Do you speak English? ანუ მთელი საქართველო ინგლისურად უნდა ალაპარაკდეს! - კვირის პალიტრა

Do you speak English? ანუ მთელი საქართველო ინგლისურად უნდა ალაპარაკდეს!

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ჩვენმა პრეზიდენტმა უცხოეთიდან ინგლისური ენის მასწავლებლების ჩამოყვანა მოისურვა და ეს წადილი აისრულა კიდეც. თანაც, მათი ჩამოსვლა დავით აღმაშენებლის მიერ ყივჩაღთა ჩამოსახლებას შეადარა. ახლახან ჩვენი მოსახლეობა კიდევ რამდენიმე სიურპრიზის წინაშე დადგა: თურმე 200 ლარით მეტს გადაუხდიან იმ პედაგოგსა და პოლიციელს, რომელმაც ინგლისური ენა კარგად იცის, უფრო მეტიც, ამ ენის ცოდნის გარეშე 2011 წლიდან სტუდენტი დიპლომს ვერ მიიღებს(!). საბოლოოდ კი, დაახლოებით ორ წელიწადში მთელი საქართველო ინგლისურად უნდა ალაპარაკდეს!

ამ საკითხზე ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს ერთმანეთისაგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ:

ლეილა თ., უმუშევარი:

ჩვენს ხელისუფლებას საქართველოს მოსახლეობა ხომ უზრუნველყოფილი ჰყავს მაღალი ხელფასებითა და ნაირ-ნაირი სამუშაო ადგილებით, ახლა უცხოელების დასაქმებაზე დაიწყეს ზრუნვა! გერმანული ენის სპეციალისტი ვარ და დღემდე სამსახური არ მქონია. ერთადერთი, რასაც ვახერხებ, მოსწავლეების მომზადებაა, ოჯახებში მივდივარ და ჩემი შემოსავლის წყაროც ეს არის. რადგან ინგლისური ბრწყინვალედ არ ვიცი, ადამიანად არ უნდა ჩამთვალონ?

საბჭოთა პერიოდში რომ მომხდარიყო ასეთი რამ, ხომ დაიწყებდნენ ლაპარაკს, რუსები ქართველ ერს ჩაგრავენ და ავიწროებენო? ახლა კი რა გამოდის - გინდ ინგლისურმა დაჩრდილოს ჩემი მშობლიური ენა, გინდ რუსულმა და გინდ - პორტუგალიურმა, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. აჯობებს იმაზე იფიქრონ, ყველაფერი რომ ძვირდება, ხელფასები კი ერთ წერტილზეა გაყინული. ხომ ვიცით, რამდენი უმუშევარი ინგლისური ენის სპეციალისტია საქართველოში, ესენი კი უცხოელების დასაქმებაზე ხარჯავენ მილიონებს. სწორედ ასეთ დროს ამბობენ: ”თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო…”

ნათია ფერაძე, სტუდენტი:

წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში. ფრანგული ენა კარგად ვიცი, რადგან სკოლაში საუკეთესო მასწავლებელი მყავდა, ინგლისურში კი მოვიკოჭლებ. ტრაგედიას ნამდვილად ვერ ვხედავ იმაში, რომ ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულო გახდეს. პირიქით, უფრო მოვინდომებ, ვიმეცადინებ და ვისწავლი. ადამიანმა რაც უფრო მეტი ენა იცის, მით უფრო მდიდარია.

ელგუჯა თ., ინჟინერი

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ხელისუფლებამ არ იცის, ფული სად წაიღოს. ჯერ შადრევნებსა და ყინულის მოედნებში ფლანგეს მილიონები, ახლა უცხოელი მოქალაქეების დასაქმებაზე დაიწყეს ფიქრი და ზრუნვა. თითქოს საქართველოდან ადამიანები არ გარბოდნენ იმის გამო, რომ აქ საარსებო წყარო ვერ იშოვნეს, თითქოს ქართველების რიცხვი ამ ქვეყანაში დღითიდღე არ მცირდებოდეს. გაჭირვებულ ადამიანს სულაც არ ადარდებს ინგლისური ეცოდინება თუ არა. რაღაც არ მგონია ორ წელიწადში საქართველოში ყველა ინგლისურად ალაპარაკდეს.

ამავე საკითხზე კომენტარი საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს მარიკა ლორთქიფანიძესაც ვთხოვეთ:

- ინგლისურის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არ მესმის რატომ უნდა ვიცოდე მაინცა და მაინც ეს ენა? იქნებ მე ფრანგული, ან გერმანული მირჩევნია. იქნებ, სულ სხვა საქმე ვიცი ბრწყინვალედ და ამ ენის შეწავლა არ მაინტერესებს?

რაც შეეხება ინგლისური ენის მასწავლებლების ჩამოყვანას, ეს ცალკე განხილვის საგანია. მე მაგალითად, ქართული ენა კარგად ვიცი, მაგრამ ბავშვს ვერ ვასწავლი. იმისათვის, რომ ასწავლო, გარკვეული პედაგოგიური და მეთოდური განათლებაა საჭირო. ამ ხალხმა ქართული არ იცის და როგორ უნდა ასწავლონ ქართველ ბავშვებს?

რაც ყველაზე მთავარია, პრესაში დაიწერა, რომ არც ერთი მათგანი არ არის პედაგოგი, ვინ არიან, კაცმა არ იცის. ალბათ ახლა მათზე უზარმაზარი თანხა იხარჯება, ხომ შეიძლებოდა ეს თანხა ქართველი პედაგოგებზე დაეხარჯათ? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უცხო ენათა ინსტიტუტში ინგლისური ენის სწავლება ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს.

საერთოდ, საქართველოში ყოველთვის იყო უცხო ენების ძალიან კარგი სკოლა. საუკეთესო სპეციალისტები გვყავს, რომელთა გადამზადება თავისუფლად შეიძლებოდა. ინგლისურის მასწავლებლების უმეტესობა უმუშევარია. ხომ შეიძლებოდა მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე გვეზრუნა და დაგვესაქმებინა, მაგრამ იცით რაშია საქმე? - ეტყობა ბავშვებს საყველპურო ინგლისური უნდა ასწავლონ, რომ ტურისტს მოემსახურონ. სხვა მიზანს ინგლისური ენის პრივილეგირებულ ენად გადაქცევაში მე პირადად ვერ ვხედავ.

P.S.  ვინც რა უნდა თქვას, ”პროგრამა-მინიმუმი” უკვე შესრულებულია, უცხოელი პედაგოგები საქართველოში არიან. ახლა უკვე ”პროგრამა-მაქსიმუმის” შესრულების დროა - რამდენად მოახერხებენ ქართველები ორ წელიწადში ინგლისური ენის სხაპა-სხუპით შესწავლას, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

ხათუნა ჩიგოგიძე