"ხელისუფლებას უბრალო ხალხი მხოლოდ არჩევნებამდე ახსოვს!" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას უბრალო ხალხი მხოლოდ არჩევნებამდე ახსოვს!"

ლეილა ნ. ოჯახს გარევაჭრობით არჩენს. მისი დანახვისას უნებლიეთ ნიკო ლორთქიფანიძის "თავსაფრიანი დედაკაცი" მახსენდება: “ერთ დროს ლამაზი, მზემოკიდებული სახე, დახვეწილი ნაკვთები და პატარა ხელები, რომლებიც მძიმე შრომისაგან დაკოჟრილა და გაუხეშებულა”... ლეილა თავის გულისტკივილზე დაუფარავად მიყვება:

- აფხაზეთიდან დევნილი ვარ, იმ გაჭირვებაზე ლაპარაკი, რაც ომის დროს გამოვიარე, აღარ მინდა, რადგან წარსულის გახსენებას მხოლოდ ტკივილი მოაქვს. ჩემი შვილი ომობდა, დაიჭრა და კონტუზია მიიღო. დღემდე პატარა ბავშვივით ვუვლი, რადგან ნაომარი კაცის ამბავი ხომ იცით - აღარც მოთმინება შერჩა და აღარც ჯანმრთელობა. ქმარი ომამდე ათი წლით ადრე დამეღუპა, კიდევ კარგი, რომ არ მოესწრო ჩვენს აწიოკებას, თორემ დიდხანს მაინც ვერ იცოცხლებდა. მე იმ დამცირებასა და გაჭირვებაზე მინდა გიამბოთ, რომელიც დევნილობაში გამოვიარე. წლების მანძილზე ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. ჩემს ავადმყოფ შვილს რაღა შეეძლო და ვინ იცის, ამ თვრამეტი წლის განმავლობაში რა აღარ ვცადე: ხან ხაჭაპურით ვვაჭრობდი, ხან - ტანსაცმლითა და სხვადასხვა წვრილმანით, ძირითადად დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვინ იცის, რამდენჯერ აგვიკრძალეს იქ ყოფნა, რამდენი დევნა, გინება და დამცირება გადამიტანია პოლიციელებისგან, მაგრამ ხომ გაგიგონიათ - გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას განახებო… მეც ყველაფერს ვითმენდი.

- როგორ გექცეოდნენ პოლიციელები?

- ყოველთვის, როცა გარევაჭრობის აკრძალვაზე დაიწყებოდა ლაპარაკი, მოდიოდნენ გვლანძღავდნენ და გვაგინებდნენ. რამდენჯერ წიხლიც აუკრავთ ჩვენი საქონლისათვის და წაურთმევიათ. ვემალებოდით, მაგრამ მაინც ვბრუნდებოდით. ყველას ჩვენ-ჩვენი ადგილი გვქონდა და იმ ადგილების დაკარგვა ნამდვილად არ გვინდოდა.

- ამჯერად როგორ გაათავისუფლეს გარემოვაჭრეებისგან დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორია?

- ახლაც ძალით აგვყარეს იქიდან. 10 აგვისტოდან აიკრძალა გარევაჭრობა, ბრძანება თბილისის მერიამ გამოსცა. რა ენაღვლებათ, თვითონ ფუფუნებაში ცხოვრობენ, არაფერს იკლებენ, ჩვენ კი საკუთარი შრომითა და ტანჯვით ნაშოვნ კაპიკებს გვაცლიან პირიდან! ბევრი ვიბრძოლე, მერიის შენობასთან და პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ მიტინგებზეც ვიარე, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

- სად წავიდა ამდენი ხალხი, უმუშევარი დარჩა?

- ზოგიერთი ახლადგახსნილ პატარ-პატარა ბაზრობებზე დაასაქმეს, ძალიან ბევრი კი უმუშევარი დარჩა. ისინი, ვინც სურსათით ვაჭრობდნენ იქვე, დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე რომ ხალხი ზის, იმათ შეუერთდნენ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ იქაც ნაცნობობაა საჭირო(!) ადგილი რომ არ ჰყოფნით, ყოველდღე ჩხუბობენ. მე ჯერ არ ვიცი რა გზას დავადგები.

- იქნებ სხვა სამსახური მოძებნოთ?

- ეჰ, ამ ქვეყანაში ნორმალური სამსახური დიპლომიანებსაც არა აქვთ. მე კი იმდენს ვშოულობდი, რომ მთელ ოჯახს ვარჩენდი. ახლა კი საარსებო წყაროს გარეშე დავრჩით. საშინლად დამცირებული და შეურაცხყოფილი ვარ, რადგან ხელისუფლებას უბრალო ხალხი მხოლოდ არჩევნებამდე ახსოვს, არჩევნების შემდეგ კი - ჩვენც ვავიწყდებით და ჩვენი პრობლემებიც. ზუსტად ვიცი, ახალი არჩევნების მოახლოებისთანავე გარევაჭრობას დაუშვებენ, მაგრამ სულ ტყუილად - მე და ჩემისთანები ამ ხელისუფლებას ხმას ნამდვილად აღარ მივცემთ! ყველაზე მეტად კი იცით რაზე მწყდება გული? - როცა მესმის, ლტოლვილები აშენდნენ და ჩვენზე კარგად ცხოვრობენო. ვინც ამას ამბობს, მინდა ის ტანჯვა გამოიაროს, რაც მე შემხვედრია, მაგრამ როცა დავფიქრდები, მრცხვენია: მაინც არავინ მემეტება ჩემი ხვედრისათვის. ღმერთმა ნურავის გამოაცდევინოს ის, რაც დევნილებმა გამოვიარეთ!

ხათუნა ჩიგოგიძე