პუტინი ცოლს ირთავსო… - კვირის პალიტრა

პუტინი ცოლს ირთავსო…

2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე 17 წლის ალინა კაბაევას დიდი უსიამოვნება შეხვდა: მხატვრული ტანვარჯიშის ამომავალ ვარსკვლავს, რომელიც 15 წლის ასაკში უკვე ევროპის ჩემპიონი იყო, მოულოდნელად რგოლი ხელიდან გაუვარდა და რუსეთში მხოლოდ ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

მაშინ ალინაც და მისი გულშემატკივრებიც ცხარე ცრემლით ტიროდნენ, თუმცა ზოგი ჭირი მარგებელიაო, უთქვამთ: ვლადიმირ პუტინმა ალინას პირველად სწორედ ამ ამბის შემდეგ მიაქცია ყურადღება და გაიცნო კიდეც. მთელი ათი წლის განმავლობაში ალინა პრეზიდენტის ფავორიტად ითვლებოდა და ალბათ ამის გამო სრულიად ახალგაზრდა რუსეთის პარლამენტის წევრიც კი გახდა.

KvirisPalitra.Ge ბოლო ხანებში რუსული მედია უკვე თამამად წერს პრემიერ-მინისტრისა და ცნობილი ტანმოვარჯიშის რომანზე. როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი დიდხანს არ აპირებს მარტოხელობას და ლუდმილა პუტინასთან განშორების შემდეგ თავისი ბედის დაკავშირებას ალინა კაბაევასთან გეგმავს. რუსმა ჟურნალისტებმა უკვე შენიშნეს მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ტკბილად მოჟღურტულე ალინა და პუტინი. მათი შეხვედრა აშკარად არ ჰგავდა უბრალო მეგობრების შეხვედრას.

ალინა კაბაევა 1983 წელს, ტაშკენტში დაიბადა და გაიზარდა. 12 წლიდან  მოსკოვში ცხოვრობს და საუკეთესო მწვრთნელებთან ვარჯიშობს. მან ოთხჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული, რაც რეკორდია მხატვრული ტანვარჯიშის ისტორიაში. ამავე დროს ალინა ორგზის მსოფლიო ჩემპიონიცაა. მას ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ და ნიჭიერ სპორტსმენად მიიჩნევენ რუსეთში.

"ბუნებით ძალიან კეთილი ვარ, არ შემიძლია ვინმეს უხეშად მოვექცე ან დაველაპარაკო. თუ ადამიანთან ყოფნა აღარ მსიამოვნებს, მივდივარ ჩუმად, უხმაუროდ და ვიკარგები. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ სპორტში წარმატებას მივაღწევდი, ცხოვრებაშიც წარმატებული ქალი ვიქნებოდი. სპორტი ჩემთვის ყველაფერია. რაც შეეხება ჩემს გემოვნებას - ჩვეულებრივი, ნორმალური, ძლიერი მამაკაცები მომწონს" - წერდა ალინა რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში. როგორც ჩანს, ცნობილმა სპორტსმენმა უკვე იპოვნა ასეთი, "ჩვეულებრივი" მამაკაცი, რომლის სახელი და გვარიც ვლადიმირ პუტინია.

KvirisPalitra.Geგავრცელებული ინფორმაციით, 2004 წელს, ალინა კაბაევას 3-წლიანი მგზნებარე რომანი მოსკოვის მილიციის კაპიტანთან, წარმოშობით ქართველ, 35 წლის დავით მუსელიანთანაც ჰქონდა, რომელმაც საყვარელ ქალს ცოლად მოყვანაც კი დაუპირა...  როგორც ჩანს, ოთხგზის ჩემპიონი დაბალ სიმაღლეებს არ ჯერდება და მწვერვალის დასაპყრობად ”ქართველთმოძულე” რუსეთის მთავარ თავკაცთან, ვლადიმირ პუტინთან აპირებს უღლის გაზიარებას...

რასაკვირველია, მითქმა-მოთქმა პუტინის ყოფილი მეუღლის ირგვლივაც არ წყდება. ერთ-ერთი ვერსიით, ლუდმილა პუტინა ამქვეყნიურ ამაოებას გაერიდა და მონაზვნობას აპირებს…

ხათუნა ჩიგოგიძე