რატომ აშინებთ სვანებს მესტიის აღმშენებლობის გეგმა - კვირის პალიტრა

რატომ აშინებთ სვანებს მესტიის აღმშენებლობის გეგმა

ვინც სვანეთში ერთხელ მაინც ყოფილა, ალბათ, ვერასოდეს დაივიწყებს მის სილამაზეს. სვანეთს, კერძოდ კი, მესტიის რაიონს, სტუმარი და მნახველი არ მოჰკლებია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა მესტიის "სიღნაღიზაციასა" და სამთო-სათხილამურო კურორტად გარდაქმნაზე დაიწყო ლაპარაკი, აღმშენებლობის გეგმაც შემუშავდა და იქაურობაც ხარაჩოებში ჩასვეს. ოფიციალური ინფორმაციით, ზემო სვანეთის რეაბილიტაციისათვის 70 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. ამ თანხით უნდა მოხერხდეს გზების რეაბილიტაცია, დაბა მესტიის ცენტრის კეთილმოწყობა, საციგურაო მოედნისა და სამთო-სათხილამურო ტრასის მშენებლობა და ა.შ. აღმშენებლობას რა სჯობს, მაგრამ მესტიელები შიშობენ, ამ პროცესს მათი მამა-პაპური ქონება არ შეეწიროს. გვესაუბრება რესპუბლიკური პარტიის  ეროვნული კომიტეტის წევრი სოფო ხორგუანი:

KvirisPalitra.Ge- მესტიაში ჩქარი ტემპით მიმდინარეობს გზების მშენებლობა და ქუჩების რეაბილიტაცია, თუმცა იქაურ მოსახლეობას არავინ ეუბნება, რა კეთდება, როდის დასრულდება ეს პროცესი და რა შედეგი მოჰყვება. შემუშავებული არ არის არქიტექტურული სტანდარტები... სვანეთში ხმები ვრცელდება,  მესტიის ცენტრში მდებარე რამდენიმე სახლი, ხელისუფლებას სჭირდება და მფლობელებს ამ სახლებს ჩამოართმევენო.

- ამბობენ, რომ სწორედ ამით აიხსნება ოპოზიციონერ  ნელი ნავერიანისა და მისი ნათესავების დაპატიმრებაც. ისინი ცდილობდნენ მამა-პაპური ნაკვეთები არ დაეკარგათ…

- ნელი ნავერიანს ბრალი დასდეს, რომ ინვესტორისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდა. ახლა კი ამბობენ, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა გაუფორმონ. საიდან უნდა გადაიხადოს ეს თანხა? - სახლი უნდა გაყიდოს, ან სახელმწიფოს მისცეს. ე.ი. სახელმწიფო ყველა გზით ცდილობს ადამიანს კერძო საკუთრება წაართვას. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ნავერიანი ჩვეულებრივი მოქალაქე კი არა, საკრებულოს წევრი იყო და თანაც აქტიურად საქმიანობდა ოპოზიციაში. მისი  დაპატიმრებით ხელისუფლებამ სხვებიც დააშინა. თუ ასეთ ავტორიტეტულ ადამიანს ართმევენ კერძო საკუთრებას, ჩვეულებრივი მოკვდავი როგორღა შეძლებს ხმის ამოღებას და თავის დაცვას? სხვათა შორის, პრეზიდენტმა როგორც კი "სიღნაღიზაცია" ახსენა, შიშმა შემიპყრო, რადგან კარგად მახსოვს სიღნაღში როგორ მოექცნენ მოსახლეობას. მათ პირდაპირ მიადგნენ და უთხრეს, პრობლემები შეგექმნებათ თუ სახლებს არ დაცლითო. ზუსტად ასეთივე შიში აქვთ მესტიის მცხოვრებთ.

- როგორც ამბობენ, აღმშენებლობის პროცესს მოსახლეობის კუთვნილი სათიბებიც შეეწირება, რადგან იქ სათხილამურო ტრასა უნდა გაიყვანონ…

- ამ საკითხზე უცნაური რამ თქვა მესტიის გამგებელმა გოჩა ჭელიძემ: სათიბი სათხილამურო ტრასას ხელს არ შეუშლის, ტრასა ზამთარში იქნება, სათიბები - ზაფხულში, ხალხს მარტო ღობეების აღება მოუხდებაო(?!). კომპენსაციას ჰპირდებიან, მაგრამ არავინ იცის, თანხა რამდენია. ყველაფერს ეტყობა, რომ ე.წ. რეაბილიტაცია ძალიან დაუფიქრებლად და გაუაზრებლად მიმდინარეობს. ვიცით, რომ ყველა კუთხეს თავისი დამახასიათებელი ტრადიციები აქვს. მართალია, სვანეთიდან მოსახლეობის ნაწილი წამოვიდა, მაგრამ იქ ყველამ დაიტოვა მამაპაპისეული სახლ-კარი. იქ ბევრი ცხოვრობს და კარ-მიდამოს უვლის. სვანეთში არასოდეს ყოფილა შემოღობილი სათიბი ან ტყე, მაგრამ მეც ვიცი და ჩემმა მეზობელმაც, რომ ეს ჩემი ტყეა, რომელიც ოდითგანვე ჩემი წინაპრების საკუთრება იყო. ეს დაუწერელი წესები და კანონები იქ დღემდე მოქმედებს. თანაც, ამ კუთხეში მიწა არსებობის მთავარი წყაროა, რის გამოც მისდამი დამოკიდებულება ყოველთვის განსაკუთრებული იყო და დღესაც ასეა. სხვათა შორის, მოსახლეობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გზების მშენებლობით ხელისუფლება დიდ ფულს აკეთებს და ამ საქმეში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიასა და პარლემენტარ კანდიდ კვიციანის ინტერესები იკვეთება.

ამასთან, სვანეთში რატომღაც კუთხური სეპარატიზმის გაღვივებას უწყობენ ხელს: ყველა თანამდებობაზე ზუგდიდელებს ნიშნავენ, რაც მკვიდრი მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას იწვევს. ახლა ამბობენ, რომ სკოლის დირექტორებიც სამეგრელოდან უნდა გააგზავნონ. როდესაც წლების განმავლობაში სწავლობს ადამიანი და ბრუნდება მშობლიურ კუთხეში, სადაც დასაქმება უნდა, იქ კი სხვა კუთხიდან გამოგზავნილი კადრი ინიშნება, ეს ძალიან ცუდ განწყობას ქმნის ხალხში. უკმაყოფილება გროვდება და რა ფორმით გამოვლინდება, კაცმა არ იცის.

- აქვთ თუ არა სვანებს საკუთარი ნაკვეთებისა და სათიბების გაფორმების საშუალება?

- ძალიან უჭირთ მიწების გაფორმება, რადგან საჯარო რეესტრში სერიოზული სირთულეები ექმნებათ. სვანების უმეტესობას საფუძვლიანი შიში აქვს, რომ რეაბილიტაცია მათ კერძო საკუთრებას შეიწირავს. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი, რაც შეიძლება ამ ქვეყანაში გაკეთდეს და დადებითი შედეგები მოუტანოს სვანეთსაც და მთელ საქართველოსაც, არასწორი მიდგომის გამო ფუჭდება. სათხილამურო კურორტის აშენება არ ნიშნავს, რომ რაც არის, ყველაფერი უნდა დაანგრიო და ხელახლა ააშენო. ხომ შეიძლება კურორტი ააშენო, მაგრამ იქ მცხოვრებ ხალხს პრობლემები არ შეუქმნა?! პირიქით, შემოსავალი უნდა მისცე და დაასაქმო. ჩვენს მაღალჩინოსნებს სახელმწიფოსა და ხალხზე ზრუნვისა არაფერი ეტყობათ, მგონი, ისინი პიარსოფელს უფრო აშენებენ, ვიდრე კურორტს!

ხათუნა ჩიგოგიძე