FACEBOOK-ი - პარალელური სამყარო სამყაროში - კვირის პალიტრა

FACEBOOK-ი - პარალელური სამყარო სამყაროში

...და შექმნა ღმერთმა სამყარო. დღე იყო ორშაბათი.

მერე...

მილიარდობით ასწლეულმა განვლო.

...და შექმნა ებრაელმაც სამყარო. დღე იყო შაბათი.

2004 წლის ერთ თავისუფალ დღეს ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტმა, მარკ ცუკერბერგმა უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა გატეხა და სტუდენტების შესახებ სრული ინფორმაცია მოიპოვა. FACEBOOK- ასე ერქვა მონაცემთა ბაზას. ჩანასახიც გაჩნდა. პროგრამისტი ებრაელი სტუდენტის თავში აზრები, გეგმები, ფიქრები დუღდა. იდეა იხვეწებოდა, იძერწებოდა, იბადებოდა...

2004 წლის 4 თებერვალს მსოფლიო ქსელში ”დიდი ამოფრქვევა” მოხდა, რომელიც წინ უძღვოდა იმ მოვლენას, რომელსაც ”დიდი აფეთქება” და პარალელური სამყაროს წარმოშობა ჰქვია.

მოკლედ, იმ დღეს ცუკერბერგის პროდუქტი ჰარვარდის უნივერსიტეტის ბნელი ოთახიდან ინტერნეტის ლაბირინთებში ჩაეშვა.

Microsoft-ი მზად იყო ახალ პროდუქტში ცუკერბერგისთვის 2 მილიონი დოლარი გადაეხადა, ეს ”ახალგაზრდა ტვინი” კი თავის კომპანიაში სამუშაოდ მიეწვია. მარკმა უარი განუცხადა და ჰარვარდის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.

რამდენიმე თვეში საიტი იმაზე პოპულარული გახდა, ვიდრე მარკი მოელოდა. მასში უკვე მილიონი ადამიანი გაწევრდა. ცუკერბერგმა სწავლა მიატოვა და შექმნილი პროდუქტის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ბიზნეს-ინტერესებით, გათვლებითა და ოცნებებით კალიფორნიას, ინოვაციური კომპანიების სამშობლოს მიაშურა.

KvirisPalitra.Geიჯარით პატარა სახლი აიღო, ოფისად აქცია და... დაიწყო მოლაპარაკებები. ერთმა ბიზნესმენმა მოლაპარაკებიდან ოთხიოდე საათში ებრაელი ახალგაზრდას პროექტში მილიონიანი ინვესტიცია ჩადო. სულაც არ იყო დიდი თანხა, მაგრამ მერე რა? მარკმა თანხა გონივრულად გაანაწილა, ასე რომ, მცირეოდენ ხანში FACEBOOK-ის მომხმარებელთა რიცხვმაც კიდევ უფრო იმატა.

მოლაპარაკებებიც გრძელდებოდა... რამდენიმე თვე და საიტში 12-მილიონიანი ინვესტიციაც განხორციელდა. ზუსტად ერთ წელიწადში ამ ინტერნეტმახეში ხუთი მილიონი ადამიანი საკუთარი სურვილით გაიხლართა. მალე FACEBOOK-მა ნოვაცია დანერგა - გაიხსნა სერვისი პროფესიული საზოგადოებისთვის.

საიტის პირველი კლიენტები კი ”მაკდონალდსი” და ”ცეერუ” გახდნენ. დღეს ეს ქსელი არა მხოლოდ ადამიანთა ურთიერთობას, ბიზნესინტერესებსაც ემსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ Yahoo მარკ ცუკერბერგს 2006-ში 2 მილიარდ დოლარს უხდიდა, მფლობელმა მაინც არ გაყიდა საკუთარი პროდუქტი. დღეს ის აქციების 27 პროცენტის მფლობელი და 4-მილიარდიანი ქონების პატრონია.

25 წლის ცუკერბერგი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია პლანეტაზე. დღეს FACEBOOK-ის ინტერნეტხლართებში ნახევარი მილიარდი ადამიანია გაბმული. საიტის მომხმარებელთა რიცხვი კი დღითიდღე იზრდება. ასე რომ, FACEBOOK-ი ქვეყანა რომ ყოფილიყო, ძალიან მალე ჩინეთსა და ინდოეთსაც კი გაუსწრებდა მოსახლეობის კოლოსალური რაოდენობით.

”მე ვცდილობ შევქმნა უფრო გახსნილი სამყარო, სადაც ადამიანები შეძლებენ დაუკავშირდნენ და დაეხმარონ ერთმანეთს...” - მარკ ცუკერბერგი.

მარკმა ეს შეძლო.

FACEBOOK-ი სამყაროა ამ სამყაროში. ინტეგრირებული ხარ ამ საზოგადოებაში? მაშინ შენ ყველაფერი შეგიძლია...

- ???

- ახლავე!

აქ ისევე ცხოვრობ, როგორც რეალობაში. არა, ოდნავ განსხვავებულად. გყავს სამეგობრო, ე.წ. ფრენდები, რომელთაც რეალურ სამყაროში შესაძლოა, არც კი იცნობ, მაგრამ იქ ემეგობრები. გაქვს კედელი, ე.წ. ვოლი, სადაც წერ, რა ხდება შენს თავს. აზრებს, შეგრძნებებს, ფიქრებს, ემოციებსა და სიახლეებს კი უზიარებ ასობით მეგობარს, მეგობრის კიდევ რამდენიმე ასეულ მეგობარს... თავს უფლებას აძლევ თქვა (დაწერო) ის, რასაც სამსახურში, კოლეგებთან, ოჯახში ხმამაღლა არ იტყვი... ელი გამოხმაურებებს, რჩევებს.

აქ შენ გხედავენ ისეთს, როგორიც ხარ - გიწონებენ, ან არც... შენი კუთვნილი სივრცე ფართოა და უსასრულო. შესაძლებლობებიც კი გიმრავალფეროვნდება თითქოს. ლექსებს წერ? ან მოთხრობებს? ესე ან პუბლიკაცია შექმენი? ჯერ FACEBOOK–ზე უნდა გამოაქვეყნო. იმაზე მეტი წაიკითხავს, მოგიწონებს ან გაგაკრიტიკებს, ვიდრე აქ, ამ ცხოვრებაში, სადაც შენ საკუთარი შემოქმედების წიგნად გამოცემის სახსრები ან ამბიციები არ გაგაჩნია, მათ კი - შენი პროდუქტის ყიდვის.

აქ არ იზარებ და აკეთებ იმას, რასაც რეალობაში დროსა და ენერგიას არ დაუთმობ. უვლი ცხოველებს, ხარ საკუთარი კუნძულის მფლობელი, გაქვს ფერმა, ხნავ, თოხნი, ბიზნესს აძლიერებ და თავს იწონებ ასობით ან ათასობით ფრენდის წინაშე.

შეგიძლია, ამ სამყაროში რომელიმე საქმე ცოტა ხნით მომავლისკენ გადასწიო. ახლა კი მოსავლის აღების დროა, მერე ცხოველები უნდა გამოკვებო, მოხნა ან დათესო... ხშირად მიფიქრია, ამდენი რომ გვეხნა და გვეთესა ქართველებს რეალობაშიც, დღეს ქართული ეკონომიკა განვითარებული მეურნეობის ხარჯზე გაცილებით მოძლიერებული იქნებოდა.

თუმცა, FACEBOOK-ი ხომ გვიადვილებს ამ საქმეს, რთულსა და შრომატევად პროცესს რეკორდულად მოკლე დროში ჯაფის გარეშე გვიგვარებს და რაც მთავარია, მიწათმოქმედების ჟინსა და მოთხოვნილებებს, რომელიც გენეტიკურად მოგვდგამს, ამ ფორმით გვიოკებს.

აქ ყველას იცნობ და ყველა გიცნობს. იერარქიული საფეხურები  თითქმის განულებულია. შეგიძლია იყო პრეზიდენტის, რომელიმე სახელმწიფო მოხელის ან საზოგადო მოღვაწის მეგობარი, დაეკონტაქტო და სიახლეები გაუზიარო, ან გაიზიარო მისგან.

რამე მოხდა ან განიცადე? გინდა იყვირო ან მთები გადადგა? ან სიმღერა, ვიდეორგოლი, ინფორმაცია მოიპოვე, რომლითაც მოიხიბლე ან სულაც, შეგზარა? ამ სურვილსაც იოკებ -

ვოლზე (კედელზე) პოსტავ (წერ) ან ლინკავ (ანთავსებ ინტერნეტბმულს), სხვებს უზიარებ... მერე კი:

გილაიქებენ (მოსწონთ);

გიკომენტებენ (რეპლიკას აკეთებენ);

აშეარებენ (საკუთარ მეგობრებს უზიარებენ).

აქ შენი შესაძლებლობების, აზრების, ინტელექტის, ზოგადად - შენი პერსონის დემონსტრირებას ახდენ. პუბლიკა ჩასაფრებულია, აუდიტორია ვრცელი - ის ყოველთვის მზად არის მოგისმინოს, დაგინახოს, გამოგეხმაუროს. შენ ეს მოგწონს. მოგწონს და... ვერ ელევი.

ხარ ამ რეალურ სამყაროში და პარალელურად არსებობ იქაც... აქ იღებ მატერიალურად რაღაც კონკრეტულს, ხელშესახებს, თვალხილულს... თუმცა, მცირედს. იქ კი... ვერც ეხები, არც ხმა გესმის, ვერც სუნს გრძნობ, მაგრამ განიცდი, გრძნობ, აკეთებ და ხედავ იმაზე მეტს და განსხვავებულს, ვიდრე აქ, ამ სამყაროში.

მთავარი ის არის, რომ გაკმაყოფილებს ან კმაყოფილდები ამით. გიჩნდება განცდა - რომელია რეალური და რომელი პარალელური სამყარო - ეს, სადაც ღვთის ნებით ვარსებობთ თუ ის, რომელშიც საკუთარი სურვილით ჩავსახლდით?

ამ სტატიას ვწერ თქვენთვის, ვინც კითხულობთ ”კვირის პალიტრას” და პარალელურად, ცხოვრობთ FACEBOOK-შიც. თქვენთვისაც, ვინც ამ გაზეთის მკითხველი ხართ, მაგრამ შეხება არ გაქვთ სოციალურ ხლართებთან. შეიხედეთ გვერდით ოთახში - თქვენი შვილი, შვილიშვილი ან ოჯახის რომელიმე წევრი აუცილებლად იქნება ჩართული პარალელურ, ვირტუალურ სამყაროში.

მეც, ისევე როგორც დანარჩენი ნახევარი მილიარდი დედამიწელი, FACEBOOK-ის აქტიური მომხმარებელი ვარ. ბევრი კითხვა მიჩნდება - რატომ მოგვწონს ადამიანებს ვირტუალური ურთიერთობები, ეს ყველაფერი ხომ ფანდია?

როგორ, ჩვენ არ შეგვიძლია დავანგრიოთ კედლები, რომელიც რეალურ ყოფაში წინ გვხვდება და ორთქლს მხოლოდ იმ სამყაროში ვუშვებთ, სადაც სივრცეში საზღვრები არ არსებობს?! რისთვის? რატომ?

იქნებ, შევძლოთ და ვიპოვოთ ზღვარი ვირტუალურსა და რეალურ სამყაროს შორის, იქნებ შევძლოთ და გავემიჯნოთ წარმოსახულს, არარსებულსა და ხელოვნურად შექმნილ სივრცეს, რომელიც ვინ იცის, რა მიზნებს ემსახურება - წლების წინ მარკ ცუკენბერგმა მართლაც მიამიტურად, კეთილი მიზნებისთვის შექმნა სამყარო, სადაც საკუთარი ნებით ვანთავსებთ სრულ მონაცემებს ჩვენ შესახებ?!

ხომ არ არის ეს ბაზა, რომელიც სპეციალურ სამსახურებს ლანგრით მიართმევს სასურველ ინფორმაციას თითოეული ჩვენგანის შესახებ?! ქსელში გახლართულებს შხამიანი მწერი აუცილებლად წაგვადგება თავს - ეს ობობა კი ამ ცხოვრებაში დაკარგული რეალობა, უაზროდ გაფანტული დრო და სხვა სივრცეში ფუჭად გაფლანგული შესაძლებლობები იქნება...