აკაკი წერეთელი წმინდანად უნდა შერაცხონ? - კვირის პალიტრა

აკაკი წერეთელი წმინდანად უნდა შერაცხონ?

"ცა - ფირუზ, ხმელეთ - ზურმუხტო,

სულის ჩამდგმელო მხარეო,

შენი ვარ, შენთვის მოვკვდები

შენზედვე მგლოვიარეო!"

აკაკი წერეთელს მხოლოდ "განთიადი" რომ დაეწერა, ალბათ მაინც დაიმკვიდრებდა ადგილს ქართული ლიტერატურის ისტორიაში.

პოეტი და პუბლიცისტი, "თერგდალეულთა" ბრწყინვალე წარმომადგენელი, საზოგადო მოღვაწე, რომელმაც ილია ჭავჭავაძესთან ერთად ძირფესვიანად შეცვალა ქართველი ერის ცნობიერება, მის ნააზრევზე თაობები იზრდებოდნენ და დღესაც იზრდებიან… აკაკი წერეთლის ღვაწლის სრულყოფილი შეფასება მართლაც ძალიან რთულია. 

ალბათ, ჩვენი მკითხველების უმრავლესობამ არ იცის, რომ წმინდა სინოდი აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვის საკითხს განიხილავს და ამ მიზნით პოეტის ცხოვრების ამსახველ მასალებს შეისწავლის. ეს მასალა აკაკის მშობლიურ სოფელ სხვიტორში ინახებოდა და საპატრიარქოს მისივე სახლ-მუზეუმის დირექციამ გადმოუგზავნა. ცნობილი გახდა, რომ აკაკის კალამს ეკუთვნის რამდენიმე საეკლესიო თხზულება, რომელიც საბჭოთა ცენზურის გამო არ გამოქვეყნებულა. ისინი საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლას ეძღვნება. სხვიტორელები ამ თხზულებების გამოცემასაც აპირებენ.

უნდა ითქვას, რომ აკაკის წმინდანად შერაცხვას მოწინააღმდეგებიც ჰყავს, ამის მიუხედავად, დიდი პოეტის ცხოვრებისა და ნააზრევის შესწავლის შემდეგ შესაძლოა ქართველ წმინდანთა დასს კიდევ ერთი სახელი და გვარი შეემატოს, სავარაუდოდ, ეს საკითხი რამდენიმე თვეში გადაწყდება.

სიმართლის დასადგენად საპატრიარქოს დავუკავშირდით და კომენტარი ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის ეპისკოპოსს, მეუფე დანიელს ვთხოვეთ: "ამ საკითხის თაობაზე წინასწარ რაიმეს თქმა მიზანშეწონილი არ არის. წმინდა სინოდის სახელზე მართლაც შემოვიდა ამგვარი თხოვნა. აკაკი დიდი საზოგადო მოღვაწე და მამულიშვილი იყო, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევისწავლოთ მისი დამსახურება ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და საერთოდ, ასეთი საკითხის გადაწყვეტისას აჩქარება არ შეიძლება" - გვითხრა მან.

P.S. ვინ იცის, აკაკის არისტოკრატიული გარეგნობის, დახვეწილი მანერებისა და განთქმული ენაკვიმატობის მიღმა ჩვენთვის უცნობი აკაკი იმალებოდა… ვინ იცის, დიდი აკაკი სულ სხვა თვალით დაინახოს ქართველმა ერმა… მანამდე კი, მთელი საქართველო მოთმინებითა და ინტერესით დაელოდება წმინდა სინოდის საბოლოო გადაწყვეტილებას.

ხათუნა ჩიგოგიძე