი სერიოზულ როლს ასრულებენ ადამიანთა უფლებების დაცვის საქმეშიც. რას საქმიანობთ თქვენ ამ მიმართულებით?

-მინდა გითხრათ, რომ დასაქმებულთა უფლებები იმ ორგანიზაციებში, სადაც პროფკავშირებს აქვთ გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულება, მეტნაკლებად დაცულია. მათი სოციალური გარანტიები უფრო მაღალია, ვიდრე იმ ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანებისა, სადაც პროფკავშირები არ არის. კოლექტიური ხელშეკრულება გულისხმობს, რომ ადამიანს გაცილებით მეტი გარანტიები აქვს - აქვს დაზღვევა, შედარებით მაღალი ხელფასი და მყარი სამუშაო ადგილი…

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ დასაქმებულთა მდგომარეობა საქართველოში არც თუ ისე სახარბიელოა, მაგრამ ტენდენცია სოციალური გარანტიების ზრდისა მაინც შეინიშნება. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ხანებში მაინც. ჩვენი ორგანიზაცია შეძლებისდაგვარად ცდილობს, დაიცვას როგორც დასაქმებულთა ასევე უმუშევართა უფლებებიც, თუმცა სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

ხათუნა ჩიგოგიძე