"ქალაქს აბინძურებენ უწიგნურები" - კვირის პალიტრა

"ქალაქს აბინძურებენ უწიგნურები"

...ამ თემაზე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა პრესაში, ტელე-რადიო სივრცეში, ინტერნეტში. თუმცა მდგომარეობა მაინც არ შეცვლილა... ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც ქუჩები გარემოვაჭრეებისგან გაათავისუფლეს და ახალი ადგილები მიუჩინეს. ბუკინისტებს დედაენის ბაღი ხვდათ წილად.

ამ მბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგს მოეწონა ეს ცვლილება, ზოგს – არა: ერთნი ამბობდნენ, რომ ქუჩებში გარემოვაჭრეების ადგილი არ არის, ბუკინისტები კი გარემოვაჭრეები არიანო. მეორენი კი პირიქით – ძველი წიგნების გამყიდველების ჩვეულ ადგილას დაბრუნებას მოითხოვდნენ.

წიგნები ყველგან იყო: ჭავჭავაძეძე – უნივერსიტეტის წინ, რუსთაველზე, ყაზბეგზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში თუ ტროტუარებზე... იქ ყოველთვის ნახავდით ერთ ახალგაზრდას მაინც, რომელიც ინტერესით ათვალიერებდა გამოფენილ წიგნებს. სტუდენტებს უყვარდათ ბუკინისტები… სწორედ ამიტომ თავისუფლების მოედანზე, ყოფილი მერიის წინ მოაეწვყეს მშვიდობიანი აქცია მათ მხარდასაჭერად.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ძველი წიგნები, რომლებსაც ჯერ ხმამაღლა კითხულობდნენ, შემდეგ კი სიმბოლურ ფასად ისევ ერთმანეთში, ან გამვლელებზე ჰყიდდნენ. სტუდენტებთან ერთად თვით ბუკინისტებიც იდგნენ, რომლებიც, რაღა თქმა უნდა, მხარს უჭერდნენ მათს მოთხოვნებს. ახალგაზრდების ძირითადი სათქმელი კი ასეთი იყო:

თოკო, სტუდენტი (აქციის ორგანიზატორი): ჩვენი მოთხოვნაა, ბუკინისტები დააბრუნონ ძველ ადგილებში. ვფიქრობთ, რომ ქალაქი არის სულიერი ორგანიზმი, რომლის ერთერთი განუყოფელი ნაწილი ბუკინისტები არიან. მართალია, ის ადგილი, სადაც ისინი გადაიყვანეს, ძალიან კარგი და მისი საწინააღმდეგოც არაფერი გვაქვს, მაგრამ წიგნის საყიდლად გამიზნულად ერთ ადგილას სიარულს ბევრად გვირჩევნია მათ ქუჩაში შემთხვევით ვხვდებოდეთ. შეიძლება რომანტიკულადაც ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ გვინდა წიგნები ყოველთვის, ყოველ ფეხის ნაბიჯზე სახეში გვეჩეხებოდეს.

ლუბა, სტუდენტი (აქციის ორგანიზატორი): როცა ერთ დღესაც, ქუჩაში გამოსვლისას ბუკინისტები ვერ დავინახე, რომლებთნაც, უბრალოდ, მსიამოვნებდა ურთიერთობა, თავი, მართალი გითხრათ, შეურაცხყოფილად ვიგრძენი. ამიტომაც ჩვენ, სტუდენტებმა, გადვწყვიტეთ მოგვეწყო ეს აქცია, რომლის მთავარი ლოზუნგია "წიგნი არ აბინძურებს, ქალაქს, ქალაქს აბინძურებენ უწიგნურები". ჩვენ აქ მოვაწყვეთ სიმბოლური ვაჭრობა წიგნებით, რომლიდან შემოსული თანხაც შემდეგ აქციას მოხმარდება. სტუდენტები მოვაწყობთ ასეთ აქციებს მანამ, სანამ ჩვენს მოთხოვნებს ყურადღებას არ მიაქცევენ. წიგნი არ არის ის თემა, რომელზედაც შეიძლება გაჩუმდე ამიტომაც, იმედია, შემეგ აქციებზე უფრო მეტი ხალხი შემოგვიერთდება.

თავად ბუკინისტებსაც ურჩევნიათ ძველ ადგილებზე დაბრუნება, რადაგან დედაენის ბაღში ნაკლები სტუმარი ჰყავთ. თუ ადრე ნებისმიერი გამვლელი შემთხვევით შემჩნეულ წიგნს აიღებდა, თვალს გადაავლებდა, მოეწონებოდა და ყიდულობდა, დღეს მათ მხოლოდ ისეთი ადამიანები სტუმრობენ, რომლებსაც განსაზღვრული წიგნის შეძენა სურთ. თუ ქალაქის იერსახისთვის მიუღებელია მათი ქუჩაში დგომა, იქნებ დაიდგას პატარა ბუკინისტური ჯიხურები, რომლებშიც ძველებურად გაიყიდება დროში გამოცდილი წიგნები.

გიორგი გოგუა

გიორგი გოგუას ბლოგი