ტობავარჩხილი - სამოთხე დედამიწაზე - კვირის პალიტრა

ტობავარჩხილი - სამოთხე დედამიწაზე

ბოლო დროს საქართველოში ტურიზმის განვითარებას თანდათან მეტი ყურადღება ექცევა. აქეთ ბათუმიო, უფრო აქეთ ანაკლიაო, კიდევ უფრო აქეთ - მესტიაო. სულ ახალ-ახალი ადგილი ჩნდება ისეთი, უცხოელი ტურისტიც და ადგილობრივიც რომ სიამოვნებით დაისვენებს ყოველდღიური პრობლემებისგან.

ტელევიზიით, პრესით თუ ინტერნეტით საქართველოს, როგორც ტურისტებისთვის მიმზიდველ ქვეყანას, ძალიან დიდი პროპაგანდა ეწევა და სხვადასხვა ქვეყანაში უფრო და უფრო მეტი ხალხი იღებს ინფორმაციას მის შესახებ. თუმცა, ამის პარალელურად, ჩვენ, ქართველებმა, ცოტა რამ ვიცით ჩვენს ქვეყანაზე.

რა თქმა უნდა, ის, რომ უშბა სვანეთშია, სათაფლიის მღვიმე იმერეთში, ივრის ზეგანი - კახეთში და ფარავნის ტბა ჯავახეთში, ახალი ამბავი არ არის, ყველამ იცის, რომ ეს ადგილები ძალიან ლამაზი სანახავია - ფოტოებზე მაინც ყველას მოუკრავს მათთვის თვალი ამ ცნობილი ადგილების გარდა, კიდევ ძალიან ბევრია ისეთი ტერიტორია, რომლის შესახებაც ერთეულებმა თუ იციან და ამ ერთეულთაგანაც საკუთარი თვალით ძალიან ცოტას თუ აქვს ნანახი. და ვისაც არ აქვს - ბედნიერია, იმიტომ, რომ წინ ძალიან დიდი სიამოვნება ელის.

საქართველოს ერთ, პატარა, თითქმის ყველასგან მივიწყებულ ნაწილში, რომელსაც ჩხოროწყუ ჰქვია, ძალიან უწყინარი მდინარე - ხობისწყალი ჩამოდის. ერთი შეხედვით დიდად არაფრითაა საინტერესო. ეგაა - აქ ცხელ ზაფხულში გახურებული სხეულის გაგრილება შეიძლება. ჩახვალ, იბანავებ, გაგრილდები და მორჩა: კითხვაც კი არ გაგიჩნდება, - ნეტავ საიდან მოდის ეს პატარა წყალიო. მაგრამ თუ იკითხე, გზა პასუხისკენ ულამაზეს ადგილას მიგიყვანს, სადაც თუ ერთხელ დადგი ფეხი, მეორედ წასვლა უთუოდ მოგესურვება.

მე დავსვი ეს შეკითხვა და:

სატვირთო მანქანა სოფელს გასცდა. დაიწყო დაუსრულებელი მოსახვევები. ეს მდინარე ხობისწყლის ხეობაა, ტობავარჩხილისაკენ მიმავალი გზის პირველი ეტაპი. ეს ხეობა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში უნიკალურია იმით, რომ ერთი მდინარის გაყოლებაზე შეეყრებით მღვიმეებს, ხავსიან მასივებს, მინერალურ წყალს, ალპურ ტბებს, ჩანჩქერებს, მწვერვალებსა და მყინვარს. სიმაღლის მატებასთან ერთად გარემო უფრო და უფრო მწვანდება - ყოველი მეტრის გავლის შემდეგ სულ ახლოს გრძნობ ველურ ბუნებას.

თუმცა ნამდვილი შეგრძნებები მაშინ იწყება, როდესაც საავტომობილო გზა მიილევა. საბოლოო დანიშნულების წერტილამდე კი ბილიკებით კიდევ  რამდენიმე კილომეტრი უნდა იარო ტყეში, ველური მცენარეებით მოფენილ მინდვრებზე. გზა თითქოს არ მთავრდება და გამოუცდელ ტურისტს შეიძლება უკან დაბრუნებაც კი მოუნდეს, მაგრამ დაქანცული მგზავრებისთვის აქ ყოველთვის ღიაა კარეს კარები. კარეს მეგრულად მწყემსების ხის ქოხებს ეძახიან. კარეში, შუაცეცხლის გარშემო მუდამ არის ადგილი შემცივნებული სტუმრებისთვის.

მათთვის მწყემსებს არასოდეს ენანებათ უგემრიელესი ელარჯი, თხის ხორცი და მთის მაწონი. ამ ქოხებში წარსულია გაცოცხლებული და შუაცეცხლთან ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს საუკუნეებით უკან იხევ და კვამლით აცრემლებული თვალებით შეიგრძნობ საქართველოს.

გზა მაღლა-მაღლა მიიწევს... ირგვლივ მხოლოდ მთებია - მთები, უფსკრულები და ჩანჩქერები. აქაური წყალი ყველაზე გემრიელია და ცივი. სულ ცოტაღა დარჩა გასავლელი:

აღმართი, შემდეგ ტაფობი, შემდეგ ისევ აღმართი და უკვე მთის ძირში ვართ. ეს ცაშკიბულია - სამეგრელოს ყველაზე მაღალი და დიდებული მწვერვალი. ულღობი მყინვარი მწვერვალზე ასვლას ართულებს, მაგრამ ასვლა ამად ღირს. ცაშკიბული უნიკალური მწვერვალია იმ მხრივაც, რომ იგი მისაწვდომია როგორც გამოცდილი მთამსვლელებისთვის, ისე უბრალო, თავგადასავლების მაძიებელი ტურისტებისთვისაც.

"ერთ მხარეს პიტალო კლდეა - ალპინისტებისთვის სასურველი საკბილო. მეტიც, ქართველი ევერესტელების აზრით, მწვერვალის ამ მხარეს შეიძლება თავისუფლად მიენიჭოს სირთულის მეხუთე კატეგორია, რაც ურთულეს, მეექვსე კატეგორიაზე ერთი საფეხურით დაბალია." მეორე მხარეს კი შედარებით იოლი გზაა მწვერვალისაკენ, თუმცა არც ამ გზაზე განიცდის მოყვარული ექსტრემალი ადრენალინის ნაკლებობას. მაგრამ როცა მწვერვალზე ადიხარ და ზღვის დონიდან 3016 მეტრის სიმაღლიდან გადმოიხედავ, ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ სამყარო შენს ხელთაა და შეგიძლია იმბრძანებლო ღრუბლებზე, შენ ფეხქვეშ რომ დაცურავენ.

KvirisPalitra.Geაქ დროის შეგრძნება თითქოს იკარგება და სანამ მწვერვალზე დგახარ, გარესამყაროსგან სრულიად მოწყვეტილი, ფიქრობ მხოლოდ იმაზე, რამდენი რამ დაგიკარგავს აქ ამოუსვლელს.

მაგრამ ნამდვილი სამოთხე ჯერ კიდევ უნახვია: ის ადგილი, რომლის თვალშესავლებად ამხელა გზა გამოვიარეთ. ეს ტობავარჩხილია, ვერცხლის ტბა. ჩამქრალი ვულკანის კრატერში ჩაბუდებული, ლურჯ-ვერცხლისფრად მოლივლივე და საოცრად მშვიდი.

უძველესი ლეგენდა ამბობს, ვინც ტბის მყუდროებას დაარღვევს და მის წყალში იბანავებს, შავი ღრუბლების რისხვა დაატყდება თავს და კოკისპირულ წვიმასა და შემზარავ ჭექა-ქუხილს ვერ გადაურჩებაო.

პირქუში ლეგენდისა რა გითხრათ, მაგრამ ორკილომეტრიანი მყინვარის გადალახვის შემდეგ წინ თვალწარმტაცი სანახაობა გადაიშალა. რა თქმა უნდა, ეს ადგილი ფოტოებზე ბევრჯერ მენახა, მაგრამ თვალით ნანახი ბევრად შთამბეჭდავი გამოდგა - მოლოდინს აშკარად გადააჭარბა: ლურჯად ელვარებს მწვანეში ჩამჯდარი ტბა. ჩრდილოეთით დიდებული ჩე გვალა (თეთრი მთა) მოსჩანს, ეს ერთადერთი მხარეა, საიდანაც ტობავარჩხილს მთები არ ეკვრის და ისიც, თითქოს დრო იხელთაო, ჩანჩქერად ეშვება უფსკრულში. სხვა ყველგან სალი კლდეები აღმართულან. ამ საოცრებას ცაშკიბული აგვირგვინებს. მისი ანარეკლიც კი ტბაში იმდენად დიდებულია, რომ ყველას მოახრევინებს ქედს.

ამ ერთი ხელის დადება ადგილას ყველაფერია თავმოყრილი: მთები, კლდეები, მდელო, ალპური ყვავილები, ჩანჩქერი, მყინვარი, ტბა...

დრო კარგა ხანია გაჩერდა. თვალს ხარბად ავლებ ბუნებას და თანდათან უფრო მძლავრად აღიქვამ მის მშვენიერებას. გგონია, სანუკვარი ოცნება აისრულე, რომელიც აქამდე არც კი იცოდი, თუ გქონდა. აღარ გინდა დაბრუნება ხმაურიან ბარში, სადაც მანქანების გამონაბოლქვის გარდა, თითქოს არაფერია. შენი სულის ნაწილი მთაში რჩება და სამარადისოდ იძირება ტბის უსასრულო სიღრმეში. ტობავარჩხილი სამუდამოდ ხდება შენი სახლი, რომელიც თვალის მოწყვეტის წუთიდან სიცოცხლის ბოლომდე გენატრება...

KvirisPalitra.Ge

ტობავარჩხილი

ნედლი მონაცემები:

1. სახელწოდება: "ცაშკიბულის ტობავარჩხილი"

2. სიმაღლე ზღვის დონიდან: ტბა - 2500 მ, მწვერვალი - 3016 მ

3. მდებარეობა: სამეგრელო, ჩხოროწყუს რაიონი, ეგრისის ქედი.

4. კოორდინატები: X:275971:4738329

გიორგი გოგუა

გამოყენებულია რომან თოლორდავას ფოტოები

გიორგი გოგუას ბლოგი