"ბართლომეს ღამე" ქსნის საპყრობილეში - კვირის პალიტრა

"ბართლომეს ღამე" ქსნის საპყრობილეში

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციით 19 აგვისტოს, ქსნის #7 საპყრობილეში ნაცემი პატიმრების მდგომარეობა დღემდე მძიმეა. ერთ-ერთ მათგანს ცემის შედეგად ქვედა კიდურები აქვს პარალიზებული, ხოლო მეორე - წელს ქვემოთ არის მოწყვეტილი. დაზიანებები აღენიშნებათ სხვა პატიმრებსაც. 

"ამ წერილს გწერთ ქსნის მეშვიდე საპყრობილიდან. უნდა მოგიყვეთ ჩვენს გაუსაძლის მდგომარეობაზე და იმაზე, თუ როგორ "მოგვილოცეს" ფერიცვალების დღესასწაული ახლადდანიშნულმა უფროსმა შოთა თოლორდავამ და სპეცრაზმმა. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ საკანი, სადაც ვიმყოფებით, 25 კვ. მეტრი ფართობისაა. აქ სასჯელს 19 მსჯავრდებული იხდის. დგას ერთი მაგიდა, რომელიც ოთხ კაცზეა გათვლილი. ჭურჭელი და პირადი ნივთები არაჰიგიენურ პირობებში გვიწყვია, რადგან საკანში ტარაკნები და მწერები ბუდობენ. რაც შეეხება ბალანდას, ის უფრო სალაფავია, ვიდრე ადამიანის საკვები. ციხის მაღაზიაში ძირითადად ვადაგასული პროდუქტი იყიდება, რომელიც ძალიან ძვირია. წამლის ყიდვის საშუალებაც არ არის, ამიტომ ხშირად ავადმყოფი პატიმრები უმძიმეს მდგომარეობამდე მიდიან...

ქალბატონო ნანა, ამ ყოველივეს ასე თუ ისე, ვუძლებდით, მაგრამ ამა წლის 19 აგვისტოს, ფერიცვალების ღამეს, დაახლოებით 22 საათზე ახალდანიშნულმა უფროსმა შოთა თოლორდავამ ციხეში სპეცრაზმი შემოიყვანა და "ბართლომეს ღამე" მოგვიწყო. სპეცრაზმი ძალიან აგრესიულად იქცეოდა, დაუნდობლად გვირტყამდნენ. მოგეხსენებათ, ასეთი რაზმები ბრძანების შესაბამისად მოქმედებენ, ანუ იმ ღამეს გაცემული იყო ბრძანება, რომ სასტიკად ვეცემეთ. პატიმრების უმეტესობამ მძიმე ფიზიკური და სულიერი ტრავმა მიიღო. განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავდნენ იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებსაც განაჩენი სტრასბურგში აქვთ გასაჩივრებული. მოღალატეები გვიძახეს და ისეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობდნენ, რომლებსაც შეგნებულად არ ჩავწერთ - უხერხულობის გამო. რამდენიმე პატიმარი გადაიყვანეს ქუთაისისა და რუსთავის #2 და #6 საპყრობილეებში. ქალბატონო ნანა, უნდა გითხრათ, რომ ეტაპირების დროსაც სასტიკად გვისწორდებიან როგორც ხელით, ასევე ხელკეტებით. დაუნდობლად ნაცემებს შეგვყრიან კამერებში და სანამ იარები არ მოგვიშუშდება, კარანტინს აცხადებენ. ახლაც, რომ გვცემეს, მეორე დღესვე გათიშეს ტელეფონები, ადვოკატებსა და პაემანზე მოსულ ჩვენს ახლობლებს კი ეუბნებოდნენ, რემონტია და ვერ მიგიღებთო. სანამ იარები მოგვირჩებოდა, რემონტი მართლაც დაიწყეს, ჩვენი სისხლი ხომ უნდა წაეშალათ კედლებიდან(!).

გთხოვთ მოგვაქციოთ ყურადღება და ჩვენი მდგომარეობის შესახებ შეატყობინოთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, პრესას, ტელევიზიას, თქვენი იმედი გვაქვს!"

ეს იმ წერილის შემოკლებული ვარიანტია, რომელიც უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს მისწერეს პატიმრებმა. ისინი ფერიცვალების ღამეს, ქსნის #7 საპყრობილეში მომხდარ ინციდენტში მოჰყვნენ. ამ ინციდენტის შესახებ ქალბატონმა ნანამ გვითხრა:

- ის, რაც ქსნის კოლონიაში მოხდა, ნამდვილად არ წარმოადგენს ერთეულ შემთხვევას. პატიმრების ღირსების შემლახავი ქმედება, ცემა და წამება არის წესი, რომლითაც პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები მსჯავრდებულებს აკონტროლებენ და მართავენ. მათი სურვილია პატიმრები სულიერად და მორალურად გატეხონ, რათა მათ შეწყვიტონ ბრძოლა შელახული უფლებების დასაცავად. ამ შემთხვევაში მე ქსნის კოლონიის პატიმართა გამძლეობა და სიმამაცე უფრო მაკვირვებს: მათ შეძლეს ეს ინფორმაცია მოეწვდინათ ჩვენთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. მათ გაბედეს ის, რასაც ვერ ბედავს მსჯავრდებულთა 99 პროცენტი იმიტომ, რომ იციან - ადრინდელზე ცუდ დღეში ჩავარდებიან. პატიმრები ფიქრობენ, თუკი ყველაფერს ვიტყვით და პრესაში ხმაურს ავტეხავთ, უარესი დაგვემართებაო.

- როგორ მოახერხეს ეს ქსნის კოლონიის პატიმრებმა?

- ქსანში საოცრება მოხდა - ერთდროულად 19-მა პატიმარმა მოაწერა ხელი განცხადებას და ხმამაღლა აღიარა, თუ რა პირობებში უწევთ ცხოვრება, მათ ყველას გასაგონად თქვეს, რომ ნაწამები და ნაცემები იყვნენ.

- თუ მოინახულეს ისინი ქართველმა უფლებადამცველებმა?

- ადმინისტრაცია საშუალებას არ იძლევა, რომ შეხვიდე, ნახო პატიმრები და შეამოწმო მათი მდგომარეობა. დამოუკიდებელ მეთვალყურეებს არა აქვთ საშუალება გადაამოწმონ ინფორმაცია, რასაც პატიმრებისაგან იღებენ. პატიმრები რომ ტყუოდნენ, მაშინ ადმინისტრაციას პრობლემა არ ექნებოდა გაეხსნა ციხეები და შეეშვა იქ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები და დამოუკიდებელი მეთვალყურეები. აქედან გამომდინარე, ჩვენ სარწმუნოდ მივიჩნიეთ ის ინფორმაცია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია და მედიის საშუალებითაც გავავრცელეთ.

- საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ორი მათგანი ძალზე მძიმედ არის…

- რამდენიმე მართლაც ძალიან ცუდადაა. აქვთ მოტეხილობები და სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები. ეს იმიტომ მოხდა, რომ პატიმრებმა მიიღეს გადაწყვეტილება სიმართლე ეთქვათ საზოგადოებისათვის. ამის გამო დაისაჯნენ კიდეც. ნაცემები ისედაც იყვნენ, მაგრამ მათი მდგომარეობა გაუარესდა, როცა ეს ინფორმაცია გამოააშკარავეს და ყველას აცნობეს.

- მათ ვინაობას ალბათ არ დაასახელებთ…

- თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან. თუ გვარებს გავამხელთ, მაშინ ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ არაფერი დაუშავდებათ, არადა რა ბედი ეწევათ ამ პატიმრებს, არ ვიცით. ჩვენი მიზანია ქვეყანაში შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ ადმინისტრაციამ ვეღარ შეძლოს პატიმრების წამება და სულაც არ გვინდა, ისედაც სასტიკად ნაცემ პატიმრებს დამატებითი პრობლემები შეექმნათ. ცხრამეტივე დაზიანებულია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი - ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა - ჩვენს ციხეებში პატიმრებს რეგულარულად სცემენ.

- სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა…

- თუ ეს სიცრუეა, თუ ყველაფერს უარყოფენ, გახსნან ციხეები, რატომ არ უშვებენ იქ უფლებადამცველებს? თუ არადა, რატომ უნდა დავუჯეროთ მათ და არ დავუჯეროთ პატიმრებს? თუ სააკაშვილის მინისტრობის დროს შეიძლებოდა ციხეებში შესვლა და ინფორმაციაც საჯარო იყო, ახლა ასე რატომ არ უნდა იყოს? იმ წლებში ინფორმაცია გამჭვირვალე იყო იმის მიუხედავად, რომ პატიმრებს უკეთეს პირობებში უწევდათ ცხოვრება. ევროსაბჭოს რეკომენდაციით 5 ათასზე მეტი პატიმარი არ უნდა გვყოლოდა, მაშინ 6700 პატიმარი იყო ქვეყანაში, ახლა კი 30 ათასზე მეტია. ჩვენი ციხეების გადატვირთულობაზე გამუდმებით ვლაპარაკობთ. პატიმრების სიმრავლე საკანში დაპირისპირებასაც იწვევს, დაავადებების გავრცელებასაც და ყოველგვარ უბედურებასაც. ჟანგბადი არ ჰყოფნით და ჰაერის ჩასუნთქვის საშუალება არ აქვთ. ამაზე მეტი ტანჯვა რა უნდა იყოს?!

ხათუნა ჩიგოგიძე