"ამ ხელისუფლებას კომბლებით გავყრით სქართველოდან!" - კვირის პალიტრა

"ამ ხელისუფლებას კომბლებით გავყრით სქართველოდან!"

"ჩვენს ქვეყანას ალი-ბაბა და ორმოცი ყაჩაღი დაეპატრონა და სანამ დროა, ისინი აქედან უნდა განვდევნოთ!" - გვითხრა ბატონმა გოგა ხაინდრავამ, რომელიც საქართველოში შექმნილ სიტუაციას საგანგაშოს უწოდებს. ვის გულისხმობს ბატონი გოგა "ალი-ბაბასა და ორმოც ყაჩაღში", ქვემოთ შეიტყობთ:

- ბატონო გოგა, ოპოზიცია და მისი მომხრენი გადაულახავი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდნენ - მათ სურდათ და ახლაც სურთ ხელისუფლების შეცვლა მაშინ, როდესაც ბატონი სააკაშვილი არსად წასვლას არ აპირებს...

- დავიწყოთ იმით, რომ სიტყვა "ბატონის" გამოყენება ამ სუბიექტის დასახასიათებლად გაუმართლებელია. ეს არის პირწავარდნილი ყაჩაღი და კრიმინალი. ყველა მანკიერებამ, რომელიც ცალ-ცალკე, თითოეულ პიროვნებას შეიძლება ჰქონდეს, ამ ერთ ადამიანში მოიყარა თავი. სააკაშვილმა ეს ქვეყანა კატასტროფის პირამდე მიიყვანა. პრაქტიკულად დღეს ქართული სახელმწიფო აღარ არსებობს, არსებობს მხოლოდ ტერიტორია, არსებობს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ხალხი და ბოროტი ძალები, რომლებისთვისაც ასეთი სუბიექტების

ხელისუფლების სათავეში ყოფნა ხელსაყრელია.

- კონკრეტულად, ვისთვის არის ხელსაყრელი?

- პირველ რიგში რუსეთისთვის, რომელიც სააკაშვილის ხელშეწყობით თანდათან ეპატრონება საქართველოს. ამ საქმეში პრეზიდენტს აქტიურად უჭერენ მხარს ბეჟუაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბენდუქიძე და ძმანი მათნი. ისინი რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან და საკუთარი სკამის შესანარჩუნებლად არც ბავშვს დაინდობენ და არც ქალს. გარდა ამისა, საქართველო სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობს, რის გამოც ის მნიშვნელოვანია ამერიკისათვის.  აშშ-ში არავის ადარდებს, რომ ქართველი ბიჭების სისხლი ავღანეთში იღვრება, მაგრამ სააკაშვილის პოზიცია მაკვირვებს, რომელიც საკუთარ ხალხს საზარბაზნე ხორცად იმეტებს.

- ბატონო გოგა, რა გზით აპირებთ ხელისუფლების შეცვლას?

- სამწუხაროდ, სხვა გზას სააკაშვილი არ გვიტოვებს. არც ის და არც მისი კრიმინალური გუნდი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს ძალაუფლებას. მერაბიშვილი, ბეჟუაშვილი, ბენდუქიძე, ადეიშვილი, ბოკერია, ლომაია - ეს ის ხალხია, ვინც კბილებით დაიცავს საკუთარ მდგომარეობას. არაფერს ვამბობ სადისტ ახალაიებზე. მათ კარგად იციან, რომ საკუთარი ნებით აშენებულ ციხეებში მოუწევთ ჯდომა, როგორც კი ძალაუფლებას დაკარგავენ. ერთადერთი გზა, რომელსაც ისინი ტოვებენ, აჯანყებაა. როდესაც შენს წინ დგას მოღალატე, კრიმინალი, ბანდიტი, უნდა მოახერხო და როგორმე მისგან თავი დაიცვა. სამწუხაროდ,  ერთადერთი ხერხი და იარაღი, რომელიც ჩვენ მათ დაგვიტოვეს, ეს არის კომბალი. მე მათ ვპირდები, რომ ადრე თუ გვიან კომბლებით გავაძევებთ საქართველოდან!

- მოწინააღმდეგეები გეტყვიან, რომ ეს ქვეყანაში სერიოზულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს...

- იმაზე მეტი დესტაბილიზაცია, რაც საქართველოში სააკაშვილმა მოიტანა, რა უნდა იყოს? გორთან რუსული ტანკები დგანან, ყოველდღე ვკარგავთ ჩვენს მიწა-წყალს, ხალხს ვკარგავთ, ახალგაზრდა ბიჭებს ვკარგავთ, მორალსა და ზნეობას ვკარგავთ... მითხარით, ამაზე უარესი დესტაბილიზაცია რა უნდა იყოს? ახლა ვაღიარებ, რომ შევცდით, როდესაც ეს ხელისუფლება ძალით არ გავყარეთ. ამდენი ადამიანი არ დაიღუპებოდა სააკაშვილი დროულად რომ მოგვეშორებინა. მეგონა, ჩემი ხალხისა და ღმერთის წინაშე მართალი ვიყავი, როდესაც ხელისუფლების დამხობის ძალადობრივ  მეთოდებს არ ვემხრობოდი, რადგან ვიცოდი, რომ ამას მსხვერპლი მოჰყვებოდა, მაგრამ ეტყობა შევცდი. ასე გაცილებით ნაკლები ზარალი ექნებოდა ქვეყანას. ჩვენ მაშინ თავი შევიკავეთ, ახლა კი ძალით გავყრით და მე მოწინავე რიგებში ვიდგები კომბლით.

- ბატონო გოგა, ფაქტია, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში ოპოზიცია ერთხელ უკვე მწარედ დამარცხდა.

- ეს ცხოვრების კანონია - ხან მოიგებ და ხან წააგებ. ჩვენ სუფთა ხელებით, სუფთა გონებითა და ცივილიზებული გზით ვცდილობდით ძალაუფლება ქართველი ხალხისათვის დაგვებრუნებინა. ის, რომ ხელისუფლებისათვის არ ვიბრძოდით, არაერთხელ დავამტკიცეთ. უარი ვთქვით პრივილეგიებზე, სამთავრობო სკამებზე და ბევრ სიკეთეზე. როდესაც ჩვენს სტრატეგიას ვსაზღვრავდით, ჩვენი მოწინააღმდეგე  "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი გვეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ უკან ბიძია ბუში დგას დიდი კომბლით. იმის პრეტენზია არც გვქონია რომ სუპერსახელმწიფოს ადმინისტრაციას დავამარცხებდით, სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" კი ბევრჯერ დავამარცხეთ. თანაც, ამ კრიმინალურ ბანდას ნიღაბი ჩამოვხსენით - დღეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილი  შიზოფრენიკია, მის გარშემო კი შეკრებილი არიან კრიმინალები და კანონის დამრღვევები. სხვა საქმეა, რომ მისი ყოფნა ამ ეტაპზე ამერიკის ადმინისტრაციასაც ხელს აძლევს და რუსეთსაც, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია.

- როგორ ფიქრობთ, ირაკლი ოქრუაშვილი ახლა მაინც მიაღწევს წარმატებას მის ირგვლივ შეკრებილ ხალხთან ერთად?

- დავაკვირდეთ, ვინ უდგას მხარში ირაკლი ოქრუაშვილს: ლევან გაჩეჩილაძე, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, სოზარ სუბარი, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი სამაგალითო მოქალაქეა საქართველოში, მან ეს თავისი საქმიანობითა და თავდადებით აჩვენა. იქ არის კოკა გუნცაძე, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადამიანი, ვინც საერთოდ შემხვედრია ამ ქვეყანაში. ბედნიერი ვარ, რომ ეს კაცი გავიცანი და მას დავუმეგობრდი. იქ არის ეროსი კიწმარიშვილი, რომლის ბიოგრაფიაც კითხვებს ბადებს, მაგრამ თავისი საქმის კარგი მცოდნეა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი სწორ მიზანს დაისახავს და წარმატებასაც მიაღწევს.

- თქვენი აზრით, ვინ შეუერთდება ე.წ. კომბლების გზას?

- მე ვფიქრობ, ყველა, იმიტომ, რომ გულის სიღრმეში ყველამ იცის, რომ ეს ხელისუფლება სწორედ კომბლებით უნდა გავყაროთ. ჩემზე ადრე ამას გუბაზ სანიკიძე ლაპარაკობდა - ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და ვაფასებ. შეიძლება ზოგჯერ აზრთა სხვადასხვაობა გვქონდეს, მაგრამ ის მიეკუთვნება იმ ადამიანების რიცხვს, ვისთან ერთად მართლა ღირს ამ ქვეყნაში ცხოვრება. სხვათა შორის, ნოემბრიდან მისი "ეროვნული ფორუმიც" გადადის ახალ ტაქტიკასა და სტრატეგიაზე.

- ე.ი. ოპოზიცია გააქტიურდება და პოლიტიკური ცხოვრებაც გამოცოცხლდება?

- პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში კარგა ხანია არ არსებობს. სააკაშვილი მოვიდა და პოლიტიკური ცხოვრება მოსპო. ეს არის პოლიტიკური დემაგოგია და ილუზიის შექმნის მცდელობა, თითქოს ქვეყანაში პოლიტიკური დებატები და დიალოგი მიმდინარეობს. ვიმეორებ, საქართველოს ალი-ბაბა და ორმოცი ყაჩაღი დაეპატრონა და ჩვენ ვცდილობთ გამოვგლიჯოთ ამ პირსისხლიან ადამიანებს ჩვენი ქვეყანა. სააკაშვილს ბატონი და მეფე ჰგონია თავი, მაგრამ სინამდვილეში ის არის ფსიქიკურად მძიმედ დაავადებული კაცი, რომელიც თავის მიერ შექმნილ სამყაროში ცხოვრობს და მთელ ქვეყანას ექაჩება იმ ირეალური სამყაროსაკენ. ამ კაცს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიუჩინონ კარგი ექიმები და მისი იზოლაციაც მოახერხონ. ხოლო იმ გუნდმა, ვინც მას მხარში უდგას, პასუხი უნდა აგოს ქართველი ერის წინაშე!

ხათუნა ჩიგოგიძე