დატორილი ბიზნესი, ანუ რაც ჩემია, ჩემია?! - კვირის პალიტრა

დატორილი ბიზნესი, ანუ რაც ჩემია, ჩემია?!

ახლახან ქობულეთში მომიწია  ჩასვლამ. აქ ცოტა ხნის წინ ცხოვრება ჩქეფდა, ახლა კი სანაპიროზე კაციშვილის ჭაჭანება არ არის.

ჩოლოქთან თავისუფალი ტურისტული ზონის გამოცხადებამ და შეღავათიანმა პირობებმა ბევრი დააინტერესა. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამაზე აქაურები, ამიტომაც გადავწყვიტე, ამ და სხვა პრობლემურ საკითხებზე გავსაუბრებოდი მათ.

ჩურჩულით ნათქვამი

ერთმა ბათუმელმა ბიზნესმენმა თავისი დარდი გამიზიარა, თან დააყოლა, - არ მინდა დაბრკოლება შემექმნას, ამიტომ ჩემს ვინაობას ნუ გაამხელო.

ტარიელი - იდეა, იცოცხლე, კარგია, ეხუმრები, 15 წლით ყველა გადასახადისგან გათავისუფლებას? მინიმუმ 3 წელიწადში მოგებას ნახავ, თან ამისთანა მიკროკლიმატია ქობულეთში, მაგრამ... ბევრი შიშობს, რომ გამოვაჩინო 2-4 მილიონი დოლარი, ან თუნდაც კრედიტი ავიღო, მერე აქეთ არ მომედავონ, საიდან გაქვს ამდენიო. ამიტომ აქაური ვერ გარისკავს. ისევ თურქები, არაბები ან სომხები და აზერბაიჯანელები მოჰკიდებენ ამ საქმეს ხელს, ქართველები კი დავკარგავთ ზღვის სანაპიროს ამ ზოლს.

ჩვენმა პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: კარგა ხანს გავყვიროდი, ჩვენებს ბათუმსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა გაეკეთებინათ, მაგრამ არავინ მოინდომა, მერე თურქი მოვიდა და მშვენივრად ააწყო საქმეო. მაშინაც ამიტომ ვერ გაბედეს ფულის ჩადება ამ საქმეში. თურქმა კი გაბედა” და ახლა მას რჩება მოგება. თუ ბიზნესმენები არ გათავისუფლდნენ იმ შიშისგან, რასაც მათი ბიზნესის დატერორება ჰქვია, საქართველოში ვერავინ გაბედავს საქმეში დიდი ფულის ჩადებას.

ქობულეთის კოლორიტი

KvirisPalitra.Geქობულეთში ჰასან ართმელაძეს  დიდი და პატარა იცნობს. ჩემი სახლის პირდაპირ, ზღვის სანაპიროზე, უვადო იჯარით აღებული მქონდა პატარა ნაკვეთი, სადაც კაფე გავხსენი. ასე აღმოჩნდა ჭყონია ჩემს მეზობლად. არ შემშინებია ძლიერი კონკურენტის, რადგან საშუალო შეძლების კაცი ვერასოდეს მისცემს თავს უფლებას, მასთან დაისვენოს. იქ თითოეული ნომრის ფასი 120 დოლარიდან იწყება.

სანამ სასტუმროს აშენებდა, ჭყონია ხშირად მეკითხებოდა რჩევას, იტალიიდანაც ჩამოიყვანა მშენებლები, რომლებიც ჩემს კაფეში სადილობდნენ. იტალიელებიც გიჟდებოდნენ ჩემი შეფ-მზარეულის ციალას ხაჭაპურსა და პიცაზე.

ჩემს გვერდით სასტუმრო რომ აშენდა, ჩემი შევიწროება ისევ დაიწყო. სასტუმროს მფლობელი თვითონ არ ჩნდება, სხვებს მიგზავნის ხან საკრებულოდან, ხან საგადასახადოდან, ხან მუნიციპალიტეტიდან. კანონმორჩილი კაცი ვარ, ყველა გადასახადს ვიხდი, მაგრამ მაინც პოულობენ სადავოს. რამდენიმე წლის წინ ეს ზღვისპირა კაფე დამინგრიეს, არა გაქვს უფლება, აქ გქონდეს კაფეო. ვიჩივლე, მეორე დღეს კი მოვიდნენ და უი, თურმე უვადო იჯარით გქონია აღებული და შეგიძლია ხელახლა ააშენოო. ხუხულა ხომ არ მქონდა აშენებული, ბულდოზერითა და ტრაქტორით რომ გაასწორეს მიწასთან, იმ დანგრეულის კომპენსაციაზე კაციშვილს არ უფიქრია. ხელახლა ავაშენე, მაგრამ დღემდე გრძელდება დავა, უნდა მქონდეს აქ კაფე თუ არა.

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს და ბიზნესი დაიწყოს, მაგრამ აქ დაბადებულ-გაზრდილი კაცი გააგდო და შენ იპარპაშო, სადაური წესია? რაც მეტი წელგამართული ეყოლება ჩვენს ქვეყანას, უკეთესი არაა? ისევ გავიმეორებ, კანონმორჩილი ადამიანი ვარ, მაგრამ ის ამიხსნან, თუკი სხვები ბუნგალოებსა და კაფე-ბარებს აშენებენ ზღვის სანაპიროზე, ჩემი სახლის წინ რომ კაფე ვამუშაო, რატომ არ შეიძლება? თუ კანონია, ყველასთვის უნდა კანონობდეს, ხომ ასეა? ელექტრომომარაგება მთელ სანაპიროსა და აღმაშენებლის გამზირს აქვს და რაღა მაინცდამაინც ჩემი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უფუჭდება ელექტროხაზი? ძალით აკეთებენ ამას? რამდენჯერ შევთავაზე ქობულეთის გამგეობას, ვისაც სასტუმროს ბიზნესი გვაქვს, თითოეულ ოთახზე საშუალო გადასახადი დაგვიწესეთ თვეში და ეს თანხა ისევ ქობულეთის გალამაზებას მოხმარდება-მეთქი. ყურიც არ შეუბერტყავთ,  მე მიყვარს ჩემი ქობულეთი. მთელი ჩემი ოჯახია ამ ბიზნესში ჩართული, ჩვენი შრომით ვშოულობთ ლუკმაპურს და ჩემნაირი ხალხის შევიწროებით თუ უნდათ ამათ ქვეყნის აშენება, აქედანვე ვაფრთხილებ - არ გამოუვათ!

ღიმილიანი დასასრული

KvirisPalitra.Geარ მინდოდა, წერილში მხოლოდ პრობლემებზე მელაპარაკა. ვერ მოვითმინე და ჰასანას შეფ-მზარეული, ქობულეთის კოლორიტი ციალა მოვინახულე.

- თქვენზე ამბობენ, იტალიელებიც კი გადარია, იმისთანა ხაჭაპური და პიცა აჭამაო.

- კი, რავარც პირში ჩაიდებდნენ ლუკმას, მაშინვე გამომიხმობდნენ სამზარეულოდან და ცერა თითს დამანახებდნენ, ასეთიაო. მერე, ერთი დამპირდა, იტალიიდან საჩუქარი უნდა გამოგიგზავნო, დაგხატავს, ისე მოგიხდებაო. მართლაც ერთ თვეში ჩამოგვივიდა ყუთი. იქ ჰასანასა და მისი ოჯახიზაც იყო რაცხეები, ჩემთვის კი ცალკე ჰქონდათ შეხვეული. გავხსენი და რას ვხედავ! კანისფერ წინსაფარზე შიშველი ქალის ტან-ფეხია დახატული და ვინც იმ წინსაფარს გეიკეთებს, ისთე ჩანა, თითქოს მას აცვია ის სექსუალური საცვლები. უი, შენ შეჩვენდი ბარემ-მეთქი, მივაქოქოლე ჩემი იტალიელი.

19 წელია, რაც ჰასანასთან ვმუშაობ და ერთი ცუდიც არ მახსენდება მისი ოჯახისგან. ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთხელ ჯემალმა, ჰასანას ბიჭმა, თავისი ორი მეგობარი გამომიგზავნა კაფეში, მონადირეები არიან, მწყრები დახოცეს და შეუწვიო. დავტრიალდი ჩემებურად. გავამზადე ტაფა, დავასხი ზეთი და რომ მგონია, მარილია იმ ქილაში, მთლიანად გადმოვაპირქვავე და შევურიე ფქვილში. მერე იმაში ამოვავლე 32 მწყერი და დავიწყე შეწვა. მივუტანე ბიჭებს შემწვარი მწყრები და... მოი აქო, - ერთი მეძახის. რაია-მეთქი. პირველად ვჭამ ტკბილ მწყერს და აგი შენი რეცეპტიაო? დიდააა, გამისკდა გული... თურმე, მარილის ნაცვლად შაქარში ამომივლია მწყრები. მერე ღომი შემიკვეთეს. იმ დღეს არ მქონდა მაინცდამაინც ღერღილი. უნდა წავსულიყავი საშოვრად, მარა არ გამიშვეს - სიმინდის ფქვილით გაგვიკეთეო. ჩავაყენე ფქვილი  ჩახანაში და წამსვე მოვხარშე. მერე ჩავიცვი ის წინსაფარი, მივუჯექი ბიჭებს და იმდენი ვაცინე, - შენ აგაშენოს ღმერთმა, კარგად გვახალისეო.