პოპულარობა ქართულად და რეკომენდაციები დამწყებთათვის - კვირის პალიტრა

პოპულარობა ქართულად და რეკომენდაციები დამწყებთათვის

ამ სახელგანთქმულ კერძს სახელგანთქმულ რესტორნებში არ ამზადებენ, არც სახელგანთქმული დიასახლისი შემოგთავაზებთ, არც მარკეტებში იყიდება და არც საოჯახო სამზარეულოებში... ის ყველას თავისთვის უნდა და ყველა საკუთარ თავს უმზადებს. ეს ის კერძია, რომლის გასინჯვაზეც ყველა ჩვენგანი ოცნებობს, მაგრამ ძალიან ცოტა თუ ახერხებს, გემო გაუგოს.

თურმე ისეთი გემრიელია (გადმოცემით ვიცი), თითებს ჩაიკვნეტ. გასინჯავ და შენი აწმყო ლამაზი ბილბორდია...

ზოგიერთი გაპოპულარებული (პოპულარობაგასინჯული) ქართველი კი ხშირად წუწუნებს ამ კერძის უამრავ ნაკლზე: თურმე ისეთი დამღლელია, ქუჩაში რომ გცნობენ, ფოტოებს რომ გიღებენ, აბეზარი ჟურნალისტები ინტერვიუებს რომ გთხოვენ, თაყვანისმცემლები რომ არ გასვენებენ...

უკმაყოფილო, მოწუწუნე “ფეისებო", რომ არა ჟურნალისტები, თაყვანისმცემლები, ფოტო-ინტერვიუები, დღეს თქვენ კვლავაც პრინცესობაზე მეოცნებე კონკიები იქნებოდით. თქვენი წუწუნი ცელულიტია, რომელიც კერძის ჭარბად დაგემოვნებას მოჰყვება. ამ ცელულიტს “ვარსკვლავური დაავადება”ან უხეშად რომ ვთქვათ, "თავში ავარდნა" ჰქვია.

როგორ გავხდეთ პოპულარული? - მისი დღევანდელი ქართული რეცეპტი საკმაოდ მარტივია და სამიოდე ინგრედიენტს შეიცავს: რამდენიმე კილოგრამი სითამამე, ცოტაოდენი სკანდალი, პორნოეროტიკასექსი - გემოვნებით.

რეკომენდაცია 1: ნუ დაინანებთ “პორნოს”

ღარიბო ქართველო მწერლებო! გინდათ თქვენი რომანები ან ლექსებისა თუ მოთხრობების კრებულები კარგად გაიყიდოს? - დაწერეთ პორნოპოეზია ან თქვენს მოთხრობაში ერთხელ მაინც ახსენეთ სექსი. ის იმწამსვე პორნოლიტერატურად ჩაითვლება და შედეგიც გარანტირებული გექნებათ.

როცა ზოგიერთი მომღერალი მიხვდა, რომ მის სიმღერებს არავინ უსმენდა და არც დიდად პოპულარული გახლდათ, გაიხადა. საკმაოდ წარმატებულადაც: "ფლეიბოის" ფურცლებიდან პირდაპირ სახელმწიფო სამსახურში მოხვდა.

ალბათ მიხვდით: სკანდალი აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. საქართველოში კი ის, ძირითადად, “პორნოეროტიკასექსის” სინონიმია.

წარმატება "დშნდნნსებურად"

პოპულარულები სხვანაირადაც ხდებიან. არასექსუალური სკანდალები”ჯეოსტარში ე. წ. "პრიკოლების" სახელითაა ცნობილი და ამ "მარგალიტების" ხუთეულ-შვიდეულ-ათეულებიც ეთერში წარმატებით გადის. უნიჭობით მოპოვებული პოპულარობითა და ცრუტაშით თავის დროზე  "დშნდნნც" ტკბებოდა” და სულაც არ ესმოდა, რომ მას, უბრალოდ, დასცინეს.

მაგრამ მათ რა ქნან, რომლებსაც ასევე წარმატებით დასცინეს და "დშნდნნსგან" განსხვავებით, წამსვე მიხვდნენ "გატელევიზორების" მიზეზს. მიხვდნენ, რომ მათგან უფასო კლოუნები გამოძერწეს და ჩვენ, მაყურებლებიც, მთელი მონდომებით ვიცინოდით, დავცინოდით, დავცინით. ასე იყო თუ ისე, ისინი "საღადაო" ობიექტები გახდნენ, თან - საქართველოს მასშტაბით.

ეს უფასო "შოუები" ეთერში კვლავ გადის და გვავიწყდება მოსალოდნელი არასასურველი შედეგები. რომ არაფერი ვთქვათ მძიმე დეპრესიაზე, გავიხსენოთ ერთ-ერთ უცხოურ შოუში მომხდარი ამბავი - როგორ სცადეს თვითმკვლელობა უცხოელმა "გატელევიზორებულმა კლოუნებმა".

რეკომენდაცია 2: ან "გატელევიზორდით". ან - "სეზამ, გაიღე" ქართულად.

ტელევიზორამდეც მივედით... ხშირად ჩანხარ ტელევიზიით? გილოცავ, შენ უკვე პოპულარული ხარ! ეკრანს რა დაღლის, მას იმდენი ენერგია აქვს, რომ პოლიტიკოსების გრძელი საუბრები, მენტორული ტონი და ათასგვარი "ბლაბლაბლა" ჩვენთვის მუდამ მზად აქვს და ამ სიჭრელით თავსაც ყოველთვის იწონებს.

ვის არ გვიყვარს ტაში, თანაც - მქუხარე. მარტო ნიჭით აქ ვერაფერს გახდები, საჭიროა ცოტა ეშმაკობა, ავანტიურა, ინტრიგა და - მომავალი შენია. პროვოკაცია, ავანტიურა, ინტრიგა - ქართული ჯადოსნური სიტყვა-კოდი "სეზამ, გაიღე" გახლავთ და პოპულარობის თვალ-მარგალიტებს მალევე ფერხთით დაგიყრით. გახსოვდეს რამდენიმე ქართული რეცეპტი და შენ ახალგამოჩეკილი დეისაძე ან წკრიალაშვილი გახდები.

რეკომენდაცია 3. პლუს პოსტსკრიპტუმი: მწარე სიმართლე

მეოცნებე ნუ იქნები, აქ მაღალფარდოვნება არაფრად გამოგადგება, იყავი პრაქტიკული. ნუ იტყვი, რომ პოპულარობა კერძი არ არის, რომ კერძები ჩვენ ვართ, პოპულარობა კი ნამდვილი დაუნდობელი ვამპირია, რომელიც ჩვენით იკვებება. გახსოვდეს: გინდა გქონდეს ფული? - გახდი პოპულარული.

სალომე შენგელიძე