"მხიარული" ბორბალი - კვირის პალიტრა

"მხიარული" ბორბალი

5 სექტემბერს მთაწმინდის პარკში დიდი ზეიმი გაიმართა: "გიგანტური ბორბალი", რომლის რეკონსტრუქციაც კარგა ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, როგორც იქნა გაიხსნა. საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა: უკრავდა თბილისის ბიგ-ბენდი, ფეიერვერკები და სასიამოვნო მუსიკა ამაღლებულ განწყობას ქმნიდა, დედაქალაქის მერი გიგი უგულავაც კმაყოფილი ჩანდა სანახაობით. თუმცა, ზეიმის დასრულების შემდეგ მოვლენები უსიამოვნო სცენარით განვითარდა: საქმე ის არის, რომ "გიგანტური ბორბალი" მწყობრიდან გამოვიდა და გაჩერდა.

დახურულ კაბინებში მსხდომი ადამიანები დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ჰაერში ეკიდნენ. სპეციალისტებმა ბორბალი საპირისპირო მიმართულებით დაატრიალეს და იქ გამომწყვდეული ხალხი, როგორც იქნა, მიწაზე დააბრუნეს. ატრაქციონის თანამშრომელთა მტკიცებით "გიგანტური ბორბალი", რომელსაც ხალხში "ეშმაკის ბორბალს" ეძახიან, გადაიტვირთა და გაჩერდა.

KvirisPalitra.Geთუმცა, ბოროტ ენებს თუ დავუჯერებთ, მისი შეფერხების მიზეზი არც ისე უწყინარი ყოფილა: როგორც ამბობენ, ატრაქციონი ექსპლუატაციაში ჯერ არ უნდა შესულიყო, რადგან ტექნიკური სამუშაოები  ბოლომდე არ იყო დასრულებული. ჩვენ ვესაუბრეთ მთაწმიდის პარკის საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ ყველაფერს უარყოფენ და ამტკიცებენ რომ ბორბალი უბრალოდ გადაიტვირთა და მასში ჩაჯდომა საშიში ნამდვილად არ არის. შეგახსენებთ, რომ "გიგანტური ბორბალი" 64 მეტრის სიმაღლისაა და იქიდან მთელი თბილისი ხელისგულივით მოსჩანს. რა განწყობაზე უნდა ყოფილიყვნენ 64 მეტრის სიმაღლეზე, ჰაერში გამოკიდებული ადამიანები, რომლებიც "ეშმაკის ბორბალში" ისხდნენ, ამის გარკვევა თქვენთვის მოგვინდვია…      

 

ხათუნა ჩიგოგიძე