პური ჩვენი (სტუდენტების) არსობისა - კვირის პალიტრა

პური ჩვენი (სტუდენტების) არსობისა

მილიონჯერ მაინც გამიგონია - ვისაც ზამთარში, სიცივეში უნივერსიტეტის წინ მოშივებულს 60-თეთრიანი ხაჭაპური (ადრე, თურმე, თსუ-ის მიწისქვეშა გადასასვლელში ფენოვანი ხაჭაპური სამოცი თეთრი ღირდა, ახლა ლარ-ნახევარი ღირს) ოთხ კაცზე არ გაუნაწილებია, სტუდენტობა არ გამოუცდიაო.

შეიძლება, ასეცაა, ყოველ შემთხვევაში, უფროსი თაობა ასე ამბობს. ზოგადად კი, სტუდენტური ცხოვრება, თითქოს, გაიგივებულია დღიურ ორ ლარსა და შიმშილით გამოწვეულ კუჭის აუტანელ წვასთან. ასეთი ცხოვრება საინტერესოა, ექსტრემალური, და სტუდენტებს, მართალი გითხრათ, დიდად არც აწუხებთ უფულობა, თუმცა, არც იმაზე დავობს ვინმე, რომ მეტი ფული მავნე სულაც არ არის და ორ ლარს ათი თავისთავად ჯობია.

ფულს მუშაობის გარეშე ვერ იშოვი. აი, ეს უკვე საფიქრალია. თუმცა, რაღა საფიქრალი, ქალაქში იმდენი რამეა გასაკეთებელი, საკუთარი ბიუჯეტის შესავსებად რამდენიმე თეთრს სადმე მაინც გამოჰკრავ ხელს: ქუჩაში სარეკლამო ფურცლების დარიგებით დაწყებული, რომელიმე რესტორანში მიმტანად მუშაობით დამთავრებული.

თუმცა, არც ასე მარტივადაა საქმე: არ ვიცი, საბჭოთა იდეოლოგიას დავაბრალო თუ უბრალოდ იმას, რომ ადრე „კარგი დრო იყო“ და „პურის ფული არავის უჭირდა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია -– ჩვენი მშობლების თაობაში ჯერ კიდევ შემორჩენილია აზრი, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: „მე ჩემი შვილი ოფიციანტად არ გამიზრდია!"– თითქოს, ოფიციანტობა ან, თუნდაც, სხვა რომელიმე პროფესია, რომელიც უმაღლეს განათლებას და, რაც მთავარია, დიპლომს არ მოითხოვს, სამარცხვინო იყოს. მათ ურჩევნიათ, მთელი ცხოვრება არჩინონ შვილები, ოღონდ მათ სწავლას მიხედონ. საიდან გაჩნდა ასეთი აზრი?

დანამდვილებით ვერავინ იტყვის. მით უმეტეს, „მუშათა და ჯარისკაცთა“ ქვეყანაში პატიოსანი შრომა, თითქოს, სამარცხვინო არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმავე მუშათა და ჯარისკაცთა ქვეყანაში გახდა უმთავრესი მიზანი სწავლა, სწავლა და სწავლა. ამაში ცუდი, რა თქმა უნდა, არაფერია, მაგრამ საქმე ის არის, ეს ცხოვრების აზრად ქცეული დევიზი პრაქტიკაში რამდენად კარგად იმოქმედებდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ამ სწავლა-სწავლაში ჯერ სკოლის ოქროს მედალი შემოგვექრთამა, შემდეგ კი უნივერსიტეტის მისაღები გამოცდები და წითელი დიპლომი. ფაქტობრივად, მშობლები აცხოვრებდნენ შვილებს. შვილებმა კი - ზრუნვას მაინც არ მოგვაკლებენო, და მუშაობაზე ფიქრიც კი შეწყვიტეს.

ფიზიკური მუშაობა სამარცხვინო გახდა. მიმტან გოგონებს მოქეიფე ნამდვილი ქართველი(!) მამაკაცები ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მეძავებად რაცხდნენ. ჰოდა, ამის შემხედვარე რომელ ახალგაზრდას მოუნდებოდა რესტორანში ოფიციანტად მუშაობა?!

ამ ყველაფრის შედეგს დღეს ვიმკით. მართალია, ბოლო დროს ეს პრობლემა ნელ-ნელა ქრება და ახალგაზრდები უფრო და უფრო ხშირად არიან დაინტერესებული სამუშაოს პოვნით, მაგრამ უფროსებს ჯერ კიდევ აწუხებთ მათი ასეთი დაინტერესება. მშობლებზე რაღა ვთქვათ, მე თვითონ გამიგია ერთი ჩემი ნაცნობისგან: „რესტორანში მიმტანობას მთავაზობენ, მაგრამ როგორ ვიმუშაო, ვინმე ნათესავმა რომ მნახოს, ჩემზე ათასნაირი ჭორი გავრცელდება".

ამ ყველაფერთან ერთად, ქართველები სულ უფრო ხმამაღლა გავიძახით, რომ დასავლეთისკენ გვიჭირავს თვალი და გვინდა გავევროპელდეთ ან გავამერიკელდეთ მაინც; იმას კი ვერ ვაცნობიერებთ, რომ არავის ცხოვრების სტილის გადმოღება არ არის საჭირო. ძალიან ადვილია, დარჩე იმად, ვინც ხარ და მხოლოდ გაითავისო თავისუფლების ხარისხი, რომელიც ჩვენს სათაყვანებელ დასავლურ ქვეყნებში ასე მნიშვნელოვანია. იქ ხომ ასე დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის დამოუკიდებლობას და სრულწლოვანება ცხოვრების გზის არჩევას ნიშნავს.

ჩვენი ახალგაზრდობა, მით უმეტეს, სტუდენტობა, ნელ-ნელა ხვდება, რომ სწავლასთან ერთად მუშაობას, უპირველეს ყოვლისა, სარგებლობა მოაქვს. ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც, იმისთვის, რომ შემოსავალი ჰქონდეს და მშობლებზე რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული, არც მიმტანობას თაკილობს, არც მინების წმენდას და არც ქუჩაში სარეკლამო განცხადებების დარიგებას. ახალგაზრდობაში უფრო და უფრო მკვიდრდება აზრი, რომ საკუთარი შრომით ნაშოვნი ჯიბის ფული ბევრად უფრო ტკბილია, ვიდრე ყოველთვიურად მშობლების ნაბოძები.

გიორგი გოგუა

გიორგი გოგუას ბლოგი