მგზავრობა თბილისურად - კვირის პალიტრა

მგზავრობა თბილისურად

დილა:

რამდენი საქმე გვაქვს. სად აღარ მიგვეჩქარება:

ვის - უნივერსიტეტში;

ვის - სკოლაში;

ვის - სამსახურში...

ველოდებით:

ვინ - ავტობუსს;

ვინ - სამარშრუტო ტაქსის...

სასურველი ტრანსპორტის გასაჩერებლად სიმარჯვეა საჭირო. ამას ვინ როგორ ახერხებს:

შენ მონდომებით უქნევ ხელს;

მე ცოტა წინ მივდივარ და ორივე ხელით უცნაურ მანევრებს ვასრულებ;

ის კი ელოდება, როდის ჩაჯდება ჩვენ მიერ "მოპოვებულ" "მარშრუტკაში". მისია, ტრანსპორტის მოპოვებისა,”შესრულებულია (ამ “მისიის” შესრულება დღეს კიდევ მოგვიწევს).

მეორე მნიშვნელოვანი მისია,“ადგილის მოპოვება” - განუხორციელებელ ოცნებად გვრჩება:

გავსებული "მარშრუტკა", სივიწროვე, ცალ ფეხზე მდგომებმა ლამისაა, ბავშვობის  ასკინკილა დიდობაშიც ვითამაშოთ.

სახეში რიგრიგობით მხვდება:

ვიღაცის ჩანთა, ვიღაცის იდაყვი, ვიღაცის სიძულვილით აღსავსე მზერა (ალბათ უნებურად შევავიწროვე) - რას ვიზამთ, ხდება ხოლმე მაშინ, როცა "მარშრუტკის" ყველა ფანჯარა ჩამუქებულია და მისი პოტენციური "კლიენტები" ვერ ვხედავთ იქ გამეფებულ ქაოსს;

როცა პოტენციური "კლიენტები" ნამდვილ "კლიენტებად" - მგზავრებად ვიქცევით მძღოლის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე;

მერე რა, თუ მისი "მარშრუტკა" მხოლოდ თხუთმეტ მგზავრს იტევს?! - იყოს ოცი, იყოს ოცდახუთი - მთავარია, ჩვენგან ზედმეტი ორმოცდაათთეთრიანები ჩამოაჩხრიალოს (რას ვიზამთ, ყველას ჩვენ-ჩვენი მისია გვაქვს) და ჩვენც, "მგზავრი-ყულაბები" ვდგავართ მოთმინებით.

ვთამაშობთ ასკინკილას.

ყოველი მკვეთრი მოსახვევი, ყოველი ვერდამორჩილებული საჭე გვაიძულებს, წინ მჯდომს ჩავუსხდეთ კალთაში, გვერდით მდგომს მივაყენოთ მრავლობითი დაზიანება, მაგრამ არც ერთხელ არ გამოვხატოთ უკმაყოფილება მძღოლის შესრულებული მისიისადმი”და არ გავაპროტესტოთ ჩვენი, "მგზავრი-ყულაბის" სტატუსი - ჩვენ ხომ კარგად” ვართ აღზრდილები და აქ ნებისმიერი პროტესტი შეურაცხყოფად აღიქმება.

და ვითმენთ.

გვაქვს:

მყარი ნერვები (თორემ აქამდე თბილისის მოსახლეობის პროცენტული უმრავლესობა დანევროზებული იქნებოდა და ფსიქიატრის სამუშაოც ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო გახდებოდა), საკმარისი მოხერხება ("მარშრუტკაში" უკანმდგომს ან უკანმჯდომს წინა რიგების გასარღვევად ნაცარქექიას ეშმაკობა - მოხერხება გჭირდება), ზრდილობა (რომელიც ქართულად ასე ჟღერს - "მორჩილება").

საღამო:

დავტოვეთ ინსტიტუტები, სამსახურები, უკან დაგვრჩა შესრულებული თუ შეუსრულებელი საქმეები, გადარბენა;

უკან დაგვრჩა ჩვენი დილა და ჩვენი შუადღე, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური კოშმარი გრძელდება:

მისია ტრანსპორტი. სიტუაცია - იგივე.

ამ სიტუაციას მორგებული ნანა დეიდა, სალომე, ქალბატონი ლამარა, ბაბუა ოთარი, თემუკა - ეს ჩვენ ვართ, "მგზავრი-ყულაბები". ეს კი ბატონი - მძღოლია.

- ბატონო მძღოლო,  იცით, დღეს ძალიან დავიღალეთ...

- დაამატეთ სკამები, ბატონო მძღოლო, ან სულ არ გაგვიჩეროთ, აგერ, სალომემაც ხომ გითხრათ, როგორ დავიქანცეთ, ფეხზე ვერ დავდგებით...

- ბატონო მძღოლო, მე ნანა დეიდა ვარ, ხანში შევედი და ფეხზე ძველებურად მტკიცედ ვეღარ ვდგავარ...

- ბაბუა ოთარი ვარ, ბატონო მძღოლო. ასეთი მგზავრობა რა, თავისებური ვარჯიშია?! ჯან-ღონით სავსე ნუ გგონივართ...

- თემუკა ვარ, ბატონო მძღოლო, მეორეკლასელი. სასკოლო ჩანთა ისეთი მძიმეა...

- ფრთხილად მაინც იარეთ, ბატონო მძღოლო, ხვალ ამ სილურჯეს სახეზე ტონალური კრემითაც ვეღარ დავფარავ...

ასე ვფიქრობთ. უფრო თამამები ვამბობთ კიდეც, მაგრამ თბილისელების მგზავრობის ნერვული, მტანჯველი, მტკივნეული საათები იქცევა დაძაბულ თვეებად, წლებად.

ბატონ მძღოლებს ჩვენი არ ესმით...

სალომე შენგელიძე