კანონიერი ქურდები, სიძის მკვლელი მოხუცი და ციხის პაემნები... - კვირის პალიტრა

კანონიერი ქურდები, სიძის მკვლელი მოხუცი და ციხის პაემნები...

ვაგრძელებთ საუბარს ავჭალის მკაცრი რეჟიმის კოლონიის უფროსთან, ბატონ ზაურ ებრალიძესთან.

ჩაშლილი დანიშვნა

როდესაც ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდია მოვიდა, მაშინ ავჭალის კოლონიაში, აღმზრდელობით დარგში უფროსის მოადგილე ვიყავი. ღამის 4 საათი სრულდებოდა, კარზე ზარის ხმა რომ გაისმა. კარები გავაღე, ჩემ წინ წვერიანი ახალგაზრდა მამაკაცი შეიარაღებული იდგა, მასთან ერთად კიდევ ერთი, კბილებამდე შეიარაღებული წვერიანი პირი შევნიშნე. როდესაც გაიცინა, ვიცანი, ის ჩემი ყოფილი მსჯავრდებული იყო დუშეთის რაიონიდან.

გელა გელაშვილი, მეტსახელად ყაჩაღა, ცნობილი მეომარი, ვაჟა ადამიას დაცვის უფროსი გახლდათ. მითხრა, რომ სასწრაფოდ ზვიად გამსახურდია მიბარებდა. ძალიან გამიკვირდა, შევცბი, ვერ ამეხსნა, ზვიადს ჩემთან რა საქმე ჰქონდა. ლიმონკები, სტეჩკინი, ავტომატი, მთელი საბრძოლო არსენალი ჰქონდათ. გზაში გეტყვით, რაშია საქმეო, - მითხრა. მეუღლე ცოტა დამშვიდდა, როცა გაიგო, რომ ერთ მათგანს ვიცნობდი. ფორმა ჩავიცვი და გავყევი. გზაში მითხრა, საქმე უკვე გადაწყვეტილია, უარი არ უნდა თქვა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ უნდა დაინიშნოო.

გამიკვირდა, მოულოდნელი წინადადება იყო. ასე მივედით ვაჟა ადამიას კაბინეტთან. ღამის ოთხ საათზე მის კაბინეტთან რიგი იდგა, 30-მდე ადამიანი ელოდებოდა მიღებას, ადამია განკარგავდა  ძალოვნების დანიშვნას. რიგში ჩავდექით, როცა მის კაბინეტში შევედი, ვაჟა თავჩაღუნული იჯდა, თურმე მაღალი სიცხე ჰქონია. მოახსენეს, ეს ის კაცია, რომელიც თქვენთან და ბატონ ზვიადთან შეთანხმებულიაო. მას ჩემს ბიოგრაფიას ვუყვებოდი და გეგმებზე ვესაუბრებოდი, ამ დროს თავი ასწია, უცებ შეცბა და თვალები გაუფართოვდა...

ამას თავისი წინაპირობა ჰქონდა. სანამ ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში მოვიდოდა, ვაჟა ადამია მერაბ კოსტავასთან ერთად 20 კაცით ჩემთან, ავჭალის კოლონიაში მოვიდა. დღეც მახსოვს, 1989 წლის 11 სექტემბერი იყო. ისინი მსჯავრდებულთა სანახავად იყვნენ. პატიმრებს ნობათი მოუტანეს და მათთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს. დავთანხმდი, მაგრამ მაშინ ადამიამ ციხეში ეროვნულ თემაზე მიტინგის გამართვა გადაწყვიტა, ამას შევეწინააღმდეგე. ვუთხარი, იცით, ახლა სად ხართ? აქ რამდენჯერმე ნასამართლევი, სხვადასხვა ეროვნების პატიმარი იხდის სასჯელს, საიდანაც 60 პროცენტი რეციდივისტია, მიტინგის გამართვა არ შეიძლება, რადგან პროვოკაციის მოწყობა გამორიცხული არ არის-მეთქი.

ბატონი მერაბ კოსტავა დამეთანხმა. მან ადამიასთან ხუთი წუთი იკამათა, მერაბი არ იყო მომხრე, მიტინგის ჩატარების. ვთავაზობდი მიღება ინდივიდუალურად ეწარმოებინათ იმ პატიმრებთან, ვისაც შეხვედრა სურდა და არა მასასთან. იქ შეიძლებოდა ვიღაცას დაესტვინა, პროტესტი გამოეხატა და ეს დიდ აურზაურს გამოიწვევდა. დიდი დავის შემდეგ ვაჟა ადამიამ ძლივს დათმო პოზიცია. სწორედ ეს მომენტი გაახსენდა ადამიას თავის კაბინეტში, მის წინ მოუდრეკელი ოფიცერი ვიდექი, აშკარა იყო, ეს არ ესიამოვნა. მითხრა, საჭიროების შემთხვევაში დაგიძახებთო. მივხვდი, რაშიც იყო საქმე, ეს სიტყვები ფორმალურად მითხრა...

კანონიერი ქურდის და კოლონიის უფროსის საიდუმლო შეხვედრები

ჩემს არქივში 1990 წელს გადაღებული ერთი ისტორიული ფოტო ინახება, სადაც აღბეჭდილია ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გია ჭანტურია, მამა ირაკლი მახარაძე, პატიმარი და მე. იმ დღეს საქართველოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შემოვიდნენ კოლონიაში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, ქრისტიან-დემოკრატთა ასოციაციის, პატიმართა უფლებათა დაცვის და გაზეთ "ქართული ფილმის" წარმომადგენლები, მათ ახლდა ირაკლი კაკაბაძეც. მახსოვს, კაკაბაძემ თქვა, პატიმართა დაცვის ასოციაციას ვქმნითო, პატიმარმა ჰკითხა ასოციაცია რა არისო. კაკაბაძე შეყოვნდა... - გასაგებია, ალბათ ასი და ოცი კაცის ერთობაო,- დაასკვნა თავად პატიმარმა.

როგორც გაირკვა, კანონიერი ქურდი პაატა ჩლაიძე გია ჭანტურიას იცნობდა და სტუმრებთან საინტერესო საუბარი შედგა. ჩლაიძე ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს. სასჯელის უმეტესობა შორეულ ციმბირში ჰქონდა მოხდილი. საოცარ ლექსებს წერდა.  უნიჭიერესი პიროვნება და შემოქმედი ადამიანი იყო. თავისი ლექსები რვეულში ჰქონდა ჩაწერილი. ჩემს კაბინეტში ენციკლოპედია და სხვადასხვა ლიტერატურა მქონდა. კოლონიაში სკოლა ფუნქციონირებდა და მეც ვასწავლიდი. მათთან მოუმზადებელი არასდროს შევსულვარ, ბევრს ვკითხულობდი, ვიღრმავებდი ცოდნას და ამიტომ ხშირად კლასი გადაჭედილი იყო.

პატიმრებს ძალიან აინტერესებდათ ის თემები, რასაც ვუკითხავდი. ჩლაიძემ ეს რომ გაიგო, დამიახლოვდა. ერთ დღეს მითხრა, რომ ჩემთან შეხვედრა სურდა და კაბინეტში ღამე ამოვიდოდა. ძალიან გამიკვირდა, ეს წარმოუდგენელი იყო. როგორც წესი, მსჯავრდებული და მით უფრო ქურდი, სხვისი თანდასწრების გარეშე ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ურთიერთობას არ ამყარებდა, რადგან შესაძლებელი იყო უფროსთან შეხვედრის შემდეგ ზონაში რაიმე დანაშაული გახსნილიყო და ეს მას დაბრალებოდა, ამიტომ ყველა ერიდებოდა მარტო შეხვედრას. პაატა მართლაც მარტო მოვიდა კაბინეტში, როცა ვკითხე, ასე რატომ მოიქცა, მითხრა, იმხელა ავტორიტეტი მაქვს, ჩემს ნაბიჯს არავინ შებღალავსო. ჩლაიძე მოდიოდა და თავის ლექსებს მიკითხავდა. საოცრად ღრმა, სამშობლოს სიყვარულით ანთებული იყო მისი ლექსები. მან ოჯახი ციხეში ყოფნის დროს შექმნა. პატიმრობის დროს პატარა გვანცა დაიბადა. დღეს ის საქართველოს ღირსეული მოქალაქეა, ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია. რაც ასევე მნიშვნელოვანია, პაატამ ავჭალის ზონაში დანის ხმარება აკრძალა. ყველა პატიმარს, რომელიც სასჯელს იხდიდა, დანა ჩამოართვა, ის გადაადნო და მისგან ჯვარი გააკეთა.

დასჯას გადარჩენილი პატიმარი

ავჭალაში ძმები დათო და ზაზა ქუთათელაძეები იხდიდნენ სასჯელს. მათი ოჯახი საკმაოდ ცნობილია. ბაბუა პირველი ქართველი გენერალი, ქართული ჯარის შემქმნელი გახლდათ. 1937 წელს გენერალ უგულავასთან ერთად დახვრიტეს. უგულავას შვილიც ავჭალის კოლონიაში წარმოების დირექტორი იყო.

დათო ქუთათელაძე თავს არავის დააჩაგვრინებდა. ზონაში კონფლიქტის დროს დანა გაშალა. სიტუაცია უცებ განეიტრალდა, მაგრამ ბუნებრივია, ფაქტი ზონამ შეიტყო. პაატა ჩლაიძეც გაიგებდა ამას აუცილებლად, ე.წ. მომავლებმა აცნობეს კიდეც და დანის ხმარებისთვის მას პასუხს მოსთხოვდა. ეს ქუთათელაძემ იცოდა. ინციდენტის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსიდან გამოვარდა, რაღაც მოისროლა და ბუჩქებში შეაგდო.

ამ დროს კაბინეტის ფანჯრიდან გამოვიხედე და ეს ფაქტი დავაფიქსირე. იმ ადგილას რომ მივედი, ვნახე, ბუჩქებში დანა ეგდო. მაშინვე არ ამიღია, სასწრაფოდ მეგაფონი ავიღე და გამოვაცხადე, რომ ბარათული შემოწმება ტარდებოდა. ამ დროს ყველა ვალდებული იყო საცხოვრებელ ზონაში შესულიყო და პლაცზე (მოედანზე) მოწყობილიყვნენ რაზმეულების მიხედვით დასათვლელად. ამის შემდეგ ფარულად "კნოპკიანი" დანა ავიღე. ამ ფაქტიდან 3 თვის შემდეგ მორიგ შეხვედრაზე პაატა ჩლაიძემ მითხრა, ამ ნაბიჯით მეც გადამარჩინე და ქუთათელაძეცო.

- ფაქტზე რომ ვერ დაიჭირეს, დასჯას გადაურჩა?

- რა თქმა უნდა, ისინი ფაქტზე სჯიდნენ. იპოვიდნენ დანას და დაისჯებოდა. მერე ქუთათელაძემაც მადლობა გადამიხადა... სამწუხაროდ, ციხეში ყოფნის დროს ძმებს მამა გარდაეცვალათ. ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდია იყო და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პატიმარი მამის დაკრძალვაზე გაიყვანეს. ზვიადმა დაუშვა ეს პრეცედენტი. მებრძოლი ბიჭი იყო, საბოლოოდ შეიწყალეს, დაკრძალვიდან უკან არ დაბრუნებულა. მოგვიანებით მისი მეორე ძმაც კალენდარულად გათავისუფლდა, სასჯელი სრულად მოიხადა.

თითქოს დათოს ტყვია არ ეკარებოდა. ყოველთვის რისკიან ნაბიჯს დგამდა. ომში იბრძოდა. ბრძოლის ველიდან ცოცხალი გამოდიოდა. ასეთი შემთხვევაც იყო: ოსეთის ომის დროს მთელი დღე ქართველი ბიჭები სანგარში ისხდნენ, ზემოთ ოსები იყვნენ განლაგებული და გაუთავებლად ტყვიამფრქვევებიდან ესროდნენ. ბიჭები სანგრიდან თავს ვერ წევდნენ. ამ დროს ქუთათელაძე სანგართან  წელგამართული მივიდა და ჯარისკაცებს მიმართა: თქვე ლაჩრებო, რას დამალულხართ, არ გრცხვენიათ, ამოდით ზემოთ, ახლავე გაჩვენებთ იმათ რას ვუზამო და ამაყად წავიდა იქით, საიდანაც ისროდნენ... როცა 10-12 მეტრით მიუახლოვდა, ხელყუმბარა გაისროლა, თვითონ კი დაწვა. მართლაც სამი კაცი ავარდა ჰაერში და დაიღუპა. ესეც ბედისწერა იყო, ეტყობა იმ დროს ოსებს ყურადღება მოდუნებული ჰქონდათ ან ტრაპეზობდნენ. როგორც ჩანს, ასეთი ფაქტების შემდეგ საკუთარი თავის მიმართ ზედმეტი რწმენა გაუჩნდა და სამწუხაროდ, ყველაფერი ტრაგედიით დამთავრდა.

- დაიღუპა?

- ციხეს თავი დააღწია... შინ სტუმარი რომ შედიოდა, ხელში ბარაბნიანი იარაღით ხვდებოდა, რომელშიც ერთი ტყვია იყო. ბარაბანს ატრიალებდა, სტუმარს მიესალმებოდა, იარაღს საფეთქელთან მიიდებდა, სასხლეტს ხელს გამოჰკრავდა და მერე სტუმარს ხელს ჩამოართმევდა... იმ დღეს გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდა და ეს სამჯერ გააკეთა, მეოთხე მცდელობისას იარაღი გავარდა და დაიღუპა. წესით, როცა იარაღი კარგად მოვლილია და მწყობრშია, ერთი ტყვია პირში არასდროს ჩერდება. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი მოხდა.

სიძის მკვლელის აღსარება

კოლონიაში 75 წლის მოხუცი, ჭოხონელიძე იხდიდა სასჯელს. საკუთარი სიძის მკვლელობისთვის 8 წელი მიუსაჯეს. მოხუცს ციხეში არავინ აკითხავდა. მისი ისტორია რაღაცით ნოდარ დუმბაძის "თეთრი ბაირაღების" ცნობილ პერსონაჟს - ძია ისიდორეს მაგონებდა. ძალიან განიცდიდა მარტოობას, შვილებისგან პატიებას ითხოვდა. 72 წლის ასაკში გაასამართლეს და განაჩენში საოცარი ფრაზა ეწერა: "სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია ჭოხონელიძის გამოსწორება და ხელახლა აღზრდა, მხოლოდ საზოგადოებისგან იზოლაციის პირობებში". ამბობდა, საინტერესოა, 72 წლის კაცს ციხეში აღზრდას პროკურორი და მოსამართლე როგორ მიპირებენო. ძალიან წუხდა მომხდარზე და განიცდიდა, გულწრფელად ინანიებდა. ამბობდა, რომ რაც მოხდა, მისი ოჯახის დიდი ტრაგედია იყო.

თურმე მისი სიძე ლოთობდა, არ მუშაობდა, მოხუცი ყველანაირად ხელს უწყობდა. სახლის მშენებლობაც კი შეაჩერა, რადგან სიძემ ფული სთხოვა და მოგროვილი 2000 მანეთი მისცა. მოხუცს ტყიდან შეშა ვერ გამოჰქონდა და ერთხელ სიძისთვის უთქვამს, შეშა მოიტანეო. მართალია, იმ წუთას სიძეს არაფერი უთქვამს, მაგრამ ეს ფრაზა გულში ჩაუდია. თურმე მეზობლებში ამბობდა, ეს როგორ მაკადრაო და  მოკვლითაც  კი დამუქრებია.

ერთხელ, სადილობისას, მოხუცს და მის მეუღლეს მთვრალი სიძე შინ მივარდნია და მოხუცები სასტიკად უცემია. - ამ დროს ვეღარ მოვზომე, ცხელ გულზე ჩახმახს ხელი გამოვკარი და მოვკალი, ასეთი უბედურება დავატრიალეო, - წუხდა ძალიან მოხუცი.

ჭოხონელიძეს ქალ-ვაჟი ჰყავდა, მაგრამ შვილებმა ეს საქციელი არ აპატიეს და ციხეში არ მოდიოდნენ სანახავად. კაცს პირველი ცოლი ადრე გარდაცვლია, მერე სხვა შეურთავს, რომელიც  გერებზე გადაყოლილი ყოფილა და ობლები გაუზრდია... - გერებზე გადამკვდარი მოხუცი მეუღლის გალახვა სიძეს ვერ ვაპატიე, მარტო მე რომ ვეცემე, შეიძლებოდა ამხელა ტრაგედია არც დატრიალებულიყოო - მიყვებოდა ჭოხონელიძე.

იმასაც წუხდა, რომ დაჭერის შემდეგ ავადმყოფ მეუღლეზე არაფერი იცოდა. მხოლოდ ის იცოდა, რომ თავისმა ძმამ წაიყვანა. იმ დღეზე ვლოცულობ, ჩემი შვილები რომ მაპატიებენ და მათ გულში ჩავიკრავ, არა მგონია, მომხდარს ვინმე ჩემზე მეტად დარდობდეს. ვიცი, შვილიშვილებს მამა მოვუკალი, ჩემს შვილს ქმარი, ცუდი იყო თუ კარგი, მაინც მისი შვილების მამა იყოო - ხშირად ამბობდა საწყალი.

ალბათ გახსოვთ, ჭოხონელიძეზე სტატია თქვენ გამოაქვეყნეთ და წერდით, რომ მოხუცი კოლონიის უფროსის ნაჩუქარი ერთი ცალი შოკოლადით შეხვდა ახალ წელს. მაშინ ამ სტატიას სრულიად უცხო ადამიანები გამოეხმაურნენ. ძველით ახალ წელს კოლონიაში ქველმოქმედი ადამიანები, ცოლ-ქმარი გელა ქვლივიძე და ნანა აფციაური ნობათით დატვირთული მოვიდნენ. ასეთი სურათის მოწმე არ ვყოფილვარ. უცხო ადამიანების დანახვაზე მოხუცმა აღარ იცოდა მადლიერება როგორ გამოეხატა, ერთდროულად ტიროდა და იცინოდა. შემდეგ ის მოხუცი პატიმარი შეიწყალეს. თბილისში მისი ნათესავი გამოვძებნე და მასთან მივიყვანე.

 

100 პატიმრის მეჯვარე

საინტერესო იყო ისიც, რომ ხშირად პატიმრები ციხეში ოჯახის შექმნას ახერხებდნენ. ავჭალის კოლონიაში ჩემი მუშაობის პერიოდში 150-მა პატიმარმა ოჯახი ოფიციალურად შექმნა, ჯვარიც დაიწერა და ხელიც მოაწერა.  თქვენ წარმოიდგინეთ, აქედან 100 წყვილის ქორწინება ხელმოწერით მე დავადასტურე ანუ 100 პატიმრის მეჯვარე გავხდი და მათ დავუნათესავდი. ბევრ ოჯახთან დღემდე ურთიერთობა მაქვს.

- ბატონო ზაურ, ალბათ ყველა მათგანს დაკავებამდე შეყვარებული არ დაუტოვებია გარეთ. საინტერესოა, როგორ ახერხებდნენ რამდენჯერმე ნასამართლევი პირები ციხიდან სასიყვარულო რომანის გაბმას?

- ზოგს მართლაც ადრე ჰყავდა შერჩეული სატრფო და დაკავების შემდეგაც   აგრძელებდა მასთან ურთიერთობას. მიმოწერა ჰქონდათ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად ციხიდანაც ახერხებდნენ სრულიად უცნობი გოგონების გულის დაპყრობას. ციხეში ტრიალებდა ერთი სასიყვარულო ტექსტი, რომელსაც მსაჯავრდებულთა დიდი ნაწილი გოგონების გულის მოსანადირებლად იყენებდა. ამ გულისამაჩუყებელ ტექსტში მათთვის სასურველი ქალის სახელს ჩასვამდნენ და უგზავნიდნენ. ტექსტი ისეთი რომანტიკული იყო, რომ ნებისმიერი მდედრი შეიძლებოდა ამ ანკესს წამოგებოდა. მართლაც, გოგონები ამ ტექსტის ავტორის დადგენას ცდილობდნენ, თუ ქალი ამ ანკესს წამოეგებოდა, იწყებოდა სასიყვარულო მიმოწერა, რომანი კი ხშირად ქორწინებით მთავრდებდა.

კოლონიაში პრესა შემოდიოდა, ყველა გაზეთის გაცნობის საშუალება ჰქონდა მსჯავრდებულს. სპეციალური სტენდი იყო და სტატიებს ეცნობოდნენ. მაშინ აქტიურად წერდნენ ქარხნის წარჩინებულ თანამშრომლებზე, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებზე. ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა გაზეთში ტამბოვის ქარხნის ერთ-ერთ თანამშრომელ გოგონაზე სტატია ამოიკითხა, მოეწონა და მასთან სასიყვარულო მიმოწერა გააჩაღა.

- როგორ?

- მითითებული იყო გოგონა რომელ ქარხანაში მუშაობდა და იმ მისამართზე აგზავნიდა თურმე წერილს. წერდა, რომ თვითონ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობდა, მიუთითა კოლონიის მისამართი. ჩვენთანაც იყო საფოსტო ყუთი, თავისი ნომრით, მოსულ წერილებს პატიმრებს აძლევდნენ. სავალდებულო სამხედრო სამსახური 2-წლიანი იყო, ეს ვადა რომ გავიდა, პატიმარმა გოგოს მისწერა იმდენად წარჩინებულად დავამთავრე, ჯარში დამტოვეს და მალე ოფიცერი გავხდებიო.

შეყვარებულმა გოგონამ საყვარელი მამაკაცის ნახვა გადაწყვიტა და ერთ დღეს გალია ტამბოვიდან თბილისში, ავჭალის კოლონიაში გვესტუმრა. როდესაც გაიგო მიმოწერა მსჯავრდებულთან რომ ჰქონდა, გაოგნდა, მაგრამ მაინც შეხვდა. ჩემი მეთვალყურეობა რომ არა, შესაძლოა მდგომარეობა გამწვავებულიყო. გოგონა შეურაცხყოფილი იყო ამხელა გზის გავლამ უშედეგოდ რომ მოუწია. მსჯავრდებულს პასუხი არ ჰქონდა. პატიმარი რომ მდომოდა, ტამბოვშიც ბევრნი არიანო, ასე დაშორდნენ ერთმანეთს...

- შეხვედრებსაც ახერხებდნენ?

- კანონით, მსჯავრდებულს უფლება ჰქონდა შეხვედროდა ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ნაცნობსაც კი. ანუ მათ, რომლებიც დადებით ზეგავლენას მოახდენდნენ მსჯავრდებულის გამოსწორებაზე. შეხვედრას ვერ დაუშლიდი. ორსაათიანი შეხვედრა საერთო პაემნის ოთახში ხდებოდა. თუ შეხვედრები ხელმოწერით დამთავრდებოდა და ოფიციალური ცოლ-ქმარი გახდებოდნენ, მათ უკვე გრძელვადიანი პაემნის უფლებაც ეძლეოდათ.

- პაემანი რამდენ დღიანი იყო ?

- ერთიდან სამი დღის ჩათვლით. სამწუხაროა, რომ ახლა გრძელვადიანი პაემნები არ ფუნქციონირებს. ეს აუცილებელი იყო, თუნდაც დემოგრაფიული თვალსაზრისით. ფაქტობრივად, მსჯავრდებულს სიყვარულს უკრძალავენ, არადა  ქვეყნის სიძლიერე სიყვარულზეა აგებული. როცა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა აქვს, მსჯავრდებულიც სულიერად მშვიდდება. არაერთი შემთხვევა იყო, როცა დანგრეული ოჯახები აღვადგინეთ.

ჩვენთან სასჯელს ალიკა მ-ძე იხდიდა, მას არაჩვეულებრივი ცოლ-შვილი ჰყავდა.. დაჭერის დროს მისი მეუღლე სამედიცინო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი იყო. გოგონას მშობლები ალიკასთან კონტაქტს კატეგორიულად უკრძალავდნენ. ბიჭი ფიზიკურად ძალიან წარმოსადეგი იყო, ბავშვიც ძალიან ლამაზი ჰყავდა. ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვარდათ... ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს ოჯახი არ დანგრეულიყო. მეუღლე ციხეში აკითხავდა, გრძელვადიანი პაემნის უფლება წელიწადში ერთხელ ჰქონდათ, ვაღიარებ, ხშირად ხელს ვუწყობდი მათ ურთიერთობას. მეც 2 ქალიშვილის მამა ვარ, მათ შესანიშნავი ოჯახები აქვთ. სწორედ ამანაც მიბიძგა თანადგომისკენ.

- ისიც ცნობილია, რომ პატიმრობაში მყოფ ზვიად ძიძიგურს ბევრი გოგო ეტრფოდა, ხშირად ცდილობდნენ მასთან შეხვედრას და ნობათით დატვირთული მიდიოდნენ ციხეში. იქნებ ეს ამბებიც გვიამბოთ.

- ზვიადი მართლა ბევრ გოგოს უყვარდა, მაგრამ თვითონ ამას სერიოზულად არ აღიქვამდა. იყო ბევრი საინტერესო ამბავი, მაგრამ ამის გახსენებისგან თავს შევიკავებ.

P.S. როგორ მოაშინაურეს შაშვი ციხეში და როგორ გადაარჩინა შაშვმა ინციდენტს აზარტული პატიმრები; როგორ შეაჯიბრეს ერთმანეთს მოთამაშეებმა ტილები; რა საჩუქრებს უკეთებდნენ ციხიდან პატიმრები ოჯახებს; რატომ მოკლა ქმარმა ცოლი; გიგა გელაშვილის პატიმრობის დეტალები... ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საუბარს ბატონ ზაურთან ისევ განვაგრძობთ.

თეა ხურცილავა