"ყველაფერი კვლავ სადღეგრძელოს ჟანრით არის ნიშანდებული და არა პოლიტიკური გონით" - კვირის პალიტრა

"ყველაფერი კვლავ სადღეგრძელოს ჟანრით არის ნიშანდებული და არა პოლიტიკური გონით"

დღევანდელ საქართველოში არსებული სიტუაცია ბევრს ალბათ ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავ სტრიქონებს აგონებს - მართლაცდა, ვინა ვართ ჩვენ - "საშოვარს გადაყოლილი, გათითოკაცებული ერი", რომელიც დროებით თვლემას მისცემია, თუ ხალხი, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკოსის შეფასებით უკვე სასიკვდილო მეტასტაზები მოსდებია. ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გვესაუბრება:

KvirisPalitra.Ge- ბატონო ზაზა, რა ხდება  ქართულ პოლიტიკაში, რა არის ეს - დუღილის პროცესი თუ  სხვა  რამ?

- გამიჭირდება, დღევანდელ მდგომარეობას პოლიტიკური დუღილი ვუწოდო. ეს უფრო გახევებულის მცდელობაა, როგორმე სიცოცხლე გამოხატოს. ეს ისეთი დუღილია, რომლის სინამდვილისაც არავის სჯერა. თუ უფრო გულახდილი ვიქნები, დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებას მე პარალიზებულს ვუწოდებდი - არა იმიტომ, რომ აღარ იმართება მრავალათასიანი მიტინგები და მსვლელობები, არა იმიტომ, რომ ადამიანები ასე უდრტვინველად იტანენ ათასგვარ უსამართლობას, არამედ იმ მიზეზით, მიუხედავად იმისა, რომ 2007-2009 წლებში დუღილი არ გვაკლდა, მან ვერ შვა ნაყოფიერი იდეები, ქვეყნის ალტერნატიული განვითარების პროექტები, არ შვა ადამიანები, რომელთა მიმართაც ნდობის მაჩვენებელი კრიტიკულზე მაღალი იქნებოდა. უფრო მეტიც, მთელი ეს ხანა შეიძლება დახასიათდეს როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური რეიტინგების ვარდნით.

როგორც კი ადამიანები სამიტინგო თრობიდან გათავისუფლდნენ, მაშინვე მოუწიათ იმის გააზრება, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მათ საპროტესტო მუხტს, რომ ხელისუფლებაში კვლავ შეიძლება აღმოჩენილიყვნენ ადამიანები, ვისთვისაც პოლიტიკური აზროვნება და დიდი მიტინგის მოწყობის ხელოვნება ერთი და იგივეა.   

რიგითი ქართველი კაცი უცნაურ, სურეალისტურ პოლიტიკურ გარემოში აღმოჩნდა, სადაც მოცეკვავე და მომღერალ ქალბატონებს მინისტრებად ნიშნავენ და სადაც უნივერსიტეტის რექტორს საკუთარი თავისათვის მაღალი ხელფასის დანიშვნას უფრო საყვედურობენ, ვიდრე წიგნებთან დაკავშირებულ სკანდალს - ერთ-ერთ უდიდეს მორალურ დანაშაულს ბოლო ათწლეულების განმავლობაში…

რა გასაკვირია, რომ უბრალო კაცი დაიბნა და გახევდა. ერთი მხრივ, ენერგიასა და პოლიტიკურ აზრს მოკლებული ოპოზიცია, მეორე მხრივ კი - ხელისუფლება, რომელმაც არაჩვეულებრივი ნიღაბი მოძებნა თავის გადასარჩენად. ხომ არ შეიძლება სერიოზულად აღიქვა მწვანეშარვლიანი ქვეყნის მეთაური ან ქვეყნის მეთაური, რომელიც საქვეყნოდ ატრიალებს ტრენაჟორის ბორბლებს?! ხომ არ შეიძლება, სერიოზულად აღიქვა ქვეყნის მეთაური, რომლის მთავარი საზრუნავიც ბავშვობისდროინდელი ოცნებების შესრულებაა?!

ამავე დროს, არ შეიძლება სერიოზულად აღიქვა ოპოზიცია, რომელიც საბედისწეროდ ჩაკეტილა ერთსა და იმავე პერსონებისა და იდეების წრებრუნვაში - რითაც არ უნდა ცდილობდნენ ამის კომუფლირებას, გნებავთ ერთიანი ეროვნული საბჭოს, გნებავთ ცარიელ სიტყვებად დარჩენილი ახალი ქართული იდეის სახით.

საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ოპოზიციის უდიდესი ნაწილის ჩართულობა გამოიხატა მხოლოდ იმით, რომ შეეცადნენ, კონსტიტუციურად უზრუნველეყოთ თავისი მომავალი გამარჯვება და სააკაშვილის მარცხი. დამეთანხმებით, თავისთავად საინტერესო ხერხია და ისტორიიდან მისი ანალოგი არ მახსენდება.

ჩაერთნენ, არ გამოუვიდათ და მიუშვეს პროცესი ისევე, როგორც საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრობლემები მიუშვეს იმ იმედით, რომ ორიოდე კვირაში სააკაშვილს ამის გარეშეც განდევნიდნენ.

ჩანს, არა აქვთ იმედი, რომ სააკაშვილს არჩევნების გზით დაამარცხებენ. სხვაგვარად ამგვარი საკვანძო საკითხების უგულებელყოფა ვერ ამიხსნია. ან უბრალოდ ვერ ხვდებიან ამ პრობლემების მნიშვნელობას, რაც უარესია...

ჰოდა, თუ ეს ასეა, არც ის შეიძლება, რომ ამგვარ სახელმწიფო მეთაურს სერიოზულად ებრძოლო ან ასეთ ოპოზიციას გაჰყვე? სააკაშვილმა მოძებნა  ნიღაბი, რომელიც ამგვარი ოპოზიციის პირობებში  კარგა ხანს შეუნარჩუნებს ძალაუფლებას. ყოველივე ეს არაერთხელ თქმულა, მაგრამ, როგორც ჩანს, ღირს, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ...

რაც შეეხება წარმომადგენლობით სახალხო კრებას, პირადად მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ პირველი თავყრილობა სხვა არაფერი იყო, თუ არა ძველი იდეებისა და განწყობების ახალ ისტორიულ ფორმებში გადმოტანის მცდელობა, თითქოს განვლილ ისტორიას არაფერი ესწავლებინოს ჩვენთვის, როდესაც ყველაფერი კვლავ და კვლავ სადღეგრძელოს ჟანრით არის ნიშანდებული და არა პოლიტიკური გონით.

როგორ სიმართლესაც უნდა ემსახურებოდე, ადამიანები მოგისმენენ, მაგრამ არ გამოგყვებიან. ვფიქრობ, ეს ანბანური რამ არის. უკვე ოცი წელია, ვიმეორებთ, რომ არ შეიძლება პროტესტი და მომავალი გეგმები მარტოოდენ ორი სიტყვით: “ძირს” და “გაუმარჯოს” აღიწერებოდეს.

ვიმეორებთ, მაგრამ თითქმის არაფერი იცვლება. აბა, ერთხელ სცადონ და ისაუბრონ არა ,,მასათა ენთუზიაზმის” აღმძვრელი ენის მოჩლექით, არამედ საქმიანად და ადამიანებს უტოპიური პროექტების ნაცვლად სახელმწიფოებრივი განვითარების ასე თუ ისე გონებასთან ახლო მყოფი სტრატეგია შესთავაზონ.

სცადონ, თავისი ემოციური მუხტი გამოხატონ არა პოლიტიკური სადღეგრძელოებით, არამედ ქვეყნის აწმყოსა და მომავლის რაციონალური ხედვით. დამიჯერეთ, თუ ამას მოახერხებენ, ადამიანებისათვის უფრო გასაგები და მისაღები გახდებიან.

გაიხსენეთ, როგორი აჟიოტაჟი მოჰყვა ახალი ეროვნული იდეის გახმაურებას. არა მგონია, ვცდებოდე, რომ რეზონანსი მოსალოდნელზე დიდი იყო, მაგრამ სულ ორიოდე დღეში ისიც ჩვეული სამოსით იქნა შემოსილი, რადგან, როგორც ჩანს, იმ ადამიანებს, ვინც იგი ხელში ჩაიგდო, სხვაგვარად არ ძალუძთ.

- ბატონო ზაზა, ცალკე ბანაკს ქმნიან ირაკლი ოქრუაშვილი და მისი მომხრენი, კიდევ ერთხელ ხომ არ გაიყოფა ქართული ოპოზიცია და კიდევ ერთხელ ხომ არ გაიმარჯვებს ხელისუფლება?

- როგორ წარმოგვიდგენია გაერთიანება, რომლის შიგნითაც პოლიტიკურ სუბიექტებს არ ესმით ამგვარი გაერთიანების აუცილებლობა და, უფრო მეტიც, თუ ეს ხერხდება, მათი ჯამი არაფრით აღემატება თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე?

ამგვარი ოპოზიციის გაერთიანებას მე რამდენიმე ნიჭიერი და ენერგიული ადამიანის გამოჩენას ვარჩევდი – ისეთებისა, როგორებიც ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე ან ზურაბ ჟვანია იყვნენ. მათ არ დაუწყიათ გულუბრყვილო და სენტიმენტალური მოწოდებები გაერთიანებისაკენ, უბრალოდ, თავისი პოლიტიკური ინტელექტითა და ენერგიით აიძულეს სხვები - ან ჩამოშორებოდნენ პოლიტიკას, ან მათ მიჰყოლოდნენ.

რეალურ პოლიტიკაში ასე ხდება. სხვანაირად, როგორი ფიცვერცხლიც არ უნდა მიირთვან ჩვენმა პოლიტიკოსებმა, გაერთიანებულებიც ისეთივე უმწეოები იქნებიან, როგორც მანამდე იყვნენ. პოლიტიკაში ერთისა და ერთის ჯამი არ ნიშნავს ორს, იგი ნახევარსაც შეიძლება ნიშნავდეს და ნულსაც, თუმცა კი შეიძლება ორსაც აღემატოს.

დამიჯერეთ, მე არ ვლაპარაკობ სასწაულმოქმედი პოლიტიკური ბელადების აუცილებლობაზე. საუბარი სახელმწიფოებრივი განვითარების ალტერნატიული პროექტების მატარებელ პოლიტიკურ ლიდერებზეა. ამგვარი ლიდერების გარეშე არსად, არც ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაშიც არ არსებობს პოლიტიკური ცხოვრება. 

სხვაგვარად ვიტყვი: დღეს საქართველოში აქტიურ პოლიტიკაშია რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც 2007-2009 წლებში ძალზე ახლოს იგრძნეს თავი ძალაუფლებასთან. ეს კი, განსაკუთრებით ძალაუფლების მოყვარულ ქართველ ადამიანს რეალობის გრძნობას უკარგავს. გარდა ამისა, გაერთიანება, რომელზეც ვსაუბრობთ, ძალზე დიდ დიალოგურ კულტურას გულისხმობს. ჩვენში კი, სამწუხაროდ, ამ კულტურის მკვეთრი დეფიციტია.   

- დაკარგული ტერიტორიები, სამშობლოდან გაქცეული მოსახლეობა, დემოგრაფიული პრობლემები...   მომაკვდავი ერების რიცხვს ხომ არ ვუერთდებით?!

- ნათქვამია, სანამ ცოცხალი ხარ, არ გაბედო სიკვდილიო. ჩვენი უბედურება არა მხოლოდ ის არის, რაც თქვენ დაასახელეთ, არამედ ის, რომ ვერ შევქმენით სახელმწიფოებრივი საკომუნიკაციო რეჟიმი, სახელმწიფოებრივ კულტურას რომ უწოდებენ, ვერ შევქმენით ისეთი სოციალური სინამდვილე, სადაც ყოველი ჩვენგანი თავისი უნარისა და განათლების მიხედვით თავის საჭიროებას იგრძნობს, სადაც არ იბატონებს აგრესიული უმეცრება და უზნეობა და სადაც წესიერებისა და ღირსების ხსენებაზე ირონიულად არ გაეღიმებათ.

სახელმწიფოებრიობა, უპირველეს  ყოვლისა, ზნეობრივი ფენომენია. სოციალური წესრიგი და ეკონომიკა მხოლოდ შედეგებია იმისა, რაც ჩვენ ვართ. თუ ერთ დღესაც გავიაზრებთ ამგვარი სახელმწიფოებრივი აზროვნების აუცილებლობას, იმედიც დაგვიბრუნდება და ყველაფერი მოგვარდება.

ხათუნა ჩიგოგიძე