ქართველ პოლიტიკოსთა სასკოლო თავგადასავლები - კვირის პალიტრა

ქართველ პოლიტიკოსთა სასკოლო თავგადასავლები

ახალი სასწავლო წელი უკვე მოგვიახლოვდა. სასწავლო წლის პირველი დღე ყველა ადამიანში განსხვავებულ ემოციას აღძრავს: ზოგიერთში ერთგვარ ნოსტალგიას იწვევს, ზოგიერთში კი - მომავლის იმედსა და სიხარულს.

ჩვენი რესპონდენტები პოპულარული პოლიტიკოსები არიან. ერთ დროს ისინიც ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ, ცელქობდნენ და "შატალოებზეც" დადიოდნენ. საკუთარ ბავშვობაზე და იმაზე, თუ როგორ ხვდებოდნენ ახალ სასწავლო წელს, უფრო კარგად თავადვე გვიამბობენ:

KvirisPalitra.Geზვიად ძიძიგური:

- საშუალო სკოლა სამტრედიაში, ჩემს მშობლიურ რაიონში დავამთავრე. მახსოვს, კიდეც მიხაროდა სასწავლო წლის დაწყება და კიდეც მწყინდა. მიხაროდა იმიტომ, რომ ჩემს მეგობრებს ვნახავდი, მწყინდა იმიტომ, რომ სწავლა იწყებოდა. ეს კი ჩემთვისაც ისეთივე იძულება იყო, როგორიც ბავშვების დიდი უმრავლესობისთვის. ამიტომაც, 1 სექტემბერს მუდმივად გაორების გრძნობა მქონდა ხოლმე.

- ბატონო ზვიად, გაიხსენეთ ყველაზე გამორჩეული 1 სექტემბერი…

- ყველაზე გამორჩეული ჩემთვის ის დღე იყო, როცა პირველ კლასში, მოკლე შარვლით მიმიყვანეს მშობლებმა. თან მეშინოდა, თანაც მიხაროდა. ეს მართლაც დაუვიწყარი დღე იყო. სულ სხვაა, როდესაც სხვა სამყაროში, სხვა გარემოში გადადიხარ და შენს ბავშვურ, უდარდელსა და სიამოვნებებით დახუნძლულ ცხოვრებას პასუხისმგებლობაც ემატება. სხვათა შორის, მეცხრე კლასის ჩათვლით კარგად ვსწავლობდი, მერე ცოტა "ავურიე" - გარდატეხის ასაკმა, პირველმა სიყვარულმა თავისი გაიტანა და ცოტა გავზარმაცდი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩემთვის წარმატებით ჩამებარებინა მისაღები გამოცდები პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. სკოლაში მიღებული ცოდნით საკმაოდ იოლად და კარგად ჩავაბარე. 

- ცელქი ბავშვი იყავით?

- არც ძალიან ცელქი ვიყავი და არც ძალიან წყნარი, ნორმალური ბავშვი ვიყავი. საკმაოდ კარგად ვსწავლობდი ტექნიკურ საგნებს და როდესაც საკონტროლო გვქონდა, მთელი ჩემი რიგი ჩემგან იწერდა ხოლმე. "შპარგალკა" არასოდეს გამომიყენებია, რადგან მის დაწერას იმდენი დრო სჭირდებოდა, გაკვეთილის მომზადება მერჩივნა. ყველა ბავშვურ ანცობაში ვმონაწილეობდი და "შატალოზეც" დავდიოდი, არასოდეს მითქვამს ამხანაგებისთვის ხუთოსანი ვარ და ვერ წამოვალ-მეთქი. მასწავლებლებსაც ვაწვალებდი, მაგრამ იყვნენ ისეთები, რომლებიც თავს არ გაგაწვალებინებდნენ. განებივრებული ვიყავი კარგი მასწავლებლებით: ლილი ჭავჭანიძე ფიზიკას მასწავლიდა, ზაირა სვანიძე და ანა კიღურაძე - მათემატიკას. მათ შემაყვარეს ტექნიკური საგნები და ჩემი მომავალიც განსაზღვრეს. 

KvirisPalitra.Geეკა ბესელია:

- ძალიან დიდი ემოციით ვხვდები ამ სასწავლო წლის დაწყებას იმიტომ, რომ ჩემი გოგონა ლიზი პირველად მიდის სკოლაში. ის ძალიან დიდი სიხარულით ხვდება ამ მოვლენას და ჩვენც თანამონაწილენი ვხდებით მისი განცდებისა. ისედაც, სასწავლო პროცესის დაწყების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. როდესაც სკოლაში პირველად წავედი, 6 წლისაც არ ვიყავი, მაგრამ უკვე კითხვაც ვიცოდი და წერაც, მახსოვს როგორ მიხაროდა სკოლაში მისვლა. ყოველთვის მიყვარდა 1 სექტემბერი და ახლაც სიამოვნებით ვიხსენებ, როგორ ვამზადებდით სასკოლო ფორმებსა და თეთრ წინსაფრებს, რომლებიც საგულდაგულოდ უნდა ყოფილიყო გახამებული. თანაც, კარგი მოსწავლე ვიყავი, აქტიურად ვერეოდი ყველა ღონისძიებაში, რომელიც სკოლაში ტარდებოდა. ძალიან ორგანიზებული ბავშვი ვიყავი და სკოლა ისე დავამთავრე, გაკვეთილების მომზადების პროცესში ჩემი მშობლები არასოდეს ჩარეულან. ვსწავლობდი ყველა საგანს, მათ შორის ტექნიკურ საგნებსაც, რომლებიც ძალიან არ მიყვარდა. უფრო მეტად მასწავლებლებთან ვმეგობრობდი, დღემდე განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს ჩემი კლასის ხელმძღვანელთან - ლამარა მორგოშიასთან.

- ქალბატონო ეკა, სკოლაში შეყვარებული არ გყოლიათ?

- პირველად მე-5 კლასში ვიყავი, როცა სასიყვარულო ბარათი მომწერა ერთმა მეშვიდეკლასელმა ბიჭმა. წერილებს მწერდნენ, ისე ვერ მიბედავდნენ, რადგან ძალიან მკაცრი ვიყავი. მე თვითონ სკოლის ასაკში შეყვარებული არ ვყოფილვარ.

KvirisPalitra.Geგიორგი გუგავა:

- სკოლაში მისვლა ბავშვისათვის განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან სრულიად ახალი განცდებითა და გრძნობებით ივსება მისი გონება. პირველ კლასში რამდენიმე თვის განმავლობაში დედა არ მომცილებია, ის გარეთ მელოდა, ჩემს კლასთან იდგა და "მდარაჯობდა". შემდეგ კი ნელ-ნელა შევეჩვიე სკოლას. სასწავლო წლის დასაწყისსაც სიხარულით ვხვდებოდი, რადგან იქ მეგობრები მელოდნენ. ცელქიც ვიყავი და ხშირ შემთხვევაში დისციპლინის დამრღვევადაც ვევლინებოდი მშობლებსა და პედაგოგებს. ცუდი მოსწავლე არ ვყოფილვარ, მაგრამ ოთხიანზეც კმაყოფილი გახლდით. ყოფილა შემთხვევა, როცა სამიანიც მიმიღია. ჩემს დასახასიათებლად ყველაზე კარგად ალბათ ქართულის მასწავლებლის სიტყვები გამოდგება, მან ვაჟა-ფშაველას ტომი მაჩუქა და ნაჩუქარ წიგნს წარწერა გაუკეთა: ჩემს ნიჭიერ, მაგრამ ზარმაც მოსწავლეს - გიორგი გუგავას… ეტყობა ჩემს შესაძლებლობებს ბოლომდე არ ვიყენებდი და ამას მასწვლებლები კარგად ხედავდნენ.

-"შატალოზე" თუ წასულხართ?

- შატალოებიც მიყვარდა, ზოგჯერ ინიციატორიც ვყოფილვარ და ამის გამო გაკიცხვაც დამიმსახურებია. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ოღონდ ჩემი სიცელქე ზღვარს არასოდეს გადადიოდა. შეყვარებულიც მყავდა, ჩხუბშიც ჩავრეულვარ და გაკვეთილის ჩაშლაშიც მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თავხედი და უდიერი დამოკიდებულება მასწავლებლების მიმართ არასოდეს გამომივლენია. დღემდე საოცარი მოკრძალება მაქვს მათ მიმართ. ჩემს შვილებსაც და საერთოდ, ყველა ბავშვს ვურჩევ, არ დაკარგონ პატივისცემა თავიანთი პედაგოგების მიმართ, რადგან მასწავლებელი ბავშვის სულის მეჩუქურთმეა.

ხათუნა ჩიგოგიძე