რას იხსენებს ავჭალის მკაცრი რეჟიმის კოლონიის უფროსი - კვირის პალიტრა

რას იხსენებს ავჭალის მკაცრი რეჟიმის კოლონიის უფროსი

ზაურ ლაზარაშვილს 14 წელი ჰქონდა მისჯილი. ერთ დღეს მაიორმა მაცნობა, რომ პატიმარს პრობლემა ჰქონდა... ლაზარაშვილი ძალიან წუხდა - ზნაურის რაიონში, მათ სახლში, ხანძარი გაჩენილა, მეუღლეს შვილების გადასარჩენად თავი გაუწირავს და ბავშვები სამშვიდობოს გამოუყვანია, მაგრამ თვითონ მძიმე ხარისხის დამწვრობა მიუღია.

ქალი  დამწვრობის ცენტრში იწვა... პატიმარი დავამშვიდე, მისი თანდასწრებით დამწვრობის ცენტრის განყოფილების გამგეს დავურეკე, პაციენტის მდგომარეობა გამოვკითხე და ვთხოვე, მისთვის მაქსიმალური დახმარება გაეწია. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს და ერთ კვირაში ქალბატონი გარდაიცვალა...

ნათესავებს კოლონიაში მიცვალებულის მოსვენება სურდათ, მეუღლეს რომ დაეტირა. ბუნებრივია, ეს კანონით დაუშვებელი იყო. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა საქმის კურსში მაინც ჩავაყენე, როგორც მოსალოდნელი იყო, უარი მივიღე. ამ ფაქტმა ზონა აახმაურა, პატიმრები ჩემგან ადამიანურ თანადგომას ითხოვდნენ. უარის მიღების მიუხედავად, გადავწყვიტე, მისთვის დატირების უფლება მიმეცა. პატიმარი ზონის გარეთ უნდა გამეყვანა, სადაც ცხედარი მოასვენეს.

ავუხსენი, რისკზე მივდივარ, ამის გამო შესაძლებელია სამსახურიდან გამათავისუფლონ, მაგრამ მაინც გაგიყვან და ნახევარი საათით დაიტირე-მეთქი. ახლობლების თვალწინ დამცირებულად და შეურაცხყოფილად რომ არ ეგრძნო თავი, ხელბორკილიც მოვხსენი და ისე გავიყვანე კოლონიის ეზოდან. მეუღლე დაიტირა...

კიდევ ერთი შემთხვევა იყო. პატიმარ კარენ ველიციანს ერთადერთი, მცირეწლოვანი ვაჟი მოულოდნელად გარდაეცვალა. მამა ერთადერთ შვილს რომ გამოთხოვებოდა, ოჯახი დაწესებულებაში მიცვალებულის მოსვენებას აპირებდა. გამაფრთხილეს, ეს არ უნდა დამეშვა. ისიც მითხრეს, დამატებით სპეცრაზმის ნაწილებს გამოგიგზავნით, გარეთა პერიმეტრი დაცული რომ იყოსო. განვუმარტე, სპეცრაზმის გამოგზავნა საჭირო არ არის, შევეცდები მსჯავრდებულს ავუხსნა, რომ ეს კანონით იკრძალება-მეთქი.

როცა პატიმართან სასაუბროდ მივედი, შევძრწუნდი, როცა ვნახე, რა საშინელ მდგომარეობაშიც იყო, ძალიან განიცდიდა. ისიც შევიტყვე, რომ ოჯახმა მიცვალებული მაინც მოასვენა და ყველანი კოლონიის კარებთან იდგნენ. ხელმძღვანელობის გაფრთხილების მიუხედავად, გადავწყვიტე ბავშვის ცხედარი კოლონიის ეზოში შემომესვენებინა. ცხედარი ტრანსპორტის საკონტროლო ბაქანზე დავასვენეთ, იქ, სადაც  გამსვლელი და შემომსვლელი მანქანები იჩხრიკებოდა. ასე დაიტირა მამამ შვილი...

-  ამის გამო არ დაისაჯეთ?

- აგენტურა კარგად მუშაობდა და ბუნებრივია, ორივე შემთხვევა ხელმძღვანელობამ, თავად მინისტრმაც კი გაიგო, მაგრამ არ დავუსჯივარ. იცით, ჩვენც ხომ მშობლები ვართ, თანადგომა ყველას სჭირდება. ამ ნაბიჯმა, დაწესებულების თანამშრომლების მიმართ მსჯავრდებულთა მასა დადებითად განაწყო. თავისებური შედეგიც გამოიღო და ამის შემდეგ შინაგანაწესს პატიმრები იშვიათად არღვევდნენ.

- ასე რომ არ მოქცეულიყავით, პატიმრებისგან წინააღმდეგობა შეგხვდებოდათ?

- რა თქმა უნდა, ამას მოჰყვებოდა პატიმრების ფარული პროტესტი, დაუმორჩილებლობა, ხულიგნური ქმედებები და შესაძლოა ველიციანის გაქცევაც კი. სწორედ ამ შემთხვევებმა განაპირობა, რომ 2000 წლიდან კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა და მსჯავრდებულებს უფლება მიეცათ განსაკუთრებულ შემთხვევებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გასულიყვნენ.

- რა შემთხვევაში შეეძლოთ გასვლა?

- ადმინისტრაცია თუ მიიღებდა ცნობას, რომ მსჯავრდებულს გარდაეცვალა ახლო ნათესავი, ან მძიმედ დაავადდა ოჯახის წევრი. ასეთ დროს დაწესებულების დროებით დატოვების ვადა 7 დღეზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. პატიმარს კოლონიის ორი თანამშრომელი აცილებდა.

როცა აკაკი ელიავა მოკლეს, ამას სამეგრელოში დიდი ხმაური მოჰყვა. მიცვალებულის დაკრძალვა რამდენჯერმე გადაიდო, ცხედარი გამგეობის წინ დაასვენეს. ზუსტად ამ დროს ჩემს პატიმარს მამა გარდაეცვალა სენაკში და დაკრძალვაზე იყო წასაყვანი.

ვინაიდან სიტუაცია რთული იყო, პროკურორმა თავის შეკავება მირჩია. პატიმარი ძალიან შეწუხდა. გავრისკე, რადგან სიტყვა მქონდა მიცემული და ჩავიყვანეთ დაკრძალვაზე. ჭირისუფალი და ადგილობრივი ხელმძღვანელობა გაკვირვებული დარჩნენ ამ გადაწყვეტილებით. მოკლედ, არაერთხელ წამიყვანია პატიმარი ოჯახისწევრის დასატირებლად.

შურისძიება 

კოლონიის გარე პერიმეტრს შინაგანი ჯარის ნაწილები იცავდნენ. სავალდებულო სამსახურს სომეხი ეროვნების ბიჭიც ს-ა, იხდიდა. თურმე მან ყველაფერი გააკეთა შინაგან ჯარში მოსახვედრად. კერძოდ, ავჭალის კოლონიის პერიმეტრის დაცვაში და თან კოშკურაზე რომ გაენაწილებინათ. თურმე ავჭალაში სასჯელს მისი დის გამაუპატიურებელი იხდიდა და ამიტომ უნდოდა იქ მოხვედრა.

როგორც პატიმრებთან, ასევე ჯარისკაცებთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ხშირად ციხის თანამშრომლები ჯარისკაცებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვეჯიბრებოდით. ყოველ ახალ წელს როგორც მსჯავრდებულებს, ისე ჯარისკაცებს საახალწლო ნობათს ვუკეთებდით.  შეიძლება ერთი ცალი კანფეტით მიგველოცა თითოეული მათგანისთვის ახალი წლის დადგომა...

ბუნებრივია, იმ სომეხი ბიჭის განზრახვა არავინ იცოდა. ერთ დღეს, დილის 11 საათზე, კაბინეტში ვიყავი, როცა სამი გასროლა გავიგონე. ჩამოვირბინე და რას ვხედავ, საამქროს წინ 30 პატიმარი და თანამშრომლები მიწაზე გაუწვენიათ. წვიმიანი დღე იყო და თავი გუბეში ჰქონდათ ჩარგული, შიშით ზევით ვერ წევდნენ, ოფიცრებიც მოფარებული იყვნენ კედელს და გაოგნებულები კოშკურისკენ იყურებოდნენ, ვერავინ ბედავდა განძრევას. მხოლოდ ის იცოდნენ, რომ კოშკურიდან მიზნობრივად გაისროლეს. მართლაც კოშკურაზე ჯარისკაცი შეშლილი სახით იჯდა, ხელში იარაღი ეჭირა და თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა.

ძირს ეგდო ერთი გარდაცვლილი პატიმარი. ჯარისკაცს სამი ტყვია უსვრია და ადგილზე მოუკლავს დის შემარცხვენელი... საგუშაგოსკენ გავიქეცი და შევძახე: რას შვრები, იარაღი დაუშვი-მეთქი. მსჯავრდებულები ყვიროდნენ მოეფარეთ, გესვრით... ჯარისკაცი გაოგნებული მიყურებდა, მერე იარაღი დამიმიზნა, კიდევ ერთხელ შევძახე, იარაღი დაუშვი-მეთქი და მართლაც დამემორჩილა.

ამის შემდეგ ჰაუტვახტში ჩასვეს. არეულობის პერიოდი იყო, ეტყობა იმდენად უთანაგრძნობდნენ ბიჭს, რომ ვიღაცამ მას ჰაუტვახტის კარები გაუღო და იქიდან გაუსამართლებლად გააქციეს. რამდენიმე წელიწადი იძებნებოდა, სომხეთში იყო, მოგვიანებით დაიჭირეს...

დაჭრას გადარჩენილი კოლონიის უფროსი

1991 წელი იყო, ავჭალის კოლონიის უფროსი, ბატონი ვალოდია ტაბაღუა გახლდათ. იმ პერიოდში ჩვენთან სასჯელს ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გერაძე იხდიდა. პატიმარს დალევა უყვარდა. ბატონი ვალოდია ყოფილი სპორტსმენია, ახალგაზრდობაში ერთად ვარჯიშობდნენ. გერაძემ ამ ურთიერთობით სარგებლობა მოინდომა და ტაბაღუას სასმლის შემოტანა სთხოვა. ბუნებრივია, მისგან კატეგორიული უარი მიიღო, ამის შემდეგ მუქარაზე გადავიდა. იმ დღეს უფროსის კაბინეტიდან ყვირილის ხმა მომესმა, მის კაბინეტში შევედი და რას ვხედავ, პატიმარი დგას, ხელში თვითნაკეთი ბებუთი უჭირავს და უფროსს მოკვლით ემუქრება, თან ხმამაღლა ყვირის. უცებ უკნიდან მივვარდი, ხელი გადავუგრიხე და დანა წავართვი. დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია, თორემ დანის წართმევა გამიჭირდებოდა. 

თავისუფლება "ბაბუს"!

ავჭალაში სასჯელს ერთი პირი იხდიდა, სოფელ ცხრუკვეთიდან, "ბაბუს" ვეძახდით. რამდენჯერმე ნასამართლევი იყო. ასაკოვანი არ გახლდათ, მაგრამ ცხოვრებამ ძალიან გატეხა. ცუდად გახდა, გადაადგილებაც უჭირდა, მეორე სართულიდან პირველზე გადმოვიყვანე. ღამე ვერ იძინებდა, წუხდა, იქაც შეაწუხა სხვა მსჯავრდებულები.

შეწყალებაზე განცხადება დაწერილი ჰქონდა. დღითიდღე მდგომარეობა უარესდებოდა. ძალიან განვიცდიდი, ქალბატონ რუსუდან ბერიძეს მისი მდგომარეობა ავუხსენი და მსჯავრდებულიც გავამხნევე, თან დავპირდი, თუ გაგათავისუფლეს, სახლში ჩემი მანქანით ჩაგიყვან-მეთქი. მალე კომისიიდან შეწყალებაზე დადებითი პასუხიც მივიღეთ.   

ჩემი დანაპირები მახსოვდა. როგორც წესი, მსჯავრდებული კოლონიიდან დღის პირველ ნახევარში თავისუფლდება. მოვიდა დრო და არ ვათავისუფლებ, 8 საათი რომ გახდა, თანამშრომლებმა უკვე მკითხეს, რატომ არ უშვებო. დრო მოვა, გავუშვებ-მეთქი. ღამის 12 საათი სრულდებოდა, კოლონიაში პატიმრის გაჩერების უფლება უკვე აღარ მქონდა.

თანამშრომელს ვთხოვე ზონის გარეთ გაეყვანათ და დამლოდებოდნენ. მანქანაში ექიმი, ოფიცერი და გათავისუფლებული პატიმარი ჩავისვი, ასე წავედით მის სოფელში. ღამის 4 საათზე სახლში მივიყვანეთ, არავინ ელოდა. სახლი აღმართზე იდგა, ეზოში შეუსვლელად მანქანის მობრუნება შეუძლებელი იყო, მანქანიდან ხელით გადმოვიყვანეთ. როცა "ბაბუ" დაინახეს, ოჯახმა გაიხარა, მეზობლებს გადასძახეს "ბაბუ" დაგვიბრუნდაო... რამდენიმე წელი იცოცხლა...

კიდევ ერთი პატიმარი წავიყვანე გურიაში, სოფელ მამათში. გვარად მგონი მშვიდობაძე იყო. პრეზიდენტ შევარდნაძის მშობლიურ სოფელში, მის მეზობლად ცხოვრობდა. მშვიდობაძე გათავისუფლდა, მაგრამ არავინ მოაკითხა... კარგად მახსოვს, ძლივს მივედი მის სახლამდე, რადგან ძალიან ცუდი გზა იყო. ალბათ ეს გზა შეგნებულად არ გააკეთა, რომ ოპონენტებს არ გაეკრიტიკებინათ. პატიმარი ნათესავებს ჩავაბარეთ და უკან გამოვბრუნდით.

დასჯილი ზვიად ძიძიგური

- ბატონო ზაურ, პოლიტპატიმრების თემას მივუბრუნდეთ, როგორ გაიხსენებთ პატიმარ ზვიად ძიძიგურს, რამდენად კანონმორჩილი იყო?

- თითქმის ერთდროულად შემოვიდნენ კოლონიაში ზვიად და კობა ძიძიგურები, მათი სიძე ვაჟა წერეთელი, ვალტერ შურღაია, ნუგზარ მოლოდინაშვილი, ზაურ ქობალია, ვიქტორ დომუხოვსკი, შემდგომ შემოვიდნენ მამა-შვილი - გედი და პეტრე გელბახიანები. იმ პერიოდში კოლონიაში თენგიზ კიტოვანიც იჯდა, მხედრიონელი გიგა გელაშვილი და მათი მომხრეები. ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ზვიად ძიძიგური და მისი ჯგუფი, ერთხელ დავსაჯე.

- ზვიადმა დასჯა რატომ დაიმსახურა?

- ერთ დღეს კოლონიის შესასვლელთან ჟურნალისტებმა მოიყარეს თავი. მიზეზი რამდენიმე პატიმრის განცხადება გახდა. ერთ-ერთი გაზეთისთვის ძიძიგურს უთქვამს, მსჯავრდებულებმა მჯდომარე შიმშილობა გამოაცხადეს, რადგან ხელმძღვანელობამ ამანათების გადაცემა და შეხვედრები აკრძალაო. ჩიოდა, რომ თითქოს მნახველებს არ ვუშვებდი და ე.წ პოლიტპატიმრებზე კოლონიის ხელმძღვანელები მორალურად და ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდნენ.

ეს ის პერიოდია, როცა პრეზიდენტ შევარდნაძეზე მეორე თავდასხმა მოხდა. როგორც წესი, ასეთ დროს ქვეყანაში დისციპლინა მკაცრდება. გულწრფელად გეტყვით, ყოველთვის პატიმრებს ხელს ვუწყობდი შეხვედრებში, ამის გამო კანონიც დამირღვევია. შს მინისტრი, კახა თარგამაძეც გვეუბნებოდა, ყველა მსჯავრდებულს სასჯელის მოხდაში ხელი შეუწყვეთ, სანამ ახალი კანონი შემოვაო. კანონით პატიმარს წლის განმავლობაში მხოლოდ სამი პაემნის (ერთი გრძელვადიანი და 2 - მოკლევადიანი)  უფლება ჰქონდა.

ზვიად ძიძიგური აპროტესტებდა, რომ არ მივიღე დასავლეთ საქართველოდან მასთან ჩამოსული პირები. ეს მართალი იყო. ანაფორაში ჩაცმული ახალგაზრდა მართლა მოვიდა, რომელსაც რამდენიმე კაცი მოჰყვა. ვკითხე, ზვიადს თუ იცნობდნენ. მითხრეს, არ ვიცნობთ, მაგრამ მის სანახავად ჩამოვედით და თან ნობათი მოვიტანეთო. ანაფორაში ჩაცმული ძველბიჭური ჟარგონით საუბრობდა, თან ხელებზე სვირინგები ჰქონდა, მართალია სვირინგები დღეს უკვე მოდაშია, მაგრამ ეს არ მომეწონა, ამიტომ შეხვედრაზე უარი ვუთხარი. ამანათის შეგზავნას კი დავთანხმდი.

უარის მიზეზიც მქონდა. ერთი წლით ადრე იყო შემთხვევა, როცა მღვდელი შევიდა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თავისი ანაფორა პატიმარს ჩააცვა და ისე გამოაპარა... ჟურნალისტები ითხოვდნენ მეპასუხა, რატომ ვზღუდავდი პატიმრებს, უნდოდათ გაველანძღე. არადა, ძალიან მოწესრიგებული ვიყავი, პატიმრებთან შეხვედრის ყველა დღე, მათი ახლობლებთან შეხვედრებიც კი სპეციალურ ჟურნალში მქონდა აღწერილი. ამ ჟურნალს დღემდე ვინახავ. მოსულებს ვანახე, კანონით მინიჭებული სამი პაემნის ნაცვლად თითქმის ყველა პატიმარს, განსაკუთრებით ყოფილ თანამდებობის პირებს, მათ შორის ზვიადს, 40-დან 50-მდე შეხვედრა ჰქონდა. ჩანაწერები თავიანთი თვალით რომ ნახეს, ყველამ მხარი დამიჭირა, არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის კი ზვიადს საყვედური უთხრეს. 

- ძიძიგურთან შემდეგ პრობლემები არ შეგქმნიათ?

- ეკლესიის მშენებლობის დროს ჩვენი ურთიერთობა დათბა. კიდევ უფრო კარგად  განეწყო ჩემს მიმართ, როცა ზვიადის ძმა, კობა კოლონიაში მოულოდნელად ცუდად გახდა და საავადმყოფოში სასწრაფოდ ჩემი მანქანით გადავიყვანე. ამის გამო ძმებმა მადლირება გამოხატეს.

- სპეცმანქანით რატომ არ გადაიყვანეთ?

- ხშირად დეპარტამენტს საწვავი არ ჰქონდა, პატიმარს კი სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა. დეპარტამენტს ვაცნობებდი და ამის შემდგომ ვიღებდი გადაწყვეტილებას, როგორ მოვქცეულიყავი. უმეტესად საქმე ავადმყოფი მსჯავრდებულის სასარგებლოდ წყდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდებოდა, განსასჯელის სკამზე მე აღმოვჩნდებოდი. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად სრულდებოდა. სწორედ ამ შემთხვევებმა ათქმევინა ახალდანიშნულ იუსტიციის მინისტრს, მიხეილ სააკაშვილს, არ შემხვედრია არც ერთი პატიმართა უფლებების დამცველი, მსჯავრდებულთა გულშემატკივარი, ჟურნალისტი, რომ თქვენზე ცუდი ეთქვასო.  

- თქვენთან სასჯელს ცნობილი ზვიადისტი, ვიქტორ დომუხოვსკიც იხდიდა, ცნობილია, რომ ე.წ. ზვიადისტების რამდენიმე ფრთა იყო და მათ შორის დაპირისპირება, დომუხოვსკის როგორ გაიხსენებთ?

- ვცდილობდი, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პატიმრები სხვა კრიმინალებისგან მოშორებით ყოფილიყვნენ, მაგრამ არც მათ შორის იყო სრული იდილია. იცით,   დომუხოვსკისა და ძიძიგურს შორის გარკვეული დისტანცია არსებობდა. ამიტომ დომუხოვსკის ბიბლიოთეკა ჩავაბარე, ზვიადს - ეკლესიის მშენებლობა, გელბახიანებს კი სამედიცინო სამსახურის მეთვალყურეობა.

დომუხოვსკი მთელ დროს ბიბლიოთეკაში ატარებდა, ძალიან განათლებული კაცია. კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა, 40 000 წიგნი იყო...

ხშირად პატიმრის გათავისუფლება მოულოდნელად ხდებოდა. მობილურები მაშინ არ იყო და ახლობლებს ვერ ვაგებინებდით. ასეთ დროს წესად მქონდა პატიმარი სადგურამდე ან სახლამდე მიმეცილებინა... მახსოვს, ვიქტორ დომუხოვსკი საბურთალოზე მივიყვანე. სახლში რომ შევედით, პატარა დანა მაჩუქა და მითხრა, აწი აღარ დამჭირდებაო... სახსოვრად დღესაც ვინახავ. შემდეგ პოლონეთში წავიდა და ვარშავიდან სააღდგომოდ მოსალოცი ბარათი მომივიდა. ყველაფრისთვის მადლობას მიხდიდა, წერილი ამ სიტყვებით სრულდებოდა: “გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაკლებ მსჯავრდებულებს”.

სპორტსმენი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ დღემდე ვცდილობ ფორმაში ვიყო და დილას ვარჯიშით ვიწყებ. კოლონიაში ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის მოედნები, პატარა საცურაო აუზიც კი გვქონდა. პატიმრები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და მე ხშირად მათი მსაჯი ვიყავი. ზვიად ძიძიგური ფეხბურთს აქტიურად თამაშობდა. ერთხელ ვიქტორ დომუხოვსკიმ მითხრა, პენალტების დარტყმაში შევეჯიბროთო. დავთანხმდი. იცოდა, უპირატესობა რომ მექნებოდა, რადგან ძლიერად ვარტყამდი. ის ატყობდა, რომ მე ნახევარი ძალით ვურტყამდი და ვინდობდი. ხელი გადამხვია და მითხრა, ამას მე ვხვდებიო. ესეც ჩემი პედაგოგიური ტაქტი იყო.

- ისიც ცნობილია, რომ ავჭალის კოლონიაში ზვიად ძიძიგურს ძაღლი ჰყავდა და ჩარლიმ მასთან ერთად მოიხადა სასჯელი. ამბობდნენ, პატიმრები ძაღლებსაც კი ჰპარავდნენ ერთმანეთს და მათ ხორცს ჭამდნენო, მართალია?

- ძაღლის ყოლა ციხეში კანონით აკრძალული იყო, მაგრამ... ერთი ლეკვი გაჩნდა, ამას მეორე მოჰყვა. რატომღაც შევეგუეთ. ზვიადსაც პატარა ლეკვი შემოუყვანეს. ასე გაატარა პატიმრობა ცნობილმა ჩარლიმ. ამბობენ, ძაღლის ხორცი ტუბერკულოზის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებააო. იყო შემთხვევა, როცა ზონაში ძაღლი დაიკარგა. ალბათ ვიღაცამ მიირთვა, რადგან შემოღობილიდან ვერსად წავიდოდა...  ციხეში რამდენიმე ძაღლი იყო. ჩარლი ყველას გვიყვარდა, მისი გაძევება პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ კარგად მესმის ცხოველის და ადამიანის მეგობრობა და ამიტომ არ დამიშლია. ერთ-ერთმა ქურდმა დიდი ძაღლი შემოიყვანა, მაგრამ ის არ გავაჩერეთ, პატარა ფინიები სხვებსაც ჰყავდათ.

დოსტაქარი

ავჭალის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სასჯელს მამა-შვილი, გედი და პეტრე გელბახიანები იხდიდნენ. ბატონი გედი შესანიშნავი ექიმი იყო. ის ჯაბა იოსელიანზე განხორციელებული ტერაქტისთვის იხდიდა სასჯელს. მითხრა, აქ უცებ გადმომიყვანეს, ოჯახმა არ იცის სად ვარ და თუ შესაძლებელია აცნობეთო. ოჯახში დავრეკე და გელბახიანის მეუღლეს, ქალბატონ ნუცას ვესაუბრე... თათბირზე შენიშვნა მომცეს, ახლა რა, პატიმრების ოჯახის წევრებს ტელეფონით უკავშირდებითო?

- ხომ არ დაგსაჯეს?

- არა, უბრალოდ ხაზი გაუსვეს ფაქტს. მაშინაც აქტიურად იყო სატელეფონო მოსმენები და ამის მერე ტელეფონით მისმენდნენ.

- გელბახიანი ავადმყოფ პატიმრებს ეხმარებოდა?

- ძალიან ხშირად  დაძინების საშუალება არ ჰქონდა, 24 საათს მსჯავრდებულებს ახმარდა. კოლონიაში მის მიერ დასმული დიაგნოზი არასოდეს გამტყუნებულა. ყველა მოკრძალებით ექცეოდა. თეთრი ხალათი ეცვა, პირველადი, აუცილებელი პრეპარატები ჰქონდა და პატიმრებს უფასოდ ურიგებდა. წნევის აპარატი, ფონეიდოსკოპი და სხვა საშუალებები, მუდამ თან ჰქონდა.

- მის ვაჟს, აწ გარდაცვლილ პეტრე გელბახიანს, როგორ გაიხსენებთ?

- პეტრეც ჩემთან იხდიდა სასჯელს. ვცდილობდი, მათთვის სასჯელის მოხდა გამეადვილებინა. პეტრე კალათბურთელი იყო. მისი შვილები მამის სანახავად მოვიდნენ და სპორტდარბაზში კალათბურთის თამაშის საშუალება მივეცი. პეტრე შვილებს ეჯიბრებოდა.

მომდევნო ნომერში გიამბობთ, როგორ ახერხებდნენ პატიმრები ციხიდან სასიყვარულო რომანების გაბმას, როგორ იწერდნენ ჯვარს ციხეში. როგორ მოკლა შეურაცხყოფილმა ქმარმა ცოლი, როგორ გახდა ყოფილი პატიმარი პოლკოვნიკი, ქალაქის არქიტექტორი...

თეა ხურცილავა