საჩუქრად უნარშეზღუდულ პატარებს… - კვირის პალიტრა

საჩუქრად უნარშეზღუდულ პატარებს…

დღეს, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში ასე იშვიათია სიმშვიდისა და სინათლის განცდა, ყოველდღიურობა კი მუდმივ სტრესად და უსიამოვნებად ქცეულა, სულიერებას, ხელოვნებას უდიდესი როლი ეკისრება. საბედნიეროდ, ქართველი მხატვრები, მუსიკოსები, მწერლები როგორღაც მაინც ახერხებენ თავიანთ ხალხს სიხარული მიანიჭონ.

KvirisPalitra.Geამის დასტური გახლდათ გამოფენა-გაყიდვა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ არტცენტრ ”ტიფლის ავენიუში” გაიმართა. ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათისა იყო და ორგანიზატორებმა უცნაური სახელი -  ”ბროწეულის ზღაპრები” უწოდეს.

მნახველები ათვალიერებდნენ მხატვარ ზურაბ გომელაურის ნამუშევრებს და ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ამ ნახატების წყალობით, ცოტა ხნით მაინც მოსწყდნენ ამქვეყნიურ რეალობას.

KvirisPalitra.Geზურაბ გომელაური - მხატვარი, გამოფენის ავტორი:

- ამ გამოფენისთვის ზუსტად 2 თვე ვემზადებოდი.

ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან დამთვალიერებლებს რომ ვაკვირდები, სახეზე ყველას ღიმილი დასთამაშებს. ჩემი მიზანიც სწორედ ეს იყო - ადამიანები თუნდაც 2 წუთით თბილ, სასიამოვნო, ზღაპრულ სამყაროში გადამესროლა.

სხვათა შორის, გარშემო ყველა მეუბნება, შენი ნამუშევრები განსაკუთრებით ბავშვებს მოსწონთო, რაც ძალიან მახარებს: როდესაც ბავშვს რაიმე მოსწონს, ე.ი. ის მართლაც კარგია. ძირითადად სახალისო თემებზე ვხატავ, რომელიც ყველას დადებითი ენერგიით ავსებს. 

ეკა მაჭარაძე, არტცენტრ ”ტიფლის ავენიუს” დირექტორი:

- ზურას ძალიან პოზიტიური და ნათელი ნამუშევრები აქვს. ამიტომაც, მისი გამოფენა შემოდგომის თბილ დღეებს დავამთხვიეთ. გამოფენის სახელწოდება -  ”ბროწეულის ზღაპრები” მე მოვიფიქრე, რადგან ბროწეულის ფერი სიცოცხლის, სინათლის ფერია, თანაც ბროწეული შემოდგომის ხილია, ჩემთვის კი - შემოდგომის სიმბოლო...

სხვათა შორის, გამოფენას  დამსწრე საზოგადოებამ ”ანტიდეპრესანტ გამოფენა” უწოდა, რადგან ვინც კი ნახა, ყველა დამშვიდებული და ბედნიერი წავიდა აქედან. ზურა დღედაღამ შრომობდა, მიხარია, რომ მის მიერ გაწეულმა გარჯამ სასიკეთო ნაყოფი გამოიღო, რადგან გამოფენა საქველმოქმედო ხასიათისა გახლავთ. ის ნაწილია ჩვენი პროექტისა, რომელსაც ”ინტეგრაცია ხელოვნების წყალობით” დავარქვით და რომლითაც უნარშეზღუდულულ ბავშვებს ვეხმარებით.

KvirisPalitra.Geთეონა თავართილაძე - დიზაინერი:

- ზურას არც ერთ გამოფენას არ ვაკლდები, რადგან მისი სტილი, ხატვის მანერა და ფერთა გამა ჩემზე ყოველთვის გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს.

შინ ზურას არაერთი ნამუშევარი მაქვს და მინდა, რომ კიდევ ერთით გავამდიდრო ჩემი კოლექცია. სხვათა შორის. გამოფენის დათვალიერების შემდეგ ვგრძნობ, რომ სულ სხვანაირი ენერგიით დავიმუხტე.

KvirisPalitra.Geნინელი ჭანკვეტაძე - მსახიობი:

- ერთმა ჩემმა ახლობელმა მითხრა, თუ გინდათ თქვენი შვილები კეთილი და ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანებად გაიზარდონ, ზურა გომელაურის ერთი ნახატი მაინც უნდა გეკიდოთ ბავშვის ოთახშიო. მართლა უნიჭიერესი, საოცარი ენერგეტიკისა და დიდი სიკეთის მატარებელი ადამიანია. რაც მთავარია, ზურა ამ გამოფენით დიდ სიკეთეს სჩადის, რადგან შემოსული თანხით ”ტიფლის ავენიუ” უნარშეზღუდულ ბავშვებს დაეხმარება. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ადამიანები!

რამაზ იოსელიანი - მსახიობი და რეჟისორი:

- შინ ზურას უამრავი ნახატი მაქვს. არ გეგონოთ, რომ ვყიდულობ, არა - მითვისება მიყვარს. მხატვრისთვის ყველა თავისი ტილო შვილივითაა და წარმოიდგინეთ, რას გრძნობს, როცა ნახატს წაართმევ. მე კი ოსმალოსავით ვარ და ამ გამოფენიდანაც რომელიმე ნამუშევრის მითვისებას ვაპირებ (იცინის). ძნელია ამ ყველაფერს ცივად შეხედო. სხვათა შორის, ძველ ნამუშევრებში უფრო კაშკაშა ფერები ჭარბობდა, ახლა კი მშვიდი ფერებია. ზურას ვეხუმრები, შენი ნამუშევრებოდან ჩანს, რომ დაღვინდი მეთქი (იცინის).

KvirisPalitra.Geგიორგი თარგამაძე - ქრისტიან დემოკრატიული პარტიის ლიდერი:

- ვერ დავიტრაბახებ, რომ საუკეთესოდ, თუმცა კარგად ვიცნობ ზურა გომელაურის შემოქმედებას. ძალიან ნიჭიერი ხელოვანია, მიმაჩნია, რომ ქართველ მხატვრებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებულია. რაც მთავარია, ამ გამოფენაზე ძალიან დიდი სითბო ტრიალებს.

ხათუნა ჩიგოგიძე