”დედ ჰასანის” ქურდული კარიერის დაისი დაიწყო? - კვირის პალიტრა

”დედ ჰასანის” ქურდული კარიერის დაისი დაიწყო?

რუსული კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ავტორიტეტს, ალსან უსოიანს, იგივე ,,დედ ჰასანს” 16 სექტემბერს, მოსკოვის ცენტრში დრაგუნოვის ტიპის სნაიპერული შაშხანა ესროლეს. დედ ჰასანი ”ტვერის” ქუჩის #12/7-თან ”კადილაკით” მივიდა, როგორც ყოველთვის, დაცვაც თან ახლდა. ამ სახლში ასლან უსოიანის ვაჟი, ნოდარი ცხოვრობს და როგორც ამბობენ, შვილს ბოლო დროს ხშირად აკითხავდა.

ის იყო უსოანი და მისი მხლებლები სადარბაზოში უნდა შესულიყვნენ, რომ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კორპუსიდან კილერმა ისროლა. პირველი ტყვია კანონიერი ქურდის მცველს არტურ ბაგრამიანს მოხვდა მხარში, მეორე - უმიზნოდ გასროლილი აღმოჩნდა, მესამე ტყვიით კი ”დედ ჰასანი” მუცელში დაიჭრა... კილერმა შექმნილი აურზაურით ისარგებლა და შემთხვევის ადგილს მშვიდად გაეცალა.

ასლან უსოიანზე თავდასხმის შემდეგ ხმა გავარდა, - კანონიერი ქურდი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალაო. თუმც ეს ვერსია სინამდვილეში ”უტკა” აღმოჩნდა, კრიმინალურ ავტორიტეტზე მეორედ თავდასხმის ასაცილებლად. სასწრაფო დახმარების მანქანა კლინიკამდე ”ომონმა” მიაცილა. ”დედ ჰანი” და მისი მცველი ამჟამად ”ბოტკინის” სახელობის კლინიკაში იმყოფებიან. კლინიკის დაცვა გაძლიერებულია. სამართალდამცავები შიშობენ, უსოიანის მტრებმა ქურდზე ანგარიშსწორება კიდევ არ სცადონ...

ორი წლის წინ, მუცელში დაჭრეს უსოიანის უახლოესი მეგობარი და თანამზრახველი ვიაჩესლავ ივანკოვიც, იგივე ”იაპონჩიკი”. ივანკოვი კლინიკაში რამდენიმე თვე ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. ”დედ ჰასანის” მდგომარეობაც საკმაოდ რთულია, მას ტყვიამ თირკმელები დაუზიანა...

ქურდსა და მის მცველს ჯერ კიდევ ოპერაცია უტარდებოდათ, რომ მთელი მოსკოვი ამ თავდასხმაზე ალაპარაკდა. ავრცელებდნენ სხვადასხვა ვერსიას. იყო ასეთი ვერსიაც, რომ ”იაპონჩიკის” მკვლელობის შემდეგ მისი მემკვიდრის, ასლან უსოიანის რიგიც მოვიდა.

მკვლელობის შემკვეთის ვინაობა გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია, მაგრამ ყველაზე ხშირად ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს, ტარიელ ონიანს, იგივე ”ტაროს” ახსენებდნენ, რომელიც უსოიანის მთავარ კონკურენტად ითვლება.

გავრცელებული ინფორმაციით ონიანსა და უსოიანს შორის კონფლიქტი 2006 წელს იმის გამო დაიწყო, რომ გავლენის სფეროები ვერ გადაინაწილეს. ”ტარო” ”დედ ჰასანს” რუსული ქურდული ”ობშჩიაკის”, სათამაშო  და კრიმინალური ბიზნესის გაკონტროლებაში ეცილებოდა. ტარიელ ონიანი ამჟამად ციხეშია და ათწლიან სასჯელს იხდის...

კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი წარმომადგენლის ინფორმაციით, ”დედ ჰასანზე” თავდასხმა მაფიოზურ კლანებს შორის დაპირისპირების გამო მოხდა. ამ დაპრისპირებისას ბარიკადის ერთ მხარეს აღმოჩნდნენ ქართველი კანონიერი ქურდები ტარიელ ონიანის მეთაურობით, მეორე მხარეს კი - უსოიანის გავლენის ქვეშ მყოფი რუსული დაჯგუფება, რომელსაც უსოიანამდე  სათავეში ”იაპონჩიკი” ედგა.

”იაპონჩიკის” მკვლელი ჯერ დაკავებული არ არის, თუმცა მის მკვლელობაშიც ქართველები (კერძოდ, ტარიელ ონიანი) არიან ეჭვმიტანილები. ისე, რუსული წარმომავლობის არც უსოიანია. ის თბილისში დაიბადა 1937 წლის 27 თებერვალს.

ასლან უსოიანმა დაიფიცა, რომ ”იაპონჩიკის” მკვლელობის გამო შურს იძიებდა, მაგრამ შურისძიებას ვინღა ჩივის, ივანკოვის გარდაცვალების შემდეგ ”დედ ჰასანს” უსიამოვნებები არ ელევა. მიმდინარე წლის 26 აპრილს უსოიანი კიევში, ”ბორისპოლის” აეროპორტში დააკვეს და  უკრაინაში ჩასვლა 5 წლით აუკრძალეს. ითქვა, რომ კანონიერი ქურდი კიევში ”სხოდკის” მოსაწვევად ჩავიდა, რათა ”იაპონჩიკის” გარდაცვალების შემდეგ უკრაინაში გადაენაწილებინა გავლენის სფეროები.

უსოიანსა და ონიანს შორის წლების წინ დაწყებული დაპირისპირება ბოლო დროს განსაკუთრებით გამწვავდა.    ჯერ იყო კრიმინალებმა შაქრო კალაშოვის (შაქრო მალადოის) ბიზნესიმპერია ვერ გაიყვეს. მერე კი მათი ინტერესები სოჭში, ოლიმპიური კომპლექსის მშენებლობის ხელში ჩაგდებისას გადაიკვეთა.

ამ დავის გადასაწყვეტად ონიანმა ”სხოდკაც” კი მოიწვია ”კლიაზმინსკის” წყალსაცავთან გემზე, სადაც საკუთარი ძალის დემონსტრირებისთვის ემზადებოდა, მაგრამ არ დასცალდა. ”სხოდკა” სამართალდამცავების გამოჩენამ ჩაშალა.

უსოიანისა და ონიანის გზები კიდევ ერთხელ მას შემდეგ გადაიკვეთა, რაც ”ჩერქეზსკის” ბაზრის ტერიტორიაზე ათობით ჰექტარზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გადაწყდა. ამ სარფიანი საქმის ხელში ჩაგდების ინტერესი ონიანსაც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ბინათმშენებლობის უფლება იმ კომპანიებმა ჩაიდგეს ხელში, რომელთაც ”დედ ჰასანი” ჩერქეზ კრიმინალებთან ერთად ლობირებდა.

ამბობენ, ამ მარცხმა ონიანი გააცოფა და შურისძიებისკენ უბიძგაო. თუმცა გულხელდაკრეფილი არც ”დედ ჰასანი” ყოფილა - რადგან ”იაპონჩიკის” მკვლელობა ”ტაროს” ბრალდებოდა, უსოიანმა მის მეგობრებზე იძია შური. ამ  გაზაფხულზე ქართველი კანონიერი ქურდები ვლადიმერ ჯანაშია (ლადო)  და მალხაზ კიტია (მახონია) მოკლეს. ონიანი კი ციხეში აღმოჩნდა...

გარდა ქართული კლანის  შურისძიებისა, არსებობს ”დედ ჰასანზე” თავდასხმის მეორე ვერსიაც. როგორც კრიმინალური საქმეების ”ექსპერტები” ამბობენ - დამნაშავეთა სამყაროს ”ძველი გვარდიისგან”  ათავისუფლებენ.

ძველი ქურდები ”ახალი გაგების” დამნაშავეებს ხელს უშლიან. ქურდების ახალი თაობა ახლებურად აზროვნებს და არ აინტერესებთ ძველი ავტორიტეტების დრომოჭმული შეხედულებები. ადრე თუ კრიმინალური დაჯგუფებები ეროვნული ნიშნის მიხედვით იქმნებოდა, დღეს დამნაშავეთა სამყაროს ახალ თაობას ბოსის პიროვნული თვისებები აინტერესებს და არა ეროვნება.

ამასთან იმასაც ამბობენ, რუს ქურდებში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა და არ უნდათ სამხრეთელები დაისვან თავზეო. მათ არც ”დედ ჰასანი” ეპიტნავებათ  და არც ”ტარო”, რომელთაც მეოთხედი საუკუნეა კრიმინალური სამყარო ქედს უხრის.

ქურდული სამყაროს ”ექსპერტები” ვარაუდობენ, რომ   ძველი ყაიდის ”ზაკონნიკების” დაპირისპირება მათთვისვე იქნება საბედისწერო.

თუ ”დედ ჰასანი” დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და ის ერთგვარი ”მაფიოზური ბრენდი” იყო, კანონიერ ქურდზე  მომხდარი თავდასხმის შემდეგ გაცამტვერდა მითი მის ხელშეუხებლობაზე. იმასაც კი ამბობენ, ამ თავდასხმის შემდეგ ”დედ ჰასანის” ქურდული კარიერის დაისი დაიწყებაო.

უცნობია უშველის თუ არა ”დედ ჰასანს” რუსეთის პრემიერთან და სავარძელმორყეულ მოსკოვის მერთან, იური ლუჟკოვთან ახლო კავშირი. კრიმინალური სამყაროს "მეფედ" შერაცხული "დედ ჰასანი",  ბოლო დროს ხშირად იყო აფხაზეთში, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე უსოიანი აფხაზეთში იმყოფებოდა და მოსკოვში ლუჟკოვის დაჟინებული თხოვნით ჩასულა.

მანამდე კი სწორედ ლუჟკოვის თხოვნით, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის ფავორიტად ითვლება, ასლან უსოიანმა მოიწვია "კრიმინალური სამყაროს" ლიდერთა შეკრება, სადაც შეიმუშავეს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის გამოყოფილი თანხების კონტროლის მექანიზმი.

რუსეთის სახელისუფლებო წრეებიდან სოჭის ოლიმპიადის ფინანსებს უშუალოდ ვლადიმირ პუტინი კურირებს.

რაც შეეხება "დედ ჰასანის" და ვლადიმირ პუტინის კავშირებს, საფუძველს პუტინის პეტერბუგში მოღვაწეობიდან იღებს. მაშინ ასლან უსოიანმა, გარკვეული მხარდაჭერის სანაცვლოდ, პუტინისგან ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო.

უსოიანის "რეზიდენცია" სწორედ სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს, საიდანაც ”დედ ჰასანი” თავისი კლანის საქმიანობას მართავს. ქურდული დაჯგუფების გავლენა კი  მთელ რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაზე ვრცელდება.

უსოიანი პუტინის ნდობით სარგებლობს. სწორედ ამ სანდოობას უკავშირდება 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის გამოყოფილი სახსრების კონტროლის მისთვის ჩაბარება.

პ.ს. ტარიელ ონიანის ადვოკატმა ნიკოლოზ მდინარაძემ ონიანის სახელით განცხადება გააკეთა, რომ ”ტაროს” არანაირი კავშირის არ აქვს ”დედ ჰასანზე” თავდასხმასთან...

”დედ ჰასანზე” თავდასხმიდან რამდენიმე წუთში მოსკოვის ერთ-ერთ კარაოკე-ბარში, რომელიც ”ბაგრატიონის” შესახვევში მდებარეობს, პოლიციელებმა ქურდების  ”სხოდკა” ჩაშალეს და კრიმინალური სამყაროს 24 წარმომადგენელი დააკავეს. ”სხოდკის” მონაწილეების ნაწილი კი პოლიციელებს ხელიდან დაუსხლტათ...

დაკავებულთაგან 3 კანონიერი ქურდია: თბილისელი, 44 წლის მამუკა მიქელაძე და აფხაზი ძმები - გელა და გიზო ქარდავები. ასევე დააკავეს ”სოლნცევოს” და ”კუნცევოს” დაჯგუფებების წევრები: იური ესინი, მეტსახელად ”სამასვალი”, ნიკოლაი ბოტინკინი, მეტსახელას ”ბატინოკი” და მოლდოველი ავტორიტეტი, გრიგორი კარალამაკი, მეტსახელად ”ბოლგარი”.

”სხოდკაზე” გავლენის სფეროების გადანაწილებასა და ”კოლეგებთან” გელა ქარდავას დაპირისპირებაზე უნდა ემსჯელათ. დაკავებულები მილიციის სხვადასხვა განყოფილებაში მიიყვანეს, მაგრამ მალევე გაუშვეს.

KvirisPalitra.Ge

მარცხნიდან: კონსტანტინე იაკოვლევი (მაგილა), იოსეფ ოსიპოვი (მარიჩი), ვახტანგ კიკაბიძე, ..., ასლან უსოიანი (დედ ჰასანი) ...

KvirisPalitra.Ge

მარცხნიდან : ჯემალ ხაჩიძე (”ჯემალი”), ასლან უსოიანი (”დედ ჰასანი”), ..., ზაქარია კალაშოვი (”შაქრო მალადოი”)

მარი ზანდუკელი