მოდა მოდის - კვირის პალიტრა

მოდა მოდის

მოდას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, იმდენად დიდი, რომ მისი გაჩენის ზუსტი თარიღი არავინ იცის. საქართველოში იგი, სავარაუდოდ, მაშინ გაჩნდა, როცა მზიამ ზეზვას პირველად გამოუცხადა, - მომბეზრდა ეს მგლის ბეწვი, უკვე აღარავის აცვია, წადი და სიასამური მოინადირეო. ისე, ხუმრობა იქით იყოს და, მოდას ჩვენთან მართლაც დიდი ტრადიციები აქვს. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ევროპელი მოგზაურები საქართველოში სტუმრობისას გაოცებას ვერ მალავნენ - პარიზული მოდა თბილისში სულ რაღაც ორი კვირის დაგვიანებით ვრცელდებაო. ეს დაახლოებით ის დროა, ჩოხას რომ ფრაკი ენაცვლება. მართალია, ეს პროცესი ტრადიციების მოყვარული ქართველებისთვის არც ისე უმტკივნეულო იყო, მაგრამ დრომ მაინც თავისი გაიტანა.

XX საუკუნეში, ცოტა არ იყოს, ჩამოვრჩით მსოფლიო მოდის სამყაროს: საბჭოთა კავშირში "დასავლური ბურჟუაზიის" ყოველგვარი გადმონაშთი სახელმწიფოს მტრად ითვლებოდა. სამაგიეროდ, არსებობდა საბჭოთა მოდა, თავისი "კარაკულის შუბებითა" და წითელი ყელსახვევებით. პრინციპში, მოდაც ეგ იყო, თუ იყო, დიდ-პატარას ზუსტად ერთნაირად ეცვა ერთ ყაიდაზე შეკერილი "კოსტიუმ-შარვლები". "მუშათა და ჯარისკაცთა" ქვეყანაში ხომ ასე მნიშვნელოვანი იყო საქმიანი ქალისა და მამაკაცის იმიჯი - რაც ჩაცმულობით, ვარცხნილობითა და, ზოგადად, ცხოვრების სტილით გამოიხატებოდა.

თუმცა, 70-იანი წლებიდან, როცა "ბითლომანია", ათასგვარი აკრძალვის მიუხედავად, მაინც რაღაცნაირად შემოძვრა რკინის ფარდის ქვეშ და ნელ-ნელა დამკვიდრდა საბჭოთა მიწისქვეშეთში, მოდამ უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ტრანსფორმაცია განიცადა. უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდნენ გრძელთმიანი ბიჭები, ასე ძალიან რომ უნდოდათ, ლივერპულელ ოთხეულს დამსგავსებოდნენ. ტრადიციულ ნაჭრის შარვლებს ნელ-ნელა დაუვიწროვდა ზედა ნაწილი, ხოლო ქვედა - გაეშალა, შედეგად კი შლაქსი მივიღეთ. თუმცა ეს მაინც არ იყო ის, რაზეც მაშინდელი ახალგაზრდები ოცნებობდნენ. ჯინსი, საბჭოთა თინეიჯერებისა და არა მარტო თინეიჯერების ფარული ოცნება, ჯერ კიდევ რკინის ფარდის მიღმა რჩებოდა. აქ ჯინსი მხოლოდ ერთეულებს თუ ჰქონდათ, ისიც, დასმენისა თუ "დაპადიეზდების" შიშით, კარადაში სათუთად შენახული. ო, როგორ ნატრობდნენ მაშინ, რომ ერთხელ მაინც ენახათ საკუთარი თვალით წარწერა Levis-ი.

შემდეგ რკინის ფარდა დაირღვა და ჯინსი ისე "შემოვარდა" საქართველოში, როგორც კედელგანგრეული დამბიდან გადმოხეთქილი წყლის ნაკადი. ნელ-ნელა ავუჩქარეთ ნაბიჯს, რომ ჩვენსა და მოდას შორის გაჩენილი დისტანცია როგორმე შეგვემცირებინა. ჯინსი დღეს უკვე აღარავის უკვირს: რამდენი სახის გინდა, სულო და გულო, ბაზრობაზე რომ არ შეგხვდეს: "არმანი", "ვერსაჩე", "დოლჩე და გაბანა", "ლევისი", "ვრანგლერი" და კიდევ ვინ მოთვლის... გამყიდველები გულმოდგინედ გიმტკიცებენ, რომ მათი საქონელი მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა დიზაინერებმა შეკერეს, შემდეგ კი უკვე ჩვენ ვუმტკიცებთ სხვებს, რომ ბაზრობაზე ნაყიდი "დოლჩე და გაბანა" სულ რამდენიმე დღის წინ იტალიიდან გამოგვიგზავნეს. ჩვენ ხომ ყოველთვის ვეტრფოდით დასავლეთს, ჰოდა, ჩვენს ტანსაცმელზე იქაური დიზაინერების სახელიც კი სიამაყის საფუძველს გვაძლევს.

დღესდღეობით საქმე ისე მიდის, მგონი, მსოფლიო მოდას კი არ ვეწევით, გავასწარით. ჩვენი თანამემამულე დიზაინერები ჩვენებას ჩვენებაზე მართავენ და გული სიხარულით გვევსება, რომ მოდა ჩვენში ისევ ცოცხლობს. საითაც უნდა გაიხედოთ, თვალში აუცილებლად მოგხვდებათ ბრჭყვიალატანსაცმლიანი ახალგაზრდები, სიყვარულით "მოსიარულე დისკოთეკები" რომ შეარქვა ქართველმა საზოგადოებამ. ფრანტები გამომწვევი გარეგნობით ცდილობენ,  ყველას დაუმტკიცონ თავიანთი უკომპლექსობა და პროგრესული აზროვნება, ან უბრალოდ, გამვლელ-გამომვლელის ყურადღება მიიქციონ. შედეგად კი უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ რაც ბრჭყვიალებს, ყველაფერი ოქრო არ არის.

ისე, გოგონები, მართალია, ბრჭყვიალა ტანსაცმელს არჩევენ, მაგრამ ბიჭები ვერა და ვერ შეელივნენ შავს (ხანდახან თეთრსაც გაიკარებენ ხოლმე!). არ ვიცი, ეს რისი ბრალია, ქართველი მამაკაცები მეტისმეტად დახვეწილები ვართ, თუ, უბრალოდ, ფერადი ტანსაცმელი მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი გვგონია, მაგრამ, ფაქტია, ბნელი ფერები ტანსაცმელთან ერთად მუდამ გასდევს ჩვენს ცხოვრებას.

მაკიაჟის ხმარება რომ ქართველებს მუდამ ძალიან გვიყვარდა, სადავო არ არის, მაგრამ ტონალური კრემის ზამთარ-ზაფხულ, ყინვასა და პაპანაქებაში ხმარება, ვგონებ, ჩვენს თანამედროვე გოგონებს უკვე ცხოვრების აზრად ექცათ. ამიტომაცაა, ალბათ, რომ სახეზე შეხებას მუდამ ერიდებიან - არიქა, ანაბეჭდი არ დაგვრჩესო. ხოლო ვისაც ტონალური კრემი არ მოსწონს, სოლარიუმს ან, თუნდაც, საკუთარი კორპუსის სახურავს აკითხავს, რომ რაც შეიძლება მაგრად გაირუჯოს, მიუხედავად იმისა, უხდება ნარუჯი თუ არა - ყავისფერი კანი დღეს მოდაშია!

ჩვენ, როგორც ცნობისმოყვარე ხალხს, რა თქმა უნდა, გვიტაცებს ყველაფერი უცხო და ეგზოტიკური. ჰოდა, თუ აქამდე ნესტოსა და მსგავს არატრადიციულ ადგილებზე პირსინგს მხოლოდ სუბკულტურების წარმომადგენლები იკეთებდნენ, დღეს გახვრეტილი ნესტო უკვე ქართული მაღალი მოდის სამყაროს განუყრელი ნაწილია. საითაც გაიხედავთ, ყველგან მოჰკრავთ თვალს პატარა მბრწყინავ წერტილს რომელიმე გამვლელის ცხვირზე. მაღალ მოდას, მგონი, დღეს მულტფილმების გმირებიც აყალიბებენ: აბა, სხვა რით აიხსნება ის, რომ ქუჩაში ყოველ მეორეს თუ არა, მესამეს მაინც ალადინის მსგავსი შარვალი აცვია - უბე რომ კოჭებამდე სწვდება. სიმართლე გითხრათ, როცა მაგ მულტფილმს ვუყურებდი, სულ მიკვირდა, რანაირად ახერხებს ეს ბიჭი ასეთი შარვლით სიარულს-მეთქი, მაგრამ ქართულმა მოდამ დამარწმუნა, რომ თურმე ეს არც ისე რთული ყოფილა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენში მოდა ისეთი ტემპით ვითარდება, რომ ყოველგვარ საზღვარს გავცდით. საქართველოში ეს გასაკვირი არცაა: ქართველებს ხომ ყველაზე მეტად გვიყვარს (და კარგადაც გვეხერხება) სხვისი საქციელის, ჩაცმულობის ან, თუნდაც, ლაპარაკის მანერის მიბაძვა: ყოველთვის ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ მათ, ვინც გაბედავს და რამე ახალს შემოგვთავაზებს. ამიტომ ჩვენში ყველაფერი ორიგინალური რეკორდულად მოკლე ხანში ბანალური ხდება.

რაც გუშინ იყო მოდაში, დღეს აღარ ახსოვთ, ისევე როგორც გუშინ არ ახსოვდათ გუშინწინდელი. ხვალ კი დღევანდელისგან  სრულიად განსხვავებულ რამეს შემოგვთავაზებენ.

მოდა მოდის, მეგობრებო!

გიორგი გოგუა

გიორგი გოგუას ბლოგი