"სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა?!" - კვირის პალიტრა

"სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა?!"

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ამბავი, რომ ვლადიმირ პუტინი მეორედ დაოჯახებას აპირებდა, სულაც არ გამოდგა ჭორი და დეზინფორმაცია. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" წყაროს ცნობით, რუსეთის ექსპრეზიდენტმა ალინა კაბაევაზე ჯვარი დაიწერა. როგორც ჩანს, ამის შესახებ მოსკოვში უკვე ბევრმა იცის, მაგრამ პუტინის მეორედ დაქორწინებას რატომღაც მაინც მალავენ.

"ჯი-ეიჩ-ენის" ცნობით ჯვრისწერის ცერემონია ვალდაის ტბაზე გაშენებულ უძველეს მონასტერში ჩატარდა. მონასტერი ნოვგოროდის ეპარქიას ეკუთვნის, სამონასტრო ცხოვრება იქ 1995 წლიდან აღდგა. ვლადიმირ პუტინს კარგი ურთიერთობა ჰქონია ამ მონასტრის წინამძღვართან. აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერმა და მისმა რჩეულმა ჯვარი სრულიად რუსეთის პატრიარქის კურთხევით დაიწერეს.

"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, პრემიერის ჯვრისწერა საიდუმლო ვითარებაში ჩატარდა. გზები გადაიკეტა და მხოლოდ ერთ-ერთმა მღვდელმა აღიარა, რომ ტაძარში რუსეთის პრემიერის ჯვრისწერა მიმდინარეობდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება ელიტური წყვილის სამოქალაქო ქორწინება.

ერთი რამ მაინც უცნობია: ოფიციალური ინფორმაციით ალინა კაბაევა 24 წლისაა, თუმცა მის ბიოგრაფიაში შავით თეთრზე წერია, რომ ალინა 1983 წელს არის დაბადებული. თუნდაც ასე იყოს, ალინა პუტინს მაინც შვილად შეჰფერის, თუმცა სწორედ ამ შემთხვევაზეა ზედგამოჭრილი სიტყვები -  "სიყვარულს რას გაუგებ ჩემო ოლღა!"

მოამზადა ხათუნა ჩიგოგიძემ