დაბინდული პოტერიადა - კვირის პალიტრა

დაბინდული პოტერიადა

სოციალურმა ქსელებმა უკვე იმდენად გაიდგა ფესვები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ არამარტო გასართობი, არამედ, არც მეტი, არც ნაკლები, საქმიანი დატვირთვაც შეიძინა. ჩემი დღევანდელი წერილის იდეაც სწორედ სოციალურ ქსელში მორიგი სტუმრობისას დაიბადა.

მოკლედ, ამ რამდენიმე დღის წინ Facebook–ზე ერთერთი ჩემი მეგობრის ავატარზე საინტერესო ფოტოს მოვკარი თვალი: „ჰარი პოტერისა“ და „ბინდის“ პოსტერები ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ! ფოტო ფოტოა, მაგრამ ფოტოზე კომენტარებმა კიდევ უფრო გამიღრმავა ბავშვობის „პოტერული“ მოგონებები, ჰოდა, გადავწყვიტე, ჩვენი თაობისა და ბოლო ათწლეულის ორი ბესტსელერის მეგობრობის პატარა ისტორიას მოგიყვეთ.

როცა „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ პირველად წავიკითხე, თერთმეტი წლისა ვიყავი – ისევე, როგორც როულინგის გმირი. მას შემდეგ მე და ბევრი ჩემი თანატოლი, ფაქტობრივად, პოტერთან ერთად ვიზრდებოდით, რადგან წიგნის ქართული თარგმანი სწორედ წელიწადში ერთხელ აღწევდა ჩვენამდე. ჩვენც ველოდით და ველოდით, მოთმინებითა და მოუთმენლობით, ისე, როგორც „პოტერიადის“ ნამდვილ მიმდევრებს შეშვენოდათ. მართალია, ამ წიგნმა, რატომღაც, ძალიან დიდი აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია - უწყინარი ზღაპარი ერის გამრყვნელ ლიტერატურადაც კი გამოაცხადეს, მაგრამ ფაქტი - ფაქტია: პოტერიადას არამარტო მე და ჩემი თაობა, არამედ ჩვენი მშობლები და, თქვენ წარმოიდგინეთ, მათი მშობლებიც სიამოვნებით კითხულობდნენ...

როდესაც პირველი ფილმი გამოვიდა, უფრო სწორად როცა კასეტა ჩამივარდა ხელში, ბუმი მაშინ გენახათ. სპეციალურად ამ ღირსშესანიშნავი "მოვლენისთვის" ნათხოვარ ვიდეომაგნიტოფონზე „ფილოსოფიური ქვა“ ორი დღის განმავლობაში ბარე შვიდჯერ მაინც დატრიალდა. განა იმიტომ, რომ ერთხელ ყურებით ვერ გავძეხი (თუმცა არც უმაგისობა იყო), უბრალოდ, მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში „კონოჩვენებაზე“ დამსწრეების მისვლა-მოსვლა არ წყდებოდა.

ჩვენი „პოტერაობა" მხოლოდ წიგნითა და ფილმით არ შემოიფარგლებოდა: ქუჩაში ბავშვი არ დადიოდა, ჯიბეში მუყაოს მრგვალი ფირფიტების მთელი დასტა რომ არ ჰქონოდა შენახული, ზედ „ჰარი პოტერის“ ფილმისა თუ მულტფილმის გმირების გამოსახულებით. შემდეგ კი იმართებოდა ამ ფირფიტების ერთმანეთში სარფიანი გაცვლა-გამოცვლა...

ორი წლის წინ კი თაობა უკვე ახალმა ბესტსელერმა შეაზანზარა: ეკრანები „ბინდმა“ დაბინდა. შედეგად ქართველ და არამარტო ქართველ გოგო-ბიჭებს ახალი სენი შეეყარათ: დენიელ რეფკლიფი დროებით რობერტ პატინსონმა შეცვალა და ფანებიც მფრინავი ცოცხებისა და იდუმალი ციხე-სიმაგრეების სამყაროდან ვამპირებისა და მაქციების დაპირისპირებაში გადაეშვნენ. წიგნის მაღაზიების ვიტრინებში უკვე კარგა ხანია, „ბინდში“ მთავარი როლის შემსრულებლების ბიოგრაფიული წიგნები გამოჩნდა, რომლებიც, რაც ყველაზე მთავარია, მკითხველის ნაკლებობას არ უჩივიან. ერთხელ ერთ-ერთ ასეთ მაღაზიაში სტუმრობისას, როგორც პოტერიადის ერთგულ მკითხველს, იქვე, თაროზე შემოდებულ „ბინდზე“, ცოტა არ იყოს გადაბრუნებული სიტყვა წამომცდა, ჰოდა ახალგაზრდა გამყიდველის რეაქციამაც არ დააყოვნა და, ალბათ, იქიდანაც სულ კინწისკვრით გამაგდებდა, რომ არა ბედნიერი აღმოჩენა: ისიც, თავის მხრივ, პოტერომანი გამოდგა. მოკლედ, ჩანს, ვინც ადრე „ჰარი პოტერს“ აყოლებდა ნაბიჯებს, დღეს მის „ლომკას“ „ბინდით“ იხსნის (ყოველ შემთხვევაში, სოციალურ ქსელში სწორედ ამით ხსნიან თავიანთ ვამპირულ-მაქციურ საგაზე გადართვას).

ისე კი, ფაქტი ფაქტად რჩება: ორივე ბესტსელერმა იმდენი მილიონი გამოიმუშავა, ჩვენ, მათს ფანებს ალბათ კარგა ხანს გვეყოფა საოცნებოდ. სულ რამდენიმე თვის წინ ხომ ყველაზე უხვშემოსავლიანი „მზის დაბნელების“ მოწმენი გავხდით, ნოემბერში კი პოტერიადის „სიკვდილის საჩუქრების“ პირველ ნაწილს ვიხილავთ, რომელიც ეჭვი არის, ჩვენი დიდი მონდომებისა და გარჯის შედეგად ასევე ბლომად მოხვეტავს დოლარებს.

მანამდე კი ფრთხილად ატარეთ თქვენი მფრინავი ცოცხები, მეგობრებო, ემანდ ამ ბინდ-ბუნდში რამეს არ გადაეყაროთ.

გიორგი გოგუა

გიორგი გოგუას ბლოგი