მადლი მადლს შობს... - კვირის პალიტრა

მადლი მადლს შობს...

ადამიანები სიყვარულისთვის ვართ შექმნილი, მაგრამ ცხოვრება ბოროტებისა და სიკეთის ჭიდილად ვაქციეთ. ამ ჭიდილში კაცს ხანდახან ისე გაუჭირდება, ყველაზე დიდ სიმდიდრეს, ადამიანის იმედს ჰკარგავს. ამიტომაც ხშირად ისმის - მთავარია, ფეხი არ დაგიცდეს, თორემ  არავინ წამოგაყენებსო. ეს გვაძრწუნებს და უიმედობით გვავსებს - ნეტა მართლა რომ გამიჭირდეს, ვინ მიშველისო? სინამდვილეში ასე როდია საქმე, უბრალოდ, ცუდი უფრო ჩანს და ამიტომაც გვგონია, რომ უკეთურობით არის სავსე ქვეყანა.

ვინ გვიშველის და ისევ ჩვენ გვერდით მდგომი! ასეთი კი იმდენი გამოჩნდება, რამდენიც ჩვენს გაჭირვებას დასჭირდება. ასე რომ არ იყოს, სიცოცხლეს ჩალის ფასი ექნებოდა და არც ის სიტყვები იქნებოდა, ჩვენს სიცოცხლეს რომ ათბობს: ”რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!” ამის იმედი ღმერთმა ნუ მოგვიშალოს.

მოდი, სიკეთესა და სიყვარულზე ვწეროთ და ერთმანეთს გულები გავუთბოთ, - ჩვენ ასე გადავწყვიტეთ.

ახლა კი ერთი უბრალო ბიჭის ამბავს მოვყვებით, უანგაროდ გაწვდილმა ხელმა, ღირსეულ კაცად რომ აქცია. ეს კაცი ახლა ოზურგეთში ცხოვრობს. ამ პატარა ქალაქში ბევრი დადის, ვისაც ახლა უკვე დათო გოგუაძე უწვდის ხელს. ასეა, მადლი მადლს შობს, კაცობის მაგალითებზე კაცები იზრდებიან...

წლების წინ, როცა ბატონი დათო გოგუაძე უნივერსიტეტს ამთავრებდა, ისეთ გზაგასაყართან დადგა, არჩევანი რომ უნდა გააკეთო, მაგრამ არჩევანს აზრი არ აქვს, - რომელ მხარესაც წახვალ, სახეირო არაფერი გელის. ერთი სიტყვით, ან ოზურგეთში უნდა დაბრუნებულიყო, სადაც დედა, ახალგარდაცვლილი მამის საფლავი და ჩაბნელებულ ქალაქში უმუშევრობა ელოდა, ან დედაქალაქში დარჩენილიყო, უკეთეს შემთხვევაში ემუშავა სადმე ბაზრობაზე (სხვა არჩევანი არ იყო), ეხადა ბინის ქირა და... მოკლედ გაჭირვებით გაეტანა ცხოვრება. არადა დათო ძალიან ნიჭიერი იყო... არჩევანი მაინც გააკეთა, - დედასთან წავიდა ოზურგეთში.

- და როგორი დაგხვდათ ქალაქი, ბატონო დათო?

- ეს საშინელება გავიხსენო? ქუჩები სამარესავით ბნელი და სახლები ყინულივით ცივი. ხალხი გასული იყო ქალაქიდან, ვინც ოზურგეთში იყო დარჩენილი, ქუჩაში ბირჟაობდა... ვიჯექი სიბნელეში და გამუდმებით ვფიქრობდი იმაზე, რომ ცხოვრება დამთავრდა და წინ კარგი არაფერი მელოდა. ერთი სიტყვით, დეპრესიაში ჩავვარდი. მამაც აღარ მყავდა ცოცხალი... საწყალი დედაჩემი ბაზარში ვაჭრობდა და მის კმაყოფაზე ვიყავი. თავიდან ძალიან მრცხვენოდა, მერე თანდათან შევეჩვიე, სიამოვნებით გეახლებოდით მის მოტანილ საჭმელს. მარტო ჭამა რას მიქვია-მეთქი და ბირჟავიკებსაც დავიწვევდი ხოლმე. თანდათან მამაჩემის დატოვებულ ღვინოსა და არაყს მივადექი.

- და გალოთდით...

- ასე ვთქვათ. შინ დაბრუნებულ საწყალ დედას ხშირად ვხვდებოდი სუფრაზე ჩამოძინებული. ერთხელ ისე გაცოფდა, მიადგა და სასმლის ყველა ბოთლი დალეწა, მაგრამ არყის შოვნას რაღა უნდოდა, - ნისიად ვიღებდი, მერე დედაჩემი ისტუმრებდა. ახლა ძალიან მრცხვენია... სულ მეხვეწებოდა, შვილო, სახლიდან გადი, სადმე გაზეთის ნაგლეჯს მაინც იპოვი და წიკითხავ, ეგებ იმისთანა რამ ეწეროს, გამოგადგესო.  ვეუბნებოდი, ქუჩაში გაზეთებს ვინ დაგიყრის, მაგასაც ფული უნდა, თავი გამანებე-მეთქი. დედა თავს როგორ დაგანებებს, ჩემთან რომ ვერაფერს გახდებოდა, ჩემს კლასელებს, კახას და ნიკას მიადგებოდა ტირილით, თქვენი მეგობარი იღუპება და მიშველეთო. იმათი მამა, ლევან ბიძია მეხვეწებოდა, - ბიჭო, დათო, თავს ნუ იღუპავ, კაცი უნდა დადგეო. დავპირდებოდი, აღარ დავლევ-მეთქი და მერე ისევ ვსვამდი.

ბიძია ლევანი არ მეშვებოდა. ერთხელ, რა გინდა, რას დამდევ-მეთქი და მთვრალმა კინაღამ საცემად გავიწიე. მაისურში ისე წამავლო ხელი და მაჯანჯღარა, ვიფიქრე, თავი მომძვრება-მეთქი. მერე რაღაც გაზეთი შემომაჩეჩა ხელში, - რომ გამოფხიზლდები, წაიკითხე, შენთვის სასიკეთო საქმეზე წერია, ხვალ პასუხისთვის მოვალო. ესეც დედაჩემივით, გაზეთს მაჩეჩებს-მეთქი, - სულ გავცოფდი, მაგრამ ამას ხომ ვერ ვეტყოდი, ცხვირ-პირს დამინგრევდა. გამოფხიზლებულს შემრცხვა და გაზეთი გადავშალე, - სხვათა შორის ოზურგეთის მედია გახლდათ. გურიის ზონაში მსოფლიო ბანკი აცხადებდა კონკურსს უცხოური სტიპენდიების მოპოვებაზე, სოფლის მეურნეობის დარგში. თან როგორ სტიპენდიებზე იყო ლაპარაკი იცით? თვეში დაახლოებით 1000 ევროზე. მოკლედ, გაოგნებულმა დავდე გაზეთი. თუ კონკურსი იყო, კახაცა და ნიკაც აუცილებლად შეიტანდნენ განაცხადს. გამოდიოდა, რომ ლევან ბიძიამ მისი შვილების მთავარ კონკურენტს მოუმართა ხელი. ჯერ კიდევ სკოლაში ითვლებოდა, რომ ერთნაირად ძლიერები ვიყავით. მოკლედ, კონკურსის თავი არ მაქვს-მეთქი... კინაღამ გაგიჟდა, ძლივს გამოჩნდა შესაძლებლობა, რომ შენი ნიჭი მოიხმარო, ვიცი მაგას რატომაც აკეთებ, კახასა და ნიკას არ გინდა ხელი შეუშალოო. მერე ბიჭებიც მომადგნენ და მანამდე არ მომეშვნენ, სანამ განაცხადი არ შემატანინეს. 400 კაცი მონაწილეობდა კონკურსში. ბიჭები გარეთ დარჩნენ, მე მიმიღეს. მახსოვს, იმ დროს კონკურსიდან ისეთ ხასიათზე გამოვედი, სტიპენდია კი არა, სიცოცხლე აღარ მინდოდა. პირველი ვინ გადამეხვია, იცით?

- ლევან ბიძია, ალბათ.

- მიხვდით, ხომ? ნამდვილი სიკეთე ასეთია, ეჭვს, შურსა და სხვა ამისთანებს გულიდან რეცხავს. სამაგიეროდ, ამ გულში აუცილებლად შედის საპასუხო მადლი. იმ სტიპენდიამ და რაც მთავარია, უცხოეთში სასწავლებლად წასვლამ ისე გამმართა წელში, რომ იქედან ჩამოსულმა საკუთარი პროექტები წამოვიწყე სოფლის მეურნეობაში, მცირე ფერმერული მეურნეობები ჩამოვაყალიბე და კახა და ნიკა დავიყენე გვერდით. ახალ სამივე კაცები ვართ და გამოგიტყდებით, ზოგჯერ გვიკვირს კიდეც, რამდენი შევძელით.

- ლევან ბიძიას თუ უკვირს?

- იმას იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული და იმდენჯერ აქვს გამოცდილი ღმერთი უკან რა მადლით უბრუნებს, რა უნდა გაუკვირდეს. ოღონდაც გეგონება ისევ პატარა ბიჭები ვიყოთ, ახლაც სულ იმას გვიმეორებს, კაცი ამ ქვეყნად იმიტომ მოდის, სიკეთე აკეთოსო. ჩვენც ვცდილობთ. მერწმუნეთ, ადამიანს ამაზე დიდ სიამოვნებას არაფერი ანიჭებს.

- აუცილებლად, გერწმუნებით.

P.S. თქვენ როგორ ფიქრობთ? მოგვწერეთ ამაზე და იმათზეც, ვინც თქვენ გვერდით უანგარო მადლს იქმს. ჩვენ აუცილებლად გამოგეხმაურებით. მოდი, ერთმანეთს გულები ასე გავუთბოთ.