”კეპკა” გადააგდეს - კვირის პალიტრა

”კეპკა” გადააგდეს

რუსეთში მინი-ისტორიული მოვლენა მოხდა - რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა პირველად არ გაუწია ანგარიში ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს, ვლადიმირ პუტინს და მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამით მოსკოვში ლუჟკოვის ეპოქა დასრულდა და, შესაძლოა, ეს პუტინის ეპოქის დასასრულის დასაწყისიც იყოს.

იური ლუჟკოვის პოლიტიკური აღმასვლა 1992 წელს დაიწყო. თუმცა  მანამდე, 1991 წელს მოსკოვის მომავალმა მერმა ”ოქროს თევზი” დაიჭირა - ის დაქორწინდა ელენა ბატურინაზე, ბიზნესის ნიჭით დაჯილდოებულ ქალზე. 1991 წელსვე ბატურინამ დააარსა კომპანია ”ინტეკო”, რომელიც დღეს რამდენიმე ასეული მილიარდი რუბლის მფლობელია.

1992 წლის ივლისში რუსეთის პირველმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ლუჟკოვი მოსკოვის მერად დანიშნა. შემდეგ რუსეთში მერისა და გუბერნატორების თანამდებობები არჩევითი გახდა და ლუჟკოვმა მერის არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო 1996, 1999 და 2003 წლებში.

ლუჟკოვი კარგი მეურნე გამოდგა და “კეპკამ” მოსკოველებში პოპულარობა მალე მოიპოვა. შესაბამისად, ქალაქის მერის პოლიტიკური ამბიციები გაიზარდა. 1998 წელს ლუჟკოვმა პოლიტიკური ორგანიზაცია ”ოტეჩესტვო” შექმნა. მოგვიანებით ”ოტეჩესტვო” და ევგენი პრიმაკოვის ”ვსია როსია”  გაერთიანდნენ და ამ ბლოკმა რუსეთის 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა.

2000 წელს რუსეთის ხელისუფლების სათავეში ვლადიმირ პუტინი მოვიდა. არადა, საპრეზიდენტო ამბიციები ლუჟკოვსაც ჰქონდა და ამას არც მალავდა. თუმცა, მოსკოვის მერი მიხვდა, რომ პუტინს არ უნდა დაპირისპირებოდა... შესაბამისად, 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუჟკოვმა სწორედ მას დაუჭირა მხარი, პროპუტინური ”ედინაია როსია” კი სწორედ მოსკოვის მერის ”ოტეჩესტვოსა” და პრიმაკოვის ”ვსია როსიას” ბაზაზე შეიქმნა. სამაგიეროდ, ლუჟკოვმა პუტინის სახით ძლიერი მფარველი იშოვა.

2007 წლის 6 ივლისს ლუჟკოვი მეხუთედ გახდა მოსკოვის მერი, მაგრამ საგამგებლოდ ეს არეალი არ ეყო და მეზობელი სახელმწიფოების საქმეებშიც გვარიანად აფათურა ხელი. თუ ანტიქართველი პოლიტიკოსების რეიტინგი შედგა, ლუჟკოვს პირველ საპატიო ხუთეულში ადგილი გარანტირებული აქვს. ის აქტიურად აფინანსებდა აფხაზ და ოს სეპარატისტებს, აფხაზეთში ქონება ჰქონდა, იყო ასლან აბაშიძის მეგობარი. თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, დაეწერა ფარისევლური წიგნი:””საქართველო ჩემს გულშია”. ის რუსეთისთვის ყირიმის დაბრუნებასაც ითხოვდა და უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

დადგა 2008 წელიც და რუსეთში როქი მოხდა - პუტინი პრემიერ-მინისტრის სავარძელში გადაბრძანდა, რუსეთის პრეზიდენტად კი დიმიტრი მედვედევი ”დაინიშნა”. ლუჟკოვი მედვედევისადმი ყოველთვის ირონიულად იყო განწყობილი. ჟურნალისტები სწორედ მას მიაწერენ გამოთქმას: ”რუსეთში არის მეფე-ზარბაზანი, რომელიც არ ისვრის; მეფე-ზარი, რომელიც არ რეკავს და მეფე-მედვედევი, რომელიც მეფე არ არის”.

ლუჟკოვი დარწმუნებული იყო, რომ მედვედევი უსუსური გარდამავალი ფიგურაა და მშვიდად ელოდებოდა 2012 წელს, როდესაც პუტინი იურიდიულად კვლავ დაუბრუნდებოდა პრეზიდენტის სავარძელს. ისე, რუსეთში გარდამავალი ფიგურები ზოგჯერ ”მუდმივებიც” ხდებიან. მაგალითად, ბრეჟნევიც გარდამავალი ფიგურა ეგონათ და კი მართა სსრკ ლამის 20 წელი.

ლუჟკოვი ყველას დასანახად უგულებელყოფდა მედვედევის ნებას, მაგალითად, მიმდინარე წლის აგვისტოში, როდესაც მთელი რუსეთი ცეცხლში იყო გახვეული და მოსკოვი კვამლში იხრჩობოდა, მედვედევმა ყველა ჩინოსანს შვებულების შეწყვეტა მოსთხოვა, ლუჟკოვმა კი პრეზიდენტის მითითება ერთ ყურში შეუშვა და მეორიდან გაატარა.

მოსკოვის მერს იმედი ჰქონდა, რომ მედვედევი პუტინის ”არას” ვერ გადაახტებოდა. პარალელურად, ჰქონდა ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მაგალითი - ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტ კადიროვს ვერ იტანს, მაგრამ პუტინის ფრთებქვეშ შეყუჟულ რამზანს ვერ ხსნის. შესაძლოა, ლუჟკოვი პრემიერის ტონმა შეაცდინა - ბოლოდროინდელ რუსულ პრესას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პუტინი საკმაოდ აგდებულად საუბრობს მედვედევზე და ხაზს უსვამს, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

ასეა თუ ისე, რუსულმა ცენტრალურმა არხებმა ლუჟკოვის “საარტილერიო ”დამუშავება” დაიწყეს. მოსკოვის მერს ყველა ფედერალურ არხზე გზა გადაეკეტა. ТВЦ-მ კი მოამზადა ლუჟკოვის დაცვისმაგვარი გადაცემა, მაგრამ ის პროგრამიდან სასწრაფოდ მოხსნეს. 15 სექტემბერს მედვედევმა ლუჟკოვს (ამას მოსკოვის მერის წერილიდან ვიგებთ) თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიუგზავნა და გადადგომა შესთავაზა. მოსკოვის მერმა მედვედევის ემისარი ცივი უარით გაისტუმრა.

28 სექტემბერს მედვედევმა ლუჟკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა პრეზიდენტის ნდობის დაკარგვის მოტივით. არაპროტოკოლურ ენაზე ეს სამსახურიდან კინწისკვრით გაგდებას ნიშნავს. Pპუტინს ეს ამბავი სადღაც ტულის ოლქში აცნობეს. რუსეთის პრემიერმა ჯერ ქება-დიდება შეასხა იური მიხალიჩს, შემდეგ კი განაცხადა: ”ლუჟკოვს პრეზიდენტთან საერთო ენა დროულად უნდა მოეძებნაო”.

ლუჟკოვმა სასწრაფოდ გამოაქვეყნა მედვედევისადმი 17 სექტემბერს მიწერილი წერილი, რომელშიც ის რუსეთის პრეზიდენტს არადემოკრატიულობაში, 37-იანი წლების ატმოსფეროს დამკვიდრებაში ადანაშაულებს და აცხადებს  - თქვენ იმიტომ დამიპირისპირდით, რომ მოსკოვის მერისა და გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევას ვითხოვდიო. არადა, როდესაც პუტინმა ეს პირდაპირი წესით არჩევნები გააუქმა, მაშინ მედვედევს, მაქსიმუმ, ”გაზპრომის” ხელმძღვანელის სკამი ესიზმრებოდა.

მოსკოვის ყოფილმა მერმა ”ედინაია როსია” დატოვა, სამაგიეროდ, პოლიტიკაში რჩება, მეტიც, რუსეთში ახალი კოალიცია -“როსია, ვპერიოდ!” იქმნება, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, სავარაუდოდ, ლუჟკოვი იქნება და შესაძლოა, ეს პუტინის უკვე მესამე დასაყრდენი ძალა გახდეს - მას უკვე ჰყავს ”ედინაია როსია” და ”სპრავედლივაია როსია”.

ლუჟკოვის თანამდებობიდან გათავისუფლება ერთნაირად გაუხარდათ როგორც მედვედევის მომხრეებს, ისე რუსეთის პატარა, ლიბერალურ ოპოზიციას - ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთში ”ახალი მეფე” დაიბადა და ბოლოს და ბოლოს, მედვედევი გამოვიდა პუტინის ჩრდილიდან. გაუხარდათ პუტინის გარემოცვის წევრებსაც - მათი აზრით, თუ მედვედევმა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას დამოუკიდებელი თამაში გადაწყვიტა, მოსკოველები ჯერ კიდევ პოპულარული ლუჟკოვის ასე დამცირებას არ აპატიებენ და ის დედაქალაქში არჩევნებს წააგებს; ლუჟკოვი კი, მთელი თავისი ფინანსებით, კავშირებით თუ ჯიბის ოლიგარქებით, რა თქმა უნდა, 2012 წელს მხარს მედვედევს ნამდვილად არ დაუჭერს.

შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვის ყოფილი მერის ბოლომდე განეიტრალებას შეეცდება. კერძოდ, რუსეთის შსს-მ უკვე დაიწყო ”ინტეკოს” საქმიანობის შესწავლა და თუ დამტკიცდა, რომ ლუჟკოვის ცოლის კომპანია მოსკოვში ტერიტორიებს საბიუჯეტო ფულით ყიდულობდა, მოსკოვის ყოფილ მერს და მის მეუღლეს, მინიმუმ, რუსეთიდან გაქცევა მოუწევთ. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, მედვედევსა და პუტინს შორის  პირველმა დიდმა, სქელმა, მდიდარმა და კეპკიანმა შავმა კატამ უკვე გაირბინა. მიჰყვებიან თუ არა მას სხვა თანამოძმეებიც, მომავალი გვიჩვენებს. თუმცა ერთი ნიშანი უკვე არის- რუსეთის პროკურატურის განცხადებით, ადამიანის უფლებათა  ცნობილი დამცველის, ნატალია ესტემიროვას მკვლელი ცოცხალია და რუსეთში ცხოვრობს. პუტინის ფავორიტი რამზან კადიროვი, რომელსაც ესტემიროვას თანამოაზრეებმა მკვლელობა ლამის დაუსაბუთეს, ნამდვილად ცოცხალია და რუსეთში ცხოვრობს.

გიორგი კვიტაშვილი