"მორალისტი მშვიდობისმყოფელები" - კვირის პალიტრა

"მორალისტი მშვიდობისმყოფელები"

ამ თემას არც შევეხებოდი, რომ არა რამდენიმე შემთხვევა, რომლებსაც პირადად შევესწარი. ჩემს ერთ-ერთ წერილში ვახსენებდი ქუჩებში, პარკებსა თუ ნებისმიერ სხვა ხალხმრავალ ადგილას მოსეირნე მკაცრსახიან ბებიებსა და ბაბუებს, რომლებიც თავიანთ პირდაპირ მოვალეობად ახალგაზრდობაში გარყვნილების აღკვეთას და ერის "სულიერად და მორალურად განწმენდას" მიიჩნევენ. შეიძლება ეს ვინმემ ხუმრობად მიიღო, მაგრამ, როგორც ამბობენ, ხუმრობა რა ხუმრობაა, თუ სიმართლე არ ურევია. ჩვენი "მშვიდობისმყოფელები” ყველგან არიან და თავიანთ "საპატრულო ტერიტორიაზე" საკუთარ კანონებს ადგენენ. დამრღვევებს კი დანაშაულის "სიმძიმის" შესაბამისად უსწორდებიან. თუმცაღა, ამ "დანაშაულის სიმძიმესაც" მხოლოდ და მხოლოდ ისინი განსაზღვრავენ. მათს არსენალშია მრავალი სალანძღავი სიტყვა, წყევლა, გინება, ოჯახის შეურაცხყოფა და ა.შ. მოკლედ, მოინდომე და ადამიანის გათათხვას რა უნდა.

ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ, შეიძლება, მოზრდილმა, ჩამოყალიბებულმა ადამიანმა იფიქროს, რომ მორიგ თავქარიან თინეიჯერთან აქვს საქმე, რომელმაც არ იცის, უფროსი თაობისადმი პროტესტი როგორ გამოხატოს, მაგრამ არც მთლად ეგრეა საქმე: ქართველები რომ ტრადიციების მიმდევარი ხალხი ვართ და მორალს ყველაფერზე წინ ვაყენებთ, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. არც ის არის საიდუმლო, რომ უფროსი თაობა ყოველთვის მზად არის გააკრიტიკოს უმცროსების საქციელი. საზომი კი ყოველთვის ერთია: "ჩვენს დროს ასე იყო".

არ ვიცი, რა იყო "მათს დროს", მაგრამ სიტუაციები, რომლებსაც მე თვითონ შევესწარი თქვენ თვითონ განსაჯეთ.

გაზაფხულის მშვიდი დღე იყო. გახსოვთ ალბათ წელს რა გვიან შეგვახსენა გაზაფხულმა თავი, ჰოდა, სწორედ ისეთი პერიოდი იყო, ზამთრის ავდრების შემდეგ წყვილებს რომ ერთად გასეირნების შანსი მიეცათ. მოკლედ, თამარ მეფის ხიდზე გოგო და ბიჭი იდგნენ, ერთმანეთისგან ასე, 15–20 სანტიმეტრი აშორებდათ და ბინძური მტკვრის რომანტიკული დინებით ტკბებოდნენ, როდესაც მათ გვერდით მანქანა გაჩერდა. ამ ფაქტს ყურადღებას არცკი მივაქცევდი, ვიფიქრებდი მანქანა გაფუჭდა, ან რამე-მეთქი, რომ არა ასე, ორმოცდაათი-ორმოცდათხუთმეტი წლის მამაკაცი, რომელმაც ღია ფანჯრიდან თავი გადმოყო და წყვილს მრავალსართულიანი გინება ესროლა. სანამ გაოცებული გოგო-ბიჭი გაერკვეოდა, რა მოხდა, მანქანა ადგილიდან მოწყდა და თვალს მიეფარა. თუმცა ეს ყველაზე მოკლემეტრაჟიანი კადრია იმათთან შედარებით, რომლებსაც წინ შემოგთავაზებთ.

თსუ-ის მაღლივ კორპუსს ალბათ არავისთვის წარდგენა არ სჭირდება, ისევე როგორც ცნობილ მაღლივის ხიდს, რომელიც სწავლის პერიოდში უნივერსიტეტელების საყვარელი სასეირნო ადგილია. გაზაფხულის კიდევ ერთი მზიანი დღე იყო და ხიდზეც აქა-იქ დასეირნობდნენ სტუდენტები: ზოგი ჯგუფად, ზოგი წყვილ-წყვილად... ერთი წყვილი განცალკევებით იდგა: ხელიხელჩაკიდებული თავისთვის საუბრობდნენ რაღაცაზე და მხიარულად იცინოდნენ.

იქვე შავებში ჩაცმული მოხუცი ბებო მოდიოდა პატარა ბავშვთან ერთად. შავოსანმა ქალმა უეცრად წყევლა-კრულვა და ლაძღვა დაიწყო... ვისი მისამართით იყო მიმართული, ალბათ თქმა არ სჭირდება. ამ შემთხვევამაც მშვიდობით ჩაიარა. დაახლოებით ორწუთიანი მონოლოგის შემდეგ ქალმა გზა განაგრძო, მაგრამ შემდეგი ისტორია ცოტა უფრო მძიმე შედეგებით დასრულდა.

სულ რამდენიმე დღის წინ გაჩერებაზე ავტობუსს ველოდებოდი. სკამზე ორი შუახნის ქალბატონი იჯდა, იქვე კი გოგო და ბიჭი იდგნენ. წამში შეატყობდი, ერთმანეთთან მხოლოდ მეგობრობა არ აკავშირებდათ. უბრალოდ დგომა არაფერი, რომ ბიჭს უეცრად საბედისწერო ნაბიჯი არ გადაედგა და გოგონასთვის ლოყაზე, ვიმეორებ, ლო-ყა-ზე(!) არ ეკოცნა. ეს იყო და იქვე მჯდომი ქალებიდან ერთ-ერთმა ამ ერის გამრყვნელი და დამაქცეველის ნახვაზე თავი ვერ შეიკავა და ლანძღვა-გინების კორიანტელი დაატრიალა.

თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ამ შემთხვევას არც ისე მშვიდობით ჩაუვლია, როგორც წინა ორს: ბიჭმა აღარ მოუსმინა, როგორ გადადიოდა "მშვიდობისმყოფელი" ქალბატონი უკვე ოჯახის ლანძღვაზე და "ქალბატონო, ჯობია თქვენს ოჯახს მიხედოთ, ვერ გავიგე, რას მემართლებითო”, მიახალა. აქ კი საქმეში მეორე ქალბატონიც ჩაერთო, რომელსაც უკვე "გაუზრდელი ლაწირაკის" უფროსთან შეპასუხება არ მოეწონა. მოკლედ, ავტობუსის გაჩერებაზე ხუთწუთიანი ომი გაიმართა, რომლიდანაც, ღმერთმა იცის, გამარჯვებული ვინ გამოვიდა.

თუმცა, როგორც უნდა დასრულებულიყო ეს "ბრძოლა", არა მგონია, მორალისტი მისიონერების საქმიანობისთვის რამე ზიანი მიეყენებინა. საქმე ისაა, რომ ასეთი დიდსულოვანი ადამიანები, რომლებიც ერის გარყვნასა და დაქცევას ყველანაირად უშლიან ხელს, ჯერ კიდევ არსებობენ და იბრძვიან ქვეყნის სულიერი გადარჩენისათვის. დიახ, ისინი ყველანაირ ძალას, წყევლა-კრულვასა და ლანძღვა-გინებას იყენებენ, რომ ჩვენი ქვეყანა გადაგვარებისგან გადაარჩინონ. მათი მისია ერთია: იბრძოლონ მანამ, სანამ ბედკრულ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ არ აღკვეთენ სიყვარულის უკანასკნელ გამოვლინებას.

გიორგი გოგუა

გიორგი გოგუას ბლოგი