თავისუფლებით დედანატირები საქართველო და ცუღლუტი ამერიკა - კვირის პალიტრა

თავისუფლებით დედანატირები საქართველო და ცუღლუტი ამერიკა

ოდნავ მოტეხილი მეჩვენა, წლები აშკარად დასტყობია, თუმცა, ძველებური რიხი ისევ აქვს. ისე გაბრაზებით საუბრობს სამშობლოს ბედკრულ ყოფაზე, თანამედროვე პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაზე, კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ ეს კაცი თხემით ტერფამდე შეყვარებულია სამშობლოზე. უსმენ ქადაგადქცეულს და ხვდები, რომ სწორედ ასეთმა ადამიანებმა იხსნეს განსაცდელისგან ჩვენი სამშობლო მაშინ, როცა ქართველობას ყველაზე მეტად უჭირდა...

ხალხის უსაყვარლესი მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე საოცრად ჰგავს თავის კინოგმირებს - პირდაპირი და ალალია... ასე რომ, თუკი დიდი მსახიობის მონოლოგში მისი ეკრანული გმირის პოზიცია დაინახეთ, არ გაგიკვირდეთ - ზურაბ ქაფიანიძის ნააზრევი ხომ, მსგავსად მისი შემოქმედებისა,  ეროვნული ფესვებით საზრდოობს.

"საქართველო ისეა, ჟირინოვსკის რომ უნდა..."

ჟირინოვსკი რომ იყოს ჩვენი სამშობლოს პრეზიდენტი, სწორედ ისე მოექცეოდა საქართველოს, როგორც დღეს ექცევიან. ხომ ჩამოიყვანეს ათასი ამერიკელი მასწავლებელი!  მე და თეიმურაზ მიბჩუანმა აღმოვაჩინეთ, რომ ქართული ენა არის საწყისი  დედამიწაზე და ქართული ანბანი პირველი ანბანია.

ამ ქვეყანას რომ ენას წაუშლი, ამ ქვეყანას რომ ტრადიციას მოუშლი, რა გქვია შენ, ბიჭო?! ჩვენ არავის ვგავართ, არც ინგლისელებს, არც ამერიკელებს, არც იტალიელებს, არც ესპანელებს. ასეთი სიმღერა, ასეთი ცეკვა, ასეთი სტუმართმასპინძლობა, ასეთი ადათი, ასეთი მთა და ბარი, ასეთი სალოცავები არა აქვს ქვეყანაზე არავის. რატომ მიშლი ამ განსხვავებას?

კაცობრიობა შუმერებს ეძებდა და ვერ ნახა; შუმეროლოგებმა გამოაცხადეს: ენა მკვდარია და ხალხი - გადაშენებულიო.  ჩვენ ვართ ის ერი, რომელმაც დაადგინა, რომ ენაც ცოცხალია და ხალხიც. რასაც ადრე შუმერები ერქვა, დღეს საქართველო ჰქვია! ამას რომ არ მიხედავ, რა ჰქვია ამას, ბიჭო?!

რომ ეცემიან ხოლმე საბჭოთა კავშირს, საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერებათა აკადემია არსებობდა, მსოფლიო დონის მწერალთა კავშირი არსებობდა, მსოფლიო დონის მხატვართა კავშირი არსებობდა, მსოფლიო დონის კომპოზიტორთა კავშირი არსებობდა...

თავისუფლებამ რომ დედა უტირა საქართველოს, ასეთი დედანატირები მე ჯერ არავინ მინახავს. თავისუფლება თურმე ის ყოფილა, რომ სულელები უნდა მოექცნენ ხელისუფლების სათავეში! ერს თურმე არა სცოდნია ჭკვიანის ამორჩევა! 16 წლის დავით აღმაშენებელი რომ აკურთხეს მეფედ, წავიდნენ და ჭკვიანი კაცი უნახეს, თბილისსა და ქუთაისში კი არა, სოფელში მოძებნეს -ჭყონდიდში და 16 წლის მეფე გიორგი ჭყონდიდელთან ერთად მართავდა ქვეყანას. მაშინ ვიცოდით შავის და თეთრის გარჩევა და ახლა აღარ ვიცით?

 

"უნდა გადავრეკოთ ეგენი...”

ბავშვი რომ მშობლიურ ენაზე უნდა აღიზარდოს, რად უნდა ამას დიდი ფილოსოფია!  რუსეთმა 200 წელი ისეთი ვერაფერი უქნა საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატები რომ უკეთებს.  ვიცნობ  და  ეგეთი ცუღლუტი ქვეყანა არ მინახავს. ამერიკაში გავგზავნე ჩვენი გამოკვლევა შუმერებზე, პრეზიდენტსაც მივწერე, არავითარი პასუხი არ ყოფილა.

გავგზავნე წიგნი, თან რამდენიმე კითხვა დავურთე და ისეთი ცუღლუტური პასუხი მომივიდა, გაგიჟდები. პენსილვანიის ინსტიტუტს შევატყობინე, რომ აღმოვაჩინე შუმერული ენა, რომელიც მკვდარი კი არა, ცოცხალი ენაა და გავუგზავნეთ ფაქტები. იქიდან მომწერეს, ანი არ ჰქვია მთვარესო. ანი რომ მთვარეს ნიშნავდა, ჩვენ ამერიკელი შუმეროლოგებისგან ვისწავლეთ, არადა, ახლა მე მეუბნება, ანი მთვარე არ არისო. ჯერ იმათ უთხარი და გააგებინე...  ქაჯი ვგონივარ, რადგან დაცემულია საქართველო, იმას ჰგონია, აზროვნებაც მოშლილია.

მინდა ვაგინო ამერიკას, გაიგონ, რომ ვაგინებ! მერე იქნება მკითხონ, რატომ მოგვაყენე შეურაცხყოფაო. აბა, დამიდგნენ ერთი... ვითომ აღარც დავით აღმაშენებელი გვყავდა, აღარც თამარ მეფე, აღარც ვაჟა-ფშაველა, აღარც რუსთაველი.

გამოსავალი ერთია - უნდა გადავრეკოთ ესენი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან უნდა გაწყდეს ყოველგვარი კავშირი, ის არ უნდა ჩაერიოს ჩვენს შინაურ საქმეში. არ მინდა მე მაგათი დარიგებული ჭკუა! თვითონ უტვინოა და მე რა უნდა მასწავლოს?! ტრადიცია არა აქვს, სიმღერა არა აქვს, დენი რომ გამოურთო, ვეღარ იმღერებს. ერთი ესტრადა აქვს და ის ესტრადაც ქართულ "მრავალჟამიერთან" შედარებით, მაიმუნობაა.

"მე ჩავაწყნარებ აფხაზეთსაც და ოსეთსაც...”

ძალიან მადარდებს, რომ ვერ მივხედეთ კავკასიას. კავკასიელები ჩვენი ნათესავები არიან... ჩეჩნებიც, ჩერქეზებიც, ქისტებიც ჩვენი ნათესავები და სისხლი და ხორცია. ოსი ძმადნაფიცები მყავდა, ვეხვეწე სახელმწიფოს, მომეცით საშუალება, თუ გინდათ, ოსებთან მოგიგვარებთ ურთიერთობას-მეთქი. სახელმწიფომ რომ მითხრას, მე დღესვე ჩავაწყნარებ აფხაზეთსაც და ოსეთსაც. აფხაზეთის აკადემიის პრეზიდენტი თეიმურაზ მიბჩუანი ჩემი მეგობარია, აფხაზეთიდან ლტოლვილია.

ჩემთან და იმასთან მოვიდნენ აფხაზები - თქვენ კარგი ქართველები ხართ, გვიშველეთ, ჩვენ შეგვეშალაო. თქვენ თუ ოდესმე დაგვიძახებთ, იცოდეთ, თქვენს გვერდით ვართო. ისინი არც აფხაზეთის მთავრობასთან მივიდნენ და არც საქართველოს მთავრობასთან, ჩვენთან მოვიდნენ...

"ამდენი მოღალატე? როგორ მწყდება გული იცი...”

აღმოვაჩინეთ სახელმწიფოს პირველი ენა და პირველი ანბანი, აქედან ისწავლა ენაც, ლაპარაკიც და ანბანიც კაცობრიობამ. არც ეს უნდათ...  როგორ მწყდება გული იცი? ამდენი მოღალატე რომ არის ერში...

თამარი შეგვიგინეს, დავითი შეგვიგინეს, მეცნიერებათა აკადემია დაშალეს, უნივერსიტეტი გაათახსირეს, ბავშვები გაგვირყვნეს, ყველაფერი ქართული გააფუჭეს. მეტი რა არის მტრობა? ვეღარა ვგრძნობთ მტრობას თუ რაშია საქმე?

მე რომ ვამბობ ლექსს - "წუხელის ბიჭი დაბადებულა", ყველა ქართველს უხარია იმათ გარდა, ვინც დღეს არის მთავრობაში, პრეზიდენტით დაწყებული, ყველას ვგულისხმობ...  საქართველოს კარგი სწყინთ! მტრები არიან, აბა, რა! უბრალოდ, თოფს ვერ ესვრიან, მაგრამ... დააჯარიმე, მოსპე... მაგათი ხერხებია.

შედი აფთიაქში და ნახე, რა ღირს წამალი;  მერე ნახე, რა აქვს პენსია კაცს. ადრე რესტორანში რომ შეხვიდოდი, გიანგარიშებდნენ 595 მანეთს და 16 კაპიკს, ვითომ ზუსტად იანგარიშეს; ისეა აფთიაქშიც -10 ლარი და 90 თეთრი. ეს 90 თეთრი რაღაა - ან 11 ლარი დაადე, ან - ათი. მაგრამ ეს ვითომ ზუსტად გაანგარიშებული აქვთ. ყველა იტყუება! ცოდვა არ არის, შენს გაჭირვებულ ხალხს კისერზე რომ აზიხარ, ატყუებ და  სულიერად და ეკონომიკურად კლავ?

ყველაფერი ზვიადის ბრალია

საქართველო მიტინგებმა წალეკა, გაუწყალეს ქართველ კაცს ტვინიც და გულიც. აღარაფერი მისცა ამ მიტინგმა. რომ დადგა ზვიადი პრეზიდენტად, რა გააკეთა? ზვიადის ბრალია, საქართველო რომ ამ დღეშია! ეგ რომ კარგი პრეზიდენტი ყოფილიყო და შემოეკრიბა ჭკვიანი ხალხი ირგვლივ,  საქმე სხვანაირად იქნებოდა. თუ არ შეგიძლია ქვეყნის მართვა, დაუძახე მეორეს... არა!... ყველაფერი მე ვარო. აი, რა მოიტანა ამან...  სულელი იყო ის და სულელურად წაიყვანა საქართველოს ბედი. დაწერე ეს, ასე ზუსტად, მე არც გამოშტერებული ზვიადისტების მეშინია, არც არავისი...

საქართველო ჩავაბარეთ, ასე მივუტანეთ ხონჩით და ვერ მოუარა. არ დააცადესო...  რას ჰქვია, არ დააცადეს, პრეზიდენტი იყო და მაგას უნდა გაერკვია ყველაფერი...

ზვიად გამსახურდიას ვეხვეწე, კოლმეურნეობის თავმჯდომარედ გამიშვი ერთი წელი და გაჩვენებ, სოფელს როგორ დავაყენებ ფეხზე-მეთქი, მამაჩემმა ყველაზე ღატაკი სოფელი სამ წელიწადში ყველაზე მდიდარი გახადა.

მამაჩემისგან ვიცოდი, სოფელს რა დააყენებდა ფეხზე; ეს მინდოდა გამეკეთებინა, არავინ წავიდოდა საქართველოდან, არადა, ახლა სამი მილიონი კაცია გასული. სოფელს ისე მოვაწყობდი, იქიდან წასვლა არავის მოუნდებოდა.

მიტინგზე რომ გამოვიდოდი, სადმე შეკრებები რომ იყო, ყველა გასუსული მისმენდა, ალბათ, ამიტომ ვერ მიტანდა ზვიადი, თორემ მე მისთვის არ მიღალატნია, არასდროს, ერთი ნამცეციც კი! ჩემთვის ახლობლებში ვამბობდი ხოლმე - ეგ საქართველოს ვერ მოუვლის-მეთქი და მეგობრების იქით არ გადიოდა ეს ამბავი. სახალხოდ ზვიადის ძაგება არასდროს მითქვამს! პირველად ვამბობ ახლა ამას...

მამუკა ნაცვალაძე