გამომობილურებულები - კვირის პალიტრა

გამომობილურებულები

ეს იყო დიდი ხნის წინ... ჯერ კიდევ 1973 წელს კომპანია "მოტოროლამ" პირველი რადიოტელეფონი შექმნა და კაცობრიობის გამობილურებასაც იქვე ჩაუყარა საფუძველი. არადა, თავიდან როგორ სკეპტიკურად უყურებდნენ ამ გამოგონებას! – ერთი გამოუსადეგარი სათამაშოა, მეტი არაფერიო... ეს "სათამაშო" კი ჯერ გამრავლდა, ნელ-ნელა ზომაში დაპატარავდა (თავიდან აგურივით იყო), ცოტა ხანში ხელის გულზეც კი დაეტია, შემდეგ გამრავალფეროვნდა, გაფერადდა, დაჭკვიანდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, სიმღერაც კი ისწავლა!

ჰოდა, ადამიანი რის ადამიანი იქნებოდა, ასეთი ყოვლისმცოდნე მეგობარი გვერდში არ დაეყენებინა. შედეგად კი 21–ე საუკუნეში მობილური ტელეფონი ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა.

ქუჩაში დიდი დაკვირვება არ არის საჭირო ყურსასმენებით აღჭურვილი ახალგაზრდების (და არამარტო ახალგაზრდების) შესამჩნევად. ამის დამნახავი გულმოსული თუ გულდაწყვეტილი უფროსები სხვა უფროსებს უყვებიან ახალი თაობის გადაგვარებისა და მობილურზე დამოკიდებულების შესახებ. როგორ? რა თქმა უნდა, ფიჭური ტელეფონის საშუალებით.

ფაქტია, ჩვენი საუკუნე ციფრული ტექნოლოგიების საუკუნე გახდა, ამას დიდი კამათი არ სჭირდება. ცხოვრების რიტმი საოცრად აჩქარდა და ადამიანები, მით უმეტეს, ახალგაზრდები, ცდილობენ, არ ჩამორჩნენ დინებას. მობილური ტელეფონი კი ამ ორომტრიალში, სწორედ რომ სულზე მისწრებული დამხმარეა.

მაგალითად, ცხრამეტი წლის სტუდენტ დათოს ტელეფონის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია: ”ძალიან ხშირად მიწევს დარეკვა,  ხანდახან ეს-ემ-ესებსაც ვაგზავნი-ხოლმე. გარდა ამისა, ტელეფონს ძალიან ხშირად ვიყენებ მეილის შესამოწმებლად, სოციალურ ქსელებზე საძრომიალოდ და, რაც ყველაზე მთავარია, მუსიკის მოსასმენადო”, – მითხრა მან.

ის არ იყო ერთადერთი, ჩემს რესპონდენტთა შორის, ვისთვისაც მობილური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მაგალითდ, ნინო, ასევე ცხრამეტი წლის სტუდენტი, აღშფოთებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ მის ერთ-ერთ მეგობარს ტელეფონი სახლში დარჩა: ”ცხოვრებაში ასეთი რამ არ მომსვილია და არც მომივა, ტელეფონის გარეშე ჩემთვის დღე არასრულყოფილიაო”.

თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ მობილური და, სიმართლე გითხრათ, ამის გამო დიდ დანაკლისსაც არ განიცდიან...

ჩემდა გასაკვირად, გამოკითხული სტუდენტების უმრავლოსობამ აღნიშნა, რომ ეს-ემ-ესებს ძალიან იშვიათად წერენ, მაგრამ, ამასთან ისიც აღიარეს, რომ სამი-ოთხი წლის წინ (ანუ, დაახლოებით მაშინ, როცა სისხლი დუღილის ტემპერატურამდე აღწევს), მესიჯომანიით იყვნენ შეპყრობილი და ღამეებსაც კი ათენებდნენ მიმოწერაში.

ასეა თუ ისე, უყვართ თუ არ უყვართ, აღიარებენ თუ არა, მობილური ტელეფონი მაინც თამაშობს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში გარკვეულ როლს. დღეს ექვსი წლის ბავშვები სკოლაში აღარ ტირიან, რადგან დედიკოები და მამიკოები ყოველ წამს ურეკავენ პაწაწინა მობილურებზე.

ტექნოლოგიები კი იხვეწება და იხვეწება: ახალ-ახალი ტელეფონები სულ უფრო და უფრო მრავალფეროვან ფუნქცებს იძენენ. ჩვენც, ზოგნი დახვეწილ, სულ ცინცხალ, როგორც ამბობენ, ბოლო მოდელის მობილურებით "შეიარაღებული" დავდივართ, ზოგნი კი ქართვლებისთვის საყოველთაოდ ცნობილი "ფანრიანი ნოკიით". მოკლედ რომ ვთქვათ, ზოგი იმით "მარიაჟობს", რომ მაგარი ტელეფონი აქვს, ზოგი პირიქით, იაფფასიანი ტელეფონით საკუთარ უბრალოებას უსვამს ხაზს, ზოგი კი თავის "ფანრიან ნოკიას" სიამოვნებით მოისვრიდა ნაგავში, უკეთესის ყიდვის საშუალება რომ ჰქონდეს.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ფიჭური ტელეფონი დღეს უკვე ტელეფონი აღარ არის, ის ადამიანის საუკეთესო მეგობარია (ძაღლები ნუ მიწყენენ).

პ.ს. ახლა კი მაპატიეთ, უნდა წავიდე, მგონი ჩემი მობილური რეკავს და...

გიორგი გოგუა

გიორგი გოგუას ბლოგი