ფრთხილად… ჯილეხი! - კვირის პალიტრა

ფრთხილად… ჯილეხი!

საქართველოში ბევრი შეაშფოთა ინფორმაციამ, რომ ლაგოდეხის რაიონში 49 წლის მამაკაცი ჯილეხით დაავადდა. პაციენტი თბილისში, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში მოათავსეს. როგორც ექიმები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათივე თქმით, საქართველოში ეს ჯილეხის უკვე მე-19 შემთხვევაა. რა იწვევს ამ საშიშ დაავადებას და როგორ უნდა დავიცვათ თავი ჯილეხის გამომწვევი ბაცილისაგან? - ამ კითხვებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე შოთა ცანავა უპასუხებს:

- ჯილეხი მართლაც ძალიან საშიში დაავადებაა, ადამიანი ინფიცირდება ავადმყოფ ცხოველთან კონტაქტის შედეგად, მისი დაკვლის, გატყავების, ან ავადმყოფი ცხოველის ხორცის დამუშავების დროსაც. აქედან გამომდინარე, ჯილეხით შეიძლება უბრალო დიასახლისიც დაავადდეს, თუ ის ავადმყოფი ცხოველის ხორცს დაამუშავებს.დასნებოვნების პროცესი ამგვარად მიმდინარეობს: დაზიანებული კანიდან შეიჭრება ჯილეხის გამომწვევი მიკრობი, რომელიც მრავლდება ორგანიზმში და იწვევს ძირითადად ორ ფორმას: ეს არის კანის ფორმა და ორგანოების ფორმა. საქართველოში კანის ფორმა უფრო გავრცელებულია. ადამიანი შეიძლება დაავადდეს ნიადაგთან კონტაქტის შედეგადაც, თუ ნიადაგში არის ჯილეხის გამომწვევი ბაქტერია. ძირითადად, დაინფიცირების ეს ორი გზა არსებობს. მინდა გითხრათ, რომ ჯილეხი ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა.

- როგორ უნდა გავიგოთ, რომ პაციენტს ჯილეხი შეეყარა?

- ამ დროს კანზე სპეციფიკური წყლულები ჩნდება, ბოლო სტადიებში ეს წყლულები შავდება და კუპრის ფერი ხდება. ამგვარი წყლულების გაჩენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

- რძის ნაწარმი თუ იწვევს ჯილეხს? ჩემი ნაცნობი ბრუცელოზით დაავადდა და ექიმებმა მისი ავადმყოფობა სწორედ ამ მიზეზით ახსნეს.

- საბედნიეროდ, რძის ნაწარმი ჯილეხს არ იწვევს. ბრუცელოზი სულ სხვა დაავადებაა, რომლის გადაცემის ძირითადი გზა სწორედ რძე და რძის ნაწარმია. ის ადამიანს შეიძლება შეეყაროს აუდუღარი რძის, ან დაუმუშავებელი ყველის მიღების შემთხვევაში. რაც შეეხება ჯილეხს, ეს დაავადება მხოლოდ ხორცის მეშვეობით გადადის. თუმცა, კარგად მოხარშული, თერმულად დამუშავებული ხორცი საშიში არ არის. შემწვარი კი უფრო სარისკოა, რადგანაც შეწვის დროს ხორცის შიდა შრეები კარგად არ მუშავდება და მავნე ბაქტერიების ნაწილი ცოცხალი რჩება. ასე რომ, ნებისმიერი ჩვენთგანი შეიძლება დაავადდეს ამ საშიში დაავადებით, თუ ის კარგად არ არის მოხარშული, ან შემწვარი.

- ალბათ, ეს უპირველესად საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა უნდა გაითვალისწინონ…

- რასაკვირველია, ამ ობიექტებმაც უნდა გაითვალისწინონ და ნებისმიერმა ჩვენთგანმაც. მხოლოდ შემოწმებული ხორცი უნდა შევიძინოთ, რომელიც აუცილებლად ჯანსაღი საქონლისაა. ეს არის ყველაზე საიმედო თავდაცვა ნებისმიერი დაავადებისგან.

- რამდენად საშიშია ჯილეხი პაციენტის სიცოცხლისათვის? 

- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში მხოლოდ ორი შემთხვევა დასრულდა ლეტალური შედეგით - დაავადებამ გენერალიზებული ფორმა მიიღო, ყველა ორგანოსა და სისტემაში გავრცელდა და ორივე პაციენტი გარდაიცვალა. კანის ფორმა, რომელიც საქართველოშია გავრცელებული, იმდენად საშიში არ არის, მაგრამ თუ მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, კანის ფორმაც შეიძლება იქცეს გენერალიზებულ ფორმად. წელს საქართველოში ჯილეხის 19 შემთხვევა აღინიშნა, საბედნიეროდ, ამ ცხრამეტიდან არც ერთი პაციენტი არ დაღუპულა. ბევრი რამ თვითონ პაციენტზეც არის დამოკიდებული - როცა ექიმს გვიან მიმართავენ, იმის ალბათობა უფრო მეტია, რომ დაავადება გენერალიზებულ ფორმაში გადავიდეს, ხოლო როცა მკურნალობა დროულად იწყება, ადამიანი უფრო დაზღვეული და დაცულია ისევე, როგორც ნებისმიერი დაავადების დროს.

ცნობისათვის: ჯილეხი, ანუ ციმბირის წყლული მწვავე ბაქტერიული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ჯილეხის ბაცილა. ამ დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით მექანიკურ გადამტანებს, კერძოდ - სისხლისმწოველ მწერებს. ჯილეხის გამომწვევი ბაცილა აღმოჩენილ იქნა 1849 წელს გერმანელი მეცნიერის, ჰოლენდერის მიერ. ის ხასიათდება საოცარი მდგრადობით, სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს ათეული წლების განმავლობაშიც კი. ჯილეხის ბაცილა დუღილს უძლებს 45-60 წუთის განმავლობაში. ხორცის დამარილება, გაშრობა და სხვა პროცედურები ჯილეხის სპორებს ვერ ანადგურებს. დაავადების საინკუბაციო პერიოდი საკმაოდ ხანმოკლეა - 2-3 დღე. დროული და კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში პაციენტი მთლიანად იკურნება.

ხათუნა ჩიგოგიძე