ჩვენ დავბრუნდებით! - კვირის პალიტრა

ჩვენ დავბრუნდებით!

ჩვენს მატიანეში ძნელად მოძებნით ეპოქას, როდესაც ერთბაშად ამდენი ქართველი მოსწყვეტოდეს მშობლიურ მიწა-წყალს და უცხოეთში გადახვეწილიყოს. სხვანაირი ჯიში და ჯილაგი გვაქვს, ასე იოლად ვერასოდეს ველეოდით საკუთარ კერას, რადგან აქ იყო და არის მადლი, ქრისტეს მოციქულთა მიერ მოფენილი და დედა ღვთისმშობლის სიყვარულით ნაკურთხი. წინათ ძალით გაჰყავდათ ქართველები სამშობლოდან, ახლა, სამწუხაროდ, ნებით მიდიან. თუმცა, ბავშვისთვისაც კი ცხადია, რომ თავსმოხვეულია ეს ნება. როცა კაცს საარსებო წყაროს გადაუკეტავ და ღვთისა და ბედის ანაბარა მიატოვებ, სხვა რა გზა რჩება.

წლები კი მიქრის ულმობლად და უკანმოუხედავად. წასულთა უმრავლესობას ვერც წარმოედგინა, უცხო მიწას ამდენი ხნით თუ შემორჩებოდა. თუმცა საზღვარგარეთ მყოფ ჩვენებურთათვის, ისევე, როგორც ყველა ჭეშმარიტი ქართველისთვის, უმთავრესი მაინც სულიერი სიმტკიცეა, სხვანაირად, აბა, როგორ გაუძლებდნენ უსამშობლო ცხოვრებას. მადლობა უფალს, უკვე უცხოეთის ბევრ ქვეყანაში დაფუძნდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, სადაც წირვა-ლოცვა ქართულად აღევლინება. აქ არის ქართველობის ნუგეშიც, აქ არის მათი პატარა სამშობლოც და მალე დაბრუნების იმედიც...

28 აგვისტოს ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დაარსებიდან 7 წელი შეუსრულდა. ტაძრის უცვლელი წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე (თანდილაშვილი) მოგვითხრობს:

- 21 წელია, რაც ამერიკაში ვარ, შვილო, თითქმის იმდენივე ხანი, რაც ღვთისმსახურებას ვეზიარე. 1978 წელს ჩვენს უწმინდეს პატრიარქთან მივედი და მნათედ დავიწყე მსახურება. პატრიარქს საოცარი მადლი აქვს, მის ლოცვა-კურთხევას კი ღვთიური ძალა. სწორედ მისი კურთხევით ჩამოვედი ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად. მას შემდეგ აქ ვარ. მანამდე, 1989 წელს დიაკვნად მაკურთხეს სიონის საკათედრო ტაძარში, სულ მოკლე ხანში კი მოძღვრად -ხობის მონასტერში. 12 წლის მანძილზე ვმსახურობდი ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის სხვადასხვა სამრევლოში, პარალელურად, ნიუ-იორკში თვეში ორჯერ ვატარებდი წირვა-ლოცვებს და პარაკლისს ქართულად.

2003 წელს  მივიღეთ პატრიარქის ლოცვა-კურთხევა -ნიუ-იორკში გაგვეხსნა ქართული ეკლესია. შევუთანხმდით ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის მთავარეპისკოპოს პეტრეს - უაღრესად სათნო და კეთილ ადამიანს და მის იურისდიქციაში დავაარსეთ წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია. მუდამ შევთხოვდით უფალს, რომ ჩვენი, საკუთარი ეკლესია დაგვეფუძნებინა. ღვთის მადლით, წლების შემდეგ ეს წყალობაც გვეღირსა და შევიძინეთ შენობა ჩვენი ეკლესიისთვის. მალე აღვავლენთ ღვთისმსახურებას. ამჟამად იქ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. გვექნება საკლასო ოთახები საკვირაო სკოლისთვის, აქვე იქნება ბაღიც ჩვენი პატარებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართველი ბავშვები იქ ეზიარებიან ღვთაებრივ ქართულ ენას. ვინც ჩვენთან ივლის, ის ქართულ ენას არასოდეს დაივიწყებს..

გვინდა მოვაწყოთ რამდენიმე ოთახი, სადაც ნარკომანებს მოვუყრით თავს. სამწუხაროდ, ბევრი ქართველი ჩაითრია ამ მომაკვდინებელმა ცოდვამ. რამდენიმე მათგანიც რომ ვიხსნათ, დიდი მადლი იქნება. თუკი ფინანსური შეწევნა გვექნა, მეორე სართულსაც  დავაშენებთ შენობას. მარტო რემონტში 25 ათასამდე დოლარი მაინც გვჭირდება და თუკი ვინმე შეგვეწევა, დიდად მადლიერნი დავრჩებით.

საერთოდ, ამერიკაში ახალი ქართული ეკლესიების გახსნა ბოლო დროს უფრო ინტენსიურად დაიწყო. შარშან მეუფე დიმიტრიმ (შიოლაშვილმა) რამდენიმე მოძღვარი გამოგზავნა ამერიკაში. მათ გახსნეს ტაძრები ფილადელფიაში, ატლანტაში, კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოსა და  ჩიკაგოში...

მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით რამდენჯერმე გახლდით ტორონტოში, სადაც მრავლად არიან ქართველები. ალბათ სექტემბერში ჩამოვა მოძღვარიც და ღვთის მადლით, იქაც დაფუძნდება ქართული ეკლესია.

- მამაო, ქართველ ემიგრანტთა რიცხვმა ახლა საგრძნობლად იმატა. ქართველს ყველაზე უფრო უჭირს უცხო მიწაზე. თქვენ, ალბათ, ამას თვალნათლივ გრძნობთ...

- ნამდვილად ასეა. ნოსტალგია მეც მტანჯავს, თუმცა უფლის მადლი და სიყვარული მაძლებინებს. ჩემზე უარეს მდგომარეობაში სხვა ქართველები არიან, რადგან სამშობლოში ჩამოსვლა და ისევ უკან დაბრუნება არ შეუძლიათ. მრევლში ბევრი მყავს ისეთი, რომლებსაც 10 წელზე მეტია, საქართველოში ფეხი არ დაუდგამთ. ეს მათთვის ენით აუწერელი ტანჯვაა, მაგრამ უფალი მოწყალეა და ვცდილობ, ეს სიმძიმე შევუმსუბუქო. სანამ აქ იმყოფებიან, სამშობლოს მონატრებას ჩვენი ეკლესია უყუჩებთ.

- სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, რომლებსაც დაბრუნებაზე ფიქრიც კი არ უნდათ...

- ეს საშიშროება ნამდვილად არსებობს ქართველი ემიგრანტების ერთ ნაწილში. ვწუხვარ, რომ მათ ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული სამშობლოს სიყვარული, მამულიშვილობის განცდა. ქართველი ქალები ვიცი, რომლებიც უცხოელებს მისთხოვდნენ და მათი შვილები ქართულად საერთოდ ვერ მეტყველებენ. რატომღაც, დედას ეამაყება, მისი შვილი ინგლისურად რომ იტეხს ენას. გაკვირვებული ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ამას არც ერთი რუსი ქალი არ ჩაიდენს(?!). ისეთი ფაქტებიც ვიცი, ქმარი ქართველია და ცოლი რუსი, მათი ბავშვები აქ დაიბადნენ და რუსულად უაქცენტოდ მეტყველებენ, მაგრამ ერთი ქართული სიტყვაც კი არ იციან. ამაზე დიდი უბედურება რაღა უნდა იყოს...

- ქართველები ბრუნდებიან საქართველოში?

- ეს პროცესი ადრე თუ გვიან აუცილებლად დაიწყება, დარწმუნებული ვარ, რომ აქ მცხოვრები ქართველების დაახლოებით 80% დაბრუნდება სამშობლოში.

ამ ადამიანებს დაფასება უნდა, რადგან აქ ისინი უმძიმეს შრომას ეწევიან…და ასე ინახავენ ოჯახებს და ნათესავებს, იკლებენ უამრავ რამეს, უძლებენ სამშDობლოსა და ოჯახის წევრების უნახაობას და ასე დარდიანად მიაქვთ წლები...

ყველას ვთხოვ, ილოცონ მათთვის. მერწმუნეთ, ამ ლოცვის ძალას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს...

მინდა დავლოცო ”კვირის პალიტრა”. გაგაძლიეროთ უფალმა, რათა ბოლომდე ატაროთ თქვენი ჯვარი და ღირსეულად იღვაწოთ მამულის საკეთილდღეოდ. თქვენი გარჯის შედეგი სიკეთეა და სიკეთისთვის კი აუცილებლად მიიღებთ საზღაურს ღვთისგან...

როგორც ყველა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მოძღვარი, მამა ალექსანდრე უაღრესად თავმდაბალია და საკუთარ თავზე ყველაზე ნაკლებად საუბრობს. ისევ მრევლს ეფერება და ლოცავს. რომ დაგანახვათ, როგორ უბრწყინდება თვალები სულიერ შვილებზე ლაპარაკისას, იმავ წუთს დარწუნდებით, რომ ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარსა და მის მრევლს შორის ღვთიური სიყვარულია.

დოდო მილორავა, ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მრევლი: -მამა ალექსანდრემ გადაგვატანინა უცხო მიწაზე იძულებით ყოფნის მთელი სიმძიმე. ყველას მოფერებას, ყველას ნუგეშს ასწრებს. ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერებაა, როცა მთელი კვირის შრომით გადაქანცულები შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე მივიჩქარით. ზოგი ასობით კილომეტრს გავდივართ საამისოდ, რადგან ჩვენს ტაძარში სამშობლო გვეგულება. იქიდან კი მოგვაქვს თუნდაც ერთი კვირის სამყოფი სულიერი მადლი..

KvirisPalitra.Geმახსოვს ჩვენი მეუფეების - ისაიას და დიმიტრის ჩამობრძანება ნიუ-იორკში. დიდი ნუგეში გვცეს სამშობლოდანატრებულებს. მეუფე ისაიამ ჩვენი მრევლის პატარა წევრი მონათლა. ეს ჩვეულებრივი ნათლობა არ იყო, ეს იყო დღესასწაული.

ყველას ცრემლები გვდიოდა, როცა მეუფემ ბავშვი ხელში აიტაცა და საკურთხეველში ლოცვით შემოატარა, თითქოს ამ პატარას სახით ჩვენს შვილებს დაანათლა სამშობლოს გაუტეხლობა და სიყვარული...

ამაღელვებელი იყო ერთი ლამაზი ჯვრისწერა, რომლის მსგავსი აქ არ გვახსოვს. დაქორწინებამდე ორი დღით ადრე საპატარძლოს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. წარმოუდგენელი იყო მისი საავადმყოფოდან გამოყვანა, მაგრამ დაილოცოს ძალა უფლისა! მამა ალექსანდრეს ლოცვითა და თანადგომით, სოფომ არნახული ძალა იპოვა და მაინც არ გადაადებინა ჯვრისწერა. თავად სიარული უჭირდა, მაგრამ ეკლესიის კიბეზე სასიძომ და მისმა მეჯვარემ ხელში ატაცებული ამოიყვანეს და ჯვარიც დაიწერეს.

KvirisPalitra.Geწარმოიდგინეთ, იქვე გამართულ საქორწილო ტრაპეზზე სოფომ იცეკვა კიდეც, თვალებს არ ვუჯერებდით, რამხელა მადლი ჰქონია სულიერ სიყვარულს და ლოცვას...

ერთი ქართველი გოგონა მძიმე დიაგნოზით დააწვინეს საავადმყოფოში. მამა ალექსანდრეს წამითაც არ მიუტოვებია, გამუდმებით ლოცულობდა მის გადასარჩენად.

მერე პალატაში  7-გზის სცხო ზეთი, აზიარა და უფლის სასწაულით განიკურნა გოგონა...

რამდენიმე წლის წინ ჩვენს ტაძარში მოვიდა ამერიკელი ახალგაზრდა, სახელად ერიკი. იმდენად მოეწონა აქაურობა, რომ მოინათლა მართლმადიდებლად, თეოფანე დაარქვეს და სტიქაროსანი და მგალობელი გახდა. შეიყვარა საქართველო, ქართულიც ისწავლა, გამართულად ლაპარაკობს. ოცნებად ჰქონდა გადაქცეული -თქვენი ღვთაებრივი ქვეყანა მანახა ნეტაო... აიხდინა ეს ნატვრა, ამჟამად საქართველოშია და არ გაინტერესებთ, რას გვითვლის იქიდან? ჩამოდით ყველა, ასეთი მადლმოსილი ქვეყანა დედამიწის ზურგზე არ არისო!..

ჩამოვალთ... მალე ჩამოვალთ ტკივილამდე მონატრებულ ჩვენს სამშობლოში...

მანამდე კი აქედან ვილოცებთ და უფალს შევთხოვთ საქართველოს გადარჩენას და გულწრფელად ვეტყვით ჩვენს სამშობლოს: არსად ყოფილა საქართველოსთანა კურთხეული და ძვირფასი ადგილი ცისქვეშეთში!..

მადლობა ”კვირის პალიტრას”, ამ ლამაზი გაზეთის ყველა წევრს. შეიძლება არც კი იცით, რამხელა ძალა, ნუგეში და შვება მოგაქვთ სამშობლოს მოწყვეტილი ქართველებისთვის, როგორ გვიმსუბუქებთ დარდსა და მონატრებას. იცოცხლეთ და იბედნიერეთ ასეთი უანგარო სითბოს მონიჭებისთვის!

ჩვენ დავბრუნდებით!..